ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

06.06.2023 • 1303
შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც კომპანიისთვის უკვე გადახდილია 3 287 252 ლარი.

ორივე მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია, საბოლოოდ შპს „ნიკასთან“ სამინისტრომ ხელშეკრულებები შეწყვიტა.

დარჩენილი იყო 681 22 ლარის სამუშაოები, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრო 768 137 ლარით მეტის დახარჯვას გეგმავს, თანაც ტენდერის გარეშე.

შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობისა და ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლის ახალი დამატებითი კორპუსის [სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია] დასრულების სამუშაოებისთვის ჯამში 1 449 356 ლარის გადახდაზე თანხმობისთვის აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სააგენტო სამინისტროს განაცხადს 2023 წლის 7 ივნისამდე განიხილავს.

შუახევის საჯარო სკოლის შენობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება გამოწვეულია ხელშეკრულებების შეწყვეტით. მიმწოდებელმა ვერ დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მას მიეცა რამდენიმე გაფრთხილება, რის შემდეგაც გარკვეული სამუშაოები შეასრულა.

2023 წლის აპრილის თვეში უკვე ცხადი გახდა, რომ მიმწოდებელი ვერც 2023 წლის 15 სექტემბრამდე დაასრულებდა სამუშაოებს, რის გამოც მასთან შეწყდა ხელშეკრულებები.

წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, მიმწოდებელი დაასრულებდა თუ არა სამუშაოებს. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, დაუყოვნებლივ შეწყდა ხელშეკრულებები.“ – აღნიშნულია განაცხადში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ კომპანია „საბოლოოდ“ 2022 წლის 20 აპრილს გააფრთხილა, ხელშეკრულება კი, 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 21 აპრილს შეწყვიტა.

რატომ გაუგრძელა სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულების ვადა მიუხედავად საბოლოო გაფრთხილებისა და რატომ დასჭირდა ხელშეკრულების შეწყვეტას ამდენი დრო? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები სამინისტროდან სტატიის გამოქვეყნებამდე ვერ მივიღეთ.

განახლება: „ბათუმელების“ შეკითხვებზე პასუხები სამინისტროდან 7 ივნისს მოგვწერეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნიდან გამომდინარე, სამინისტრომ მაქსიმალური შესაძლებლობა მისცა კომპანიას დაესრულებინა სამუშაოები და ხელშეკრულების შეწყვეტას განიხილავდა როგორც უკიდურეს საშუალებას“.

რამდენად რაციონალურად დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები, ან პირიქით, ეს იმ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, უნდა ჩატარდეს და რომლის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო ანგარიშწორება.

 

 

სოფელ მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსი, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„წარმოდგენილია შუახევის რესურსცენტრის 2023 წლის 21 აპრილის კორესპონდენცია, რომელშიც მითითებულია, რომ სკოლა ფუნქციონირებს ალტერნატიულ ფართობში.

მოსწავლეთა მშობლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ამ გაზაფხულში მაინც, სწრაფი ტემპით გაგრძელდებოდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. სამუშაოები საკმაოდ შეფერხებებით და ხარვეზებით მიმდინარეობს. მშობლები აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თუ არ დასრულდება სამშენებლო სამუშაოები, მოსწავლეებს არ გამოუშვებენ სკოლაში.

ასევე მითითებულია, რომ თითქმის ყოველდღიურად აკვირდებიან სარემონტო სამუშაოებს, სარემონტო სამუშაოების ტემპი და მუშახელთა რაოდენობა ნამდვილად არასაკმარისია. სამუშაოების ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელია პროექტის დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

ახლანდელი არსებული მდგომარეობა თითქმის იგივეა (უმნიშვნელო ცვლილება შეიმჩნევა), რაც იყო რამდენიმე თვის წინ. ამას ემატება ხარვეზების ის რაოდენობაც, რომელიც გამოსასწორებელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ითხოვენ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიება, რათა ახალი 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში არ აღმოვჩნდეთ ზემოთ დასახელებული პრობლემების წინაშე“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთულ ერთ-ერთ დოკუმენტში.

„შესაბამისი ღონისძიება“ სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა აღმოჩნდა.

შუახევის მშენებარე სკოლაში არსებული სიტუაცია ხელშეკრულების შეწყვეტამდე. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

„ბათუმელები“ შპს „ნიკასაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამუშაოები დროულად „არასაკმარისი მუშახელის გამო ვერ დაასრულეს“. სხვა კითხვებზე არც კომპანიაში  გვიპასუხეს.

2022 წლის ნოემბერში სამინისტროში გაგზავნილ წერილში კი, კომპანია ვადების დარღვევის სხვა „ობიექტურ გარემოებებსაც“ ასახელებს და სამინისტროს კიდევ ერთხელ სთხოვს სამუშაოების დასრულების თარიღის გადავადებას:

„სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა განპირობებულია ობიექტური გარემოებით, კერძოდ, სამშენებლო მასალების ფასების მკვეთრი ზრდის გამო (სამშენებლო მასალის ფასების ზრდის გამო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი გვაქვს სამინისტროში) შეფერხდა მასალებით მომარაგება, ასევე დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა/ხელოსნების შრომის ანაზღაურება“. 

 

სოფელ მახოს საჯარო სკოლის მშენებარე დამატებით კორპუსში არსებული მდგომარეობა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს. ფოტო შესყიდვების პორტალიდან

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამინისტრომ კომპანიას საბოლოო ინფორმაციის [„ფორმა 2“-ის] წარდგენა მოსთხოვა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

კომპანიამ რამდენჯერმე „ფორმა 2“-ის წარმოდგენის გადავადებაც კი ითხოვა, ვინაიდან: „საბოლოო ფორმა N2-ის წარმოდგენა ვერ ხერხდება აღნიშნულ ვადაში, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, აღნიშნული ფორმა N2-ის წარმოსადგენად მოგვცეთ დრო 2023 წლის 26 მაისის ჩათვლით“.

„პასუხად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 მაისი იქნება საბოლოო თარიღი, რომლის ჩათვლითაც, თუ თქვენ მიერ არ იქნება წარმოდგენილი საბოლოო ინფორმაცია (ფორმა 2) შესრულებული სამუშაოების შესახებ, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებს მიენიჭება სტატუსი „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ და შესაბამისად ამის შემდეგ შეუძლებელი გახდება შესაბამისი ტენდერების ველში დოკუმენტაციის ატვირთვა, ასევე, აღარ განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება“ – მისწერეს კომპანიას სამინისტროდან 2023 წლის 22 მაისს.

ამის შემდეგ შესყიდვების პორტალზე დამატებითი დოკუმენტაცია არ ატვირთულა და 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით არც ხელშეკრულებების სტატუსი [„მიმდინარე ხელშეკრულება“] შეცვლილა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: