მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

09.11.2022
საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ.

ანგარიშის მიხედვით, ეს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია, თუმცა ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მაჩვენებელმა იოლად შეიძლება მიიღოს მზარდი ხასიათი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

  • ანგარიშის თანახმად, საქართველოდან კვლევაში 3417 ბავშვი მონაწილეობდა, მათი მხოლოდ 12.8 % მიირთმევს ბოსტნეულს ყოველდღიურად [14% – გოგონები; 11.6%- ბიჭები].
  • კვლევის კიდევ ერთი ინდიკატორია გამაგრილებელი სასმელების მოხმარება, ანგარიშის თანახმად საქართველოში გამოკითხული ბავშვების 28.1% კვირაში 3 დღეზე მეტჯერ მოიხმარს ასეთ სასმელებს [30.0% -ბიჭები; 26.0% – გოგოები].
  • საქართველოში 6-9 წლის ბიჭებისა და გოგონების 42.8% კვირაში 0 საათს ატარებს სპორტულ კლუბებში ან ცეკვის კურსებზე [გოგონები – 43.5%; ბიჭები – 42.2%; ბიჭები].

ჯანმოს ცნობით, დღეს ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე და ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში მზარდია.

საერთო ჯამში, მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%). ანგარიში აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად – ამბობს დოქტორი კრემლინ ვიკრამასინგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი, რომელმაც მოამზადა ანგარიში. – „ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკა, რომელიც დაგვეხმარება შეცვალოს ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ტენდენციები“.

ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ინიციატივის (COSI) მე-5 რაუნდის ანგარიშის დასკვნები ეფუძნება უახლეს მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 2018-2020 წლებში ჯანმოს ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში. საერთო ჯამში, 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000-მა ბავშვმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: