მთავარი,სიახლეები

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

06.06.2023 • 2170
ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს.

დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი მოვიდა ამ ფორუმზე. კომპანიებს კი, ჯამში, 1000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი ჰქონდათ.

პირველი ნაცნობი სტუდენტი ბიზნესადმინისტრირების სპეციალობიდან შემხვდა. რომელიღაც სამშენებლო კომპანიის შეთავაზებას საშინლად გაემწარებინა: „ამათ დებილები ვგონივართ“, – მხოლოდ ეს მითხრა და გაბრაზებული დამემშვიდობა.

ნაცნობის მსჯელობას ხომ არ დავჯერდებოდი, პირველად სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან დავჯექი.

„ახლა გვაქვს გარე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია, რომელიც არის სეზონური და ოქტომბრამდე გრძელდება“ – მითხრა „ალიანსის“ წარმომადგენელმა.

„გამოცდილებას არ ვითხოვთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენების ცოდნა – ინგლისურისა და რუსულის იმ დონეზე, რომ ბინის შესახებ პრეზენტაცია წარმართოთ უცხოენოვან კლიენტთან… პრეზენტაციის წარმართვას, ჩვენი გაყიდვების გუნდი შეგასწავლით.

სამუშაო არის კვირაში 6 დღე, 8 საათი – შუადღის 2 საათიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში 1 დღეა დასვენება. 800 ლარი ფიქსირებული თანხა და პლუს ყველა გაყიდულ ბინაზე 100 ლარი ბონუსი“.

ანუ თუ გაყიდი 100 ათას ან 30 ათას-დოლარიან ბინას, ბონუსს მიიღებ 100 ლარს.

არავისთვისაა გაუგონარი სიახლე, რომ „ალიანსი“ ხშირ შემთხვევაში აშენებს ცათამბჯენებს. ძირითადად, ამ ცათამბჯენებში სასტუმრო აპარტამენტებს ყიდის, რომელთა მართვაში თვითონ რჩება. 

სქრინშოტი “Alliance Group”, – ის ოფიციალური ვებგვერდიდან

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – Paragraph Shekvetili-ს წარმომადგენელს მივადექი, რომელმაც შეყოვნების გარეშე მითხრა, ფაქტობრივად, ყველა საოპერაციო დეპარტამენტში გვაქვს ვაკანტური პოზიციებიო.

მაგალითად, თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და სასტუმროს სტუმრების შვილებთან გაატარებთ დროს საბავშვო ცენტრში და საკომუნიკაციო დონეზე იცით უცხო ენები, თქვენი საათობრივი ანაზღაურება 3 ლარი და 55 თეთრი იქნება, საშემოსავლოსა და საპენსიოს დაქვითვის გარეშეო.

„ახლა ამ პოზიციაზე გრაფიკი 9-დან 6-მდეა, მაგრამ იგეგმება, რომ Kids Club-მა 9-დან 9-მდე იმუშაოს. შესაბამისად, თუ მოგიწევთ 12-საათიან ცვლაში მუშაობა, კვირაში სამი დღე დაისვენებთ“, – მითხრა სასტუმროს წარმომადგენელმა.

მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საათობრივი ანაზღაურება 4.26 ლარი აქვთ, გრაფიკი კი, ფაქტობრივად, იგივე.

ამ სასტუმროში არ აქვთ სტუდენტებისთვის ხელსაყრელი ნახევარგანაკვეთიანი ვაკანსიები. გვაქვს უფასო ტრანსპორტირება და კვებაო, მითხრეს ბოლოს.

შემდეგ სასტუმრო Hilton Batumi-ს წარმომადგენელთან გადავინაცვლე.

აბა, როგორ იცი ინგლისური ენაო. ვიცი-მეთქი. რუსულიო?  არა-მეთქი. მინიმალურ დონეზეც არ შეგიძლიათ რუსულად კომუნიკაციაო? არა და არც სურვილი მაქვს, რომ ვიცოდე-მეთქი, დავუზუსტე.

„ეს სფერო სტუმართმოყვარეობისაა და ფიზიკურად, სასტუმროს სფეროში არ განისაზღვრება ვინ რომელი ქვეყნიდანაა. ჩვენთვის სტუმარი არის სტუმარი. თუმცა მე გეთანხმებით, არ მიყვარს და მე თვითონაც არ ვიცი რუსული ენაო“.

დასკვნა – მიმტანად რომ ვიმუშაო, რუსული უეჭველად უნდა ვიცოდე.

მიმტანის ანაზღაურებას დეპარტამენტის ხელმძღვანელი განიხილავს და თქვენივე შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრებაო:

„ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს თავისი სტანდარტები, მომსახურების სფეროში და რაღაც ეტაპები, რომელთა შესწავლა ხდება. ჩვენი სასტუმრო არ ჰგავს ტიპურ რესტორანს, რომელსაც უბრალოდ, ადამიანი სჭირდება, ვისაც კერძი მიაქვს და იღებს მაგიდიდან“.

ვიკითხე, მიზნად რომ დავისახო და ყველაზე კარგი მიმტანი გავხდე თქვენი, ჩემი ხელფასი რამდენი შეიძლება იყოს-მეთქი, რაზეც მიპასუხეს, რომ გააჩნია სასტუმროს იმდროინდელ მდგომარეობას, თუ „რამდენად შეუძლია რაღაც კონკრეტული თანხა გასცეს“.

მეტხანს აღარ დავყოვნებულვარ „ჰილტონის“ წარმომადგენელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის დღის წესრიგი დამსაქმებლების 5 საათამდე გაჩერებას ითვალისწინებდა, უმეტესობა მხოლოდ 1 საათი გაჩერდა. შესაბამისად, უნდა მომესწრო სხვა კომპანიების შემოთავაზებების მოსმენაც.

„აგროჰაბის“ წარმომადგენლების მაგიდა დერეფნის კუთხის ბოლოში იდგა. მათკენ წავედი და გავიგონე, ერთი კომპანიის წარმომადგენელმა როგორ გადასძახა მეორეს – „ვინმე იპოვე?“ „-მგონი ერთი. შენ?“ „-სამი“.

უნივერსიტეტიდან ჩემს მეგობრებზე, ნაცნობ სტუდენტებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო თვეებში განსაკუთრებით ცდილობენ სტუდენტები დასაქმებას. მათ შორის ისინიც, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ქალაქში ბინებსა თუ პროდუქტებზე გაზრდილმა ფასებმა სტუდენტების სოციალური ყოფა კიდევ უფრო გაართულა.

„აგროჰაბის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ ძირითადად მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე აქვთ ვაკანსიები. სტუდენტებისთვის აქვთ ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკიც – „პირველი განაკვეთი დილის ცხრიდან, ოთხის ნახევრამდე, მეორე განაკვეთი კი – ოთხის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში რომელიმე 1  დღე დასვენება,  და 1 დღე დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე განაკვეთით მუშაობა, იმიტომ, რომ ნებისმიერი თანამშრომელი 48 საათს მუშაობს კვირის განმავლობაში“.

სამუშაო საათების მიხედვით, „აგროჰაბში“ დასაქმების მსურველ სტუდენტ მოლარეებს სრულგანაკვეთიანი ყოველდღიური სამუშაო გამოსდით. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიპერმარკეტი კი დასაქმების მსურველებს ანაზღაურებას 650 ლარს სთავაზობს.

„როცა არასწორი ფასის მაჩვენებელი პროდუქცია მიდის [მოლარესთან], სალაროში გატარებისას თუ ამას შეამჩნევენ, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ბონუსი აქვთ 5 ლარი“, – მითხრა „აგროჰაბის“ წარმომადგენელმა და დაამატა, რომ თუ მოლარეს გაყიდული პროდუქტის ჯამურ თანხაზე დანაკლისი აქვს, ამ დანაკლისის დაფარვას კომპანია იღებს საკუთარ თავზე და არ უქვითავს თანამშრომელს ხელფასიდან, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში, დაითვლება საათები და ანაზღაურება 2 პროცენტით იზრდება.

„აგროჰაბის“ წარმომადგენლების თქმით, სტუდენტ თანამშრომლებს სამ თვეში ერთხელ 250 ლარი ერიცხებათ – წლის განმავლობაში 1 000 ლარი გამოდის.

აქ მითხრეს ისიც, რომ მოლაპარაკების საგანი მოლარე-კონსულტანტების ხელფასი ვერ გახდება, რადგან ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული სამუშაო პოზიცია – „აქამდე 550 ლარი იყო, როგორც მოლარის, ასევ კონსულტანტის ხელფასი. ახლა, მაისის თვეში, გაიზარდა“.

იგივე თქვა „შერატონის“ წარმომადგენელმაც – ყველა მიმართულებაზე აქვთ ვაკანსია, როგორც სეზონური, ასევე ხანგრძლივი.

მაგალითად, მიმტანის პოზიციაზე სამი ცვლა აქვთ, 9- საათიანი მცოცავი სამუშაო გრაფიკით. „აქედან ერთი საათი შესვენებისა და კვებისთვისაა გამოყოფილი, რასაც კომპანია უზრუნველყოფს“.

მათ, ვისაც საერთოდ არ აქვთ გამოცდილება, პირველი თვე 700 ლარი ექნებათ ხელფასი, შემდეგ კი 900 ლარამდეო. იგივე ანაზღაურება აქვს მზარეულის დამხმარესაც.

დავინტერესდი, რამდენს სთავაზობს ეს სასტუმრო სხვა პოზიციებზე დასაქმების მსურველებს – მითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ბაზარზე მყოფი ბევრი კონკურენტი კომპანიის გამო.

„ზეგანაკვეთური სამუშაო საათები გროვდება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ცხრილში აისახება, რომელიც ყველა თანამშრომლისთვისაა ხელმისაწვდომი და თუ 8 საათი შედგება, იმ ერთი დღის სანაცვლოდ გაძლევთ დასვენების დღეს“.

„შერატონში“ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ხელფასის სახით არ ანაზღაურებენ.

 


მთავარი ფოტო: BSU/Facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: