სიახლეები

ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე

07.06.2023 • 2829
ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე

დღის სინათლისთვის, მზის სხივისთვის, ეზოში შესასვლელი გზისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც მთელი ცხოვრება საკუთარი ფანჯრიდან ხედავდი, ბრძოლა გიწევს.

ჯერ ცდილობ ახალი რეალობა მიიღო, სხვა გზა არ გაქვს, რადგან  შენი სახლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი სხვისი საკუთრებაა და იმ სხვას უფლება აქვს ააშენოს. კანონი საკუთრების უფლებას გარანტირებულად იცავს და ეს შენც იცი.

ამიტომაც ჩუმდები, ცდილობ შეეგუო, ეგუები… უძლებ მშენებლობით გამოწვეულ ხმაურს, მტვერს, ჩაკეტილ გასასვლელებს-შესასვლელებს, ამ ყველაფერს უძლებ.

ზუსტად ასე უხსნიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საკუთარი უფლებების ნაწილს სამეზობლო მიჯნასთან დაკავშირებული კონფლიქტებისას მეორე მხარეს. მხრეს, რომელიც ზარალდება, როცა მშენებელს მიმდებარედ მცხოვრებლები ედავებიან. სამეზობლო თმენის პრინციპზე ცოტა რამ კანონშიც წერია, თუ საჭიროა ამასაც გამოიყენებენ, დოკუმენტშიც ჩაწერენ, რომლითაც მიგითითებენ, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოში ექცევა.

ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ შენი ფანჯრის წინ კედელი ჩნდება, შენი სახლი დღის შუქის გარეშე რჩება და შენი საცხოვრებელი ბნელდება…

orbi

გიჩნდება კითხვა, საკუთრების გამოყენების უფლება შენი საცხოვრებელი გარემოს გაუარესებისგან დაცვის, მისი გადარჩენის შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობის გამოყენების უფლებას გამორიცხავს?

თუმცა სხვაგვარად არის საქმე – „სხვა კანონი, სხვა განმარტებები მუშაობს“, თუ ეს მშენებელი თავადაც „ფულიანი კაცია“.

სწორედ ასე მოხდა ხიმშიაშვილის #15 ბ-ს მიმდებარედ, სადაც მოსახლეობა მშენებელი კომპანიის და მერიის წინააღმდეგ გამოვიდა.

ხიმშიაშვილის #15 ბ – ში მრავალფუნქციურ კომპლექსს ათ წელზე მეტია რაც აშენებენ. შესაბამისად, იქვე არსებულ ცხრასართულიან კორპუსებშიც დიდი ხანია იციან, რომ მათი კორპუსების წინ „ორბის“ 3 ცათამბჯენი გაჩნდებოდა, რომელიც ეგრეთ წოდებული ფრთებით უნდა გაერთიანებულიყო.

თავიდანვე ცხადი იყო, როგორ შეცვლიდა პროექტი გარემოს, თუმცა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ კერძო საკუთრებას და, შესაბამისად, მესაკუთრეს ვერ შეზღუდავ.

მოგვიანებით, როცა „ორბმა“ მერიასთან შეთანხმებულ პირობებს გადაუხვია, მერიამ კი ეს არ დაინახა, იქვე მცხოვრებლებმა გაიხსენეს, რომ არსებობს სხვა კანონიც, რომელიც საკუთრების სამშენებლოდ გამოყენებას არ გამორიცხავს, თუმცა არ უშვებს სხვისი გარემოს გაუარესებას იმ დოზით, როგორც ეს ხიმშიაშვილის #15-ბ-ში „ორბმა“ მოინდომა.

მოქალაქეებმა განაშენიანების რეგულაციებით გათვალისწინებული წესების დაცვა მოითხოვეს, პროტესტით, აქციებით. მათ სასამართლოსაც მიმართეს.

„ორბმა“ თვითნებურად გაზარდა ე.წ. ფრთების სიმაღლე და კედლებით მიმდებარედ კორპუსების ფანჯრები დაფარა. „ორბი“ მშენებლობას ვადაგასული, 2014 წლის ნებართვით აწარმოებდა. მოსახლეობამ ეს ბრძოლა მოიგო – მერიამ კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, მაგრამ პროექტში ცვლილება არ შეიტანა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კომპანიას დაავალა, ე.წ. ფრთების სიმაღლეები ადრე შეთანხმებული პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამის მიღწევას ბევრი საპროტესტო აქცია, განცხადება და „დიდი ნერვები“ დასჭირდა.

„სასწაული მოხდა“ – „ორბმა“ ნგრევა დაიწყო.

მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანად ჩათვალეს, საპროტესტო აქციები შეაჩერეს და გამოაქვეყნეს ფოტოები წარწერით: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – ამჯერად კომპანიამ ე.წ. ფრთების ფართობი ისე გაზარდა, რომ მათ ეზოში სამანქანო შესასვლელს კეტავს.

გადაჭარბებული სიმაღლის ნგრევის პროცესი

პირად საუბრებში გადაწყვეტილების მიმღები გვეკითხება, რა უფრო მნიშვნელოვანია – სიმაღლე თუ ფართობი მიმდებარედ მცხოვრებთათვის, მაშინ, როცა ეს მიწა ისედაც კომპანიის საკუთრებაა და შეუძლია საერთოდ ჩაკეტოს.

ეს მართლაც ასეა, თავის დროზე ტერიტორია აჭარის მთავრობამ ისე გაყიდა, რომ არ უფიქრია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიწის ნაკვეთის გასხვისებით, მომავალში ხომ არ შეუქმნიდა პრობლემებს მიმდებარედ მცხოვრებთ. ამაზე არავინ იფიქრა…

გასულ კვირას უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეუჩერებლობის გამო ხიმშიაშვილის #15-ბ-ში კომპანია „ორბი“ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 25 000 ლარით დააჯარიმა. რეაგირება მიმდებარედ მცხოვრებლების პროტესტს მოჰყვა.

ინსპექციამ განგვიმარტა: „აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება და მშენებლობის პროცესში მონიტორინგი ეტაპობრივად განხორციელდება.“

რეაგირებამდე

გასულ პარასკევს, 2 ივნისს, მოქალაქეები სამშენებლო მოედნის შესასვლელთან შეიკრიბნენ და კომპანიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს, ვიდრე მუნიციპალური ინსპექცია არ დაადასტურებდა, რომ „ორბს“ სანებართვო პირობები არ დაურღვევია. გამოიძახეს პოლიციაც.

ადგილზე მისულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს მერიიდან გამოთხოვილი პროექტის ასლი მოქალაქეებმა მიაწოდეს და სთხოვეს მშენებლობის შესაბამისობა შეემოწმებინა. სამშენებლო მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭირო დოკუმენტები სამსახურში, კომპიუტერში ჰქონდა და პასუხს მეორე დღეს გაიგებდნენ.

მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში.

მეორე დღეს მოქალაქეებთან ერთად ჩვენც გავიგეთ, რომ ინსპექციამ „ორბი“ მშენებლობის შეუჩერებლობის გამო 25 000 ლარით დააჯარიმა.

„ეგ მაგათთვის ჯიბის ფულია, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით“, – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ხიმშიაშვილის 15 ბ-ს მიმდებარედ მცხოვრებლებს, როცა იგივე მისამართზე მშენებლობის შეუჩერებლობისთვის „ორბის“ დაჯარიმების შესახებ მოისმინეს.

პროგნოზი გამართლდა, „ორბი“ არ გაჩერებულა და ამის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს მოსახლეობა ყოველ დღეს გვიგზავნის.

რას ნიშნავს ჯარიმა შეუჩერებლობისთვის? – ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ მუშაობა უნდა შეაჩეროს, ვიდრე პროექტს სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს. მშენებელი კი პირიქით მოიქცა – პროექტი დამტკიცებულთან შესაბამისობაში არ მოიყვანა და გაფართოება დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: