მთავარი,სიახლეები

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

07.06.2023 • 4761
ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა.

„მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი საერთოდ აღარ დადის ბაღში“, – გვითხრა პაატა ზაქარაძემ.

იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ ნარიმან მანველიძეც.

პაატას მამა, ოთარ ზაქარაძე ამბობს, რომ ქედის მერია ბავშვების უფლებებს არღვევს, რადგან ბავშვებს არც ტრანსპორტი გამოუყო და არც სოფელში ბაღის დროული დასრულებისთვის გააკეთა რამე.

„ცხმორისში ვარბენინებდით ბავშვებს. წარმოიდგინე, დილის 8 საათზე დანდალოს ცენტრში უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები, რომ ცხმორისში გაგვეყვანა ტრანსპორტით.

ამის გამო ძალიან ადრე უწევდათ ადგომა და ძალიან რთული ვითარება იყო, განსაკუთრებით, ზამთარში.

ყველას მანქანა ხომ არ ჰყავს, დანდალოს ცენტრში რომ ფეხით ბავშვი ჩამოიყვანო, ერთი საათია საჭირო. ყველა მშობელს არც მანქანის დაქირავების საშუალება აქვს, ამიტომ ბავშვების უმრავლესობა საერთოდ აღარ დადის ბაღში“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

ქედის მერიას ვკითხეთ, თუ რატომ არ ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მერიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

იმ შენობის სარემონტო სამუშაოები, სადაც საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია და კულტურის ცენტრი უნდა განთავსდეს, წელიწად-ნახევრის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც სოფელში გვეუბნებიან, კომპანია „მშენებელი 2020“-მა სამუშაოები დროულად არ დაასრულა, ქედის მერიამ კი სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

სოფელი ჯალაბაშვილები/ აღნიშნულ შენობაში საბავშვო ბაღი და ამბულატორია უნდა განთავსებულიყო

კომპანიამ არც მუშებს გადაუხადა ხელფასები. როგორც სოფელში გვითხრეს, „მშენებელი 2020“-ს გადაუხდელი ხელფასების 30 ათასამდე ლარი დავალიანება აქვს.

„ჩემი შვილი ინდმეწარმეა და ტენდერებზე ვმუშაობთ ხოლმე. თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე ვერ ავიღეთ სახელმწიფო დაკვეთა, რადგან სხვა კომპანიები არარეალურ ფასებს სთავაზობენ სახელმწიფოს, შემდეგ კი სამუშაოებს აღარ ასრულებენ.

იგივე მოხდა „მშენებელი 2020“-ის შემთხვევაშიც.

ბაღის და ადმინისტრაციული შენობის რემონტის ტენდერი მოიგო, მაგრამ შუა გზაზე მიატოვა“, – გვითხრა ოთარ ზაქარაძემ.

მისი თქმით, ამ კომპანიასთან თანამშრომლობის ცუდი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა რადგან სამუშაოები ახლოს, მის სოფელში იყო, გადაწყვიტა ისევ მისგან მიეღო დაკვეთა.

„20 ათასი ლარის სამუშაოები შევასრულეთ და აქედან მხოლოდ 5 ათასი ლარი გადაგვიხადა, 13 ათასი ლარი არ მოუცია. ვიდავე, ხელში მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ რად გინდა, მისი აღსრულება არ ხდება.

20-კაციანი ბრიგადა მყავდა და არც მუშებს გადაუხადა ხელფასები. მხოლოდ ნაწილი მისცა. 2-3 ათასი ლარი აქვთ მუშებს ასაღები და არ უხდის.

ეგ კი არა, იქეთ ვასესხეთ ფული, 30 კუბ/მეტრი ხის მასალა მოვუტანე და ლარი არ ამინაზღაურა. ჩვენ პირველი ბრიგადა ვიყავით, ჩემ შემდეგ ხუთი ბრიგადა მოიყვანა და ყველა უხელფასოდ ამუშავა“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

ამავე კომპანიასთან მუშაობდა ნარიმან მანველიძეც, რომელიც ასევე დაზარალებულია.

