ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

06.06.2023 • 6642
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.

სკოპინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. სააგენტოში წარდგენილია ასევე სკოპინგის ანგარიში, რომლის საფუძველზეც გასცემს სააგენტო დასკვნას.

„დუბაის პალმის კუნძულის მსგავსი, ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის“ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით:

  • პროექტის განხორციელება დაგეგმილია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში.
  • საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144.3 ჰექტარი, რომელზედაც მოეწყობა 108.5 ჰექტარი ფართობის ხელოვნური კუნძული.

საპროექტო ტერიტორია ზღვაში / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

  • ხელოვნური კუნძული შედგება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულისგან.
  • გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს ორი დამცავი მოლის [აღმოსავლეთის და დასავლეთის] და ერთი ძირითადი სანაპირო დამცავი მოლის მოწყობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნახევარკუნძულების და კუნძულის ტალღის ზემოქმედებისგან დაცვა.

ხელოვნური კუნძულის გეგმა სკოპინგის განცხადებიდან

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება 108.5 ჰექტარი ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.

ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტში კომპანია ხაზს უსვამს ასევე, რომ „აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მკვეთრად შემცირების ფონზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი.

ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენებენ.

„პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების რისკებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ზღვის ბიოლოგიური გარემოს საბინადრო დაახლოებით 108 ჰა ფართობის ჰაბიტატის მუდმივად დაკარგვა.

მართალია, საპროექტო აკვატორიის გარკვეულ მონაკვეთზე აღინიშნება ფსკერული ნალექების ნავთობის ნახშირწყალბადებით ისტორიული დაბინძურება, მაგრამ აღნიშნული ფართობის ჰაბიტატის დაკარგვა მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს. ზემოქმედების შემცირების მიზნით, გზშ-ს ფაზაზე შემუშავებული იქნება კონკრეტული შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები“ – აღნიშნულია ანგარიშში.

პროექტის მომდევნო ეტაპზეა ასევე დაგეგმილი კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება.

„ამბასადორის“ ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად განიხილებოდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის ტერიტორიის რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, რომელთაგან განსახილველად შერჩეული იქნა სამი ტერიტორია:

• პირველი ვარიანტი – ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორია [ბარცხანისა და თამარის დასახლების მიმდებარე პლაჟების გასწვრივ. სადაც დაგეგმილია კუნძულის მშენებლობა];
• მეორე ვარიანტი იყო – მდ. ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარე საზღაო აკვატორია [გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ];
• ხოლო მესამე ვარიანტი – მწვანე კონცხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო აკვატორია [ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ].

ალტერნატივები ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად [გონიოს, ბარცხანისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ]. კუნძულის მშენებლობისთვის შერჩეულია ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია [ალტერნატივა N1] / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

სააგენტოს ინფორმაციით, „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში 2022 წელს უკვე გამართეს და მშენებლობის კაფსულაც ჩააგდეს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობით დაიწყო, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება [უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის გზშ-ს მომზადების პროცედურა კი, კომპანიამ ახლა დაიწყო, რაც მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია].

ხელოვნური კუნძულის პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. ფაქტობრივად, ეს პლაჟი უკვე აღარც არსებობს – „ამბასადორმა“ ლოდები და სხვა ინერტული მასალა აქ უკვე შეიტანა.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/462589/

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ბარცხანის პლაჟიდან სადაც ამბასადორმა ქვები შეიტანა / 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: