მთავარი,სიახლეები

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

07.06.2023
EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის.

„მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე.

ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რამდენიმე თვეში, რაც დარჩა, გაფართოებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნებამდე და წლის ბოლომდე მიღწეული იყოს მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით. ასევე, ის, რომ საქართველოდან მოდიოდეს კარგი ამბები. ნებისმიერ მოვლენას შეუძლია გადაწონოს: აქეთ ან იქეთ.

ახლა არის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო მომენტი იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი და ყველამ – მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ – შეიტანოს წვლილი ამაში, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო მიაღწევს ამ პროგრესს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობა და მე, როგორც ელჩი საქართველოში, ვაკეთებთ ყველაფერს,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მაგალითად, ერთერთი პირობაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება. მიიჩნევა თუ არა ეს პირობა შესრულებულად იმ სკანდალური კენჭისყრის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოახერხა 3 წევრის არჩევა? – ვკითხეთ ამ თემაზე საუბრის დროს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის.

სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ოქტომბერში კომისია გამოსცემს პირველ ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს რეკომენდაციებს შემდეგ ნაბიჯებთან მიმართებით.

ამიტომაც, ძალიან ვთხოვ ყველას: პოლიტიკურ ელიტებს, რომ გონივრულად გამოიყენონ დრო და შესაძლებლობა მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად მაშინ, როდესაც უფრო ვუახლოვდებით საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს.

ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან, ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: