მთავარი,სიახლეები

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

08.06.2023 •
EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ – მიიჩნევს პაველ ჰერჩინსკი.

ამ ინტერვიუში წაიკითხავთ, როგორ უყურებს ევროკავშირის ელჩი კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას: „საქართველოდან უნდა მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ,“ – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში და იქვე დასძენს, რომ მე, როგორც ელჩი, ყველაფერს გავაკეთებ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოსო.

„ბათუმელებმა“ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან, ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ელჩო, პირველ რიგში, ბოლო ამბების შეფასება გვინდა გთხოვოთთბილისსა და ბათუმში რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს აქტივისტები, ცნობილი უფლებადამცველები. მათ შორის ისინიც, რომლებსაც ცარიელი ფურცელი ეჭირათ ხელში. როგორც რუსეთში მოხდა ადრე. ნახეთ ეს კადრები? პირადად ხომ არ ყოფილხართ რომელიმე აქციაზე, რომ საკუთარი თვალით გენახათ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რა მასშტაბთან გვაქვს საქმე

აქ ორი ელემენტია: პირველი ეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ეს არის მთავარი პრინციპი, რომელსაც ემყარება დემოკრატია და ევროკავშირის პრინციპები. ჩვენ ყველანაირად პატივს ვცემთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ვაკვირდებით შეშფოთებით, როდესაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს შეზღუდვები.

მეორეა: მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, როცა ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც არის მასპინძელი, ყველანაირად პატივს ვცემთ ამ ქვეყნის კანონმდებლობას – ვერანაირად ვერ ჩავერევი ვერცერთ ასეთ ქმედებაში. არ შეიძლება ვიყო ჩართული ისეთ ქმედებებში, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ მხარდაჭერა.

შეზღუდული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აქ ვიმყოფები, ვიცი, რომ 100 ტელევიზიაა საქართველოში, აქედან 20 – მთლიანად ფარავს ქვეყანას. ვხედავთ ადამიანებს სხვადასხვა აზრით, პოზიციით, მათი უფლებაა, ჰქონდეთ მშვიდობიანი გამოხატვა, მშვიდობიანი დემონსტრაციები.

ძალიან მიხარია, რომ აქ ვხედავ ბრწყინვალე სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბათუმიდან და დასავლეთ საქართველოდან დღეს შევხდები ბათუმში. სამოქალაქო ორგანიზაციები არის ზუსტად ის ფუნდამენტური საყრდენი, რასაც ეფუძნება დემოკრატია.

  • რას აჩვენებს ეს თქვენთვის, როცა ცარიელი ფურცლების გამო აკავებენ ადამიანებს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ელის კანდიდატის სტატუსს?

ახლა არის გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ჩვენ ველოდებით კარგ ამბებს საქართველოდან.

შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი ფუნდამენტური, დემოკრატიულ უფლებასთან დაკავშირებით, როგორიცაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

  • ვიხილეთ თქვენიევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ელჩების დემარში, როცა საქართველო დათანხმდა ფრენების აღდგენას რუსეთთან და უვიზო მიმოსვლას. რას მოელოდით ამ დემარშით? ფრენების გაუქმებას? რამდენად ადეკვატურად აღიქვა ეს საქართველოს მთავრობამ, თქვენი აზრით? ზოგიერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, რომ ეს დემარშიკარგი შესაძლებლობაა ავხსნათ ჩვენი პოლიტიკაო“.

 ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განგვეხილა კონკრეტული საკითხები, ორივე მხარეს ერთმანეთისთვის წარგვედგინა არგუმენტები. რა თქმა უნდა, ევროკავშირი გამოხატავს წუხილს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც გადაწყვიტა 27-მა ქვეყანამ.

ჩვენ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება შეგვეწყვიტა ფრენები ნებისმიერი ავიახაზებით, ნებისმიერი რეისით, ნებისმიერი სახის თვითმფრინავით იმისთვის, რომ იზოლირებული იყოს რუსეთი, იმისთვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს ფასი ამ სასტიკი ომისთვის, აღმაშფოთებელი საქციელით, რაც მან უკრაინაზე თავდასხმით გამოხატა. გვინდა ცვლილება, რომ ეს საშინელი ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

როცა საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მან ამით აიღო ვალდებულება, რომ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ერთი წლის წინ, როცა საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ესეც ამ პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.  ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ მე მთხოვა დემარშის გადაცემა ზუსტად იმიტომ, რომ ეს ასახავს 27 წევრი ქვეყნის აზრს ფრენებთან დაკავშირებით.

  • რუსეთთან ფრენების გამო რამდენად მოსალოდნელია სანქციები საქართველოში ავიაციის მიმართულებით ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიმართ

ჩვენ ძალიან მკაცრი და სერიოზული სანქციები მივიღეთ, რაც კი შესაძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ, რომ ზეწოლა განხორციელებულიყო მასზე და შეეწყვიტა წარმოუდგენელი, სისხლისმღვრელი ომი. 27 წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ ეს სანქციები ყოფილიყო მიღებული. სანქციების 10 პაკეტი მიღებულია. მიმდინარეობს მე-11 პაკეტზე მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ.

ეს არის, როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენ, 27-ივე წევრ ქვეყანაზე, ეს არის ისეთი შედეგები, რომელიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს.

მთავარია, რომ ეს არის ერთხმად მიღებული სანქციები – 27 წევრი ქვეყანა დათანხმდა იმას, რომ ეს სანქციები უნდა ყოფილიყო მიღებული.

ჩვენ ველოდებით უახლოესი პარტნიორებისგან, როგორიც საქართველოა, მუშაობა წარიმართოს იგივე მიმართულებით. ჩვენ ვაცნობიერებთ მოწყვლადობას, სხვადასხვა სავაჭრო კავშირს, რომ ეს არის რთული და ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს. მაგრამ ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს იმ გადაწყვეტილებების საპირისპიროდ, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მიერ იყო მიღებული.

რაც შეეხება სანქციებს – არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდეს რაიმე სახის ლაპარაკი საქართველოს, ან რომელიმე მისი კომპანიის დასანქცირებაზე.

არ მაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე სახის დისკუსია მიმდინარეობდეს რომელიმე სახელმწიფო უწყების, ან ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ. ზოგადად, ეს ხდება 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

  • რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა როგორ შეიძლება აისახოს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში?

მე ვერანაირ სპეკულაციას ვერ მოვახდენ, რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე. მომდევო ნაბიჯები საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ანუ 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების მიერ. ამას მათი ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს.

  • ახლა მთავარი საკითხი ქართველებისთვის კანდიდატის სტატუსია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი?

მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ ამ წესს დავარღვევ და შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომ შანსი არის 50/50-ზე.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე თვეში, რაც დარჩა, გაფართოებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნებამდე და წლის ბოლომდე მიღწეული იყოს მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. ასევე ის, რომ საქართველოდან მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ.

ახლა უმნიშვნელოვანესი, საკვანძო მომენტია იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი და ყველამ – მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, შეიტანოს წვლილი ამაში, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო მიაღწევს ამ პროგრესს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობა და მე, როგორც ელჩი საქართველოში, ვაკეთებ ყველაფერს.

  • მაგალითად, ერთერთი პირობაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება. ითვლება თუ არა ეს პირობა შესრულებულად იმ სკანდალური კენჭისყრის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოახერხა 3 წევრის არჩევა?

სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ოქტომბერში კომისია გამოსცემს პირველ ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს ასევე მოიცავს რეკომენდაციებს შემდეგ ნაბიჯებზე.

ამიტომაც, ძალიან ვთხოვ ყველას: პოლიტიკურ ელიტებს, რომ გონივრულად გამოიყენონ დრო და შესაძლებლობა მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად მაშინ, როდესაც ვუახლოვდებით საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ.

  • თქვენი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, თუ პროევროპული? საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური ძალის ანტიდასავლური განცხადებები, ევროსკეპტიციზმი რამდენად შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი?

საქართველოს მთავრობა არის საქართველოს მთავრობა, რომელიც არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ და პატივი უნდა ვცე მას. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიური მიმოსვლა იყო, ბევრი ვიზიტი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ევროკავშირის ქვეყნებში.

სწორედ ეს არის, რაც საჭიროა ამ საკვანძო მომენტში, როდესაც ვუახლოვდებით მთავარ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე.

  • ოცნებისლიდერები ხშირად ახსენებენგლობალური ომის პარტიას“. თქვენ ხვდებით ხელისუფლებას წარმომადგენლებს, მათთვის ხომ არ გიკითხიათ, ვის გულისხმობენ ამაში?

მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს გამოთქმა, ეს უნდა კითხოთ იმას, ვინც ამას ამბობს.

  • თქვენ ხომ არ გიკითხავთ ეს ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს?

ევროკავშირი არის მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალა სამშვიდობო პროექტში. ევროკავშირის არსებობის წყალობით გვაქვს მშვიდობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომლებმაც ევროკავშირს საფუძველი ჩაუყარეს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, როგორ იტანჯებოდნენ ომებში გერმანია და საფრანგეთი, საფრანგეთი და ესპანეთი, გერმანია და პოლონეთი საუკუნეების განმავლობაში. ყოველივე ეს ევროკავშირის შექმნით დასრულდა.

ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია და მისი მიზანია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე. გვსურს წვლილი შევიტანოთ რუსეთის მიერ გაუმართლებელი, აგრესიული, სასტიკი ომის დასრულებაში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: