რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 213 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 3 901 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 7 600 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 3 702 ერთეული [+34]
  • MLRS – 599 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 359 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 247 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 410 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 502 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 440 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 555 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 798 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 062 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 838 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინას აქვს ინიციატივა ფრონტის უმეტეს მიმართულებაზე – ბრიტანული დაზვერვა

გამოცდაზე მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს – დირექტორობის კანდიდატი

სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აპროტესტებს. მან დირექტორობის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ის ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო დაბლოკეს.

მანანა მიქავა აპირებს გაასაჩივროს განათლების მინისტრის ბრძანება და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

„ფაქტობრივად, გასაუბრებაზე არ დასმულა ისეთი კითხვა, რაზეც არ მქონდა ადეკვატური პასუხი. რადგან გამოცდა მაღალი ქულით (60-ზე მეტი ქულა, უმაღლესი 80 იყო) ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ გასაუბრებაზეც არ შემიქმნიდნენ პრობლემას.

აპლიკანტთა უმეტესობას არ ჰქონდა დირექტორად მუშაობის გამოცდილება და, შესაბამისად, ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჭრილში მიიღეს გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა მიქავა.

მისი თქმით, ის მხარს არ უჭერდა რუსული კანონის მიღებას, მხარდაჭერას გამოხატავდა საპროტესტო აქციების მიმართ და ხშირად აკრიტიკებს სისტემას.

„ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი ხელშემშლელი ფაქტორი. სიმართლე გითხრათ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპზე შემიქმნიდნენ პრობლემას. არ მეგონა, რომ ასე ხელაღებით დაბლოკავდნენ ჩემს კანდიდატურას და არ მომცემდნენ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობასაც კი“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, გასაუბრებაზე არ ყოფილა პოლიტიკური მინიშნებები, თუმცა ისაუბრა სკოლებში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე.

„ერთადერთი, როცა მკითხეს, რატომ გადაწყვიტეთ დირექტორობაო, გულწრფელად ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

ონაარის სკოლაში მცირე დატვირთვა მაქვს, ამიტომ წლებია სხვაგან ვეძებ სამსახურს, თუმცა ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო ვერ ვსაქმდები. ამიტომ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი დირექტორი, რომელიც სკოლაში პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩევდა კადრებს და არა ნეპოტიზმით.

მაღალკვალიფიციური კადრების აყვანა სწორედ დირექტორის პრეროგატივაა, რომ ამით აამაღლოს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხი.

გარდა ამისა, შედეგების გამოცხადებამდე ზუგდიდის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მერიაში უნდა მიეტანათ კანდიდატების სიები. როცა ვიკითხე, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი, მითხრა: ჩვენ თუ არა, აბა ვინ არის შუაში.

ალბათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვისზეც იტყოდნენ, რომ მათი მხარდამჭერია, იმის მიხედვით დააკმაყოფილებდნენ კანდიდატებს“, – ამბობს მანანა მიქავა.

2022 წელს, როცა სუს-ის ფაილები ხელმისაწვდომი გახდა მედიისთვის, აღმოჩნდა ჩანაწერები სკოლის დირექტორების შესახებაც, სადაც სუს-ი იმის მიხედვით წყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის დირექტორი, იყო თუ არა ესა თუ ის პირი ხელისუფლების მხარდამჭერი.

მანანა მიქავას თქმით, ეს სქემა რეალური რომაა, საკუთარ თავზე უკვე გამოცადა.

„თვალნათელი გახდა ჩემთვის და ეჭვიც აღარ მეპარება, რომ სუს-თან ან „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ ნიშნავენ სკოლის დირექტორებს. საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა ამაში.

მაგრამ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ და ასე მივაჩუმათებთ, არ გვექნება შესაბამისი რეაგირება, განათლების სისტემაში არაფერი შეიცვლება. მათ სჭირდებათ სისტემაში ისეთი დირექტორები, ვინც მათ პოლიტიკურ ნებას აღასრულებენ. ფაქტობრივად, არც აინტერესებთ რამე შეცვალონ.

ჩემ ირგვლივ ბევრია ისეთი, ვინც ასევე კრიტიკულადაა განწყობილი სისტემის მიმართ და როგორც ვიცი, ბევრი გარეთ დატოვეს“, – ამბობს მიქავა.

საქართველოში ორი ათასზე მეტი საჯარო სკოლაა, დირექტორთა კონკურსში 1839 აპლიკანტი მონაწილეობდა. მათგან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 755 და 24-მა პროცენტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.

„გასაუბრების ეტაპი ვინც გადალახა, მათ  წინ კიდევ აქვთ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპი. ვაკანსიები უნდა გამოცხადდეს სკოლებში და შემდეგ სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს კანდიდატები.

თუ მეორე ეტაპზე თუნდაც თვალის ახვევის მიზნით ვინმე კრიტიკულად განწყობილი კანდიდატი გადაიყვანეს, ვფიქრობ, დანიშვნის ეტაპზე მაინც შეუქმნიან პრობლემას, რადგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ ობიექტურად აირჩევენ სამეურვეო საბჭოები დირექტორებს.

სამინისტროს დონეზე არ ჩატარდა ობიექტურად გასაუბრებები და სკოლებს ვინ მისცემს იმის უფლებას, სამეურვეო საბჭომ აირჩიოს თავისი სურვილით კანდიდატურა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლების მეოთხედიც ვერ დაიფარება გამოცდაჩაბარებული კადრებით და უმეტესობაში ისევ დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ხელისუფლების ნების აღმსრულებლები არიან.

ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნების წინა წელს ახალი კადრების შემოდინება სკოლებში, ვინც მათ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რადგან ვერ გამოიყენებენ საარჩევნო რესურსად“, – გვეუბნება მანანა მიქავა.

პროცედურების მიხედვით, აპლიკანტს გასაუბრების შედეგების გასაჩივრება ერთი თვის შუალედში, სასამართლოში შეუძლია.

„თუმცა ვის სასამართლოში ვასაჩივრებთ? მურუსიძის ხომ? ამიტომ არც ამისგან მაქვს დიდი მოლოდინი, თუმცა მაინც არ ვაპირებ, დავნებდე და გავჩერდე.

სულ რომ შიმშილობა მომიწიოს სამინისტროს წინ, არ ვაპირებ ამ უსამართლობაზე თვალი დავხუჭო“, – ამბობს მანანა მიქავა.

რა შედეგი აქვს ინსულტის დროულ მკურნალობას | ინტერვიუ ნევროლოგთან

ინსულტი მწვავე სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.

ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნევროლოგი თამარ თურმანიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი იშემიური ინსულტის განვითარებიდან სამი საათის განმავლობაში მოხვდება საავადმყოფოში, შესაძლებელია მისი თანამედროვე მეთოდით მკურნალობა, რომლის შედეგადაც თრომბი იშლება, სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში აღდგება და ხშირ შემთხვევაში პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს, ყოველგვარი ინვალიდობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ექიმი ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობა მათ დაგვიანებით მიმართავს, რა დროსაც მკურნალობა ხდება ძველი, შედარებით უფრო ნაკლებ ეფექტური მეთოდით.

  • ქალბატონო თამარ, რა არის ინსულტი და რა მოვლენაა ტრანზიტორული იშემიური შეტევა?

ზოგადად, ინსულტი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.

სისხლძარღვოვანი პათოლოგია შეიძლება იყოს ორი სახის – იშემიური დაზიანება და ჰემორაგიული დაზიანება. იშემიური დაზიანების დროს ხდება სისხლის ნაკადის შეწყვეტა ტვინის გარკვეულ უბანზე იმის გამო, რომ მოხდა სისხლძარღვის დაცობა თრომბით – ემბოლიით, ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით. ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევა და შედეგად სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში.

რაც შეეხება ტრანზიტორულ, ანუ გარდამავალ იშემიურ შეტევას, ამ დროს ხდება ინსულტის ნიშნების ჩამოყალიბება, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლაგდება, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ თავისით უკუგანვითარდეს. ტრანზიტორული იშემიური შეტევა იშემიური ინსულტის ნიშანია, ამ დროს ხდება სისხლძარღვის დახშობა თრომბით, იგივე ათეროსკლეროზული ცვლილებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში თავისით იხსნება. ანუ სისხლმომარაგება, რომელიც თავის ტვინს შეუწყდა, თავისით აღდგება 24 საათის განმავლობაში და ნევროლოგიური დეფიციტი, რომელიც დაიწყო, აღარ ყალიბდება.

  • რა ხდება ამ დაზიანებების მიზეზი?

იშემიური ინსულტის რისკფაქტორებია: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგია, განსაკუთრებით ე.წ. მოციმციმე არითმია; ხანდაზმულობა, რადგან ამ დროს იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, ასევე, მავნე ჩვევები, სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ზოგადად,  ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის რისკფაქტორებიც იგივეა.

ჰემორაგიული ინსულტის წამყვანი რისკფაქტორია მაღალი არტერიული წნევა, შესაძლებელია სრულიად ჯანსაღ სისხლძარღვებში, მაღალი არტერიული წნევის ფონზე, მოხდეს სისხლძარღვის რღვევა და სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში; ასევე შესაძლებელია იყოს რაღაც სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ანევრიზმა, არტერიო-ვენური მალფორმაცია, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლებელია ასევე განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა.

  • რა ნიშნებით ამოიცნობა ინსულტი?
ინსულტის ამოცნობა ძალიან მარტივია, არის რამდენიმე წამყვანი ნიშანი, რომლებიც ძირითადად ჩნდება ჰემორაგიული თუ იშემიური ინსულტის დროს. ამ ნიშნების გამომხატველი აბრევიატურაა FAST და იშიფრება შემდეგნაირად:
  • Face – სახის ასიმეტრია
  • Arm – რომელიმე მხარეს კიდურის მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დაკარგვა
  • Speach – მეტყველების დარღვევა/მოშლა. მეტყველების პრობლემა შეიძლება იყოს როგორც წარმოთქმის (მეტყველება საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ ჩვენს ნათქვამს იგებს), ისე გაგების (სენსორული აფაზია ჰქვია ამას, როცა ჩვენს ნათქვამსაც ვერ იგებს და ვერც გადმოგვცემს);
  • Time დრო – უნდა გვახსოვდეს, რომ ინსულტისას დროს აქვს გადამწყვეტი როლი.

 

  • ტკივილი ახასიათებს ინსულტს?

იშემიურ ინსულტს არ ახასიათებს ტკივილი, პირიქით, ამ დროს პაციენტი ვერ გრძნობს ხელს, ფეხს, სახეს; ტკივილი ახასიათებს ჰემორაგიულ ინსულტს, უეცარი, ძალიან მწვავე ტკივილი თავის არეში – პირველი ნიშანია, ეს ხდება მაშინ, როცა სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა.

  • რამდენად საშიშია გარდამავალი იშემიური შეტევა?

ტრანზიტორული იშემიური შეტევა ინსულტზე არანაკლებ საშიში მდგომარეობაა. პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში, რადგან ძალიან მაღალია რისკი, რომ ტრანზიტორული იშემიური შეტევიდან 24 საათის განმავლობაში ის კიდევ განმეორდეს და ჩამოყალიბდეს ინსულტი. მომდევნო დღეებში ეს რისკი იკლებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ჩვეულებრივ, ჩამოყალიბებული ინსულტით პაციენტებს, ასევე პაციენტებს ტრანზიტორული იშემიური შეტევითაც, აუცილებლად ვუტარებთ ყველა გამოკვლევას და ვათავსებთ კლინიკაში. ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას და კვლევას. კვლევები საჭიროა მიზეზის დასადგენადაც, რათა, თუ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინსულტი.

მართალია, ტრანზიტორული იშემიური შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი აღარ გვჭირდება; ხშირად, სანამ პაციენტი კლინიკაში შემოვა, არის აბსოლუტურად ნორმალური ნევროლოგიური სტატუსით, ყველანაირი ნევროლოგიური დეფიციტი ალაგებულია, მაგრამ ვეყრდნობით ოჯახის წევრის გადმოცემას, მაგალითად: 10 წუთის განმავლობაში ვერ მეტყველებდა, მოძრაობა ხელში შეეზღუდა მაგრამ აღდგა… სიმპტომებიდან ასახელებენ ყველას ან რამდენიმეს, რომელიც კლინიკაში მოსვლამდე ალაგდა. ამ დროს ვეყრდნობით მათ მონათხრობს, გასაგები ხდება, რომ ეს იყო ტრანზიტორული იშემიური შეტევა, პაციენტს აუცილებლად ვათავსებთ კლინიკაში, ვიწყებთ მკურნალობას და კვლევას.

  • როგორია მკურნალობა ინსულტის სხვადასხვა ფორმის დროს?

ტრანზიტორული იშემიური შეტევის დროს პაციენტს კლინიკაში ვათავსებთ დაახლოებით 4-5 დღე. მკურნალობას ვიწყებთ ისე, როგორც მოწოდებულია მწვავე ინსულტის დროს – ანტიაგრეგატული მკურნალობა, ე.წ. ძველი მეთოდი. იმის გამო, რომ არ ჩამოყალიბდა იშემიური დაზიანება, აქ თრომბოლიზისს ვერ გამოვიყენებთ, მკურნალობა მედიკამენტურია.

რაც შეეხება იშემიურ ინსულტს, იშემიური ინსულტის მკურნალობაში არის თანამედროვე მეთოდი, თუ პაციენტი ინსულტის განვითარებიდან მალევე მოხვდება კლინიკაში, მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში, მკურნალობა ხდება თრომბოლიზისით – იგივე სისტემური თრომბოლიზი. ანუ არის თრომბოლიზური ნივთიერება [თრომბის დასაშლელი საშუალება], რომელიც შეგვყავს პაციენტთან ინტრავენურად, რის შედეგადაც ძალიან მალევე იშლება ჩამოყალიბებული თრომბი. ეს მეთოდი გვეხმარება, რომ არ განვითარდეს ამ ნაწილის იშემია [დახშობა], რომელიც დაწყებულია და პაციენტი, ყოველგვარი დეფიციტის გარეშე, ძალიან მალე გაეწეროს ბინაზე. ეს ნივთიერება კეთდება ერთი საათის განმავლობაში წვეთოვნად, გადასხმის სახით.

ჰემორაგიული ინსულტის დროს გააჩნია ქსოვილებშია ჩაღვრილი სისხლი, თუ მის მფარავ შიგნითა და გარეთა გარსებს შორის (სუბარაქნოიდული ჰემორაგია), ასევე მნიშვნელობა აქვს, რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი. 

ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს თუ არა კონკრეტული შემთხვევა, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა არტერიული მალფორმაცია, ანევრიზმა – ამ დროს ტარდება სწრაფი ანგიოლოგიური ოპერაციები ანევრიზმისა და მალფორმაციების დასახშობად, ამას კლიპირება ჰქვია.

თუ არის ქსოვილშიდა სისხლჩაქცევა, გააჩნია რა რაოდენობის სისხლის ჩაქცევაა, იმის მიხედვით წყდება საკითხი, არის საჭირო მისი ქირურგიული მოშორება, თუ შესაძლებელია მისი მედიკამენტური მკურნალობა.

  • რამდენად ხშირია ინსულტის მქონე პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა?

სამწუხაროდ, დღემდე ხდება, რომ პაციენტი ინსულტის ნიშნებიდან/განვითარებიდან მეორე დღეს მოჰყავთ ექიმთან, ან დილას რომ დაემართება, საღამოს მოჰყავთ და ძალიან დიდი დრო გაჰყავთ დახმარების აღმოჩენამდე.

ძალიან სამწუხაროა, როცა ყველა რესურსი არის თანამედროვე მეთოდით მკურნალობის, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ვერ ხერხდება მისი გამოყენება.

იშემიური ინსულტის დროს სასურველია პაციენტი პირველი 3 საათის განმავლობაში მოხვდეს კლინიკაში და ჩვენ შევძლებთ ამ თანამედროვე მეთოდით მკურნალობას, ეს არის ძალიან წარმატებული მეთოდი, პაციენტი გადარჩება სიკვდილს, შეზღუდულ შესაძლებლობებს. რამდენიმე წელია ამ მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობა გვაქვს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დაბალია დროული მომართვიანობა, პაციენტების 90% მოდის დაგვიანებით.

  • დაგვიანების შემთხვევაში რა მეთოდია მკურნალობის?

დაგვიანების დროს თრომბოლიზისი არ ხერხდება და მკურნალობა ხდება ძველი მეთოდით. ეს არის სტანდარტული, ანტიაგრეგატული მკურნალობა და რეაბილიტაცია. ანტიაგრეგატული მკურნალობა არის იგივე მედიკამენტური მკურნალობა. ესეც თრომბოლიზური თერაპიაა, მაგრამ ისეთი ეფექტური და სწრაფად მოქმედი არ არის, როგორიც ტრომბოლიზისი, როცა ინტრავენურად შეგვყავს ნივთიერება. აქ ხდება ისევ თრომბის დასაშლელი მედიკამენტის მიწოდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ის არ არის ასეთი ეფექტური, ნელა მოქმედია და ასეთ 100-პროცენტიან ეფექტს არ გვაძლევს.

ამავე თემაზე:

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს 

მთა კვესაურში მემთეურებს შუქი არ მიეწოდებათ – „გამქრალია წყლის მილებიც“

მთა კვესაურზე, საზაფხულო იალაღებზე მყოფ ოჯახებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ერთ-ერთმა მოიალაღემ, ოთარ ზაქარაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტრობოძების უმეტესობა წაქცეული და დაზიანებულია.

„40 ელექტრობოძიდან 10-15 დაზიანებული იყო. რაღაც ნაწილი გამართეს, მაგრამ ნაწილი შუახევის მერიას ეკუთვნის და მათ უნდა აღადგინონ, თუმცა ჯერ პრობლემა არ მოუგვარებიათ.“

მისი თქმით, 27 წელია ის ზაფხულობით კვესაურზე დადის და ამ ხნის მანძილზე მემთეურებს მთელი ორი თვე უშუქოს უწევთ ყოფნა.

„ასეთი წვალება გვაქვს სულ. ძალიან რომ გაგვიჭირდა, ჩვენ თვითონ გავაბით მავთულები, მაგრამ ჟანგვადი მეტალის იყო და არ იმუშავა. ახლაც უშუქოდ ვართ აქ ექვსი ოჯახი.

ამ მთაზე დაახლოებით 30 ოჯახი ამოდის, მიწას ამუშავებენ, კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს რგავენ და ასეთ ვითარებაში უწევთ ცხოვრება“- გვითხრა ოთარ ზაქარაძემ.

მისი თქმით, მთაში წყლის მიწოდების პრობლემაცაა, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ ქედის მერიამ ბიუჯეტიდან თანხაც დახარჯა წყლის მილების შესაძენად, თუმცა არც წყალი მიუყვანიათ დასახლებულ პუნქტამდე და ზუსტად არც ის იციან, სად წავიდა ეს მილები.

„პოლიეთილენის მილები იყო, კვესაურში წყლის მოსაყვანად იყიდეს და არც კი ამოიტანეს მთაში. რომელიღაც სოფელში ღია ცის ქვეშ ჰქონდათ დაყრილი. ქედის მერს რომ ვკითხე, სად არის მილები და როდის გაკეთდება-მეთქი, მიპასუხა, მე ხომ არ გავაკეთებო.

არც ის ვიცი, სამუშაოები შეისყიდეს, აიღო თუ არა ვინმემ პასუხისმგებლობა, რა მოხდა და რატომ არ გვაქვს აქამდე წყალი. ამდენი ხანია ღია ცის ქვეშ ყრია, ხარისხს დაკარგავდა ისედაც“- ამბობს ოთარ ზაქარაძე.

„ბათუმელებმა“ ქედის მერს, როლანდ ბერიძეს ჰკითხა,  აქვს თუ არა ინფორმაცია როდის მიეწოდება მთა კვესაურს ელექტროენერგია და ასევე, იცის თუ არა რა ბედი ეწია ბიუჯეტის თანხით შეძენილ წყლის მილებს, თუმცა ქედის მერმა „ბათუმელების“ კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში ქედის მერიას მთლიანობაში 184 850 მეტრი სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილი აქვს შესყიდული.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი, სასმელი წყლისა და ასევე გოფრირებულ მილებში ბოლო ორ წელში ჯამში 166 ათას 566 ლარია გადახდილი. თუმცა, კონკრეტულად რომელი სოფლებისთვის შეისყიდა მილები მერიამ და რაში გამოიყენა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

______________

ფოტოზე: იალაღი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სკოლის დირექტორობის მსურველებიდან გასაუბრების ეტაპი 76%-მა გადალახა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა. გასაუბრების ეტაპზე დირექტორობის მხოლოდ 755 მსურველი გადავიდა.

სამინისტროს განცხადებით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.

„შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე“, – ამბობს სამინისტრო.

დირექტორობის მსურველებმა გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩააბარეს, რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. მათგან მეორე ეტაპზე ანუ გასაუბრებაზე  755 კონკურსანტი გადავიდა.

საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

რატომ დამალეს მოსამართლე თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი -საკონსტიტუციო დავა

დღეს, 8 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო პარლამენტის წინააღმდეგ, რაც შალვა თადუმაძის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება.

შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და მანამდე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო. გარდა იმისა, რომ უზენაესის მოსამართლედ არჩევამდე, შალვა თადუმაძის დიპლომი და მისი განათლების საკითხი სკანდალად იქცა, 2019 წელს შალვა თადუმაძეს მისი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების შედეგის დაფარვაც მოუთხოვია.

„…საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებს ამა თუ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებს,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე.

„კომისია ამოწმებს ამ მონაცემებს და კონკრეტული თანამდებობის პირისგან ითხოვს შესაბამის დოკუმენტებს, რომ გადამოწმდეს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები. კომისია ამოწმებს ასევე ელექტრონულ ბაზებს. კომისია იღებს გადაწყვეტილებას: დეკლარაციაში მითითებული მონაცემები სწორია, არასწორია თუ დაფიქსირდა უმნიშვნელო ხარვეზი.

კანონის მიხედვით, მონიტორინგის შედეგი ქვეყნდება პროაქტიულად. მონიტორინგის შედეგებით, როგორც ჩანს, თადუმაძე უკმაყოფილო დარჩა და სასამართლოს მიმართა, შედეგი არ გასაჯაროებულიყო,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

შალვა თადუმაძემ 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ. მან მოითხოვა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება საქმეზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

შალვა თადუმაძის პოზიციით, თუ საჯარო სამსახურის ბიურო პროაქტიულად გამოაქვეყნებდა მის დეკლარაციას, მასში ასახული შეცდომები [მოსარჩელის აზრით შეცდომები] მიაყენებდა მას მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს. კერძოდ კი, შალვა თადუმაძის მიმართ ჩამოყალიბდებოდა არასწორი აღქმა და აგრეთვე, საზოგადოება შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.

მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა თადუმაძის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„…სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სათანადოდ არის დასაბუთებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სადავო აქტის შეჩერების საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს“, – ჩაწერა 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, საია-მ განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა შალვა თადუმაძის და სხვა პირების მიმართ მონიტორინგის შედეგების თაობაზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები [განკარგულებები]. ბიურომ საიას არ გადასცა ყოფილი მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, შალვა თადუმაძის შესახებ არსებული განკარგულება.

საიამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უარის ბათილად ცნობისთვის და ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა: „სასამართლო მიიჩნევს, რომ შალვა თადუმაძის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შემოწმების შედეგების თაობაზე მიღებული ინდ. აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე, სასამართლოს მიერ მისი მოქმედების შეჩერების პირობებში სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო არ იყო უფლებამოსილი, საჯარო ინფორმაციის წესით, საჯარო გაეხადა კონკრეტული დეკლარაციის შემოწმების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.“

საბოლოოდ, 2022 წელს საია უზენაეს სასამართლომდე მისულა, სადაც თავმჯდომარის მოადგილე თავად შალვა თადუმაძეა: აქ განჩინება მიიღეს და საჩივარი დაუშვებლად ცნეს.

დავის საგანია სამართლებრივი ნორმები, რაც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლებს და ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებამოსილებას, მოითხოვოს კანონის საწინააღმდეგოდ შეგროვებული ან დამუშავებული მონაცემების დაბლოკვა.

საიას განმარტებით, საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმები განმარტეს იმგვარად, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისას, გარკვეულ შემთხვევებში, გამოირიცხება შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. ამავდროულად, საერთო სასამართლოების განმარტებით, კანონსაწინააღმდეგოდ ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ცნების დეფინიციის ქვეშ.

დავის საგანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი: „მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა“.

მარნეულში გოგოს გატაცების გამო 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. – ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა. -ც.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.

სამართალდამცველებმა ჯ.ჰ. და გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – წერს შსს.

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

უკრაინას აქვს ინიციატივა ფრონტის უმეტეს მიმართულებაზე – ბრიტანული დაზვერვა

„უაღრესად რთული ოპერატიული სურათის ფონზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება ფრონტის რამდენიმე ადგილას. უმეტეს მიმართულებაზე ინიციატივა უკრაინას აქვს“ – წერს დღეს, 8 ივნისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

ბრიტანელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აქვთ ბრძანება, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ შეტევას. ამავე დროს, დაზვერვის ცნობით, ჩეჩნურ შენაერთებს წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ დონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ მარივკას ასაღებად.

დაზვერვა ასევე წერს, რომ 2023 წლის 7 ივნისამდე, კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ, დნეპრის ქვემო ნაწილში დატბორვის დონე იმატებდა, რაც სავარაუდოდ შემცირდება 2023 წლის 8 ივნისს. „დაბომბვამ გაართულა დატბორილი ტერიტორიებიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა“ – წერს დაზვერვა.

_____________

ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ – მიიჩნევს პაველ ჰერჩინსკი.

ამ ინტერვიუში წაიკითხავთ, როგორ უყურებს ევროკავშირის ელჩი კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას: „საქართველოდან უნდა მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ,“ – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში და იქვე დასძენს, რომ მე, როგორც ელჩი, ყველაფერს გავაკეთებ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოსო.

„ბათუმელებმა“ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან, ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ელჩო, პირველ რიგში, ბოლო ამბების შეფასება გვინდა გთხოვოთთბილისსა და ბათუმში რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს აქტივისტები, ცნობილი უფლებადამცველები. მათ შორის ისინიც, რომლებსაც ცარიელი ფურცელი ეჭირათ ხელში. როგორც რუსეთში მოხდა ადრე. ნახეთ ეს კადრები? პირადად ხომ არ ყოფილხართ რომელიმე აქციაზე, რომ საკუთარი თვალით გენახათ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რა მასშტაბთან გვაქვს საქმე

აქ ორი ელემენტია: პირველი ეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ეს არის მთავარი პრინციპი, რომელსაც ემყარება დემოკრატია და ევროკავშირის პრინციპები. ჩვენ ყველანაირად პატივს ვცემთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ვაკვირდებით შეშფოთებით, როდესაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს შეზღუდვები.

მეორეა: მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, როცა ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც არის მასპინძელი, ყველანაირად პატივს ვცემთ ამ ქვეყნის კანონმდებლობას – ვერანაირად ვერ ჩავერევი ვერცერთ ასეთ ქმედებაში. არ შეიძლება ვიყო ჩართული ისეთ ქმედებებში, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ მხარდაჭერა.

შეზღუდული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აქ ვიმყოფები, ვიცი, რომ 100 ტელევიზიაა საქართველოში, აქედან 20 – მთლიანად ფარავს ქვეყანას. ვხედავთ ადამიანებს სხვადასხვა აზრით, პოზიციით, მათი უფლებაა, ჰქონდეთ მშვიდობიანი გამოხატვა, მშვიდობიანი დემონსტრაციები.

ძალიან მიხარია, რომ აქ ვხედავ ბრწყინვალე სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბათუმიდან და დასავლეთ საქართველოდან დღეს შევხდები ბათუმში. სამოქალაქო ორგანიზაციები არის ზუსტად ის ფუნდამენტური საყრდენი, რასაც ეფუძნება დემოკრატია.

  • რას აჩვენებს ეს თქვენთვის, როცა ცარიელი ფურცლების გამო აკავებენ ადამიანებს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ელის კანდიდატის სტატუსს?

ახლა არის გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ჩვენ ველოდებით კარგ ამბებს საქართველოდან.

შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი ფუნდამენტური, დემოკრატიულ უფლებასთან დაკავშირებით, როგორიცაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

  • ვიხილეთ თქვენიევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ელჩების დემარში, როცა საქართველო დათანხმდა ფრენების აღდგენას რუსეთთან და უვიზო მიმოსვლას. რას მოელოდით ამ დემარშით? ფრენების გაუქმებას? რამდენად ადეკვატურად აღიქვა ეს საქართველოს მთავრობამ, თქვენი აზრით? ზოგიერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, რომ ეს დემარშიკარგი შესაძლებლობაა ავხსნათ ჩვენი პოლიტიკაო“.

 ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განგვეხილა კონკრეტული საკითხები, ორივე მხარეს ერთმანეთისთვის წარგვედგინა არგუმენტები. რა თქმა უნდა, ევროკავშირი გამოხატავს წუხილს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც გადაწყვიტა 27-მა ქვეყანამ.

ჩვენ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება შეგვეწყვიტა ფრენები ნებისმიერი ავიახაზებით, ნებისმიერი რეისით, ნებისმიერი სახის თვითმფრინავით იმისთვის, რომ იზოლირებული იყოს რუსეთი, იმისთვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს ფასი ამ სასტიკი ომისთვის, აღმაშფოთებელი საქციელით, რაც მან უკრაინაზე თავდასხმით გამოხატა. გვინდა ცვლილება, რომ ეს საშინელი ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

როცა საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მან ამით აიღო ვალდებულება, რომ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ერთი წლის წინ, როცა საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ესეც ამ პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.  ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ მე მთხოვა დემარშის გადაცემა ზუსტად იმიტომ, რომ ეს ასახავს 27 წევრი ქვეყნის აზრს ფრენებთან დაკავშირებით.

  • რუსეთთან ფრენების გამო რამდენად მოსალოდნელია სანქციები საქართველოში ავიაციის მიმართულებით ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიმართ

ჩვენ ძალიან მკაცრი და სერიოზული სანქციები მივიღეთ, რაც კი შესაძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ, რომ ზეწოლა განხორციელებულიყო მასზე და შეეწყვიტა წარმოუდგენელი, სისხლისმღვრელი ომი. 27 წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ ეს სანქციები ყოფილიყო მიღებული. სანქციების 10 პაკეტი მიღებულია. მიმდინარეობს მე-11 პაკეტზე მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ.

ეს არის, როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენ, 27-ივე წევრ ქვეყანაზე, ეს არის ისეთი შედეგები, რომელიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს.

მთავარია, რომ ეს არის ერთხმად მიღებული სანქციები – 27 წევრი ქვეყანა დათანხმდა იმას, რომ ეს სანქციები უნდა ყოფილიყო მიღებული.

ჩვენ ველოდებით უახლოესი პარტნიორებისგან, როგორიც საქართველოა, მუშაობა წარიმართოს იგივე მიმართულებით. ჩვენ ვაცნობიერებთ მოწყვლადობას, სხვადასხვა სავაჭრო კავშირს, რომ ეს არის რთული და ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს. მაგრამ ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს იმ გადაწყვეტილებების საპირისპიროდ, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მიერ იყო მიღებული.

რაც შეეხება სანქციებს – არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდეს რაიმე სახის ლაპარაკი საქართველოს, ან რომელიმე მისი კომპანიის დასანქცირებაზე.

არ მაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე სახის დისკუსია მიმდინარეობდეს რომელიმე სახელმწიფო უწყების, ან ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ. ზოგადად, ეს ხდება 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

  • რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა როგორ შეიძლება აისახოს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში?

მე ვერანაირ სპეკულაციას ვერ მოვახდენ, რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე. მომდევო ნაბიჯები საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ანუ 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების მიერ. ამას მათი ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს.

  • ახლა მთავარი საკითხი ქართველებისთვის კანდიდატის სტატუსია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი?

მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ ამ წესს დავარღვევ და შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომ შანსი არის 50/50-ზე.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე თვეში, რაც დარჩა, გაფართოებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნებამდე და წლის ბოლომდე მიღწეული იყოს მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. ასევე ის, რომ საქართველოდან მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ.

ახლა უმნიშვნელოვანესი, საკვანძო მომენტია იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი და ყველამ – მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, შეიტანოს წვლილი ამაში, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო მიაღწევს ამ პროგრესს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობა და მე, როგორც ელჩი საქართველოში, ვაკეთებ ყველაფერს.

  • მაგალითად, ერთერთი პირობაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება. ითვლება თუ არა ეს პირობა შესრულებულად იმ სკანდალური კენჭისყრის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოახერხა 3 წევრის არჩევა?

სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ოქტომბერში კომისია გამოსცემს პირველ ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს ასევე მოიცავს რეკომენდაციებს შემდეგ ნაბიჯებზე.

ამიტომაც, ძალიან ვთხოვ ყველას: პოლიტიკურ ელიტებს, რომ გონივრულად გამოიყენონ დრო და შესაძლებლობა მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად მაშინ, როდესაც ვუახლოვდებით საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ.

  • თქვენი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, თუ პროევროპული? საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური ძალის ანტიდასავლური განცხადებები, ევროსკეპტიციზმი რამდენად შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი?

საქართველოს მთავრობა არის საქართველოს მთავრობა, რომელიც არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ და პატივი უნდა ვცე მას. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიური მიმოსვლა იყო, ბევრი ვიზიტი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ევროკავშირის ქვეყნებში.

სწორედ ეს არის, რაც საჭიროა ამ საკვანძო მომენტში, როდესაც ვუახლოვდებით მთავარ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე.

  • ოცნებისლიდერები ხშირად ახსენებენგლობალური ომის პარტიას“. თქვენ ხვდებით ხელისუფლებას წარმომადგენლებს, მათთვის ხომ არ გიკითხიათ, ვის გულისხმობენ ამაში?

მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს გამოთქმა, ეს უნდა კითხოთ იმას, ვინც ამას ამბობს.

  • თქვენ ხომ არ გიკითხავთ ეს ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს?

ევროკავშირი არის მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალა სამშვიდობო პროექტში. ევროკავშირის არსებობის წყალობით გვაქვს მშვიდობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომლებმაც ევროკავშირს საფუძველი ჩაუყარეს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, როგორ იტანჯებოდნენ ომებში გერმანია და საფრანგეთი, საფრანგეთი და ესპანეთი, გერმანია და პოლონეთი საუკუნეების განმავლობაში. ყოველივე ეს ევროკავშირის შექმნით დასრულდა.

ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია და მისი მიზანია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე. გვსურს წვლილი შევიტანოთ რუსეთის მიერ გაუმართლებელი, აგრესიული, სასტიკი ომის დასრულებაში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 212 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 3 891 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 7 576 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 3 668 ერთეული [+28]
  • MLRS – 595 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 355 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 234 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 384 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 500 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 438 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 527 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 119 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 034 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 771 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინას აქვს ინიციატივა ფრონტის უმეტეს მიმართულებაზე – ბრიტანული დაზვერვა

ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე

დღის სინათლისთვის, მზის სხივისთვის, ეზოში შესასვლელი გზისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც მთელი ცხოვრება საკუთარი ფანჯრიდან ხედავდი, ბრძოლა გიწევს.

ჯერ ცდილობ ახალი რეალობა მიიღო, სხვა გზა არ გაქვს, რადგან  შენი სახლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი სხვისი საკუთრებაა და იმ სხვას უფლება აქვს ააშენოს. კანონი საკუთრების უფლებას გარანტირებულად იცავს და ეს შენც იცი.

ამიტომაც ჩუმდები, ცდილობ შეეგუო, ეგუები… უძლებ მშენებლობით გამოწვეულ ხმაურს, მტვერს, ჩაკეტილ გასასვლელებს-შესასვლელებს, ამ ყველაფერს უძლებ.

ზუსტად ასე უხსნიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საკუთარი უფლებების ნაწილს სამეზობლო მიჯნასთან დაკავშირებული კონფლიქტებისას მეორე მხარეს. მხრეს, რომელიც ზარალდება, როცა მშენებელს მიმდებარედ მცხოვრებლები ედავებიან. სამეზობლო თმენის პრინციპზე ცოტა რამ კანონშიც წერია, თუ საჭიროა ამასაც გამოიყენებენ, დოკუმენტშიც ჩაწერენ, რომლითაც მიგითითებენ, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოში ექცევა.

ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ შენი ფანჯრის წინ კედელი ჩნდება, შენი სახლი დღის შუქის გარეშე რჩება და შენი საცხოვრებელი ბნელდება…

orbi

გიჩნდება კითხვა, საკუთრების გამოყენების უფლება შენი საცხოვრებელი გარემოს გაუარესებისგან დაცვის, მისი გადარჩენის შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობის გამოყენების უფლებას გამორიცხავს?

თუმცა სხვაგვარად არის საქმე – „სხვა კანონი, სხვა განმარტებები მუშაობს“, თუ ეს მშენებელი თავადაც „ფულიანი კაცია“.

სწორედ ასე მოხდა ხიმშიაშვილის #15 ბ-ს მიმდებარედ, სადაც მოსახლეობა მშენებელი კომპანიის და მერიის წინააღმდეგ გამოვიდა.

ხიმშიაშვილის #15 ბ – ში მრავალფუნქციურ კომპლექსს ათ წელზე მეტია რაც აშენებენ. შესაბამისად, იქვე არსებულ ცხრასართულიან კორპუსებშიც დიდი ხანია იციან, რომ მათი კორპუსების წინ „ორბის“ 3 ცათამბჯენი გაჩნდებოდა, რომელიც ეგრეთ წოდებული ფრთებით უნდა გაერთიანებულიყო.

თავიდანვე ცხადი იყო, როგორ შეცვლიდა პროექტი გარემოს, თუმცა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ კერძო საკუთრებას და, შესაბამისად, მესაკუთრეს ვერ შეზღუდავ.

მოგვიანებით, როცა „ორბმა“ მერიასთან შეთანხმებულ პირობებს გადაუხვია, მერიამ კი ეს არ დაინახა, იქვე მცხოვრებლებმა გაიხსენეს, რომ არსებობს სხვა კანონიც, რომელიც საკუთრების სამშენებლოდ გამოყენებას არ გამორიცხავს, თუმცა არ უშვებს სხვისი გარემოს გაუარესებას იმ დოზით, როგორც ეს ხიმშიაშვილის #15-ბ-ში „ორბმა“ მოინდომა.

მოქალაქეებმა განაშენიანების რეგულაციებით გათვალისწინებული წესების დაცვა მოითხოვეს, პროტესტით, აქციებით. მათ სასამართლოსაც მიმართეს.

„ორბმა“ თვითნებურად გაზარდა ე.წ. ფრთების სიმაღლე და კედლებით მიმდებარედ კორპუსების ფანჯრები დაფარა. „ორბი“ მშენებლობას ვადაგასული, 2014 წლის ნებართვით აწარმოებდა. მოსახლეობამ ეს ბრძოლა მოიგო – მერიამ კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, მაგრამ პროექტში ცვლილება არ შეიტანა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კომპანიას დაავალა, ე.წ. ფრთების სიმაღლეები ადრე შეთანხმებული პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამის მიღწევას ბევრი საპროტესტო აქცია, განცხადება და „დიდი ნერვები“ დასჭირდა.

„სასწაული მოხდა“ – „ორბმა“ ნგრევა დაიწყო.

მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანად ჩათვალეს, საპროტესტო აქციები შეაჩერეს და გამოაქვეყნეს ფოტოები წარწერით: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – ამჯერად კომპანიამ ე.წ. ფრთების ფართობი ისე გაზარდა, რომ მათ ეზოში სამანქანო შესასვლელს კეტავს.

გადაჭარბებული სიმაღლის ნგრევის პროცესი

პირად საუბრებში გადაწყვეტილების მიმღები გვეკითხება, რა უფრო მნიშვნელოვანია – სიმაღლე თუ ფართობი მიმდებარედ მცხოვრებთათვის, მაშინ, როცა ეს მიწა ისედაც კომპანიის საკუთრებაა და შეუძლია საერთოდ ჩაკეტოს.

ეს მართლაც ასეა, თავის დროზე ტერიტორია აჭარის მთავრობამ ისე გაყიდა, რომ არ უფიქრია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიწის ნაკვეთის გასხვისებით, მომავალში ხომ არ შეუქმნიდა პრობლემებს მიმდებარედ მცხოვრებთ. ამაზე არავინ იფიქრა…

გასულ კვირას უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეუჩერებლობის გამო ხიმშიაშვილის #15-ბ-ში კომპანია „ორბი“ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 25 000 ლარით დააჯარიმა. რეაგირება მიმდებარედ მცხოვრებლების პროტესტს მოჰყვა.

ინსპექციამ განგვიმარტა: „აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება და მშენებლობის პროცესში მონიტორინგი ეტაპობრივად განხორციელდება.“

რეაგირებამდე

გასულ პარასკევს, 2 ივნისს, მოქალაქეები სამშენებლო მოედნის შესასვლელთან შეიკრიბნენ და კომპანიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს, ვიდრე მუნიციპალური ინსპექცია არ დაადასტურებდა, რომ „ორბს“ სანებართვო პირობები არ დაურღვევია. გამოიძახეს პოლიციაც.

ადგილზე მისულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს მერიიდან გამოთხოვილი პროექტის ასლი მოქალაქეებმა მიაწოდეს და სთხოვეს მშენებლობის შესაბამისობა შეემოწმებინა. სამშენებლო მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭირო დოკუმენტები სამსახურში, კომპიუტერში ჰქონდა და პასუხს მეორე დღეს გაიგებდნენ.

მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში.

მეორე დღეს მოქალაქეებთან ერთად ჩვენც გავიგეთ, რომ ინსპექციამ „ორბი“ მშენებლობის შეუჩერებლობის გამო 25 000 ლარით დააჯარიმა.

„ეგ მაგათთვის ჯიბის ფულია, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით“, – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ხიმშიაშვილის 15 ბ-ს მიმდებარედ მცხოვრებლებს, როცა იგივე მისამართზე მშენებლობის შეუჩერებლობისთვის „ორბის“ დაჯარიმების შესახებ მოისმინეს.

პროგნოზი გამართლდა, „ორბი“ არ გაჩერებულა და ამის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს მოსახლეობა ყოველ დღეს გვიგზავნის.

რას ნიშნავს ჯარიმა შეუჩერებლობისთვის? – ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ მუშაობა უნდა შეაჩეროს, ვიდრე პროექტს სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს. მშენებელი კი პირიქით მოიქცა – პროექტი დამტკიცებულთან შესაბამისობაში არ მოიყვანა და გაფართოება დაიწყო.

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა.

„მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი საერთოდ აღარ დადის ბაღში“, – გვითხრა პაატა ზაქარაძემ.

იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ ნარიმან მანველიძეც.

პაატას მამა, ოთარ ზაქარაძე ამბობს, რომ ქედის მერია ბავშვების უფლებებს არღვევს, რადგან ბავშვებს არც ტრანსპორტი გამოუყო და არც სოფელში ბაღის დროული დასრულებისთვის გააკეთა რამე.

„ცხმორისში ვარბენინებდით ბავშვებს. წარმოიდგინე, დილის 8 საათზე დანდალოს ცენტრში უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები, რომ ცხმორისში გაგვეყვანა ტრანსპორტით.

ამის გამო ძალიან ადრე უწევდათ ადგომა და ძალიან რთული ვითარება იყო, განსაკუთრებით, ზამთარში.

ყველას მანქანა ხომ არ ჰყავს, დანდალოს ცენტრში რომ ფეხით ბავშვი ჩამოიყვანო, ერთი საათია საჭირო. ყველა მშობელს არც მანქანის დაქირავების საშუალება აქვს, ამიტომ ბავშვების უმრავლესობა საერთოდ აღარ დადის ბაღში“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

ქედის მერიას ვკითხეთ, თუ რატომ არ ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მერიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

იმ შენობის სარემონტო სამუშაოები, სადაც საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია და კულტურის ცენტრი უნდა განთავსდეს, წელიწად-ნახევრის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც სოფელში გვეუბნებიან, კომპანია „მშენებელი 2020“-მა სამუშაოები დროულად არ დაასრულა, ქედის მერიამ კი სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

სოფელი ჯალაბაშვილები/ აღნიშნულ შენობაში საბავშვო ბაღი და ამბულატორია უნდა განთავსებულიყო

კომპანიამ არც მუშებს გადაუხადა ხელფასები. როგორც სოფელში გვითხრეს, „მშენებელი 2020“-ს გადაუხდელი ხელფასების 30 ათასამდე ლარი დავალიანება აქვს.

„ჩემი შვილი ინდმეწარმეა და ტენდერებზე ვმუშაობთ ხოლმე. თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე ვერ ავიღეთ სახელმწიფო დაკვეთა, რადგან სხვა კომპანიები არარეალურ ფასებს სთავაზობენ სახელმწიფოს, შემდეგ კი სამუშაოებს აღარ ასრულებენ.

იგივე მოხდა „მშენებელი 2020“-ის შემთხვევაშიც.

ბაღის და ადმინისტრაციული შენობის რემონტის ტენდერი მოიგო, მაგრამ შუა გზაზე მიატოვა“, – გვითხრა ოთარ ზაქარაძემ.

მისი თქმით, ამ კომპანიასთან თანამშრომლობის ცუდი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა რადგან სამუშაოები ახლოს, მის სოფელში იყო, გადაწყვიტა ისევ მისგან მიეღო დაკვეთა.

„20 ათასი ლარის სამუშაოები შევასრულეთ და აქედან მხოლოდ 5 ათასი ლარი გადაგვიხადა, 13 ათასი ლარი არ მოუცია. ვიდავე, ხელში მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ რად გინდა, მისი აღსრულება არ ხდება.

20-კაციანი ბრიგადა მყავდა და არც მუშებს გადაუხადა ხელფასები. მხოლოდ ნაწილი მისცა. 2-3 ათასი ლარი აქვთ მუშებს ასაღები და არ უხდის.

ეგ კი არა, იქეთ ვასესხეთ ფული, 30 კუბ/მეტრი ხის მასალა მოვუტანე და ლარი არ ამინაზღაურა. ჩვენ პირველი ბრიგადა ვიყავით, ჩემ შემდეგ ხუთი ბრიგადა მოიყვანა და ყველა უხელფასოდ ამუშავა“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

ამავე კომპანიასთან მუშაობდა ნარიმან მანველიძეც, რომელიც ასევე დაზარალებულია.

„ოთხი თვე ვიმუშავეთ, 19 მუშა მყავდა აყვანილი და არც ერთს არ გადაუხადა ხელფასი. იჩივლეს პოლიციაში, მაგრამ რადგან მუშები თურქები იყვნენ, არავინ მიაქცია ყურადღება. 7-8 მუშა ქართველი იყო, თუმცა არც მათ გადაუხადეს.

მე, პირადად, თარჯიმანიც ვიყავი და საწყობებიც მებარა, 5 700 ლარი აქვს ხელფასი გადასახდელი, მაგრამ ვერ ავიღე“, – გვეუბნება ნარიმან მანველიძე.

მისი თქმით კომპანიას რამდენიმე მაღაზიაში თავდებადაც დაუდგა და არც ამ მაღაზიებს აუნაზღაურა კომპანიამ ხარჯი. „სადღაც 2 000 ლარია გადასახდელი“, – ამბობს ნარიმანი.

სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო სოფელს წელიწადზე მეტია საბავშვი ბაღი და ამბულატორია არ აქვს.

მისი თქმით, „მშენებელი 2020“-ს ჯალაბაშვილების ბაღის გარდა ტენდერი შუახევში, სოფელ მახალაკიძეებშიც ჩაუვარდა, სადაც ასევე საბავშვო ბაღი უნდა გაერემონტებინა და ეზო მოეწყო.

„როგორც ვიცი, მარნეულშიც ჰქონდა ასევე აღებული სამუშაოები და იქაც ჩაუვარდა“, -ამბობს ნარიმანი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქედის მერიამ ჯალაბაშვილების ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის „მშენებელი 2020“-ს ხელშეკრულება 2022 წლის 13 აპრილს გაუფორმა 709 998 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები იმავე წლის ნოემბერში უნდა დასრულებული.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, რომელიც 2023 წლის 24 აპრილით თარიღდება, „მშენებელ 2020“-ს შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო.

ამავე ოქმის მიხედვით, კომპანიას შეუსრულებელი დარჩა 254 452 ლარის სამუშაოები.

პირგასამტეხლოს სახით კომპანიამ ბიუჯეტში 56 696 ლარი ჯარიმა გადაიხადა.

ვადის გაგრძელების გამო, რომელიც კომპანიამ მაისის ბოლომდე ითხოვა, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 17 991 ლარის ოდენობით.

„მშენებელი 2020“-მა ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტშიც მოიგო. მას სოფელ მახალაკიძეებში საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა და ეზო მოეწყო, შესყიდვის ღირებულება 224 998 ლარია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა. თუმცა კომპანიამ არც ეს პირობა შეასრულება.

შპს „მშენებელი 2020“-ის დირექტორი და 100%-იანი წლის მფლობელი ირინა დუმბაძეა. რეესტრის მიხედვით, ის ბათუმში 300 კვ. მიწას ფლობს. ქონება 2021 წლის 30 ნოემბერს აქვს შეძენილი, თუმცა უცნობია რა ოდენობის თანხა გადაიხადა კომპანიის მფლობელმა მასში.

სხვა ქონება ირინა დუმბაძის სახელზე არ იძებნება.

როგორც ოთარ ზაქარაძე ამბობს, კომპანიის რეალური მფლობელი მისი მეუღლე რამაზ ბოლქვაძეა, რომელიც გაკოტრებულ კომპანიებს აუქმებს, შემდეგ კი ახალს აფუძნებს.

„მე რომ ვმუშაობდი მაგასთან, სხვა შპს ჰქონდა, იმას დაუგროვდა ვალი, დაარეგისტრირა ახალი და გააფორმა მისი მეუღლის სახელზე. მე საერთოდ არ მინახავს ირინა დუმბაძე ობიექტზე, ის იყო ჩვენთან კომუნიკაციაში.

ირინა, როგორც მე ვიცი, საავადმყოფოშია დასაქმებული და საერთოდ არ ერევა სამშენებლო საქმეებში“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

მისი თქმით, რამაზ ბოლქვაძე „ქართულ ოცნებასთან“ არის დაახლოებული, სწორედ ამიტომ იგებს სახელმწიფო შესყიდვებს, „მიუხედავად იმისა, რომ სადაც აიღო, ყველგან ჩაუვარდა საქმე.

ამდენი ხანია სად არ დავდივარ, სასამართლო გადაწყვეტილება ხელში მაქვს და არ სრულდება, მივმართე მერიას, აჭარის მთავრობას, საქმეში ჩავაყენე პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძეც. არავის არ აინტერესებს ის, რომ ამდენი ადამიანის უფლებები დარღვეულია, ამდენი ადამიანი კუთვნილ ხელფასს ელოდება და არავინ უხდის.

ბევრი გააჩუმეს, დააშინეს და ხმასაც ვეღარ იღებენ, ჩემთვის კი აუტანელია უსამართლობა. ეს მთავრობა კი არა ბანდიტები არიან, ვერაფრით ძღებიან“, – ამბობს ოთარ ზაქარაძე.

რაც შეეხება მარნეულს,  სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „მშენებელი 2020“-მა სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 2021 წელს მოიგო და 26 მარტს ხელშეკრულება 699 999 ლარზე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები 180 დღის ვადაში შეესრულებინა.

„პროექტის მთლიანი ღირებულების 95%  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. სახელშეკრულებო პირობები ოთხჯერ შეიცვალა.

მარნეულის მერიის მოხენებითი ბარათის მიხედვით, „მშენებელი 2020“-ს საბოლოო გაფრთხილება მიეცა. კომპანიას ასევე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 190 540 ლარის ოდენობით, ასევე ავანსიდან დარჩენილი ღირებულება  22 580 ლარის ოდენობით. „რაც არ შესრულდა დღეის მონაცემებით“, – წერს მარნეულის მერია.

საბოლოოდ, კომპანიამ არც მარნეულში დაასრულა საბავშვო ბაღის მშენებლობა, ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედავად. მარნეულის მერიამ ბაღის მშენებლობაზე საბოლოოდ ახალი ტენდერი გამოაცხადა 1 მილიონ 188  577 ლარზე, რომელიც კომპანია „ბილდინგ ჰაუსმა“ მოიგო.

რატომ ვერ ასრულებს სატენდერო პირობებს და აპირებს თუ არა ხელფასების გადახდას მუშებისთვის? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ირინა დუმბაძეს ხელშეკრულებაში მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ, თუმცა არ გამოგვეხმაურა.

ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე კი მისმა მეუღლემ, რამაზ ბოლქვაძემ გვიპასუხა. მისი თქმით, ის კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია და კომენტარსაც მეუღლის ნაცვლად გააკეთებს.

რამაზ ბოლქვაძე ვალს მხოლოდ ოთარ ზაქარაძესთან აღიარებს და ამბობს, რომ სხვა დავალიანება არავისთან არ აქვს.

„15 ათასი ლარი მაქვს მასალის ფული მისაცემი, სხვა ყველაფერი გადახდილია. ვაღიარებ, რომ ზაქარაძისთვის მაქვს გადასახდელი“, – ამბობს რამაზ ბოლქვაძე. ის ნარიმან მანველიძის ან სხვა მუშების ვალს არ აღიარებს.

„მახალაკიძეებში მაქვს კიდევ რაღაც მასალის თანხა მისაცემი 600 ლარი და მორჩა“, – გვითხრა მან.

რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები პანდემიის გამო შეექმნა და ახლა გაჩერებულია.

კომპანია „მშენებელი 2020“ 2022 წლის აგვისტოდან შავ სიაშია შეყვანილი.

_________________

მთავარი ფოტო: ნარიმან მანველიძე და პაატა ზაქარაძე

2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში შევიდა. ახალი დადგენილება 2023 წლის 7 ივნისს შევიდა ძალაში.

ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე [2023 წლის 7 ივნისამდე] პერიოდში, სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლებით პირველად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გათვალისწინების შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ოჯახის მომართვის საფუძველზე, კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყოს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გადათვლა ავტომატურად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე“.

ანუ ოჯახს, რომლის ქულების მინიჭებისას უკვე გაითვალისწინეს 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს, რათა ახალი ცვლილების გათვალისწინებით მისთვის მინიჭებული ქულა ხელახლა გადაითვალოს.

საუბარია საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწაზე, როგორც სპორადული [როცა მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო რეესტრს], ასევე სისტემური რეგისტრაციით [როცა სახელმწიფო თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას პროგრამის ფარგლებში – 2023 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულ მიწაზე და იმ მიწაზე, რომელსაც ოჯახი 2025 წლის პირველ იანვრამდე დაირეგისტრირებს].

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი სახელმწიფოს რიგ მუნიციპალიტეტებში დაწყებული აქვს და ქვეყნის მასშტაბით 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაასრულოს.

სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკი საჯარო რეესტრმა რამდენჯერმე შეცვალა.

მიწის აზომვა აჭარის იმ სოფლებშიც არ მიმდინარეობს, სადაც ეს პროცესი ახალი გრაფიკითაც კი, კარგა ხნის დაწყებული უნდა ყოფილიყო.

„ბათუმელებმა“ დეტალების დასაზუსტებლად საჯარო რეესტრს ამ დღეებშიც მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ თემაზე:

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

 

 

EU-ს ელჩი რუსეთთან ფრენებზე: ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს საპირისპიროდ

„ეს არის როგორც ორმხრივად ალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენს წევრ 27-ივე ქვეყანაზე.

ეს არის ისეთი შედეგები, რომლებიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. მას ვკითხეთ, რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ: როგორ აისახება ეს კანდიდატის სტატუსზე?

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი გამოხატავს წუხილს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც გადაწყვიტა 27-მა ქვეყანამ.

ჩვენ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, შეგვეწყვიტა ნებისმიერი ავიახაზებით, ნებისმიერი რეისით, ნებისმიერი სახის თვითმფრინავით ფრენები იმისთვის, რომ იზოლირებული იყოს რუსეთი, იმისთვის, რომ რუსეთს გადაეხადა ფასი ამ სასტიკი ომისთვის, აღმაშფოთებელი საქციელით, რაც მან უკრაინაზე თავდასხმით გამოხატა. გვინდა ცვლილება, რომ შეწყდეს ეს საშინელი ომი, რაც შეიძლება სწრაფად.

როცა საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მან ამით აიღო ვალდებულება, რომ შესაბამისი და მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ერთი წლის წინ, როცა საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ესეც ამ პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მე მთხოვა ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ დემარშის გადაცემა ზუსტად ამიტომ, რომ ეს ასახავს 27 წევრი ქვეყნის აზრს ფრენებთან დაკავშირებით.

ჩვენ ველოდებით უახლოესი პარტნიორებისგან, როგორიც არის საქართველო, მუშაობა წარიმართება იგივე მიმართულებით. ჩვენ ვაცნობიერებთ მოწყვლადობას, სხვადასხვა სავაჭრო კავშირს, რომ ეს არის რთული და ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ არის მოლოდინი, რომ საქართველო არ იმოძრავებს იმ გადაწყვეტილებების საპირისპიროდ, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მიერ იყო მიღებული,“ – გვითხრა პაველ ჰერჩისკიმ.

„ბათუმელები“ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან – პაველ ჰერჩინსკისთან სრულ ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ.

რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს.

„ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო.

  • საქართველოში საზოგადოება ითხოვს ქვეყნის ევროინტეგრაციას. დასავლეთშიც და ჩვენთანაც, ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ქცევამ ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. ევროკავშირის ისტორიაში თუ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიანიჭეს ქვეყანას, რომ ამას მოსახლეობის სრული უმრავლესობა ითხოვდა, ხოლო ხელისუფლება ისე იქცეოდა, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლება იქცევა?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ  საქართველოს მოქალაქეები არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს დაუბრუნონ. საქართველოს მოქალაქეები,  ყველა ჯერზე, როცა რაღაც კრიტიკული მომენტია, გამოდიან და ცდილობენ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ. ამით გარკვეულწილად რენომეს უნარჩუნებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, რომ თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ არსებობს, უბრალოდ აქ მოჰყავთ ხოლმე ბოსნიის მაგალითი. ბოსნია და ჰერცეგოვინამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი. მაგრამ იქ ოფიციალურ დოკუმენტში ეს ჩანაწერი არ არის, რომ „აი, ხალხის გამო მიიღო“.

უბრალოდ, როცა წარადგინეს გაფართოების პაკეტი, დოკუმენტი, შეფასებები კანდიდატი ქვეყნების, ევროკომისარმა ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს [სტატუსი] ენიჭებოდა ხალხს, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნოდა ხალხს და პოლიტიკური ელიტა უნდა დასწეოდა ხალხს ამ გზაზე.

მეორე მხრივ, საქართველოში ჩამოსულმა მაღალი დონის დიპლომატებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ შეუძლებელია ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა. შესაბამისად, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, აქ მთავარი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უნდა გადადგას სწორი და ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ეს არ არის ოფიციალური ჩანაწერი. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებაა, სადაც ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიემართება ბოსნიელ და ჰერცეგოვინელ ხალხს და რომ კანდიდატის სტატუსი გარკვეულწილად ეკუთვნის სწორედ მოსახლეობას.

  • რამდენად შეიძლება მსგავსი სცენარი ვიხილოთ საქართველოს შემთხვევაშიც?

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. გადაწყვეტილების რაღაც კონტურებიც კი არ ჩანს. დარჩენილია  5 თვე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებია გასავლელი. პირველ რიგში, საგულისხმოა 9 ივნისს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, სადაც ის გერმანიის კანცლერს შეხვდება.

შეიძლება დარჩენილ საკითხებზე მოხდეს ყურადღების გამახვილება. ერთგვარი სიგნალი იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დრო იწურება და საჭიროა ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰქონდეს საფუძველი, მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება წინ ამ თვის ბოლოს, როდესაც შუალედური შეფასება ზეპირი ფორმით უნდა წარმოადგინოს ევროკომისიამ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა ეტაპზე ვართ და სად ვიმყოფებით. ამ ეტაპზე, საუბრების მიხედვითაც, რომელიც მე მაქვს, როგორც ბრიუსელში, ისე ბერლინში, რაიმე გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩამოყალიბებული არ არის და კონტურებიც კი არ ჩანს.

ყველა ელოდება და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს შესრულებული 12 პუნქტი. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ბრიუსელში შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ჯერ კიდევ საჭიროა პროგრესის ჩვენება ხუთი მიმართულებით 12-დან. მან ჩამოთვალა ეს მიმართულებები – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მედიის დამოუკიდებლობა.

ყველა ელის, რომ ამ მიმართულებით საქართველო გადადგამს ნაბიჯებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული აცდენაა ჩვენ აღქმებს, ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღქმებს შორის.

საქართველოში ჩვენ ვისმენთ, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ დეკემბერში გავიგეთ ეს მესიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველაფერი შესრულდა და ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირის ლიდერები, იგივე მიშელი და სხვები აცხადებენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა შეძლოს და ხელი შეუწყოს ევროკავშირს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

  • რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ეს შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს, როგორც თავისი პერსონალური მიღწევა და, შესაბამისად, შემდეგი წლის არჩევნებზე ეს გახდეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მძლავრი ბერკეტი?

ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს. ის, რომ ხელისუფლება ამას შეეცდება, ეს ამთავითვე ჩანს. ხელისუფლებას ერთგვარი გადაბრალების თამაშები უკვე დაწყებული აქვს – ის აბრალებს წარუმატებლობას ყველას, გარდა საკუთარი თავისა. ხოლო წარმატების შემთხვევაში „ოცნება“ იტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები კითხვის ნიშანს სვამდნენ მის საგარეო კურსთან და ორიენტაციასთან დაკავშირებით, მან მაინც შეძლო და მიიღო კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები, როგორი ორიენტაცია აქვს „ქართულ ოცნებას“, მოიხსნას.

იმიტომ, რომ თუკი პრორუსულია, მაშინ პრორუსულ ძალას ევროკავშირმა არ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, კაპიტალიზაციას ეცდება ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით. უბრალოდ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს დეკემბერში, როცა წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან ამ გადაწყვეტილებას. იქიდან არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში უნდა დაინიშნოს, საკმაოდ დიდი დროა. დრო გვიჩვენებს, რამდენად არ გაუფერულდება, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიღწევა.

  • რამდენად შეუძლია ევროკავშირს დააზღვიოს მსგავსი შესაძლებლობა, ანუ თუ ფიქრობს, რომ ხალხი იმსახურებს ამ სტატუსს და არა ხელისუფლება?

მინიჭების შემთხვევაში ამის დაზღვევის ვარიანტი არის ერთადერთი – ყოველი წლის ბოლოს, შემოდგომაზე, ევროკომისია აქვეყნებს შეფასების ანგარიშს. ასე, რომ თუკი ამ სცენარით წავალთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს წელს, ეს დიდი ალბათობით იქნება აუცილებლად პირობებით.

ევროკავშირი იტყვის, რომ შემდგომ ეტაპზე საქართველოს სჭირდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. როგორც ახლა ჩვენ გვაქვს პირობები, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დიდი ალბათობით ჩვენ გვექნება ასევე პირობები, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ამ პირობების შესრულებას დააკვირდება ევროკავშირი.

შესაბამისად, ამ პირობების შესრულება გახდება შემდგომ მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ყოველ შემოდგომაზე ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, შეაფასებს იმას, თუ რამდენად ასრულებს საქართველო მოცემულ პირობებს. ასე, რომ ერთი – დიდი დროა გადაწყვეტილების მიღებიდან არჩევნებამდე და მეორე – უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეტაპზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს ექნება წაყენებული გარკვეული პირობები.

ასეთია ევროინტეგრაციის გამოცდილება. ასეთია ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა – სახელმწიფო იცვლება ამ პირობების შესრულების პარალელურად. თუკი ის კარგად შეასრულებს ამ ყველაფერს, უკეთესდება. უკეთესი ინსტიტუციები აქვს, უკეთესი დემოკრატიული სისტემები აქვს. შესაბამისად, ეს ეხმარება ქვეყანას, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო, სანამ პირობებს შეასრულებდა. ასე, რომ ეს მუდმივი პროცესი იქნება, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი.

  • განვიხილოთ უარესი სცენარიც, დავუშვათ ევროკავშირის წვერმა სახელმწიფოებმა იხელმძღვანელეს არა პრაგმატული მოსაზრებებით, არამედ დებულების მიხედვით და 12 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ მიანიჭეს ქვეყანას ეს სტატუსი. მაშინ როგორ შეიძლება ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს – შესაძლებელი იქნება ევროკავშირისადმი ასეთი მაღალი მხარდაჭერის შენარჩუნება?

ძნელი სავარაუდოა, ეს შენარჩუნდება თუ არა, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას. პირველ რიგში, განსაზღვრავს ის, როგორ იქნება აღქმული საქართველოს მოსახლეობის მიერ ის, რომ თუ უარი გვეთქვა, რის გამო მიიღებს საქართველო უარს მეორე ჯერზე.

თუ საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირის ბრალეულობით, მაშინ შეიძლება ევროკავშირის მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვიოს, მოსახლეობა გაბრაზდეს, თქვას, რომ აი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვჩაგრეს  და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

თუკი ეს იქნება, ასე წარმოდგენილი, შესაძლოა მხარდაჭერა ქვემოთ წამოვიდეს. ოღონდ შესაძლოა. ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი.

მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება ახსნილი იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიერ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლებელია, ეს სიბრაზე და გაწბილება მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეები გაბრაზდნენ არა ევროკავშირზე იმის გამო, რომ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არამედ საქართველოს ხელისუფლებაზე – ეს დრო რომ არ გამოიყენა ჯეროვნად 12 პირობის შესასრულებლად, რათა მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ამ გადაბრალების თამაშებში, რომელიც უკვე დაწყებულია, გააჩნია ვინ იქნება გამარჯვებული. მერე შეიძლება ვისაუბროთ, რეალურად საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა შენარჩუნდება თუ არა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

  • რუსეთისთვის ეს რა გზავნილი იქნება?

რუსეთისთვის, თუკი გეოპოლიტიკურად შევხედავთ, „მეორე არა“ – შეიძლება არასწორად იქნეს აღქმული და, სამწუხაროდ, ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს. 2008 წელს ნატოს გაფართოებამ და მაპის არმოცემამ საქართველოსთვის, რუსეთს გაუგზავნა მესიჯი, რომ ნატო თვალს ხუჭავს ამ რეგიონზე და მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, კარტბლანში აქვს და შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს. სამწუხაროდ, მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას 2008 წლის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის რუსეთი, ვინ არის რუსეთი, რა შეუძლია რუსეთს და რა განზრახვები აქვს. ასევე, ისიც კარგად იცის, რომ დღეს ის არ არის იმ ფორმაში, რომ ეცადოს კიდევ უფრო გაზარდოს ზეგავლენა საქართველოზე.

რა თქმა უნდა, სიგნალის თვალსაზრისით ეს იქნება არასწორი, ცუდი გზავნილი, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთს შეიძლება აღარ შეეძლოს კუდის მოქნევა, იმიტომ, რომ ის ბოლომდეა ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში.

  • საქართველოში დღემდე მტკივნეულად განიცდიან, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დანარჩენმა სამყარომ რუსეთთან გააგრძელა ჩვეულებრივი ურთიერთობა. უკრაინის ომის შემდეგ ვითარება, ცხადია, შეიცვალა, მაგრამ სკეპტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ საქართველო შეიძლება ისევ რუსეთის პირისპირ დარჩეს მარტო და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდეს. ეს საფრთხე რამდენად რეალურია და თუ რეალურია, მოახდენს გავლენას ევროკავშირზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს? – კანდიდატის სტატუსს ვგულისხმობ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ სრულად ვიქნებით დაცული რუსეთის გავლენისგან. ეს ასე არ არის. ამას დასჭირდება ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ყურადღების მიქცევა და აქტიურობა, რომ რუსეთის გავლენები საქართველოში არ გაიზარდოს. კანდიდატის სტატუსი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადის რუსული ორბიტიდან.

ჩვენ გვაქვს ამის არც თუ ისე სასიამოვნო მაგალითები იგივე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ბუნებრივია, ანალოგიური არ არის სიტუაცია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები საქართველოსგან განსხვავდებიან, მაგრამ ის, რომ მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს და ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ თავის გავლენას, ეს ცალსახაა და ერთმნიშვნელოვანი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც კი, არავინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვწყდებით რუსეთის გავლენებს – რაც უფრო დავშორდებით რუსეთს და წავალთ ევროკავშირისკენ, რუსეთი უფრო მეტად ეცდება იაქტიუროს საქართველოში და ამიტომ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მოგვიწევს.

მე ვერ გავიზიარებ, რომ კანდიდატის სტატუსი ეს არის ქოლგა, რომელიც გადაეფარება საქართველოს და ამით რუსული გავლენები შემცირდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. არ მინდა,  ამის ილუზია გვქონდეს.

პირიქით, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მუშაობა იმაზე, რომ ეს გავლენები გამოვავლინოთ საქართველოში.

რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია.

ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით.

ევროპის სკოლების საერთაშორისო კვლევის,  ESPAD-ის მონაცემებით, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა, მოსწავლეების 73% აღნიშნავდა, სულ ცოტა ერთხელ მაინც დაულევია ენერგეტიკული სასმელი; ამავე დროს, ბიჭები (81%) უფრო ხშირად მოიხმარდნენ ენერგეტიკულ სასმელებს, ვიდრე გოგონები (63%).

უფრო მეტიც, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეები და ახალგაზრდები ენერგეტიკულ სასმელებს იღებენ ალკოჰოლთან ერთად კომბინაციაშიც, რაც ასევე ძალიან საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის.

ენერგეტიკული სასმელების რეკლამირება ხდება, როგორც კონცენტრაციის გაზრდისა და დაღლილობის შესამცირებელი საშუალების. ასეთი სასმელები მიეკუთვნება კოფეინის მაღალი შემცველობის სასმელების ჯგუფს, ამასთან ერთად ისინი შეიცავენ დამატებულ შაქრებს, ლეგალურ სტიმულატორებს, მაგალითად, ტაურინს და სხვა დანამატებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC-ის ცნობით, ამ ლეგალურ სტიმულატორებს შეუძლიათ გაზარდონ სიფხიზლე, ყურადღება, ენერგია, თუმცა ამავე დროს გაზარდონ არტერიული წნევა, გაახშირონ გულისცემა და სუნთქვა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე განმარტავს, თუ რატომ არის ენერგეტიკული სასმელების მოხმარება, განსაკუთრებით კი ხშირი მოხმარება, საზიანო ბავშვის ორგანიზმისთვის:

„ცნობილია, რომ ეს სასმელები კომპონენტებად შეიცავენ კოფეინსა და შაქარს, რაც მიღების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას,  გაღიზიანებას, შეიძლება გამოიწვიოს არამოტივირებული ქცევები; იწვევს გულის კუნთის შეკუმშვის გახშირებას, და ბუნებრივია, თუ ბავშვი ძალიან ხშირად და დიდი რაოდენობით იღებს ენერგეტიკულ სასმელებს, შეიძლება რაღაც პრობლემები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივაც გამოიწვიოს“ – ამბობს ექიმი. 

თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციაზეც მოქმედებს ცუდად, „შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება იმის გამო, რომ იწვევს კუჭის სეკრეციის მომატებას და შეიძლება ამით გამოიწვიოს გაღიზიანების სინდრომი”.

CDC: ენერგეტიკული სასმელები შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით შაქარს, ზოგჯერ 27 ჩაის კოვზს ერთ ქილაში.

თეონა გოგიტიძის განმარტებით, იმის გამო, რომ ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი დიდი რაოდენობით შაქრის შემცველია, იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ვისაც აქვთ ჭარბი წონისკენ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისკენ მიდრეკილება, „ენერგეტიკულმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის მატება სისხლში და ნივთიერებათა ცვლის შემდგომი დარღვევები“. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ასევე წერს, რომ კოფეინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვთა სისტემის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა: გულის რითმის დარღვევა, გულისცემისა და არტერიული წნევის მატება.

CDC: მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების პოტენციური საფრთხეები მოიცავს: დეჰიდრატაციას (არასაკმარისი წყალი ორგანიზმში); გულის გართულებებს (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის უკმარისობა); შფოთვას (ნერვიულობა და მოუსვენრობა) და უძილობას.

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის.

„მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე.

ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რამდენიმე თვეში, რაც დარჩა, გაფართოებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნებამდე და წლის ბოლომდე მიღწეული იყოს მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით. ასევე, ის, რომ საქართველოდან მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ.

ახლა არის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო მომენტი იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი და ყველამ – მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ – შეიტანოს წვლილი ამაში, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო მიაღწევს ამ პროგრესს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობა და მე, როგორც ელჩი საქართველოში, ვაკეთებთ ყველაფერს,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მაგალითად, ერთერთი პირობაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება. მიიჩნევა თუ არა ეს პირობა შესრულებულად იმ სკანდალური კენჭისყრის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოახერხა 3 წევრის არჩევა? – ვკითხეთ ამ თემაზე საუბრის დროს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის.

სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ოქტომბერში კომისია გამოსცემს პირველ ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს რეკომენდაციებს შემდეგ ნაბიჯებთან მიმართებით.

ამიტომაც, ძალიან ვთხოვ ყველას: პოლიტიკურ ელიტებს, რომ გონივრულად გამოიყენონ დრო და შესაძლებლობა მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად მაშინ, როდესაც უფრო ვუახლოვდებით საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს.

ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან, ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი

დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით 200-დან 1100 მეტრამდე დაწინაურდნენ – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარზე დაყრდნობით.

მალიარი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის რეგულარული არმია აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, „ვაგნერი“ კი ფრონტის ზურში რჩება, ზოგ ადგილას.

დღეს, 7 ივნისს, დილით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბახმუტის მიმართულებით გასული დღის განმავლობაში რუსეთი აწარმოებდა შეტევითი ოპერაციებს კლეშჩეევკას მიმართულებით, მაგრამ ეს არ იყო წარმატებული ოპერაცია.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

„თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.

რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები.

გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით.

თბილისის, აჭარისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება, მიმართვების საფუძველზე, 6 ივნისს დაიწყო.

_________________

განახლებული ინფორმაცია

პროკურატურის ინფორმაციით, შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა  შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.

„დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.

_________________

ამ თემაზე:

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

 

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება – სამინისტრო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, დაიწყება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია იწარმოებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – registration.emis.ge.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია წარდგენის ვადა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იქნება.

„დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე  გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება დღეს ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 7 ივნისს, 16:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის #1 კორპუსს და აღმაშენებლის ქუჩის #127 გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 7 ივნისის დღის ბოლომდე.

ასევე დღეს, 7 ივნისის 14:00 საათიდან ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის ქუჩის 121 ნომერს. გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს, 16:00 სთ-დან და სრულად აღდგება 7 ივნისის დღის ბოლომდე.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 212 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 3 873 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 7 560 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 3 640 ერთეული [+37]
  • MLRS – 594 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 352 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 219 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 349 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 492 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 438 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 527 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 119 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 034 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 771 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი

„რეტროს“ მფლობელი გირაოთი გაათავისუფლეს – „ხმამაღალი ტონისთვის ბოდიშს ვითხოვ”

„ხელით შევეცადე გამეყვანა გარეთ… შემდეგ დამესია რამდენიმე სხვა პიროვნება, პატიებას ვითხოვ…”,- მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ბრალდებულმა თეიმურაზ ვარშანიძემ. იგი დღეს, 6 ივნისს, სასამართლომ 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

თეიმურაზ ვარშანიძე რესტორან „რეტროს“ მესაკუთრეა. მას გამოძიება მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება.

თეიმურაზ ვარშანიძე 5 ივნისს დააკავეს.

თეიმურაზ ვარშანიძე მაშინვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, როგორც კი გირაოს გადაიხდის. ამასთან, მას აუკრძალეს დაზარალებულ პირთან კომუნიკაცია.

„ერთ საათში გადავიხდით“ – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, ვიდრე სასამართლოს სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილის ხმა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება თავად პროკურორმა მოითხოვა. მან გირაოს ოდენობაც დაასახელა – 5 ათასი ლარი.

პროკურორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებული ნასამართლევია, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის.

„აუცილებელია, გამოყენებულ იქნეს ქცევის შემზღუდავი ღონისძიება,“- აღნიშნა პროკურორმა. პროკურატურა ძირითადად აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ჩვენება მიცემული აქვს უკვე… ნასამართლობა მოხსნილი აქვს,“- ამ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, როგორც კი დაიბარეს.

ბრალდებული გემის კაპიტანია.

„გთხოვთ, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ და მაქსიმუმ ერთ საათში უზრუნველვყოფთ გირაოს გადახდას,“ – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მოსამართლეს მიმართა ბრალდებულმაც:

„ბოდიში მინდა მოვუხადო მთელ საზოგადოებას, ძალიან განვიცდი ამ ამბავს… არასდროს ხელი არ დამირტყამს არავისთვის… თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ,“ – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

„თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევთ, პატიებას  რისთვის ითხოვთ?“- მიუბრუნდა ბრალდებულს მოსამართლე.

„ხმამაღალი ტონით რომ ვილაპარაკე… აღელვების ნიადაგზე მოხდა ეს,“- დასძინა ბრალდებულმა.

ამ თემაზე:

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული  პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში  დამატებით 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად.

სკოლები შეირჩევა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 საჯარო სკოლა.

შერჩეული სკოლის  ბაზაზე შეიქმნება  ან/და  გაძლიერდება  მოქმედი  სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრი მოსწავლეები და პედაგოგები ერთი წლის  განმავლობაში ორგანიზაციიდან მიიღებენ სხვადასხვა ფინანსურ მხარდაჭერას თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

კლუბის წევრებს ასევე ჩაუტარდებათ 3-თვიანი ონლაინსწავლება სხვადასხვა თემასა და  საკითხზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან მიმართულებებსა და მედიამასალების მომზადებაზე, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებისთვის.

პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია:

[checklist]

  • თითოეული შერჩეული სკოლისთვის 250$-ის ღირებულების საკანცელარიო ნივთების შეძენა და საჩუქრად გადაცემა
  • სკოლის წარმომადგენლების მიერ შერჩეულ თემებზე  მოწვეული  მომხსენებლების  მონაწილეობით  საჯარო დისკუსიის ჩატარება (ბიუჯეტი 170$)
  • საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება (ბიუჯეტი 200$)

[/checklist]

  • დაინტერესების შემთხვევაში: 2023  წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსოთ სპეციალური კითხვარი, რომლის შევსება შეუძლია სკოლის  დირექტორს ან სამოქალაქო განათლების  პედაგოგს

კითხვარის შესავსებად გადადით ამ ბმულზე

შემდეგ ეტაპზე, ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, შეირჩევა 10 გამარჯვებული სკოლა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 2022-2023 წლის განმავლობაში უკვე გააძლიერა 10 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი.

გაითვალისწინეთ, რომ მსგავს სარგებელს მომავალში 10 სხვა სკოლა მიიღებს. ანუ ამჯერად კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ის სკოლები, რომლებიც პროექტში 2022-2023 წლებში მონაწილეობდნენ.


 

ევაკუაციის პარალელურად რუსეთი ხერსონს ბომბავს – უკრაინის შს სამინისტრო

6 ივნისს, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს.

სანამ ხერსონის ოლქის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„სანამ გადარჩენას ვცდილობთ, რუსები ხერსონის დაბომბვას აგრძელებენ… გამოცხადებულია ევაკუაცია, ხალხის გაყვანა ხდება, რუსები კი არტილერიით გვესვრიან“, –  წერს სამინისტრო ტელეგრამზე.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად ხერსონში ორმა პოლიციელი დაიჭრა ხალხის ევაკუაციის დროს.

ამჟამად პოლიცია და მაშველები პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზეა. საუბარია მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაზე, სოფლებზე: ნიკოლაევკა, ოლგოვკა, ლვოო, ტიაგინკა, პონიატოვკა, ივანოვკა, ტოკარევკა, პრიდნეპროვსკოე, სადოვოე და ნაწილობრივ ქალაქ ხერსონზე.

_____________

ფოტოზე: ხერსონი, 6 ივნისი – ქუჩებში წყალი დადგა. ფოტო: რომან მროჩკო/telegram

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექ კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი ბიძინა მაცაბერიძე გამოვა.

„თიბისიში ამჟამად ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეს არის ძალიან დიდი და ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, მათ შორის ბევრი უცხოელია, რომელიც დისტანციურად მუშაობს ჩვენთან. ამიტომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო თიბისის ტექნოლოგიების გუნდში სამუშაოდ, სადაც შეიძლება დიდ გამოცდილების მიღება პროცესებში უშუალო ჩართულობით თუ მონაწილეობით და პროფესიონალებთან მუშაობით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, ქვეყანაში ვიყოთ გამორჩეული კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“ – ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობა, აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს (თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი), რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს.

იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე. შემდეგ სცენა DevOps-ზე ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას“.

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference.

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა.

გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.

უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

შსს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პირები გამოიკითხებიან როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.

________________

ამ თემაზე:

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

 

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც კომპანიისთვის უკვე გადახდილია 3 287 252 ლარი.

ორივე მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია, საბოლოოდ შპს „ნიკასთან“ სამინისტრომ ხელშეკრულებები შეწყვიტა.

დარჩენილი იყო 681 22 ლარის სამუშაოები, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრო 768 137 ლარით მეტის დახარჯვას გეგმავს, თანაც ტენდერის გარეშე.

შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობისა და ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლის ახალი დამატებითი კორპუსის [სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია] დასრულების სამუშაოებისთვის ჯამში 1 449 356 ლარის გადახდაზე თანხმობისთვის აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სააგენტო სამინისტროს განაცხადს 2023 წლის 7 ივნისამდე განიხილავს.

შუახევის საჯარო სკოლის შენობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება გამოწვეულია ხელშეკრულებების შეწყვეტით. მიმწოდებელმა ვერ დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მას მიეცა რამდენიმე გაფრთხილება, რის შემდეგაც გარკვეული სამუშაოები შეასრულა.

2023 წლის აპრილის თვეში უკვე ცხადი გახდა, რომ მიმწოდებელი ვერც 2023 წლის 15 სექტემბრამდე დაასრულებდა სამუშაოებს, რის გამოც მასთან შეწყდა ხელშეკრულებები.

წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, მიმწოდებელი დაასრულებდა თუ არა სამუშაოებს. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, დაუყოვნებლივ შეწყდა ხელშეკრულებები.“ – აღნიშნულია განაცხადში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ კომპანია „საბოლოოდ“ 2022 წლის 20 აპრილს გააფრთხილა, ხელშეკრულება კი, 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 21 აპრილს შეწყვიტა.

რატომ გაუგრძელა სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულების ვადა მიუხედავად საბოლოო გაფრთხილებისა და რატომ დასჭირდა ხელშეკრულების შეწყვეტას ამდენი დრო? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები სამინისტროდან სტატიის გამოქვეყნებამდე ვერ მივიღეთ.

განახლება: „ბათუმელების“ შეკითხვებზე პასუხები სამინისტროდან 7 ივნისს მოგვწერეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნიდან გამომდინარე, სამინისტრომ მაქსიმალური შესაძლებლობა მისცა კომპანიას დაესრულებინა სამუშაოები და ხელშეკრულების შეწყვეტას განიხილავდა როგორც უკიდურეს საშუალებას“.

რამდენად რაციონალურად დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები, ან პირიქით, ეს იმ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, უნდა ჩატარდეს და რომლის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო ანგარიშწორება.

 

[toggle title=”სამინისტროში გაგზავნილი კითხვებისა და პასუხების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • წარმოადგინა თუ არა კომპანიამ საბოლოო ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ [ფორმა 2] და განხორციელდა თუ არა საბოლოო ანგარიშსწორება?

კომპანიამ წარმოადგინა საბოლოო ინფორმაციები შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც მოწმდება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ. შემდეგ ჩატარდება ექსპერტიზა, რომლის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება.

  • რა თანხა გადაურიცხა სამინისტრომ კომპანიას 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ორივე ტენდერის შემთხვევაში / ან რამდენია გადასარიცხი კომპანიისთვის?

2023 წელს მიმწოდებლისათვის ორივე სკოლის შემთხვევაში რაიმე თანხა არ არის გადარიცხული. საბოლოოდ გადასარიცხი თანხა დადგინდება ექსპერტიზის საფუძველზე.

  • რა ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა კომპანიას ორივე ტენდერის შემთხვევაში [და გადაიხადა თუ არა]?

პირგასამტეხლო ერიცხებოდა კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც გეგმა-გრაფიკის, ისე საბოლოო ვადის გადაცილების გამო, რომლის ოდენობა გაანგარიშდება საბოლოო ანგარიშსწორების დროს და ეცნობება კომპანიას.

  • რა ოდენობის თანხა დაიბრუნა სამინისტრომ [საგარანტიოს ან სხვა საფუძველზე] ორივე ტენდერის შემთხვევაში?

ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში გამოყენებული იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანია, კერძოდ შუახევის სკოლის შემთხვევაში მისი ოდენობა შეადგენდა 108 594 ლარს, ხოლო მახოს სკოლის შემთხვევაში – 82 657 ლარს. ორივე გარანტიის ამოქმედებისა და თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე უკვე მიმართულია გარანტიის გამეციმი ორგანიზაციებისთვის.

გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო საავანსო ანგარიშსწორებებიც. აუთვისებელი თანხების დაბრუნების თაობაზე ასევე იქნება მიმართული გარანტიების გამცემი ორგანიზაციებისთვის მას შემდეგ, რაც დადგინდება შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები.

  • შუახევის სკოლის შემთხვევაში სამინისტრომ კომპანია 2022 წლის 20 აპრილს გააფრთხილა, ხელშეკრულება კი 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 21 აპრილს შეწყვიტა. გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ გაუგრძელა სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულების ვადა, მიუხედავად საბოლოო გაფრთხილებისა და რატომ დასჭირდა ხელშეკრულების შეწყვეტას ამდენი დრო?

კომპანიას რამდენჯერმე მიეცა წერილობითი და ზეპირი გაფრთხილება, რის შემდეგაც მიმწოდებელი განაგრძობდა მშენებლობას. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნიდან გამომდინარე, სამინისტრომ მაქსიმალური შესაძლებლობა მისცა კომპანიას დაესრულებინა სამუშაოები და ხელშეკრულების შეწყვეტას განიხილავდა როგორც უკიდურეს საშუალებას, რომლის აუცილებლობაც დადგა 2023 წლის აპრილში, როდესაც ცხადი გახდა, რომ კომპანია ვეღარ შეძლებდა სამუშაოების დასრულებას.

[/toggle]

 

სოფელ მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსი, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„წარმოდგენილია შუახევის რესურსცენტრის 2023 წლის 21 აპრილის კორესპონდენცია, რომელშიც მითითებულია, რომ სკოლა ფუნქციონირებს ალტერნატიულ ფართობში.

მოსწავლეთა მშობლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ამ გაზაფხულში მაინც, სწრაფი ტემპით გაგრძელდებოდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. სამუშაოები საკმაოდ შეფერხებებით და ხარვეზებით მიმდინარეობს. მშობლები აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თუ არ დასრულდება სამშენებლო სამუშაოები, მოსწავლეებს არ გამოუშვებენ სკოლაში.

ასევე მითითებულია, რომ თითქმის ყოველდღიურად აკვირდებიან სარემონტო სამუშაოებს, სარემონტო სამუშაოების ტემპი და მუშახელთა რაოდენობა ნამდვილად არასაკმარისია. სამუშაოების ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელია პროექტის დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

ახლანდელი არსებული მდგომარეობა თითქმის იგივეა (უმნიშვნელო ცვლილება შეიმჩნევა), რაც იყო რამდენიმე თვის წინ. ამას ემატება ხარვეზების ის რაოდენობაც, რომელიც გამოსასწორებელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ითხოვენ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიება, რათა ახალი 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში არ აღმოვჩნდეთ ზემოთ დასახელებული პრობლემების წინაშე“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთულ ერთ-ერთ დოკუმენტში.

„შესაბამისი ღონისძიება“ სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა აღმოჩნდა.

შუახევის მშენებარე სკოლაში არსებული სიტუაცია ხელშეკრულების შეწყვეტამდე. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„ბათუმელები“ შპს „ნიკასაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამუშაოები დროულად „არასაკმარისი მუშახელის გამო ვერ დაასრულეს“. სხვა კითხვებზე არც კომპანიაში  გვიპასუხეს.

2022 წლის ნოემბერში სამინისტროში გაგზავნილ წერილში კი, კომპანია ვადების დარღვევის სხვა „ობიექტურ გარემოებებსაც“ ასახელებს და სამინისტროს კიდევ ერთხელ სთხოვს სამუშაოების დასრულების თარიღის გადავადებას:

„სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა განპირობებულია ობიექტური გარემოებით, კერძოდ, სამშენებლო მასალების ფასების მკვეთრი ზრდის გამო (სამშენებლო მასალის ფასების ზრდის გამო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი გვაქვს სამინისტროში) შეფერხდა მასალებით მომარაგება, ასევე დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა/ხელოსნების შრომის ანაზღაურება“. 

[toggle title=”კომპანიის წერილის ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„მოგეხსენებათ, რომ შპს „ნიკა“ სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო წესებისა და ნორმების სრული დაცვით, შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა დადასტურებულია შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ და შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ არსებობს.

სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა განპირობებულია ობიექტური გარემოებით, კერძოდ, სამშენებლო მასალების ფასების მკვეთრი ზრდის გამო (სამშენებლო მასალის ფასების ზრდის გამო, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი გვაქვს სამინისტროში) შეფერხდა მასალებით მომარაგება, ასევე დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა/ხელოსნების შრომის ანაზღაურება.

აღნიშნულმა გარემოებამ კომპანია ჩააგდო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, თუმცა მიუხედავად აღნიშნული შემაფერხებელი გარემოებისა, კომპანიის მიერ მოძიებული იქნა შესაბამისი ფინანსური რესურსი, რამაც უნდა უზრუნველყოს დარჩენილი სამუშაოების შესრულება.

მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ მოწოდების ვადასთან ერთად არსებითია სამუშაოების წარმოების ხარისხის დაცვა, რაც ზამთრის პირობებში ვერ მოხერხდება, რადგან გარემო ფაქტორები არ არის ხელსაყრელი სამუშაოების წარმოებისთვის.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გთხოვთ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაგვიწიოთ 2023 წლის 01 მაისამდე, აღნიშნულ ვადაში შპს „ნიკა“ შეძლებს სრულად უზრუნველყოს სამუშაოების დასრულება.

გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება უზრუნველყოთ 2019 წლის 30 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N144 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა და შეწყვიტოთ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პროცედურა“ – აღნიშნულია  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ჯემალ სურმანიძისადმი კომპანია „ნიკასგან“ 2022 წლის 29 ნოემბერს გაგზავნილ წერილში.

[/toggle]

 

სოფელ მახოს საჯარო სკოლის მშენებარე დამატებით კორპუსში არსებული მდგომარეობა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრომ კომპანიას საბოლოო ინფორმაციის [„ფორმა 2“-ის] წარდგენა მოსთხოვა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

კომპანიამ რამდენჯერმე „ფორმა 2“-ის წარმოდგენის გადავადებაც კი ითხოვა, ვინაიდან: „საბოლოო ფორმა N2-ის წარმოდგენა ვერ ხერხდება აღნიშნულ ვადაში, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, აღნიშნული ფორმა N2-ის წარმოსადგენად მოგვცეთ დრო 2023 წლის 26 მაისის ჩათვლით“.

„პასუხად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 მაისი იქნება საბოლოო თარიღი, რომლის ჩათვლითაც, თუ თქვენ მიერ არ იქნება წარმოდგენილი საბოლოო ინფორმაცია (ფორმა 2) შესრულებული სამუშაოების შესახებ, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებს მიენიჭება სტატუსი „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ და შესაბამისად ამის შემდეგ შეუძლებელი გახდება შესაბამისი ტენდერების ველში დოკუმენტაციის ატვირთვა, ასევე, აღარ განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება“ – მისწერეს კომპანიას სამინისტროდან 2023 წლის 22 მაისს.

ამის შემდეგ შესყიდვების პორტალზე დამატებითი დოკუმენტაცია არ ატვირთულა და 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით არც ხელშეკრულებების სტატუსი [„მიმდინარე ხელშეკრულება“] შეცვლილა.

 

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.

სკოპინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. სააგენტოში წარდგენილია ასევე სკოპინგის ანგარიში, რომლის საფუძველზეც გასცემს სააგენტო დასკვნას.

„დუბაის პალმის კუნძულის მსგავსი, ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის“ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით:

  • პროექტის განხორციელება დაგეგმილია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში.
  • საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144.3 ჰექტარი, რომელზედაც მოეწყობა 108.5 ჰექტარი ფართობის ხელოვნური კუნძული.
საპროექტო ტერიტორია ზღვაში / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
  • ხელოვნური კუნძული შედგება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულისგან.
  • გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს ორი დამცავი მოლის [აღმოსავლეთის და დასავლეთის] და ერთი ძირითადი სანაპირო დამცავი მოლის მოწყობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნახევარკუნძულების და კუნძულის ტალღის ზემოქმედებისგან დაცვა.
ხელოვნური კუნძულის გეგმა სკოპინგის განცხადებიდან

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება 108.5 ჰექტარი ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.

ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტში კომპანია ხაზს უსვამს ასევე, რომ „აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მკვეთრად შემცირების ფონზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი.

ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენებენ.

„პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების რისკებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ზღვის ბიოლოგიური გარემოს საბინადრო დაახლოებით 108 ჰა ფართობის ჰაბიტატის მუდმივად დაკარგვა.

მართალია, საპროექტო აკვატორიის გარკვეულ მონაკვეთზე აღინიშნება ფსკერული ნალექების ნავთობის ნახშირწყალბადებით ისტორიული დაბინძურება, მაგრამ აღნიშნული ფართობის ჰაბიტატის დაკარგვა მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს. ზემოქმედების შემცირების მიზნით, გზშ-ს ფაზაზე შემუშავებული იქნება კონკრეტული შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები“ – აღნიშნულია ანგარიშში.

პროექტის მომდევნო ეტაპზეა ასევე დაგეგმილი კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება.

„ამბასადორის“ ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად განიხილებოდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის ტერიტორიის რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, რომელთაგან განსახილველად შერჩეული იქნა სამი ტერიტორია:

• პირველი ვარიანტი – ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორია [ბარცხანისა და თამარის დასახლების მიმდებარე პლაჟების გასწვრივ. სადაც დაგეგმილია კუნძულის მშენებლობა];
• მეორე ვარიანტი იყო – მდ. ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარე საზღაო აკვატორია [გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ];
• ხოლო მესამე ვარიანტი – მწვანე კონცხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო აკვატორია [ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ].

ალტერნატივები ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად [გონიოს, ბარცხანისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ]. კუნძულის მშენებლობისთვის შერჩეულია ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია [ალტერნატივა N1] / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

სააგენტოს ინფორმაციით, „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში 2022 წელს უკვე გამართეს და მშენებლობის კაფსულაც ჩააგდეს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობით დაიწყო, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება [უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის გზშ-ს მომზადების პროცედურა კი, კომპანიამ ახლა დაიწყო, რაც მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია].

ხელოვნური კუნძულის პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. ფაქტობრივად, ეს პლაჟი უკვე აღარც არსებობს – „ამბასადორმა“ ლოდები და სხვა ინერტული მასალა აქ უკვე შეიტანა.

ამავე თემაზე: 

ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ბარცხანის პლაჟიდან სადაც ამბასადორმა ქვები შეიტანა / 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 ივნისს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს.

დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი მოვიდა ამ ფორუმზე. კომპანიებს კი, ჯამში, 1000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი ჰქონდათ.

პირველი ნაცნობი სტუდენტი ბიზნესადმინისტრირების სპეციალობიდან შემხვდა. რომელიღაც სამშენებლო კომპანიის შეთავაზებას საშინლად გაემწარებინა: „ამათ დებილები ვგონივართ“, – მხოლოდ ეს მითხრა და გაბრაზებული დამემშვიდობა.

ნაცნობის მსჯელობას ხომ არ დავჯერდებოდი, პირველად სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან დავჯექი.

„ახლა გვაქვს გარე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია, რომელიც არის სეზონური და ოქტომბრამდე გრძელდება“ – მითხრა „ალიანსის“ წარმომადგენელმა.

„გამოცდილებას არ ვითხოვთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენების ცოდნა – ინგლისურისა და რუსულის იმ დონეზე, რომ ბინის შესახებ პრეზენტაცია წარმართოთ უცხოენოვან კლიენტთან… პრეზენტაციის წარმართვას, ჩვენი გაყიდვების გუნდი შეგასწავლით.

სამუშაო არის კვირაში 6 დღე, 8 საათი – შუადღის 2 საათიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში 1 დღეა დასვენება. 800 ლარი ფიქსირებული თანხა და პლუს ყველა გაყიდულ ბინაზე 100 ლარი ბონუსი“.

ანუ თუ გაყიდი 100 ათას ან 30 ათას-დოლარიან ბინას, ბონუსს მიიღებ 100 ლარს.

არავისთვისაა გაუგონარი სიახლე, რომ „ალიანსი“ ხშირ შემთხვევაში აშენებს ცათამბჯენებს. ძირითადად, ამ ცათამბჯენებში სასტუმრო აპარტამენტებს ყიდის, რომელთა მართვაში თვითონ რჩება. 

სქრინშოტი “Alliance Group”, – ის ოფიციალური ვებგვერდიდან

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – Paragraph Shekvetili-ს წარმომადგენელს მივადექი, რომელმაც შეყოვნების გარეშე მითხრა, ფაქტობრივად, ყველა საოპერაციო დეპარტამენტში გვაქვს ვაკანტური პოზიციებიო.

მაგალითად, თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და სასტუმროს სტუმრების შვილებთან გაატარებთ დროს საბავშვო ცენტრში და საკომუნიკაციო დონეზე იცით უცხო ენები, თქვენი საათობრივი ანაზღაურება 3 ლარი და 55 თეთრი იქნება, საშემოსავლოსა და საპენსიოს დაქვითვის გარეშეო.

„ახლა ამ პოზიციაზე გრაფიკი 9-დან 6-მდეა, მაგრამ იგეგმება, რომ Kids Club-მა 9-დან 9-მდე იმუშაოს. შესაბამისად, თუ მოგიწევთ 12-საათიან ცვლაში მუშაობა, კვირაში სამი დღე დაისვენებთ“, – მითხრა სასტუმროს წარმომადგენელმა.

მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საათობრივი ანაზღაურება 4.26 ლარი აქვთ, გრაფიკი კი, ფაქტობრივად, იგივე.

ამ სასტუმროში არ აქვთ სტუდენტებისთვის ხელსაყრელი ნახევარგანაკვეთიანი ვაკანსიები. გვაქვს უფასო ტრანსპორტირება და კვებაო, მითხრეს ბოლოს.

შემდეგ სასტუმრო Hilton Batumi-ს წარმომადგენელთან გადავინაცვლე.

აბა, როგორ იცი ინგლისური ენაო. ვიცი-მეთქი. რუსულიო?  არა-მეთქი. მინიმალურ დონეზეც არ შეგიძლიათ რუსულად კომუნიკაციაო? არა და არც სურვილი მაქვს, რომ ვიცოდე-მეთქი, დავუზუსტე.

„ეს სფერო სტუმართმოყვარეობისაა და ფიზიკურად, სასტუმროს სფეროში არ განისაზღვრება ვინ რომელი ქვეყნიდანაა. ჩვენთვის სტუმარი არის სტუმარი. თუმცა მე გეთანხმებით, არ მიყვარს და მე თვითონაც არ ვიცი რუსული ენაო“.

დასკვნა – მიმტანად რომ ვიმუშაო, რუსული უეჭველად უნდა ვიცოდე.

მიმტანის ანაზღაურებას დეპარტამენტის ხელმძღვანელი განიხილავს და თქვენივე შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრებაო:

„ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს თავისი სტანდარტები, მომსახურების სფეროში და რაღაც ეტაპები, რომელთა შესწავლა ხდება. ჩვენი სასტუმრო არ ჰგავს ტიპურ რესტორანს, რომელსაც უბრალოდ, ადამიანი სჭირდება, ვისაც კერძი მიაქვს და იღებს მაგიდიდან“.

ვიკითხე, მიზნად რომ დავისახო და ყველაზე კარგი მიმტანი გავხდე თქვენი, ჩემი ხელფასი რამდენი შეიძლება იყოს-მეთქი, რაზეც მიპასუხეს, რომ გააჩნია სასტუმროს იმდროინდელ მდგომარეობას, თუ „რამდენად შეუძლია რაღაც კონკრეტული თანხა გასცეს“.

მეტხანს აღარ დავყოვნებულვარ „ჰილტონის“ წარმომადგენელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის დღის წესრიგი დამსაქმებლების 5 საათამდე გაჩერებას ითვალისწინებდა, უმეტესობა მხოლოდ 1 საათი გაჩერდა. შესაბამისად, უნდა მომესწრო სხვა კომპანიების შემოთავაზებების მოსმენაც.

„აგროჰაბის“ წარმომადგენლების მაგიდა დერეფნის კუთხის ბოლოში იდგა. მათკენ წავედი და გავიგონე, ერთი კომპანიის წარმომადგენელმა როგორ გადასძახა მეორეს – „ვინმე იპოვე?“ „-მგონი ერთი. შენ?“ „-სამი“.

უნივერსიტეტიდან ჩემს მეგობრებზე, ნაცნობ სტუდენტებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო თვეებში განსაკუთრებით ცდილობენ სტუდენტები დასაქმებას. მათ შორის ისინიც, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ქალაქში ბინებსა თუ პროდუქტებზე გაზრდილმა ფასებმა სტუდენტების სოციალური ყოფა კიდევ უფრო გაართულა.

„აგროჰაბის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ ძირითადად მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე აქვთ ვაკანსიები. სტუდენტებისთვის აქვთ ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკიც – „პირველი განაკვეთი დილის ცხრიდან, ოთხის ნახევრამდე, მეორე განაკვეთი კი – ოთხის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში რომელიმე 1  დღე დასვენება,  და 1 დღე დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე განაკვეთით მუშაობა, იმიტომ, რომ ნებისმიერი თანამშრომელი 48 საათს მუშაობს კვირის განმავლობაში“.

სამუშაო საათების მიხედვით, „აგროჰაბში“ დასაქმების მსურველ სტუდენტ მოლარეებს სრულგანაკვეთიანი ყოველდღიური სამუშაო გამოსდით. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიპერმარკეტი კი დასაქმების მსურველებს ანაზღაურებას 650 ლარს სთავაზობს.

„როცა არასწორი ფასის მაჩვენებელი პროდუქცია მიდის [მოლარესთან], სალაროში გატარებისას თუ ამას შეამჩნევენ, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ბონუსი აქვთ 5 ლარი“, – მითხრა „აგროჰაბის“ წარმომადგენელმა და დაამატა, რომ თუ მოლარეს გაყიდული პროდუქტის ჯამურ თანხაზე დანაკლისი აქვს, ამ დანაკლისის დაფარვას კომპანია იღებს საკუთარ თავზე და არ უქვითავს თანამშრომელს ხელფასიდან, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში, დაითვლება საათები და ანაზღაურება 2 პროცენტით იზრდება.

„აგროჰაბის“ წარმომადგენლების თქმით, სტუდენტ თანამშრომლებს სამ თვეში ერთხელ 250 ლარი ერიცხებათ – წლის განმავლობაში 1 000 ლარი გამოდის.

აქ მითხრეს ისიც, რომ მოლაპარაკების საგანი მოლარე-კონსულტანტების ხელფასი ვერ გახდება, რადგან ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული სამუშაო პოზიცია – „აქამდე 550 ლარი იყო, როგორც მოლარის, ასევ კონსულტანტის ხელფასი. ახლა, მაისის თვეში, გაიზარდა“.

იგივე თქვა „შერატონის“ წარმომადგენელმაც – ყველა მიმართულებაზე აქვთ ვაკანსია, როგორც სეზონური, ასევე ხანგრძლივი.

მაგალითად, მიმტანის პოზიციაზე სამი ცვლა აქვთ, 9- საათიანი მცოცავი სამუშაო გრაფიკით. „აქედან ერთი საათი შესვენებისა და კვებისთვისაა გამოყოფილი, რასაც კომპანია უზრუნველყოფს“.

მათ, ვისაც საერთოდ არ აქვთ გამოცდილება, პირველი თვე 700 ლარი ექნებათ ხელფასი, შემდეგ კი 900 ლარამდეო. იგივე ანაზღაურება აქვს მზარეულის დამხმარესაც.

დავინტერესდი, რამდენს სთავაზობს ეს სასტუმრო სხვა პოზიციებზე დასაქმების მსურველებს – მითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ბაზარზე მყოფი ბევრი კონკურენტი კომპანიის გამო.

„ზეგანაკვეთური სამუშაო საათები გროვდება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ცხრილში აისახება, რომელიც ყველა თანამშრომლისთვისაა ხელმისაწვდომი და თუ 8 საათი შედგება, იმ ერთი დღის სანაცვლოდ გაძლევთ დასვენების დღეს“.

„შერატონში“ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ხელფასის სახით არ ანაზღაურებენ.

 


მთავარი ფოტო: BSU/Facebook

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 211 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 3 860 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 7 543 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 3 603 ერთეული [+36]
  • MLRS – 590 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 351 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 299 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 212 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+35]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 332 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 489 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 433 თვითმფრინავი
  • 236 ვერტმფრენი
  • 4 486 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 431 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 114 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 009 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 688 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია წარმატებას აღწევს და სიმაღლეებს იკავებს – მალიარი

ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს

„დაძაბულობა, კამათი, ყვირილი, შეურაცხყოფა ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი რუსეთის მოქალაქე მენეჯერი და მზარეულები აიყვანეს, დაძაბულობამ იმატა.

ამბობდა განვითარება გვინდა, ამიტომ მოვიყვანე ეს ხალხიო“, – გვიყვებიან რესტორან „რეტროს“ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, მიმტანის ცემის ფაქტის შემდეგ სამსახური ყველამ დატოვა მფლობელის ნათესავების გარდა. 

რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

განვითარების სურვილის მოტივით რესტორნის მფლობელს ახალი რუსი მენეჯერი საშა და რუსი მზარეულები აუყვანია: „მოქმედ მზარეულებს დაგვავალეს ასწავლეთო, შემდეგ მათ დაავალეს ჩვენთვის ესწავლებინათ.“

კითხვაზე მაინც რა უნდა ესწავლებინათ? – „რეტროს“ ყოფილი მზარეული ღიმილით გვპასუხობს: „ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება.“

„რეტროს“ თანამშრომლები
„რეტროს“ თანამშრომლები

 

სარესტორნო საქმე „რეტროს“ მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძისთვის ბიზნესის ერთადერთი მიმართულება არ არის. ის ფლობს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრ ეკვატორს“, შპს „ფორტუნა 2010“-ს და ბენზინგასამართ სადგურს ბათუმში, შაფათავას ქუჩაზე.

ამ ყველაფერთან ერთად თეიმურაზ ვარშანიძე აჭარის მთავრობის აიპის – „ბადმინტონის ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტია 2016 წლიდან.

გარდა ამისა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძე და მისი პარტნიორები წელს სასტუმროს გახნას გეგმავენ ქალაქის ცენტრალურ უბანში, გოგებაშვილის #14-ში.

გოგებაშვილის #14-ში ზღვასთან ახლოს მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ეგრეთ წოდებული ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტი ფართობი ბათუმის მერიამ აუქციონის წესით გაყიდა. 

აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იყო. ქონების გაყიდვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შენობაზე დაშენების ნებართვაც გასცა.

ბათუმი, გოგებაშვილის #14

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, შპს „რეტრო“ კაფეს გახსნის მიზნით თეიმურაზ ვარშანიძის ახლობელს [დის ქმარი], გია გოგმაჩაძეს 2010 წელს დაუფუძნებია. თავად ფიქსირდებოდა, როგორც კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. რეალურად კი, სარესტორნო ქსელი „რეტრო“ თეიმურაზ ვარშანიძის საკუთრება იყო და არა გია გოგმაჩაძის.

2019 წელს, ეს დადასტურდა კიდეც, როდესაც თეიმურაზ ვარშანიძემ გადაიფორმა კომპანია – ამ დროიდან ის ფიქსირდება შპს „რეტროს“ როგორც 100 პროცენტის მფლობელად, ასევე კომპანიის დირექტორად.

2016 წელს გია გოგმაჩაძემ შპს „რეტრო 2“,  2017 წელს კი „რეტრო 3“ დააფუძნა. მისი დაფუძნებულია ასევე „რეტრო ჩაის სახლიც“.

შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორის“ ასივე პროცენტიც თეიმურაზ ვარშანიძეს ეკუთვნის, ეს კომპანია მან 2009 წელს დააფუძნა, დირექტორად ამირან მგელაძე ფიქსირდება. კომპანია მეზღვაურებს სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებასა და სერტიფიცირებას სთავაზობს. მომხმარებლების ინფორმაციით, თითოეულ მომსახურებას თავისი ვადა აქვს, ამის მიხედვით განისაზღვრება მომსახურების ღირებულებაც.

შპს „ფორტუნა 2010“ თეიმურაზ ვარშანიძემ 2009 წლის თებერვალში დააფუძნა. იურიდიული მისამართია შავშეთის #29.

2014 წელს თეიმურაზ ვარშანიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ბაკურიანში სტატუსი პრემიერის განკარგულებით შეუცვალეს, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი მიანიჭეს.

 

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

„ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის მეშვეობით, რომელმაც მითხრა, რომ შშმ გოგონებზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მომეკვლია ეს ამბები და ვთხოვე დამხმარებოდა ინფორმაციის შეგროვებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მას დაუკავშირდა შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში.

„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – გვეუბნება დეა.

„ამ ამბების შესახებ გავიგე ერთ-ერთი ბიჭის ინსტაგრამიდან, სადაც ამის შესახებ წერდა და იქვე აქტიურად განიხილავდნენ ამ ვიდეოების ამბავს.

მანამდე ერთ-ერთ გოგონაზე ვეჭვობდი, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ვერ ვადასტურებდი. ამიტომ ამ ბავშვის სტატუსს ყურადღება მივაქციე და მოკვლევა დავიწყე“, – გვეუბნება თათია დათაშვილიც.

მისი თქმით, შშმ გოგონები უცხოდ არ აღიქვამენ მოძალადე პირებს.

„აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი შესაძლოა მათი მშობლების მეგობარია, ამიტომ როცა უფროსი ადამიანი მასთან მიდის და ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს და ეს ნორმალურია, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს სწორია“, – ამბობს თათია დათაშვილი.

„ბათუმელები“ უფლებადამცველების თანდასწრებით ესაუბრა 17 წლის მოზარდსაც, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა გოგონებზე ძალადობის შესახებ.

„მე ამ ვიდეოების შესახებ მითხრა ერთ-ერთმა გოგონამ. როგორც გავიგე, გოგონებს სქესობრივი აქტის დროსაც უღებდნენ ვიდეოებს და შემდეგ ეს კაცები ერთმანეთს უზიარებდნენ ჩათებში.

აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. როგორც მითხრეს, ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში.

ეს ადამიანები არ არიან ამ ბავშვებისთვის უცხო პირები, „წამო წაგიყვან საშაურმეში“, „გაგასეირნებ“, ეუბნებიან. აძლევენ კანფეტებს, სადღაც პატიჟებენ და ისინიც ენდობიან.

ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში“, – გვიყვება 17 წლის მოზარდი.

ინფორმირებული პირების თქმით, ეს პროცესი ახლახან არ დაწყებულა, არსებული ვიდეოები სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაშია გადაღებული.

„ეს არის ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ადრინდელი ვიდეოებიც იქნება და თუკი გამოძიება იქნება სათანადო, ყველაფერი გახდება ნათელი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

როგორც დეა და თათია გვეუბნებიან, გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მინიმუმ 12 კაცია ჩართული, მათგან სამი ბათუმში ცხოვრობს.

როგორც 17 წლის მოზარდი გვეუბნება, ვიდეოგადაღების შესახებ ძალადობის მსხვერპლმა გოგონებმაც იცოდნენ, თუმცა ზოგიერთი პატარა ასაკის გამო ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ზოგიერთი კი შიშის გამო დუმდა.

„რადგან ბრალი ოფიციალურად არ აქვთ წარდგენილი, ძალადობაში ბრალდებული კაცების ვინაობას ჯერ არ ვასაჯაროებთ.  ეს ძალიან მტკივნეული საკითხია.

ბევრი შშმ გოგოა, რომლებმაც არ იციან თავიანთი უფლებები – სამწუხაროდ, ცნობიერების დაბალი დონე აქვთ, რადგან ინფორმაციის მიღების ძალიან მწირი საშუალებები აქვთ. შესაბამისად, უჭირთ იმის გაგება, რა არის ძალადობა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოყენება“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ერთ-ერთ ქალს, რომლის შვილიც 2019 წელს ასევე გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ოჯახი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა როგორც ქალი ამბობს, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მზად არის მისცეს ჩვენება იმ პირის შესახებ, ვინც მის 8 წლის გოგონას სასქესო ორგანოებზე ხელით შეეხო.

„ეს იყო 2019 წლის სექტემბერში, როცა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ამ ადამიანისგან გვქონდა ჩვენ ბინა ნაქირავები და ვიცნობდი მას.

როგორც გავიგე, ეს კაცი ეკონტაქტება ბავშვებს ონლაინში და სექსს სთავაზობს. ისიც მითხრეს, რომ ამ კაცის დანახვაზე ბავშვები ტირიან და მისი ეშინიათ. თუკი დაინტერესდება პროკურატურა, მე მივაწვდი ინფორმაციას“, – გითხრა ქრისტინამ, გოგონას დედამ.

ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე აჭარის პროკურატურაში  განცხადება დღეს, 5 ივნისს, შევიდა, თბილისის პროკურატურამ კი 7 ივნისს დაიბარა მარიამ დევიძე, რომელიც შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

„ამ ვიდეოების არსებობის შესახებ მითხრეს ნაცნობმა შშმ გოგოებმა და როცა ვუთხარი, რომ ვიკვლევდი ამ ამბავს, შემდეგ თვითონ გამომიგზავნეს მტკიცებულებები. პოლიციას უკვე მივმართე, პროკურატურაში კი ოთხშაბათს ვარ დაბარებული“, – გვითხრა მარიამ დევიძემ.

„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

უწყებამ დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში:

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა“ – წერს შრომის ინსპექცია.

მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დღეს, 5 ივნისს დააკავეს.

  • რა ხდება?

3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ თანამშრომელმა გადაიღო. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.

„რეტროს“ თანამშრომლების თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.

კადრების გავრცელების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. მეორე დღესვე დააკავეს „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, „რეტროში“ კი შრომითი ინსპექცია შევიდა.

დღეს, 5 ივნისს, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა.

ამავე თემაზე: 

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია წარმატებას აღწევს და სიმაღლეებს იკავებს – მალიარი

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია ფრონტის გასწვრივ მოძრაობს და წარმატებას აღწევს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია შეიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევასაც, ამიტომ, ზოგიერთ მიმართულებაზე გადავდივართ შეტევაზე.

მათ შორის საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ საკმაოდ ფართო ფრონტზე წინ მივიწევთ. გვაქვს წარმატება, ვიკავებთ დომინანტურ სიმაღლეებს. მტერი თავდაცვაზეა, სურს პოზიციების შენარჩუნება“.

ანა მალიარის თქმით, სწორედ ბახმუტთან დამარცხების გამო რუსები ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

Exit mobile version