„ოთხი თვე ვიმუშავეთ, 19 მუშა მყავდა აყვანილი და არც ერთს არ გადაუხადა ხელფასი. იჩივლეს პოლიციაში, მაგრამ რადგან მუშები თურქები იყვნენ, არავინ მიაქცია ყურადღება. 7-8 მუშა ქართველი იყო, თუმცა არც მათ გადაუხადეს.

მე, პირადად, თარჯიმანიც ვიყავი და საწყობებიც მებარა, 5 700 ლარი აქვს ხელფასი გადასახდელი, მაგრამ ვერ ავიღე“, – გვეუბნება ნარიმან მანველიძე.

მისი თქმით კომპანიას რამდენიმე მაღაზიაში თავდებადაც დაუდგა და არც ამ მაღაზიებს აუნაზღაურა კომპანიამ ხარჯი. „სადღაც 2 000 ლარია გადასახდელი“, – ამბობს ნარიმანი.

სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო სოფელს წელიწადზე მეტია საბავშვი ბაღი და ამბულატორია არ აქვს.

მისი თქმით, „მშენებელი 2020“-ს ჯალაბაშვილების ბაღის გარდა ტენდერი შუახევში, სოფელ მახალაკიძეებშიც ჩაუვარდა, სადაც ასევე საბავშვო ბაღი უნდა გაერემონტებინა და ეზო მოეწყო.

„როგორც ვიცი, მარნეულშიც ჰქონდა ასევე აღებული სამუშაოები და იქაც ჩაუვარდა“, -ამბობს ნარიმანი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქედის მერიამ ჯალაბაშვილების ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის „მშენებელი 2020“-ს ხელშეკრულება 2022 წლის 13 აპრილს გაუფორმა 709 998 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები იმავე წლის ნოემბერში უნდა დასრულებული.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, რომელიც 2023 წლის 24 აპრილით თარიღდება, „მშენებელ 2020“-ს შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო.

ამავე ოქმის მიხედვით, კომპანიას შეუსრულებელი დარჩა 254 452 ლარის სამუშაოები.

პირგასამტეხლოს სახით კომპანიამ ბიუჯეტში 56 696 ლარი ჯარიმა გადაიხადა.

ვადის გაგრძელების გამო, რომელიც კომპანიამ მაისის ბოლომდე ითხოვა, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 17 991 ლარის ოდენობით.

„მშენებელი 2020“-მა ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტშიც მოიგო. მას სოფელ მახალაკიძეებში საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა და ეზო მოეწყო, შესყიდვის ღირებულება 224 998 ლარია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა. თუმცა კომპანიამ არც ეს პირობა შეასრულება.

შპს „მშენებელი 2020“-ის დირექტორი და 100%-იანი წლის მფლობელი ირინა დუმბაძეა. რეესტრის მიხედვით, ის ბათუმში 300 კვ. მიწას ფლობს. ქონება 2021 წლის 30 ნოემბერს აქვს შეძენილი, თუმცა უცნობია რა ოდენობის თანხა გადაიხადა კომპანიის მფლობელმა მასში.

სხვა ქონება ირინა დუმბაძის სახელზე არ იძებნება.

როგორც ოთარ ზაქარაძე ამბობს, კომპანიის რეალური მფლობელი მისი მეუღლე რამაზ ბოლქვაძეა, რომელიც გაკოტრებულ კომპანიებს აუქმებს, შემდეგ კი ახალს აფუძნებს.

„მე რომ ვმუშაობდი მაგასთან, სხვა შპს ჰქონდა, იმას დაუგროვდა ვალი, დაარეგისტრირა ახალი და გააფორმა მისი მეუღლის სახელზე. მე საერთოდ არ მინახავს ირინა დუმბაძე ობიექტზე, ის იყო ჩვენთან კომუნიკაციაში.

ირინა, როგორც მე ვიცი, საავადმყოფოშია დასაქმებული და საერთოდ არ ერევა სამშენებლო საქმეებში“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

მისი თქმით, რამაზ ბოლქვაძე „ქართულ ოცნებასთან“ არის დაახლოებული, სწორედ ამიტომ იგებს სახელმწიფო შესყიდვებს, „მიუხედავად იმისა, რომ სადაც აიღო, ყველგან ჩაუვარდა საქმე.

ამდენი ხანია სად არ დავდივარ, სასამართლო გადაწყვეტილება ხელში მაქვს და არ სრულდება, მივმართე მერიას, აჭარის მთავრობას, საქმეში ჩავაყენე პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძეც. არავის არ აინტერესებს ის, რომ ამდენი ადამიანის უფლებები დარღვეულია, ამდენი ადამიანი კუთვნილ ხელფასს ელოდება და არავინ უხდის.

ბევრი გააჩუმეს, დააშინეს და ხმასაც ვეღარ იღებენ, ჩემთვის კი აუტანელია უსამართლობა. ეს მთავრობა კი არა ბანდიტები არიან, ვერაფრით ძღებიან“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

რაც შეეხება მარნეულს,  სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „მშენებელი 2020“-მა სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 2021 წელს მოიგო და 26 მარტს ხელშეკრულება 699 999 ლარზე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები 180 დღის ვადაში შეესრულებინა.

„პროექტის მთლიანი ღირებულების 95%  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. სახელშეკრულებო პირობები ოთხჯერ შეიცვალა.

მარნეულის მერიის მოხენებითი ბარათის მიხედვით, „მშენებელი 2020“-ს საბოლოო გაფრთხილება მიეცა. კომპანიას ასევე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 190 540 ლარის ოდენობით, ასევე ავანსიდან დარჩენილი ღირებულება  22 580 ლარის ოდენობით. „რაც არ შესრულდა დღეის მონაცემებით“, – წერს მარნეულის მერია.

საბოლოოდ, კომპანიამ არც მარნეულში დაასრულა საბავშვო ბაღის მშენებლობა, ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედავად. მარნეულის მერიამ ბაღის მშენებლობაზე საბოლოოდ ახალი ტენდერი გამოაცხადა 1 მილიონ 188  577 ლარზე, რომელიც კომპანია „ბილდინგ ჰაუსმა“ მოიგო.

რატომ ვერ ასრულებს სატენდერო პირობებს და აპირებს თუ არა ხელფასების გადახდას მუშებისთვის? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ირინა დუმბაძეს ხელშეკრულებაში მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ, თუმცა არ გამოგვეხმაურა.

ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე კი მისმა მეუღლემ, რამაზ ბოლქვაძემ გვიპასუხა. მისი თქმით, ის კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია და კომენტარსაც მეუღლის ნაცვლად გააკეთებს.

რამაზ ბოლქვაძე ვალს მხოლოდ ოთარ ზაქარაძესთან აღიარებს და ამბობს, რომ სხვა დავალიანება არავისთან არ აქვს.

„15 ათასი ლარი მაქვს მასალის ფული მისაცემი, სხვა ყველაფერი გადახდილია. ვაღიარებ, რომ ზაქარაძისთვის მაქვს გადასახდელი“, – ამბობს რამაზ ბოლქვაძე. ის ნარიმან მანველიძის ან სხვა მუშების ვალს არ აღიარებს.

„მახალაკიძეებში მაქვს კიდევ რაღაც მასალის თანხა მისაცემი 600 ლარი და მორჩა“, – გვითხრა მან.

რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები პანდემიის გამო შეექმნა და ახლა გაჩერებულია.

კომპანია „მშენებელი 2020“ 2022 წლის აგვისტოდან შავ სიაშია შეყვანილი.

_________________

მთავარი ფოტო: ნარიმან მანველიძე და პაატა ზაქარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: