მთავარი,სიახლეები

შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

07.06.2023 • 2416
შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

„თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.

რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები.

გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით.

თბილისის, აჭარისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება, მიმართვების საფუძველზე, 6 ივნისს დაიწყო.

_________________

განახლებული ინფორმაცია

პროკურატურის ინფორმაციით, შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა  შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.

„დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.

_________________

ამ თემაზე:

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: