მთა კვესაურზე, საზაფხულო იალაღებზე მყოფ ოჯახებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ერთ-ერთმა მოიალაღემ, ოთარ ზაქარაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტრობოძების უმეტესობა წაქცეული და დაზიანებულია.
„40 ელექტრობოძიდან 10-15 დაზიანებული იყო. რაღაც ნაწილი გამართეს, მაგრამ ნაწილი შუახევის მერიას ეკუთვნის და მათ უნდა აღადგინონ, თუმცა ჯერ პრობლემა არ მოუგვარებიათ.“
მისი თქმით, 27 წელია ის ზაფხულობით კვესაურზე დადის და ამ ხნის მანძილზე მემთეურებს მთელი ორი თვე უშუქოს უწევთ ყოფნა.
„ასეთი წვალება გვაქვს სულ. ძალიან რომ გაგვიჭირდა, ჩვენ თვითონ გავაბით მავთულები, მაგრამ ჟანგვადი მეტალის იყო და არ იმუშავა. ახლაც უშუქოდ ვართ აქ ექვსი ოჯახი.
ამ მთაზე დაახლოებით 30 ოჯახი ამოდის, მიწას ამუშავებენ, კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს რგავენ და ასეთ ვითარებაში უწევთ ცხოვრება“- გვითხრა ოთარ ზაქარაძემ.
მისი თქმით, მთაში წყლის მიწოდების პრობლემაცაა, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ ქედის მერიამ ბიუჯეტიდან თანხაც დახარჯა წყლის მილების შესაძენად, თუმცა არც წყალი მიუყვანიათ დასახლებულ პუნქტამდე და ზუსტად არც ის იციან, სად წავიდა ეს მილები.
„პოლიეთილენის მილები იყო, კვესაურში წყლის მოსაყვანად იყიდეს და არც კი ამოიტანეს მთაში. რომელიღაც სოფელში ღია ცის ქვეშ ჰქონდათ დაყრილი. ქედის მერს რომ ვკითხე, სად არის მილები და როდის გაკეთდება-მეთქი, მიპასუხა, მე ხომ არ გავაკეთებო.
არც ის ვიცი, სამუშაოები შეისყიდეს, აიღო თუ არა ვინმემ პასუხისმგებლობა, რა მოხდა და რატომ არ გვაქვს აქამდე წყალი. ამდენი ხანია ღია ცის ქვეშ ყრია, ხარისხს დაკარგავდა ისედაც“- ამბობს ოთარ ზაქარაძე.
„ბათუმელებმა“ ქედის მერს, როლანდ ბერიძეს ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია როდის მიეწოდება მთა კვესაურს ელექტროენერგია და ასევე, იცის თუ არა რა ბედი ეწია ბიუჯეტის თანხით შეძენილ წყლის მილებს, თუმცა ქედის მერმა „ბათუმელების“ კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში ქედის მერიას მთლიანობაში 184 850 მეტრი სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილი აქვს შესყიდული.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი, სასმელი წყლისა და ასევე გოფრირებულ მილებში ბოლო ორ წელში ჯამში 166 ათას 566 ლარია გადახდილი. თუმცა, კონკრეტულად რომელი სოფლებისთვის შეისყიდა მილები მერიამ და რაში გამოიყენა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
______________
ფოტოზე: იალაღი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან