მთავარი,სიახლეები

„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია

05.06.2023
„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

უწყებამ დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში:

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა“ – წერს შრომის ინსპექცია.

მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დღეს, 5 ივნისს დააკავეს.

  • რა ხდება?

3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ თანამშრომელმა გადაიღო. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.

„რეტროს“ თანამშრომლების თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.

კადრების გავრცელების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. მეორე დღესვე დააკავეს „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, „რეტროში“ კი შრომითი ინსპექცია შევიდა.

დღეს, 5 ივნისს, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა.

ამავე თემაზე: 

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: