„არა ღრუსულ კანონს“ – პროტესტი ბერლინის ტურიზმის ფესტივალზე

დღეს, 7 მარტს, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ზე მყოფმა ქართველი მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს. „არა ღრუსულ კანონს“ – წერია ფურცლებზე, რომლებიც მათ უჭირავთ.

ტურიზმის ფესტივალზე ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შსს-მ 6 პირი დააკავა აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, შსს-მ 6 პირი დააკავა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში მიაწოდეს.

სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, ვინ არიან დაკავებული, თუმცა მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არის „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებშიც [00:40] გრძელდება.

დაშავდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა ამ ეტაპზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, აქციაზე დაშავებულ ადამიანებზე.

  • რა ხდება?

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა დღეს, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

„სუხიშვილები“: ვგმობთ ძალადობას, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები“ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფეისბუქზე.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას.

„სუხიშვილების“ ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფება ევროპაში.

მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, „სუხიშვილები“ – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი“ – ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში.

დღეს 7 მარტს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

არსებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი რეპრესიები განახორციელოს კრიტიკულ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორზე.

საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია.

აქცია პარლამენტთან ამ წუთებშიც [11:43] მიმდინარეობს.

დეპუტატები აჭარიდან, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს

დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

არსებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი რეპრესიები განახორციელოს კრიტიკულ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორზე.

დღეს ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა აჭარის სამივე მაჟორიტარმა დეპუტატმა. ესენი არიან:

  • ანზორ ბოლქვაძე – მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი
  • ზაალ მიქელაძე – ქობულეთის და ხელვაჩაურის მაჟორიტარი
  • რესან კონცელიძე – ბათუმის მაჟორიტარი

აქედან ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილ ე.წ „ხალხის ძალას“ წარმოადგენს, რომელმაც ეს კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში. პარლამენტში შესვლამდე იგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

ანზორ ბოლქვაძე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია აჭარიდან. თავდაპირველად იგი პარლამენტში 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონის ტენდერები მოიგეს.

რაც შეეხება რესან კონცელიძეს, იგი პოლიციელია და 2020 წლამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქის პროტესტის ფონზე ნაჩქარევად უყარა კენჭი პარლამენტმა და ხალხის, ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რუსულ კანონს მხარი მაინც დაუჭირეს.

დღესვე, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული მრავალათასიანი აქცია ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია.

თბილისში, პარლამენტთან, საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია ამ წუთებშიც [22:38 საათზე] მიმდინარეობს. აქციის წინააღმდეგ მობილიზებულია სპეცრაზმი.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

დარეკეთ ცხელ ხაზზე – აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

იმ შემთხვევაში თუ აქციაზე დაგაკავეს, ან დააკავეს თქვენი ახლობელი შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 070 563

აქციაზე დაკავებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

გავრცელებული კადრების მიხედვით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ინფორმაცია დაკავებულების შესახებ შსს არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კადრებში კი კარგად ჩანს, როგორ იყენებს სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ როგორც სპეციალურ სპრეის, ასევე წყლის ჭავლს.

აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სირენა – აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ.

აქციის მონაწილეებს ხელები ზემოთ აქვს აწეული, თუმცა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა აქციაზე მაინც იზრდება.

პარლამენტთან დღეს, 7 მარტს, ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ გადავიდნენ ხალხის მხარეს.

ომბუდსმენი შსს მოუწოდებს არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში.

ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას“-ამბობს სახალხო დამცველი.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

21:28 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ.

__________

ამ თემაზე:

აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მობილიზებულია სპეცრაზმი

აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, 7 მარტს, საღამოს ამ წუთებში [20:47] თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სავარაუდოდ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სირენა – აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ წყლის ჭავლს.

აქციის მონაწილეებს ხელები ზემოთ აქვს აწეული, თუმცა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა აქციაზე მაინც იზრდება.

პარლამენტთან ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ გადავიდნენ ხალხის მხარეს.

კადრები თბილისში მიმდინარე აქციიდან
აქცია პარლამენტთან

მოქალაქეები ბათუმში რუსულ კანონს აპროტესტებენ | ფოტო

დღეს, 7 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსული კანონპროექტის გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს.

აქცია სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს დღეს განიხილავდა.

„არა რუსულ კანონს“- აქცია ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
„არა რუსულ კანონს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია და ფიზიკური პირი, რომლებიც დასავლეთისგან იღებენს ფინანსურ დახმარებას, შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს. კანონი შეეხება დასავლური, ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს.

აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებებს, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.

მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ.  ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ბათუმი. 7 მარტი. საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვას.
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა რუსული კანონის ავტორს

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რუსული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, გურამ მაჭარაშვილს „ხალხის ძალიდან“.

საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 7 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონპროექტს განიხილავს. მანამდე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდებოდა 9 მარტისთვის, თუმცა დღეს, 7 მარტს, დაჩქარებული წესით აპირებს პირველი მოსმენით მიიღოს რუსული კანონი.

„დილით მე და თამარ კორძაიამ წაგიკითხეთ გრძელი და ძალიან საპატიო სია იმ მოქალაქეების, რომლებიც ღიად ეუბნებიან არას რუსულ კანონს. ორგანიზაციების და ჯგუფების, ასევე ძალიან გრძელია სია იმ ადამიანების, რომლებიც უერთდებიან ამ პროტესტს, მათ შორისაა არაერთი თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტი და ასე შემდეგ.

ეს ადამიანები გეუბნებიან, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღოთ, ის ანგრევს საქართველოს მომავალს, ამასვე გეუბნებიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები და ამდენი ტყუილებით რომ არის სავსე ეს განმარტებითი ბარათი, რომ თითქოს კარგი დოკუმენტია და ამ დროს ყველაფერს ეწინააღმდეგება თქვენი განზრახვა, – საქართველოს კონსტიტუციას, ევროკავშირის სამართალს, ჩვენს ევროპულ სწრაფვას, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის სტანდარტებს, ეწინააღმდეგება ყველა იმ საერთაშორისო დოკუმენტაციას ადამიანის უფლებებში, იქნება ეს გაეროს თუ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის კონვენცია.

და ამდენი ადამიანი, ამდენი ჯგუფი, ამდენი ქვეყნის მოკეთე და მოყვარული გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი და ახლა, ყველაფერთან ერთად ასე, ფარულად და მოპარვით დაიწყეთ განხილვა და მაინც ჯიუტად გინდათ, რომ მიიღოთ ეს კანონი, როცა ქართველი ხალხი გეუბნებათ არას? “- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს პირველი მოსმენით აპირებს კანონის მიღებას, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მოქალაქეებს მოუწოდეს პარლამენტთან შეკრებისკენ.

ამავე თემაზე: 

მოდით პარლამენტთან, არ დავუშვათ ოკუპაცია მორიგ ჯერზე – ოპოზიციის მიმართვა მოქალაქეებს

 

მოდით პარლამენტთან, არ დავუშვათ ოკუპაცია მორიგ ჯერზე – ოპოზიციის მიმართვა მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 7 მარტს, წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო რუსული კანონპროექტების განხილვა, დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს პირველი მოსმენით აპირებს კანონის მიღებას, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მოქალაქეებს მოუწოდეს პარლამენტთან შეკრებისკენ.

„ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია. მოგიწოდებთ, მოდით პარლამენტის შენობასთან და უთხარით თქვენი სათქმელი ამ სამარცხვინო, საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თქვენ უკვე ერთხელ უთხარით, როცა გაბედეს და გავრილოვი დასვეს დარბაზში.

დღეს უარესი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ამ კანონის მიღებით იქმნება კედელი ჩვენს და ევროკავშირს შორის“.

„ჩვენ გვჭირდება თქვენგან, ქართველის ხალხისგან, გაძლიერებული, გამაგრებული ზურგი, ამიტომ ყველა საქართველოს პარლამენტთან, ყველა, ვისაც შეუძლია ფიზიკურად სიარული. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დღეს თქვენს ქვეყანას ქართული ოცნება მორიგ ჯერზე აბარებს პუტინის რეჟიმს.

მოდით პარლამენტთან, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მორიგ ჯერზე“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინზე.

მან ასევე მოუწოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს ბოიკოტი და შეუერთდეს დღეს პარლამენტის სხდომას საბრძოლველად.

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, დაიწყება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ სასტვენებით, ბანერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ ცენტრალური პარკის შესასვლელთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ წავლენ.

დღეს, 7 მარტს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს.

მოქალაქეები იკრიბებიან თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის წინ.

ბათუმში ხვალ ქალთა მოძრაობის მარში გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე,  ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გამართავს, რომელშიც მონაწილეობისკენ ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონპროექტის მიღება.

მონაწილეები ბათუმში 14:00 საათიდან, საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) შეიკრიბებიან და 15:00 საათზე მარშით წავლენ ევროპის მოედნისკენ.

„მოგმართავთ 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს – სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ქალებს; შინ და გარეთ მშრომელ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალებსა და შშმ ბავშვების დედებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის ქალებს; ქვიარ და ტრანს ადამიანებს; მიგრანტ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ ქალებს, მარტოხელა დედებს, ყველა ასაკისა და პროფესიის ქალსა და გოგოს, ყველას, ვინც თავს ქალად მოიაზრებს.

თუ შენი თავი ამოიცანი, ჩვენი მიმართვა შენ გეხება!” – ეს მოკლე ამონარიდია იმ მანიფესტიდან, რომელსაც 8 მარტს ქალები ყველა ქალაქში წაიკითხავენ.

„გამოვედით, რომ ხმამაღლა ვთქვათ – ჩვენი უფლებებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის გაუფასურებას და მოპოვებული უფლებების წართმევას ჩვენ არ დავუშვებთ!

ქალებო, გავერთიანდეთ ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა ჩვენს თავისუფლებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს!  ქალები არ შევეგუებით ჩაგვრას, უსამართლობასა და უთანასწორობას! ქალები არ დავთმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას!“ – ვკითხულობთ მიმართვაში. 

ბათუმის გარდა მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

  • თბილისი (რესპუბლიკის მოედნიდან მარშით პარლამენტისკენ);
  • ქუთაისი (აღმაშენებლის გამზირი #1 – ლადო მესხიშვილის თეატრის წინ);
  • ოზურგეთი (ჭადრების ბაღი);
  • ამბროლაური (კოსტავას #28 – ახალ პარკთან);
  • ბოლნისი (სულხან-საბა ორბელიანის #106 – კულტურის სახლის წინ);
  • გორი (სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერი);
  • თელავი (სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ);
  • ახმეტა (რუსთაველის #3 – KRDF-ის ოფისის წინ);
  • მარნეული (რუსთაველის ქუჩა #73 – მარნეულის მერიის წინ)

ამავე თემაზე:

8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

ბათუმში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლოლობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„თქვენ ხართ ეკლესიის მტრები, ეკლესიას ებრძვით თქვენ“ – პარლამენტარის მიმართვა „ოცნებას“

„ეს არის რუსული ნარატივი -„ვინ ებრძვის ეკლესიას, იმ ხალხს ვამხელთ ჩვენ ამ კანონით“.

ვინ ებრძვის ეკლესიას? ეკლესიას ებრძვით თქვენ. ჩვენ შორის ვინც ეკლესიას ებრძვის, ხართ თქვენ“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებას“. 

დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება არის რუსული საქმე და სამშობლოს ღალატი.

„სუს-ის კრებსები გახსოვთ? თქვენ რომ ჩაწერეთ, გადაუღეთ სასულიერო პირებს. სუს-ის კრებსებში რა ეწერა? აღსარების საიდუმლოებები გამოიტანეთ და არც ერთ ორგანიზაციას, არც ერთ ტელევიზიას არ მიუცია თავისთვის უფლება, რომ ეს გამხდარიყო საჯარო.

თქვენ ხართ რუსული საქმის გამკეთებლები, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები, თქვენ ხართ უსამშობლოები, თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები.

ამის შემდეგ გამოდის ვიღაც აქ და ამბობს – „ამერიკულ კანონს ვიღებთ“.

რა ამერიკულ კანონს იღებთ, ამერიკული კანონი ნაცისტების წინააღმდეგ მიიღეს და თქვენ ამბობთ, რომ იმავე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები?  თუ ამას ამბობთ, რუსები ხართ, რა მნიშვნელობა აქვს, რა კანონს იღებთ“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, არ დარჩენილა არც ერთი ინსტიტუცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერო, ევროკომისია, ნატოს წარმომადგენლობა, 27 ქვეყნის ელჩი, ყველა ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონი.

„როცა აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ყველა, ვინც მხარს დაუჭერს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური პოტენციური საფრთხის შექმნაზე, არის თუ არა ეს რუსული საქმე, როცა ამას ჩვენი პარტნიორისგან ვისმენთ?

ნატოს განცხადება – „შეთავაზებული კანონპროექტი წარმოადგენს უკანგადადგმულ ნაბიჯს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“ და ესეც რუსული საქმეა.

გაერო ამბობს, რომ „ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიას ქვეყანაში“, – ანუ ესეც რუსული საქმეა.

რატომ იღებთ ამ კანონს?- საზოგადოების დაკვეთაა ამ კანონის მიღება? რომელი სფეროს წარმომადგენლის დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოაცხადოთ უცხოეთის ჯაშუშებად.

ეს ხომ რუსული საქმეა, პირდაპირ რუსული საქმეა.  მთელი მსოფლიო გეუბნებათ, რომ ეს არის რუსული საქმე, რუსული კანონი და თქვენ რას პასუხობთ ამაზე?

როცა სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს აცხადებ მტრად, ვინ გამოდიხარ? გამოდიხარ რუსი, ამიტომ გეუბნებით, ხართ რუსები და აკეთებთ რუსულ საქმეს“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმებიმხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

„პარლამენტში ამბროსი ხელაიას სურათიანი მაისურის შემოტანისთვის თანამშრომელს ემუქრებიან“

„რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ უსაფრთხოების ამ ზომების გატარება, იმიტომ, რომ აქ როცა უმრავლესობასა და უმცირესობაზე საუბრობთ, ამ წუთას, როცა ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა,“ – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც პარტია „ლელოს“ წარმოადგენს.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მადლობა გადაუხადა მანდატურებს და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურს.

2 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შესვლის საშუალება არ მისცეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისინი ჩაკეტილ კართან იდგნენ და პარლამენტარებს იმ დარბაზში არ უშვებდნენ, სადაც კომიტეტების სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

როგორ გამოაძევეს ჟურნალისტები პარლამენტიდან

ამ სამსახურებმა იძულებით დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებსაც, რომლებიც სკანდირებდნენ – „არა რუსულ კანონს“.

დღეს, 7 მარტს, პარლამენტის ბიურომ ერთ-ერთ საკითხად განიხილა რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე გატანა. პარლამენტში, იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ბიურომდე მისასვლელი კიბეები სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ გადაკეტილი.

სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე გაიხსენა შემთხვევაც, როცა მის თანაშემწეს პარლამენტის შენობაში არ შეატანინეს მაისურები, რომლებზეც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული.

მაისურები, რომელთა შეტანის უფლება პარლამენტში არ მისცეს ოპოზიციას

„მე არ ვიცი, ვინ არის ეს ხალხი, აქ რომ დადიან ფორმის გარეშე დაკუნთული ადამიანები… ჩემი თანამშრომელი გააჩერეს, სისტემაში შეყვანილი ხარო. იგი ცდილობდა, რომ შემოეტანა მაისურები და ეს არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების იდეებს, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ეკლესიისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული დემოკრატიისთვის.

კადრზე: მანდატური ოპოზიციონერ პარლამენტარებს არ აძლევს სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალებას

ვინ გასცა ბრძანება ჩემს თანაშემწეზე, რომ არ მიეცათ მისთვის შესაძლებლობა, გამოხატვის თავისუფლების ეს უფლება გამოეყენებინა, ვინ გადაუღო სურათი, ვინ უთხრა, რომ არის შეყვანილი სისტემაში?

მაინტერესებს, რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ, როცა ამბროსი ხელაიას სურათიანი მაისურის შემოტანისთვის პარლამენტში თანამშრომელს, რომელიც თქვენი თანამშრომელიც არის, ემუქრება გაუგებარი ხალხი,“ – თქვა სალომე სამადაშვილმა.

„გასაგებია თქვენი საკითხი,“ – მხოლოდ ეს თქვა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატის შეკითხვის პასუხად, რამდენიმე წუთში კი, დასძინა: „სახელმწიფო დაცვის სამსახურზე ცუდი სიტყვის თქმის შესაძლებლობას არ მოგცემთ“.

სოფელ დიაკონიძეებიდან კურორტ გოდერძამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ84-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მარტის მდგომარეობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ84 (ბათუმი[ანგისა]- ხულოს სოფელი დიაკონიძეები) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყერი 6 მარტს, საღამოს განვითარდა, რამაც დროებით გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის ჩაკეტვა. ასევე, მეწყერმა მოიყოლა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოები.

„მეწყრული კერის შემდგომი გააქტიურებისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მოეწყო ალტერნატიული შემოვლითი გზა, რომლითაც მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადადგილება შესაძლებელია,“ – აცხადებს ხულოს მერია.

მთავარი ფოტო: მეწყერი სოფელ დიაკონიძეებთან/ფოტო: ხულოს მერია

კურორტისკენ მიმავალი გზა, სოფელ დიოკნისში ჩამოწოლილი მეწყრის გამო 3 მარტსაც ჩაიკეტა.

ამ თემაზე:

ხულო-ადიგენის გზა ჩაკეტილია – სოფელ დიოკნისში მეწყერი ჩამოწვა

პარლამენტში გამჭვირვალობას ითხოვენ, მაგრამ გაუმჭვირვალე მთავრობას არ იმჩნევენ

რამდენად „გამჭვირვალეა“ საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა პარლამენტში „ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი გამჭვირვალობის საჭიროების მოტივით რუსულ კანონპროექტზე მსჯელობენ? ამ დრომდე ვინმემ უკმაყოფილება გამოხატა პარლამენტში იმის გამო, რომ უკვე ორი წელია არ ვიცით, რა განკარგულებებს აწერს ხელს საქართველოს პრემიერი, რადგან ინფორმაცია არ საჯაროვდება?

ამ თემაზე „ბათუმელები“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერს, სანდრო ქევხიშვილს ესაუბრა.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით კოვიდის გავრცელების შემდეგ ზოგად ტენდენციად იქცა ის, რომ ინფორმაციასთან წვდომა მთავრობის თითქმის ყველა უწყებაში გართულდა და ეს ტენდენცია არც პანდემიის შემდეგ შეცვლილა:

„ზოგი უწყება უფრო უკეთ იქცევა, ზოგი – უარესად. არიან კონკრეტული უწყებები, რომლებიც ფაქტობრივად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას, არღვევენ მთელ რიგ კანონებს.

ერთი-ერთია კულტურის სამინისტრო, რომელიც სრულიად დახურულია, საიტიც კი არ აქვთ. ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრი იყო, მაშინ იუსტიციის სამინისტრო იყო ყველაზე დახურული ორგანო, ახლა ის კულტურის მინისტრი და კულტურის სამინისტროა დახურული.

ყველაზე საინტერესო ამ მხრივ არის მთავრობის ადმინისტრაცია. ის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველა სხვა უწყებისთვის, ის არის მაკოორდინებელი მთელი რიგი რეფორმებისა, საჯარო სამსახურის რეფორმა იქნება ეს თუ ანტიკორუფციული. ამ რეფორმებში ყველგან არის გათვალისწინებული გამჭვირვალობის ელემენტი. მთავრობის ადმინისტრაციას ევალება, კოორდინაცია გაუწიოს ყველა სხვა უწყებას, რომ ისინი იყვნენ მეტად გამჭვირვალეები და ამ დროს მთავრობის ადმინისტრაცია არის ყველაზე მეტად არის დახურული.

სანდრო ქევხიშვილი

ბოლო ორი წელია, 2020 წლის მარტიდან, მთავრობის ადმინისტრაცია აღარ აქვეყნებს განკარგულებებს საკუთარ საიტზე და ეს განკარგულებები არც საკანონმდებლო მაცნეზე ქვეყნდება. ეს განკარგულებები არის მთავრობის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტური შედეგი, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ.

გარდა ამისა, შეუძლებელია ამ დოკუმენტების გამოთხოვა საჯარო ინფორმაციის სახით, არ იძლევა უბრალოდ მთავრობის ადმინისტრაცია. არც ერთ წერილზე, კანონის პირდაპირი დარღვევით, არ პასუხობს. მის წინააღმდეგ სასამართლოშიც არის სარჩელები შეტანილი სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან და მთავრობის ადმინისტრაცია ყურს არ იბერტყავს.

რაც არის ხელმისაწვდომი, ეს არის სხდომის დღის წესრიგი. ბოლო წლების დღის წესრიგებს რომ დავაკვირდეთ, ათი საკითხიდან 5 არის სახელმწიფო ქონების გადაცემა კონკრეტული პირისთვის სხვადასხვა ფორმით: პირდაპირი წესით, სიმბოლურ ფასად ან სხვადასხვა პირობით. ანუ სახელმწიფო ქონებას არიგებენ, ჩვენ რეალურად არ ვიცით, რის საფუძველზე იღებენ ამ გადაწყვეტილებებს.

სრულიად დაუსაბუთებლად სხვისდება სახელმწიფო ქონება, ეს არის კორუფციის რისკის შემცველი და აქ უნდა იყოს პირველ რიგში საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ამის მონიტორინგი და დაკვირვება.

მთავრობის მაგალითზე, ინფორმაციის არ გაცემის პრაქტიკა ემთხვევა ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებას. თეა წულუკიანის შემთხვევაშიც ასეა. ანუ პიროვნებების გადაწყვეტილებაა ეს, რაც არის კანონდარღვევა და პირდაპირ ეწინააღმდეგება ელემენტარულ ანგარიშვალდებულების პრინციპს.

ანუ თუ ინფორმაციას არ გასცემ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გრძნობ თავს ანგარიშვალდებულად არამარტო მოქალაქესთან ან კონკრეტულ ორგანიზაციასთან, არამედ სრულიად საზოგადოებასთან. შენ მიგაჩნია, რომ შენი საქმიანობა არ უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ.

მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე კულტურის სამინისტროს შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება პრემიერის და კონკრეტული მინისტრის, რომ ინფორმაცია არ გაიცემა. ერთადერთი მექანიზმი არის ამ შემთხვევაში სასამართლო, სხვა ქვეყნებში არის ხოლმე ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ.

ასეთი საქმეები იწელება წლების განმავლობაში, შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგრამ ეს მაინც ერთჯერადია.

ფაქტობრივად, ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება. სანამ არ არის პოლიტიკური ნება, ეს პრობლემა იქნება“.

შალვა პაპუაშვილი: მანდატურების მიმართ იყო ძალადობა

„უნდა მოგიწოდოთ, დაემორჩილოთ, მე სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მანდატურების მიმართ ძალადობა, ეს არის კადრებში აღწერილი,“ – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 7 მარტს, პარლამენტის ბიურო ერთ-ერთ საკითხად განიხილავს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე გატანას. პარლამენტში იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ბიურომდე მისასვლელი კიბეები სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი. არ უშვებენ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტის შენობაში არის არა სუსი, არამედ არიან პარლამენტის მანდატურები და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახური. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მანდატურის სამსახურს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი მანდატურის სამსახურს… პატივი ვცეთ ჩვენი მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს, რთული სამსახურია, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, თქვენ როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს იცავს მანდატურის სამსხური და  სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახური, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. მინდა მათაც მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ვხედავთ, რომ უზრუნველყვეს სრულიად ყოფილიყო სიმშვიდე, სამუშაო გარემო და რაც მთავრია, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის წევრების,“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზევე უპასუხა ანა ნაცვლიშვილმა.

„ამ პატივისცემას პრაქტიკული გამოხატულება სჭირდება; მათ ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ და არ უნდა ეუბნებოდეთ, რომ სამსახურს დაგატოვებინებთ, თუ ოპოზიციონერებს არ გააძევებთ აქედანო. ამათ წნეხავთ თქვენ და ამით ხართ ყოჩაღები სხვა ადამიანების ხარჯზე,“ – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

2 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შესვლის საშუალება არ მისცეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისინი ჩაკეტილ კართან იდგნენ და პარლამენტარებს იმ დარბაზში არ უშვებდნენ, სადაც კომიტეტების სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

ევროპული საქართველო სანდო ალტერნატივაა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისათვის

„მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე. ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში.“ – ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტს 30 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს.

რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან, პროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს, 7 მარტს, ბიუროს სხდომაზე განიხილავს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი რუსული და ანტი-ქართული კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დიდ ნაწილს „გავლენის აგენტის“ დამაკნინებელ და ანტიდემოკრატიულ სტატუსს ანიჭებს და მათი კონტროლის თვითნებურ მექანიზმებს ითვალისწინებს, შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.

ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის და სოციალური თანასწორობის გარანტიაა. სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა გახდის შესაძლებელს, გაძლიერდეს დევნილი და ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და კეთილდღეობა.

მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიული, ინკლუზიური და ეკონომიურად ძლიერი საქართველო შეიძლება იყოს სანდო ალტერნატივა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის. მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად ცვლის რეგიონში საქართველოსთან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ წარმოდგენებსაც. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აფხაზეთის de facto ხელისუფლება 2020 წლიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული რუსული კანონმდებლობის მიღებას, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის საგანია.

საქართველოში ამგვარი კანონის მიღება კი, საქართველოს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს. ცხადია, რომ ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც.

როგორც სამართლებრივი პრაქტიკა აჩვენებს, ევროკავშირს არც ერთ წევრ ქვეყანაში არ მოქმედებს მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული მსგავსი კანონები. უნგრეთის მცდელობას, მიეღო მსგავსი კანონი, ხელი შეუშალა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი არღვევდა გაერთიანებისა თავისუფლებასა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას.

ანალოგიურად, მსგავს კანონზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. ამ პირობებში ცხადია, რომ შემოთავაზებული რუსული კანონის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს.

ცხადია, რომ არანაკლებ შემაშფოთებელია სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის დამაკნინებელი სტატუსების მინიჭება და მათი დეჰუმანიზება, რაც აქტიურად აქვთ დაწყებული ქართული ოცნების პოლიტიკოსებსა და მათ მიერ კონტროლირებად მედიებს. ეს საშიში ტენდენცია ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ერთმანეთს და გაამწვავებს ქვეყანაში არსებული სოციალურ კრიზისებსა და კონფლიქტებს. სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების ამ ტიპის კონტროლს მხოლოდ ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები მიმართავენ და ის მხოლოდ როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლად შეიძლება შეფასდეს.“

ხელმომწერები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ი/გ/პ/ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ქალთა ფონდი “სოხუმი”

კავკასიური სახლი

მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)

ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი

სტუდია რე

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ახალგაზრდული ალტერნატივა

ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად”

კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

მოძრაობა აფხაზეთისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

ასოციაცია “მერკური”

აქტ ფორ თრასნსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისი.

ქალთა ფონდი საქართველოში

ფონდი აფხაზინტერკონტი AIC

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო

მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი

პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი

ნათია ჭანკვეტაძე, PhD კანდიდატი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი

დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი

ივლიტა გოგუა, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

რუსუდან ფუხაშვილი, PhD საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევარი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 154 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 060]
  • ტანკი – 3 432 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 6 714 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 456 ერთეული [+23]
  • MLRS – 488 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 253 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 303 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 095 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 323 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 236 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 398 თვითმფრინავი
  • 217 ვერტმფრენი
  • 3 356 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 410 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 205 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 294 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 780 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ხალხის დაკვეთაა ევროკავშირი და არა რუსული კანონი – მასწავლებელი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი თემურ სუყაშვილი რუსულ კანონის მიღების წინააღმდეგია. ის მიიჩნევს, რომ რუსული კანონის განხილვა და მიღება არასწორ დროს და არასწორი მიზნისთვის ხდება.

მასწავლებლის აზრით, რუსული კანონი არა მარტო დაყოფს და დააპირისპირებს საქართველოს მოსახლეობას, არამედ დააკარგვინებს სტრატეგიულ მეგობრებსაც, რომლებიც წლებია ყველაფერს აკეთებენ საქართველოს განვითარებისთვის.

„ჩვენ „სამოქალაქო განათლებაში“, „მოქალაქეობაში“ ვასწავლით კანონშემოქმედებით პროცესს და სამართლებრივი სახელმწიფოს არსს. მაგალითად დღეს, როცა გავდიოდით მე-10 კლასში ამ თემას და ვსაუბრობდით კანონის მიღების დანიშნულებაზე, აუცილებლობაზე, მოსწავლეებმა მკითხეს, თუ რა სარგებლობა ექნება ამ კანონს, რომლის მიღებაც უნდა პარლამენტს და  საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებულ რომელ პრობლემას მოაგვარებს?

რადგან მოსწავლეებმა იციან, რომ კანონები პრობლემის მოსაგვარებლად გვჭირდება, ზოგადად.

ამ კანონის მიღებით კი ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ რაიმე პრობლემა გვარდება. პირიქით, დაიწყება საზოგადოებაში დაპირისპირება და გახლეჩა, მაშინ როცა ჩვენ ახლა უფრო მეტად გვმართებს კონსოლიდაცია და ახლოს ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.

ამ დროს, ასეთი კანონის მიღება, ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მისი თქმით, კანონი მაშინ იქნებოდა კარგი, თუ ის არა მეგობრების, არამედ ჩვენი ქვეყნის რეალური მტრის, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

„გუშინ ერთი ფრაზა დავწერე ფეისბუკში პლატონის „სახელმწიფოდან“ , სადაც  საუბარია მეგობრებზე და მტრებზე. ვინ არიან მეგობრები და ვინ არიან ჩვენი მტრები.

დღეს გაცხადებულია და ყველამ იცის, რომ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არ გვეძლევა საშუალება ჩვენსავე ქვეყანაში გადაადგილების.

ცივილიზებული სამყაროდან ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს საქართველოს გზას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს. აი, ამის თარგმანიც კი არასწორად ხდება ხშირად, როცა ამბობენ – „სხვის დაკრულზე არ უნდა ვიცეკვოთ“.

გააჩნია ვინ გვეუბნება ამას, ვინ არის ეს, მტრული სახელმწიფო თუ პარტნიორი სახელმწიფოები, რომლებიც თანხებს დებენ აქ ქვეყნის განვითარებაში? იქნება ეს სკოლების რეაბილიტაცია თუ ნებისმიერი საბაზისო პრობლემის მოგვარება. აი, ამაზეც უნდა ვისაუბროთ.

ამ კანონის მომხრეები ძირითადად არიან გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ამით რა შავდება“.

არასამთავრობოების დაფინანსება ისედაც ყოველთვის გამჭვირვალე იყო, ზოგიერთ საჯარო უწყების საქმიანობაზეც კი. შესაბამისად, თუ ამ კუთხით თუ კიდევ იყო რაიმე შესაცვლელი, ეს უნდა მომხდარიყო ფართო დისკუსიის და კონსენსუსის შედეგად“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მის აზრით, მსგავსი კანონის მიღება, მაშინ როცა სასამართლო სისტემა არის სუსტი და ნაკლები ნდობა აქვს, კიდევ უფრო დამაზიანებელია.

„ეს რომ იყოს ფინეთი, დანია ან ნორვეგია, ადგება ადამიანი და მიმართავს სასამართლოს, თუკი მის უფლებებს რომელიმე უწყება დაარღვევს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიც არის მითითება, რომ  არსებული ხარვეზები უნდა გამოასწოროს სახელმწიფომ.

ეს კანონი მაშინ იქნებოდა კარგი, თუკი ჩაიწერებოდა, რომ მტრული სახელმწიფოსგან მიღებული თანხების გამჭვირვალობაზეა საუბარი, რადგან ქვეყანაში მართლა გვყავს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან.

დღეს ეს სრულიად უადგილო დროს დაწყებული, არასაჭირო ინიციატივაა, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო დააპირისპირებს, დაიწყება იარლიყების მიწებება, რომ ვთქვათ ვიღაც მოღალატეა, ვიღაც აგენტია, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ 90-იან წლებში და ახლა ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, გაგვეგრძელებინა ევროინტეგრაციის პროცესები და გადავსულიყავით შემდგომ ეტაპზე“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მისი აზრით, რუსული კანონი დააზიანებს საგანმანათლებლო სექტორს, შემცირდება დაფინანსების მიღება და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

„ორ სკოლაში ვმუშაობ და ორივეში მოპოვებული მაქვს USAID-ის მცირე გრანტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ბევრ საინტერესო აქტივობებს გადიან. ეს ყველაფერი სწორედ ამ დაფინანსების მოპოვებით აქვთ ბავშვებს.

თუკი ცივილიზებული ქვეყნები დაგვშორდებიან, ბავშვებს ეს პროექტებიც მოაკლდება.

ჩვენ სკოლაშიც ვასწავლით და კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ისინი არიან ჩვენს მიერ დაქირავებული, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, რათა სახელმწიფო განავითარონ და მიიყვანონ იქამდე, რაც არის ჩვენი დაკვეთა.

ამ შემთხვევაში მოსახლეობის დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება და შესაბამისად, ჩვენს მიერ დაქირავებულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი დაკვეთა შეასრულონ“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

დასავლეთ საქართველოში ინტერნეტის შეფერხებაა – სილქნეტი

„სილქნეტის“ აბონენტების ნაწილს დღეს, 6 მარტს, არ მიეწოდება ფიქსირებული ინტერნეტი; შეფერხება იყო მობილური კავშირგაბმულობის კუთხითაც, თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [20:30 სთ] კავშირი უკვე აღდგენილია.

„სილქნტის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანდა კაბელი და დასავლეთ საქართველოს ნაწილში შეიქმნა პრობლემა.

„ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და მალევე უნდა აღდგეს ინტერნეტის მიწოდება“ – აღნიშნეს „სილქნეტის“ პრესცენტრში.

ეს გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას და თქვენ ეს იცით – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონპროექტები და მათი განმარტებითი ბარათები ეყრდნობა ხუთ ძირითად, შეცდომაში შემყვან მითითებას. „და მგონია, რომ ეს მოსაზრებები შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

სწორედ ამ მითითებებს ეხებოდა კითხვები, რომლებიც საიას თავმჯდომარემ საკითხის მომხსენებელთან დასვა.

„პირველი, რაც ჩვენ კანონპროექტში გვხვდება და წერია განმარტებით ბარათში, არის ის, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მინდა გკითხოთ, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, როცა თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონი.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც იყო ამ კანონის მიღების მცდელობა რუსეთის გავლენით, იყო უნგრეთი, სადაც სასამართლომ ეს კანონი გააუქმა და იქაც აღარ მოქმედებს.

ასევე, იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც უნგრეთის კანონმდებლობას ეხებოდა, ცალსახად აღინიშნა, რომ კანონი არღვევდა ევროკავშირის წამყვან ხელშეკრულებებს, ეს იყო გაუქმების საფუძველი.

საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც საქართველოა, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ დაცული უნდა იყოს გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრება და აკრძალულია დისკრიმინაცია. ეს კანონები ყველა ამ უფლებას ეწინააღმდეგება.

ამიტომ მაინტერესებს, რომ წერთ განმარტებით ბარათში, რომ ეს არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რას ეყრდნობით?

მეორე დიდი ტყუილი, რაც განმარტებით ბარათში წერია, არის ის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსს, თუკი ამ კანონს მიიღებს. არათუ მიღება, მისი განხილვაც კი ქმნის იმ საფრთხეს, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ ამ სტატუსს. თვითონ იმ 12 პუნქტშიც კი, რომლის შესრულებაზეც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა, 2 პუნქტი მინიმუმ ირღვევა.

შემდეგი პუნქტი, რაც ასევე დიდი ტყუილია, არის ის, რომ კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე, ეს არის აღნიშნული.

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ვმუშაობთ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვაზე, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს გავლენას მათ უფლებებზე, ცალსახად. თქვენ რას ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ გავლენა არ ექნება? ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ამ ორგანიზაციების გაუქმებას და დახურვას.

შემდეგი საკითხი, რაც ასევე ტყუილია, არის ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, როცა დღეს საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედებს მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაახლოებით 29 000, რომლებიც დაექვემდებარება რეგულირებას ამ კანონპროექტით და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამ ეტაპზე არც ფინანსური შესაძლებლობები და არც ადამიანური, რომ ეს [რეგულირება] უზრუნველყოს და ეს ფუნქცია არ არის ასახული მათ ბიუჯეტებში.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი.

ამ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს არ არის ამ კანონპროექტის მიზანი, ამ კანონპროექტის მიზანია ყველა იმ ორგანიზაციის დახურვა, ვინც არ დაექვემდებარება იმას, რომ საკუთარი თავი დაარეგისტრიროს როგორც აგენტი და დაიწეროს, რომ არის აგენტი.

ეს გამოიწვევს ნამდვილად ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვას, ვინც არ დაექვემდებარება იმას, რომ საკუთარი თავი აღიაროს აგენტად. ეს არის იმთავითვე გამორიცხული, არავის არ სურს ამ სტატუსის დაწერა და თქვენ ეს იცით” – თქვა ნონა ქურდოვანიძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

ნონა ქურდოვანიძემ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რადგან მისი აზრით პროექტი ადამიანის უფლებების შეზღუდვას იწვევს.

როგორ დაეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი” 100 ათასამდე მოქალაქეს 19 წლის განმავლობაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2004 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში და 19 წლის განმავლობაში საქართველოს 100 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა სტარტაპის, ბიზნესის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა მიმართულების პროგრამებით.

უკვე დასრულებულ პროგრამებს შორისაა: ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია, ახალი შესაძლებლობები აჭარაში ახალგაზრდა დედებისთვის, ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის პროექტი, ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს, მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრის ჩამოყალიბება და სხვა მრავალი.

ე.წ. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც განხილვის პროცესშია, „დემოკრატიის ინსტიტუტიც“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მსგავსად უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს, რადგან მისი დაფინანსების ძირითადი წყარო დასავლეთია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის, „ოცნებისგან“ ახლახან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო და მედიასექტორის შეზღუდვაა, რადგან სწორედ ისინი გამოირჩევიან კრიტიკულობითა და აქტიურობით.

„აგენტის იარლიყით სურთ არასამთავრობო სექტორისა და მედიის მარგინალიზება, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, გვერდით უდგანან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის მისაღწევად.

ხელისუფლებას სურს, არ იყოს მისაღები საზოგადოებისთვის არასამთავრობო სექტორი. სურთ გვაქციონ საზოგადოებისგან მოკვეთილ ნაწილად, უცხოური გავლენის აგენტი სწორედ ამას ნიშნავს. ეს სიტყვა ჯაშუშთან და ქვეყნის მტერთან ასოცირდება.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა იმისა, რომ ცალკეული ადამიანების და ჯგუფების ინტერესებს იცავს, ახორციელებს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ პროექტებს, რაც სწორედ დასავლეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

მხოლოდ ბოლო პერიოდზე რომ ვისაუბრო, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა სოფლის განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მილიონი ევრო გავეცით ბიზნესინიციატივების მხარდასაჭერად.

ქედის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მცხოვრები გეტყვით, რა კეთდება მათ მხარეში დასავლური დაფინანსებით და როგორ ცვლის მათ ცხოვრებას ეს მხარდაჭერა, როგორ განვითარდა იქ ტურიზმი, ბიზნესი და სოფლის მეურნეობა. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ცხადია, აქვთ პროტესტი და კრიტიკული დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ, რომელიც ახლა განიხილება.

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში მიზანი კრიტიკული, თავისუფალი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩახშობაა,“ – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მუშაობს აჭარაში, თუმცა აფართოებს რიგ პროგრამებს დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. გუნდის საქმიანობა ეფუძნება უმთავრეს ფასეულობებს, თავისუფლებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, თანასწორობას კანონის წინაშე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

ორგანიზაციის მუშაობის სამი ძირითადი, სტრატეგიული მიმართულებაა: სხვადასხვა მარგინალური და უფლებადარღვეული სამიზნე ჯგუფების იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა, კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერა და სხვადასხვა ჯგუფის სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმარება ადამიანებს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციაში, იცავს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის ინტერესებს, იკვლევს და ხელს უწყობს კარგი მმართველობის პრაქტიკას საჯარო დაწესებულებებში.

ორგანიზაცია ლობირებს დემოკრატიული მმართველობის გაღრმავებაზე მიმართულ საკითხებს წარმომადგენლობით, მმართველობის ორგანოებში.

განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებშიც:

  • ამოქმედდა სოციალური საწარმოები და დასაქმდნენ ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები
  • დაფინანსდა ბენეფიციარების სტაჟირება
  • დასაქმდნენ ბენეფიციარები მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება-გაძლიერების გზით
  • ამუშავდა ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • იურიდიული დახმარება გაეწია ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახებსა და პრობაციონერებს.

პანდემიის დროს ორგანიზაციამ სტარტაპერები დააფინანსა. მარი ხინკილაძემ, მაგალითად, იზოლაციისა და ჩაკეტილობის პერიოდში დაიწყო აქსესუარების დამზადება და ქალის ტანსაცმლის საყელოების კერვა. მერე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ გვერდზე სოციალურ ქსელში განცხადებას წააწყდა სტარტაპების დაფინანსების შესახებ. გაგზავნა ბიზნესიდეა, გაიარა გასაუბრება სტარტაპის საბჭოსთან და კონკურსში გაიმარჯვა – 10 000-მდე ლარი მიიღო და დანადგარები იყიდა, რაც საქმეს უმარტივებს.

მარი ხინკილაძე

მარის მიაჩნია, რომ უცხოეთის გავლენის აგენტებს შესახებ კანონის განხილვა მიუღებელია:

„რაც კი მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში, ყველაფერი დასავლური დაფინანსებითაა შექმნილი. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები გვეხმარებიან ჩვენივე რესურსების განვითარებაში და ამ ფორმით გვაძლიერებენ.

ამ ყველაფრის აკრძალვა და საარსებო წყაროს გადაკეტვა ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, ამორალურია, ამ კანონის განხილვაც კი ამორალურია. მუშაობის, მენეჯმენტის, ფინანსური განვითარების კულტურა – ყველაფერი დასავლეთიდან შემოდის, მათგან ვსწავლობთ ტექნოლოგიურ პროგრესსა თუ სხვა სიახლეებს. ამ ყველაფრის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ გვეუბნებიან – არ უნდა განვვითარდეთ,“ – ამბობს სტარტაპერი.

მარი ხინკილაძის ნამუშევრები

გია ცეცხლაძემ ქვევრის ღვინის წარმოება გააფართოვა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ გამოყოფილი გრანტის საშუალებით. კონკურსში 17 000 ლარი მოიგო, ექვსტონიანი ქვევრები იყიდა და მარანი მოაწესრიგა:

„არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემულ დაფინანსებებს დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებაში.

მარანი ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მაქვს, ეს დაფინანსება ჩემს შემოსავალს გააორმაგებს. 3-4 თვეში დავიწყებ ღვინის რეალიზაციას, რომელიც ჯერ ქვევრში მაქვს. ყურძენი ჩვენთან არ მოდის, ვყიდულობ და ასე ვაყენებ ქვევრში.

გია ცეცხლაძის ღვინის მარანი ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში

ამ კანონპროექტის განხილვით რისი თქმა სურს ხელისუფლებას, ვერ ვიგებ. გაუგებარია ჩემთვის, აგენტები რატომ უნდა დაერქვათ ადამიანებს, ფონდებს, ორგანიზაციებს, მედიებს, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან,“ – ამბობს გია ცეცხლაძე.

მეღვინე გია ცეცხლაძე

ზეინაბ თურმანიძემ აჭარის მაღალმთიან სოფელში, მერისში გახსნა სილამაზის სალონი. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ჯერ სალონის საქმე ისწავლა და მერე დაფინანსებაც მოიპოვა – 5000 ლარი. ზეინაბი შშმ პირია, ამ ნიშნით სახელმწიფო მას ყოველთვიური პენსიის სახით მხოლოდ 162 ლარს უხდის:

„სალონმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და საარსებო წყარო გამიჩნდა. აღარ ვარ ჩემს ძმებზე დამოკიდებული, თან ერთი ადამიანი დავასაქმე, ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა ცხოვრება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მეშვეობით, ჩემი თანასოფლელების ცხოვრებაც შეიცვალა – მათ აღარ უწევთ თმის შესაკრეჭად და ფრჩხილების მოსაწესრიგებლად მერისიდან ქალაქში სიარული.

თუ ამ კანონს მიიღებენ და აგენტებად შერაცხავენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, ადამიანთა ჯგუფებს, ცალკეულ პირებს, ეს შშმ პირებზეც ძალიან ცუდად აისახება, ჩემნაირ ადამიანებზე.

ჩვენი წინსვლა, სწავლა-განათლების საქმე, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა – ყველაფერი უკან წავა. მოვუწოდებ, არ გააკეთონ ეს, არ მიიღონ ეს საშინელი კანონი“ – ამბობს ზეინაბი.

ზეინაბ თურმანიძე

„დემოკრატიის ინსტიტუტს“ თორმეტამდე დონორი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტს აფინანსებდნენ და დღემდე აფინანსებენ.

მათ შორისაა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, გაეროს ბავშვთა ფონდი, ღია საზოგადოება – საქართველო და სხვები.

ორგანიზაციის პარტნიორები არიან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი და სხვები.

რუსული კანონი იმოქმედებს ყველაზე დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე – მიმართვა ნინო წილოსანს

„ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიციირებულ რუსულ კანონს” – წერენ ქალთა ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვაში, რომლის პირველი ადრესატი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანია. განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მომუშავე, ქალთა 80 ორგანიზაცია.

„ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვევაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები” – წერია განცხადებაში.

„ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში…

გაუმჯობესებულო საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება” – წერია განცხადებაში.

„ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ“ – წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წილოსანის ინიციატივა, შეიცვალოს საკანონმდებლო აქტის სათაური, ვერ გააუმჯობესებს მას, ამიტომ ეს არ არის რეალური გამოსავალი.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ. კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა“ – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო 
  • ქალები საქართველოდან
  • ფემეა – ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის
  • ქალთა ფონდი “სოხუმი”
  • იგი ქალთა ასოციაცია ” თანხმობა” 
  • ასოციაცია “მერკური”
  • ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი” 
  • “ქალები ქალებისთის” და “მოხალისეთა ჰაბი”
  • საორსა
  • ფონდი “ფემინა”
  • აიწონა დაიწონა
  • ღია სივრცე კავკასია (COS)
  • სამოქალაქო განათლების და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
  • გორის სათემო რადიო “მოზაიკა”, mozaikanews.ge
  • შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
  • ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW 
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ა/ო “პერიფერია” (“იდენტობა იუს”)
  • ააიპ ” დავიწყოთ ახლა”.
  • ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  • პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო
  • მედიაპლატფორმა “კაქტუსი” cactus-media.ge 
  • ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.
  • ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
  • საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია / GABP/
  • ქალთა ხმები
  • სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
  • სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
  • საფარი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  • ქალთა ასოციაცია “გვირილა”
  • ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“
  • სოციალური კვლევის ცენტრი
  • ააიპ “ახალგაზრდები პანკისის განვითარებისთვათვის”
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი 
  • ფონდი ტასო
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
  • პლატფორმა სალამ
  • ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” (WAAT)
  • მოძრავი არქივები
  • სამეგრელოს გენდერული ქსელი
  • “ახალგაზრდა ფემინისტები”
  • კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
  • ა/ო “ქალები ქვეყნის მომავლისათვის”
  • თემიდა
  • ააიპ მეგობრობის ხიდი ქართლოსი
  • ააიპ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
  • ა(ა)იპ ‘’მირაბალდები’’
  • ა.(ა).ი.პ. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 
  • ა (ა).ი.პ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  • ა (ა).ი.პ სათემო ფონდი ლელი
  • ა(ა)იპ “ქართული მედია ჯგუფი”
  • ა(ა)იპ ნეო ტვ
  • ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრი.
  • ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
  • ა(ა)იპ ჩვენ ვიკვლევთ (WeResearch)
  • Რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი’’
  • ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
  • კავკასიური ფემინისტური ინსტიტუტი (CFI)
  • სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
  • ა(ა)იპ “თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”
  • ა(ა)იპ ასოციაცია HERA XXI
  • ა(ა)იპ ინიციატივების სახლი
  • ა(ა)იპ ნეოგენი
  • საინიციატივო ჯგუფი “დიმელი ქალები”
  • საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  • განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
  • სოციალური საწარმო “ჩირიგე”       
  • ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად” (WAAT)
  • განათლებისა და განვითარების ცენტრი “ედელვაისი”
  • GrlzWave
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტი
  • რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  • საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი  “თანადგომა”
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”
  • “კავშირი ფრეია”
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი                  
  • ააიპ “უფლებებისა და განათლებისათვის” 
  • აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია “დიოსკურია”

მეღვინეები რუსული კანონის წინააღმდეგ: ჩნდება ღვინის სექტორის დასუსტების და გაქრობის რისკი

ქართველი მეღვინეები რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ. ისინი წერილობით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს.

მეღვინეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს და მთლიანად მეწარმეობას.

„მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში:

1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ საერთაშორისო დონორებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისგან ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ, საგანმანათლებლო დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობას;

2) ღვინის სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციები, კომუნები, გილდიები დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დაფინანსება და განკარგონ ეს ფინანსები დარგისა და დარგში მოქმედი მეწარმეების საჭიროებების შესაბამისად – კვლევითი თუ საგანმანათლებლო მიზნებით, მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის, ღვინის ფესტივალებისა თუ გამოფენებისთვის;

ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების საწინააღმდეგო კანონის მიღება შექმნის რისკებს, რომ ევროპულ ბაზარზე რეპუტაციული ზიანი მიადგეს ქართულ ღვინოს და, ზოგადად, ქართულ პროდუქციას;

ეჭვქვეშ დადგეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა;

ღვინის სექტორში დასუსტდეს და გაქრეს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე, უმეტესად, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ;

შეწყდეს ღვინის მცირე და საშუალო ბიზნესის შეუქცევადი, წარმატებული განვითარება საქართველოში და უამრავი მარანი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს.

პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ  შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მარნების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკიდურესად დამაზიანებელია მეწარმეებისთვის.

მათი თქმით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა საერთაშორისო მისიები და პროგრამები საქართველოში, ათწლეულების მანძილზე უძღვებოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების არაერთ მასშტაბურ, გარდამტეხ პროექტს და „ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“.

„სწორედ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით დაარსდა საქართველოში ღვინის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, შეიქმნა საქართველოს ვენახების კადასტრი, განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები (WSET), ჩატარდა ქართული თიხის სრულყოფილი, მეცნიერული კვლევა და დადგინდა ქვევრის შესაბამისობა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით.

რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს პერიოდში მათი უდიდესი ძალისხმევით, საერთაშორისო მედიასთან და იმპორტიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გახდა შესაძლებელი დიდი მეღვინეობების ახალ ბაზრებზე წვდომა, მათ შორის, ისეთ დიდ და მიმზიდველ ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გაძლიერდა, ან დაარსდა არაერთი მიკრო, მცირე და საშუალო მეღვინეობა.

სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შესაძლებელი გახდა მათი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნიკური აღჭურვა, მევენახეებისა და მეღვინეების ახალი, სამეურნეო ცოდნით უზრუნველყოფა, მათი პოპულარიზაცია, მათი ღვინის ექსპორტის მხარდაჭერა, წვდომა ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, იაპონია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დანია და სხვა“-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მემარნეები ამბობენ, სწორედ ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქართული ღვინოები ღვინის სამშობლოს წარადგენს საერთაშორისო გამოფენებზე და წარმოდგენილია მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის რესტორნების ღვინის ბარათებში.

„ამ ძალისხმევის შედეგად გაიცნო მსოფლიომ ქართული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშები, ღვინის ადგილობრივი ტრადიციები, საქართველოს მევენახეობის საუკეთესო ზონები და ტერუარები. ბოლო წლებში, ამგვარი წარმატებული მაგალითებით შთაგონებული არაერთი მეურნე დაუბრუნდა სოფელს და მამა-პაპათა ტრადიციულ საქმეს სამეწარმეო ღირებულება შესძინა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ მსოფლიომ აღიარა, სწორედ, ჩვენი უცხოელი მეგობრების – ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ადგილობრივ მეცნიერებთან თანამშრომლობით წარმართული საერთაშორისო კვლევების, მეორე მხრივ კი – გავლენიანი მედიების (BBC, NY Times, CNN, Forbes და მრავალი სხვა) მხარდაჭერით.

შესაბამისად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, სახელმწიფო და არასამეწარმეო სუბიექტების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ქართული ღვინის ახალი, ავთენტური, საბჭოთა კლიშეებისგან თავისუფალი ხატის დაბადება.

მათივე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი  რუსეთის არასტაბილური, პოლიტიზებული ბაზრის მიღმა, დამოუკიდებელი გზების გაკვალვა ჩვენი ბუნებრივი, ისტორიული და ცივილიზაციური გარემოსკენ, რომელთანაც ღვინის დიდი ტრადიციები გვაკავშირებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საოჯახო მარანი ოდა – ქეთო ნინიძე

მშვენიერაძეების მარანი – გიორგი მშვენიერაძე

მარტვილის მარანი – ზაზა გაგუა

მენაბდის მარანი – ვახუშტი მენაბდე

ვაჟა გეთიაშვილის მარანი – რეზო გეთიაშვილი

იაგოს ღვინო – იაგო ბიტარიშვილი

ღვინის ოსტატები – ანდრო ბარნოვი

ფაფრის ველი – ნუკრი ქურდაძე

Latibashvili’s Wine – ნოდარ ლატიბაშვილი

ციხელიშვილის მარანი – ალექსი ციხელიშვილი

ართანული ღვინო – კახა ბერიშვილი

ოქროღვინო – ჯონი ოქრუაშვილი

ნიკოლაძეების მარანი – რამაზ ნიკოლაძე

Aleko Sardanashvili’s Marani – ალეკო სარდანაშვილი

არჩილ გუნიავას მარანი – არჩილ გუნიავა

ანემო – ანა გოდაბრელიძე

მარანი „კალამი“ – მალხაზ ხარბედია

გოგიტა მაკარიძის მარანი – გოგიტა მაკარიძე

საოჯახო მეღვინეობა გებრალე – ვაჟა კასრელიშვილი

ფანცულაიების საოჯახო მარანი – მურმან ფანცულაია

მარანი ენკენი – ლაშა გურული

ვაჩეიშვილის მარანი – ნიკა ვაჩეიშვილი

ღვინტესტი – ვანო შიუკაშვილი

მადამვაინი – მანანა ახვლედიანი

ფრეიას მარანი – ენეკ პეტერსონი

TDWinery – თენგიზ დვალიშვილი

ჭორტაულის ვენახები – ალეკო ცქიტიშვილი

კორტავების მარანი, თამუნას ღვინო – თამარ ბიძინაშვილი

GOGO Wine, ქეთევან ბერიშვილი

სამთავისის მარანი – მამუკა კიკვაძე

ნები – ბექა ასლანიშვილი;

ჭონას მარანი – მიხეილ ჭონიშვილი

მარანი ველინო – ბექა ჯიმშელაძე

ჩიტოს ღვინო – ნინო ჩიტოშვილი, ვანო მოსემღვდლიშვილი

ნიკალას მარანი – ზურაბ მღვდლიაშვილი

მეღვინეობა თილისმა – ქეთი ჰუბერტი

ვარიანის მარანი – ივანე სტეფანაშვილი

ღვინო ხვთისია – ზურაბ ხვთისიაშვილი

ჩიტოს ღვინო – ნინო ჩიტოშვილი

რობის მარანი – რობი ზირაქაშვილი

მეღვინეობა მალატი – თამარ გერლიანი

მარანი ჩუბინი – თორნიკე ჩუბინიძე

პატარიძის რაჭული – შორენა პატარიძე

მარანი კლაკნი – ვლადიმერ ნაჭყებია

თეთრი თუთა – ნათია ჩეკურიშვილი

ლაფაურის ღვინო – დათა ლაფაური

არბოს მარანი – შიო მაისურაძე

თედოს მარანი – თედო გზირიშვილი

მათიაშვილის მარანი – მერაბ მათიაშვილი

ბუას მარანი – სანდრო ბუაძე

ნათენაძის მარანი – გიორგი ნათენაძე

ბიბინეიშვილების ღვინო – გიორგი ბიბინეიშვილი

მავინო – მარინა კურტანიძე

მამისეული მარანი – თამარ მოსიაშვილი

ნადელები – გურამ მაისურაძე

ღვინია – შალვა ალელიშვილი

ქამოს მარანი – ლევან ქამუშაძე

როჭოს ვენახები – თამარ ბოჭორიძე

ბროლაძეების მარანი – ზაზა ბროლაძე

Asatiani’s Marani – ზვიად ასათიანი

Mandzulas marani – სალომე მანძულაშვილი

ბოლნური ღვინო – ვახტანგ ჩაგელიშვილი

მირანდას ღვინო – მირანდა ჩხეტიანი

ფერი ვაინს – რევაზ ცეცხლაძე

მარანი სილოვანი – ლაშა სხვიტარიძე

ორთა – თამარ ხვედელიძე

კაპიტოს მარანი – ბესიკ ქარაბაკი

დედას ღვინო – მარიეტა კაკიაშვილი, თეიმურაზ რუაძე

კომლი – ლია მეგრელაძე

ახმეტის ღვინის სახლი – ანა იმედაშვილი

ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა – ერეკლე ლოლაძე

ავალიშვილის მარანი – შმაგი ავალიშვილი

Batsashvilis Wine Gallery – ილია ბაწაშვილი

მეღვინეობა ჯორჯინო – გიორგი მეშველიანი

ქვევრისეული – გიორგი მხატვრიშვილი

ილიას მარანი – ილია მალაყმაძე

ბუნებური – ალეკო ჯახუა

Tiko Estate

Spring Fields

კარდანახის მამული

გიორგის და ირაკლის მარანი

მიხეილ დოლიძე

ღვინის კლუბი – ნათია გაჩეჩილაძე

ღვინის გიდი – ლელა ჯოჯუა

„არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ქართველები რეაგირებენ“ – ბსუ-ს ლექტორები რუსულ კანონზე

დღეს, 6 მარტს, საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორმასწავლებელმა და მეცნიერთანამშრომელმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. მათ შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც. 

„ბათუმელებმა“ ბსუ-ს რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს ჰკითხა, რას ფიქრობენ რუსული კანონპროექტის შესახებ, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს.

ლექტორები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაში.

მარინე გიორგაძე

პროფესორი მარინე გიორგაძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი არაკონსტიტუციურია და დააზიანებს საზოგადოებას.

„ვთვლი, რომ კანონი არასწორია და მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვათ ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია.

ჩვენი მთავარი მიზანი ნამდვილად არის ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაცია, მით უფრო, რომ საგანმანათლებლო სივრცეში უამრავი პროექტი ფინანსდება ევროპიდან, ამერიკიდან და როგორ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ამ სტრუქტურების საქმიანობა.

ძალიან დააზარალებს ეს საზოგადოებას.

ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოხატა საზოგადოებამ თავისი პოზიცია ამ კანონზე, მე პირადად სამ სხვადასხვა პეტიციასაც მოვაწერე ხელი და ველოდები, რომ ეს გამოიღებს თავის შედეგს. ეს კანონი არ უნდა გავიდეს,“ – ამბობს მარინე გიორგაძე.

სამართალმცოდნე, პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის აზრით, აღნიშნული კანონპროექტით არა მარტო საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებასაც, გახდეს ევროკავშირის წევრი.

მალხაზ ნაკაშიძე

„ეს კანონი პრობლემური იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინაიდან ეს გულისხმობს ადამიანების ტოტალურ კონტროლს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების პრინციპებს, კონსტიტუციას, ნებისმიერ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც აღიარებს ადამიანის უფლებებს, ადამიანის ღირსებას.

ეს კანონი გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა ყველა თვალსაზრისით აკონტროლოს ადამიანები, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც. მოითხოვოს მათთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და გადასცეს პროკურატურას.

ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან სახიფათო დემოკრატიისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან შეეხება ყველას, პირდაპირ თუ ირიბად,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მისი აზრით, რადგან ხელისუფლება არ აპირებს შეჩერებას, ერთადერთი გამოსავალი ხალხის წინააღმდეგობაა.

„ეს არის რუსული კანონი, რუსეთიდანაა პირდაპირ გადმოღებული და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ყველამ გამოხატა თავისი აზრი და თქვა, რომ რუსულია.

ეს ითვალისწინებს არა გამჭვირვალობას, არამედ ადამიანების კონტროლს და რა შედეგიც გამოიღო ამ კანონმა რუსეთში კარგად ჩანს – აღარ არის თავისუფალი მედია, არც არასამთავრობო სექტორი და არც კრიტიკული საზოგადოება.

ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საწინააღმდეგო კანონი. პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროინტეგრაციის მიზნებს და იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირმა მოგვცა. ასევე, ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს კონსტიტუციას პირველ რიგში. ხელისუფლება ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ იქცევა. მიზანი არის დაპირისპირება დასავლეთთან,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

ლალი ანთიძე

რუსული კანონპროექტის წინააღმდეგაა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე.

„თუკი ვინმეს აგენტურის გამოვლინება სჭირდება, ამისთვის არსებობს უამრავი სამსახური, სპეცსამსახურები და საგამოძიებო სტრუქტურები და აგენტის დადგენის პრობლემა არ უნდა იყოს.

მეორე არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობს, დონორების, ვინც ამ პროექტებს ახორციელებს საქართველოში, მათი პოზიციაა, რომ ეს კანონი ჩვენ ხელს შეგვიშლის და ესეც ინდიკატორია, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ.

მესამე არის ის, რომ ამ ყველაფერში ვხედავ ავტორიტარიზმის ნიშნებს,“ – ამბობს ლალი ანთიძე.

მისი აზრით, რუსული კანონი არა მარტო ზიანს მოუტანს ქვეყნის მომავალს, განვითარებაშიც შეუშლის ხელს.

„ჯერ ერთი, ჩვენ ვართ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ჩვენ ვართ ბუფერული ზონა, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური თვალსაზრისით, – ყველა კონტექსტში ვართ ბუფერული ზონა და ამიტომაც მგონია, რომ ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვცდილობდეთ მეგობრების და პარტნიორების შენარჩუნებას და მათთან ურთიერთობების დალაგებას.

როდესაც ეს პარტნიორები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ დღემდე მოვიტანეთ სული, გვეუბნებიან, რომ ეს კანონი ჩვენ ხელს გვიშლის იმაში, რომ დაგეხმაროთო, ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი რუსეთის ინტერესებისთვის კეთდება და ცხადია რომ ეს კანონი აკეთებს რუსულ  საქმეს,“- ამბობს ლალი ანთიძე.

მისი აზრით, რუსული კანონი ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში ის მიიღებს ხალხის პროტესტს.

„მე რატომღაც მგონია, რომ ვერ მიიღებენ ამ კანონს. ბევრ ხელისუფლებას ჰქონდა ასე თავში ავარდნილი, „ქართულ ოცნებაზე“ ეფექტურ ხელისუფლებებსაც ეგონათ, რომ უძლეველები იყვნენ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც ქართველები რეაგირებენ.

როცა შია, შეიძლება ამაზე ქართველი ქუჩაში არ გამოვიდეს, მაგრამ როცა ღირებულებითი პრობლემები დგას, იქ საზოგადოება აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. არასდროს არ გასულა საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკა, გამორიცხულია,“ – ამბობს ლალი ანთიძე.

მარი კორინთელი
მარი კორინთელი

რუსული კანონპროექტს ეწინააღმდეგება ფილოლოგიის დოქტორი მარი კორინთელიც.

„როდესაც საზოგადოებას განაწყობ „გრანტიჭამიების“ წინააღმდეგ, შესაძლოა ეს კანონი „ალქაჯებზე ნადირობის“ მიზეზად იქცეს და რა თქმა უნდა, სახიფათოა. ამიტომ სჯობს, რომ არ მიიღონ ეს კანონი. ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ, რის გამოც ეს შეიძლება მიიღონ. არ აქვს არცერთი პლუსი.

არ მომწონს, არ ვემხრობი, ვგმობ, არ მინდა, რომ მიიღონ. მე თვითონაც ვარ ადამიანი, რომლის ბიზნესიც, რომლის საქმიანობაც – აკადემიური თუ საგამომცემლოც, დგას სწორედ ამ უცხოურ დაფინანსებაზე და ეს დაფინანსება რომ არა, ვერ გამოვცემდი უამრავ კარგ წიგნს, ვერ მივიღებდი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

თუ ეს დაფინანსებები იქცევა იმის საბაბად რომ ხელისუფლებამ, სხვა ადამიანებმა, აგენტად გამომაცხადონ და ეს გახდეს რეპრესიების მიზეზი, რა თქმა უნდა, ამ კანონს ვეწინააღმდეგები მთელი გულით და მთელი არსებით.

ალბათ ევროინტეგრაციაშიც შეგვიშლის ხელს, რადგან ჩვენმა ყველა პარტნიორმა დაგმო ეს კანონი,“ – ამბობს მარი კორინთელი.

მისი აზრით, აუცილებელია საზოგადოების მხრიდან ძლიერი პროტესტი, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ხალხის ნებას.

„არ უნდა გავჩუმდეთ, ისე როგორც ვჩუმდებით ხოლმე ხშირად და ეს პროტესტის ეს ნაპერწკალი რაც დღეს არის, არ უნდა ჩაქრეს. მეც ვუერთდები ამ პროტესტს და გავაპროტესტოთ მანამდე, სანამ არ მოგვისმენენ, ჩვენი ხმა რაღაცად უნდა ჩააგდონ, ეს არის გამოსავალი,“- ამბობს მარი კორინთელი.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმებიმხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

თურქეთში 247 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

სამხრეთ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების მასობრივად ნგრევის საქმეზე სულ მცირე 247 ეჭვმიტანილია დაკავებული. სასამართლოს მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, დაკავებულთა შორისაა 93 კონტრაქტორი, შენობის 123 ზედამხედველი და 13 მფლობელი.

„თუმცა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 322 ეჭვმიტანილი, მათ შორის: 78 კონტრაქტორი, 177 შენობის ზედამხედველი და 37 შენობის მფლობელი” – წერს სააგენტო.

გასულ თვეში თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 968-მდე გაიზარდა.

მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 170 000 შენობის შემოწმების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 25 000 სახლი მთლიანად განადგურდა ან ძალიან მძიმედ დაზიანდა.

თურქეთში ოპოზიცია დაკავებების ამ სერიას აფასებს, როგორც ხელისუფლების მცდელობას, მოსახლეობის ბრაზი და ყურადღება გადაიტანოს მშენებლებსა და დეველოპერებზე, ნაცვლად საჯარო სამსახურების პასუხისმგებლობისა.

ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება თვალს ხუჭავდა სამშენებლო ნორმების დარღვევებზე და არასათანადოდ ხარჯავდა შენობების მიწისძვრისგან დასაცავად სპეციალური გადასახადის სახით შეგროვებულ თანხებს.

____________

ფოტო: მიწისძვრა თურქეთში. ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

ერთი-ერთშია პუტინის კანონთან – ბათუმელი ექიმი რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 6 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს რუსულ კანონს, რომლის მიღების შემთხვევაში მთავრობა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოაცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა.

ბათუმელი ექიმი, ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე, მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაში შეუშლის ხელს.

„წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, რადგან, პირველ რიგში, ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ზუსტად ერთი-ერთშია პუტინის კანონთან.

პუტინმა მოასუფთავა თავისი პოლიტიკური ველი ოპონენტებისგან.

ჩემი აზრით, ეს კანონი საქართველოს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციაში, ეს კანონი დააზიანებს მთელ ქვეყანას და შესაბამისად საზოგადოებასაც. მათ შორის იმ უღირსებსაც, ვინც მომხრეა ამ კანონის. ისინი ვერ იაზრებენ ან არ იაზრებენ ამას, ამაშია საქმე,“ – ამბობს ჯამბულ მაკარაძე.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმებიმხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

ბრიტანული დაზვერვა: რუსები იძულებულები არიან გამოიყენონ 60 წლის წინანდელი ტანკები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 6 მარტს, ყოველდღიურ სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წერს, რომ რუსი სამხედროები, უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკის დაკარგვის გამო, იძულებულნი არიან გამოიყენონ T-62 ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლებსაც რუსეთი 60 წელია აწარმოებს.

დაზვერვის მონაცემებით, გასული ზაფხულიდან მოყოლებული, საწყობიდან დაახლოებით 800 T-62 ტანკი ამოღებულია. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული დამიზნების სისტემები, რაც სავარაუდოდ გაზრდის მათ ეფექტურობას ღამით.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ პირველი გვარდიის სატანკო არმიის ნაწილებმაც კი (რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის არმიის მთავარი სატანკო ფორმირებაა) გამოიყენონ T-62 ტანკები, წინა დანაკარგების კომპენსაციისთვის.

ბოლო დღეებში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი БТР-50, რომელიც პირველად შევიდა შეიარაღებაში 1954 წელს, პირველად შენიშნეს უკრაინაში“ – ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, ორივე ეს „ვინტაჟური“ ტიპის სამხედრო ტექნიკა თანამედროვე ბრძოლის ველზე მრავალმხრივ დაუცველი იქნება, მათ შორის თანამედროვე რეაქტიული ჯავშნის არარსებობის გამო” – მიიჩნევენ სპეციალისტები.

___________________

ფოტოზე: T-62. ფოტო: ვიკიპედია

რუსული კანონის მიზანია 2024 წლის არჩევნებისთვის მოსუფთავდეს ველი – არმაზ ახვლედიანი

„როცა ახლა თქვენ გისვამთ კითხვებს, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე გაქცეულია საქართველოდან, დარჩენილების უმრავლესობა კი იბრძვის გადარჩენისთვის. ამ ფონზე მინდა დაგისვათ კითხვა თქვენ, ბატონო მომხსენებელო: თქვენ მიერ ინიცირებული პროექტი ოდნავ მაინც ხელს შეუწყობს დარჩენილების უფლებების დაცვას, როცა მათი უფლებები ასე უხეშად ირღვევა?

უნდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ ჯერ სად არიან, ყველაზე მთავარი დარღვევები და შელახვა მათი უფლებების წინ არის,“ – აღნიშნა დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის დროს დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

დღეს, 6 მარტს, რუსულ კანონს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს. სხდომიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც სკანდირებდნენ „არა რუსულ კანონს“. კანონპროექტს გურამ მაჭარაშვილი წარადგენს, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია, ამჟამად კი, ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილ „ხალხის ძალას“ წარმოადგენს.

არმაზ ახვლედიანის შეკითხვა გურამ მაჭარაშვილს

„რა მიზანს ემსახურება კანონპროექტი, რა არის მთავარი მიზანი?“ – იკითხა არმაზ ახვლედიანმა, – „ არის თუ არა თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებასთან, საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიასთან?

ჩვენ ყველა კარგად ვხდებით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს არის განსაზღვრული ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში. ვიცით მოსახლეობის უმრავლესობის აზრი. 2023 წლის დასაწყისში აღმოვაჩინეთ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ქართული ოცნების მიერ წამოწყებულია ახალი კამპანია, რაც ახლა გამოხატულია ამ კანონპროექტში, პირდაპირ ისახავს მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას.

მე მინდა ვკითხო ბატონ მომხსენებელს, თუ შეგიძლიათ განმარტეთ, რამდენად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი?

ჩვენი უმთავრესი ამოცანა ქართველი ხალხის უმრავლესობის, და მგონია, რომ ამ ნათქვამს ვერავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ, გახლავთ ის, რომ საქართველომ მოახერხოს 2024-ში არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიან გარემოში ჩატარება იმ პირობებში, როცა თქვენ მიერ ახალგანხილული და, როგორც ჩანს, სამწუხაროდ რაღაც დროში უკვე კანონად ქცეული დოკუმენტი საქართველოში აკრძალავს კრიტიკულ აზრს, განსხვავებულ აზრს, დაიწყება ტოტალური დევნა განსხვავებული აზრის, დაპატიმრებები, დახურვა, ჩაწიხვლა…

მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის ამოცანა და მიზანი გახლავთ ერთადერთი, რომ 2024 წლისთვის მოსუფთავდეს ველი ისე, რომ აღარავინ იყოს ისეთი, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს…

ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუციას თქვენ შეცვლით, ეს იქნება ერთ-ერთი მომდევნო ნაბიჯი თქვენი მმართველობის, როცა კონსტიტუციაში გაჩნდება ახალი ჩანაწერები, რაც სრულად აკრძალავს თავისუფალ სიტყვას, კრიტიკას და გაუქმდება საქართველოში არჩევნები. ეს უახლოესი პერსპექტივაა, თუ შევხედავთ დინამიკას, რასაც თქვენ გვთავაზობთ,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

დღევანდელ სხდომაზე არმაზ ახვლედიანმა კოლეგებს ასევე მოუწოდა, გაბედონ და უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე. სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიკროფონი გამოურთო და უთხრა, რომ მან დეპუტატებს კი არ უნდა მიმართოს, არამედ შეკითხვა დასვას.

„თქვენ შეგიძლიათ მიკროფონი გათიშოთ, მაგრამ ჩემს ხმას ვერ გაითიშავთ. თქვენ ეთამაშებით ცეცხლს,“ – თქვა არმაზ ახვლედიანმა.

„დამშვიდდით, ქუჩურად ნუ იქცევით,“ – მიმართა დამოუკიდებელ დეპუტატს სხდომის თავმჯდომარემ.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმებიმხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

 

 

ამ კანონმა დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას – ბათუმელი ექიმი რუსულ კანონზე

ბათუმელი ექიმი, ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ექიმის თქმით, რუსული კანონის მიღება ხელისუფლებას კრიტიკული მედიისა და თავისუფალი საზოგადოების გასაჩუმებლად სჭირდებათ.

„ამდენი ხალხი უარყოფს ამ კანონს, არსად არ გამართლებულა ეს კანონი და ვერც აქ გაამართლებს.

მისი მიღების საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ვხედავ. არ ვიცი, რატომ იღებენ, რაში სჭირდებათ. ალბათ თავისუფალი მედიის გასაჩუმებლად, სხვა დანიშნულებას ვერ ვხედავ.

თავისუფალ მედიას, არასამთავრობოებს შეზღუდავს და შესაბამისად, დიდი ზიანი შეუძლია ქვეყანას მოუტანოს. ჩვენს ევროპისკენ სწრაფვასაც, რა თქმა უნდა მოუტანს დიდ ზიანს, რადგან ეს იქნება ჩვენი ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, რომ ეს კანონი ვერ მიიღონ“ – ამბობს მიშა მჟავანაძე.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმები, მხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

მხარი არ დაუჭიროთ რუსულ კანონს – მაჟორიტარებს აჭარიდან ორგანიზაციები მიმართავენ

„მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს“ – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აჭარიდან, რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ.

ორგანიზაციები დეპუტატებს სთხოვენ მხარი არ დაუჭირონ რუსულ კანონს, რომლის განხილვაც დღეს, 6 მარტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.

„თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას.

ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას.

თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით.

კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ და შემოთავაზებული კანონი ბევრად სცილდება იმას, რაც აუცილებელია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და გვეხმარებიან სოციალური საკითხების მოგვარებაში.

ეს ჩვენს რეგიონშიც უამრავ ადამიანს უგრძვნია და მრავალნაირი დახმარება, ხელშეწყობა, ცოდნა მიუღია ასეთი ორგანიზაციებისა თუ ჟურნალისტებიგან. გვინდა ისევ გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება, საქართველოს განვითარებაში სხვადასხვანაირი წვლილის შეტანა, უკეთესი ქვეყნის აშენება.

მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს.“

  • რა ხდება? 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

 

პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ.

გუშინ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ. კერძოდ, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

სხდომაზე მედიას კვლავ არ შეუშვებენ. კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი.

უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ მეორე შესასვლელით სარგებლობენ, რომელთან მიახლოების შესაძლებლობას ჟურნალისტებს პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევს.

პარლამენტის შენობაში შესულ პირებს დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს მაისურები, რომლებზეც 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლები იყვნენ გამოსახული.

რუსულ კანონს აპროტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტოა აქცია დილის 11-ის ნახევარზე ევროპის მოედანზე გაიმართება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე საღამოსაც გაიმართება.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

_______________

ფოტო: „არა რუსულ კანონს“ – აქცია საქართველოს პარლამენტთან. 6 მარტი, 2023 წელი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 153 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650]
  • ტანკი – 3 423 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 6 703 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 433 ერთეული [+7]
  • MLRS – 488 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 250 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 302 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 086 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 307 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 234 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 396 თვითმფრინავი
  • 217 ვერტმფრენი
  • 3 345 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 410 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 192 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 054 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 284 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 771 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბრიტანული დაზვერვა: რუსები იძულებულები არიან გამოიყენონ 60 წლის წინანდელი ტანკები

შუახევის მერიის შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გამოყოფილი

შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.

ტენდერში აღნიშნულია, რომ საჭირო თანხას მუნიციპალიტეტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გადაიხდის.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება.

გამარჯვებულმა კი, სამუშაოები უნდა დაიწყოს „ხელშეკრულების დადებისთანავე და დაასრულოს 150 დღეში“.

შუახევის მერიის შენობა და რენდერი / ფოტოები ტენდერიდან

შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ტექნიკური პარამეტრები და შესაბამისი ნახაზები თან ახლავს ტენდერს.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ფასადისა და შენობის შიდა რემონტს, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე „გარე წყლის კუთხის წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას“.

შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობა / ფოტო ტენდერიდან

 

 

Exit mobile version