ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად:

800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების სახელობის ტაძრისა და მონასტრისათვის;

250 კვ.მ. – სოფელ ქობულეთის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრისათვის;

800 კვ.მ. – სოფელ აჭყვისთავის აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისათვის;

1200 კვ.მ. – ბათუმის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრისათვის;

250 კვ.მ. – განთიადის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრისათვის.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეკლესია/მონასტრების ეზოებისთვის მეორადი ქვაფენილის გადაცემაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის წერილი ბათუმის მერიაში 2026 წლის 10 მარტს შევიდა.

„მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არაა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადასცეს უშუალოდ ეკლესია/მონასტრებსა და გიმნაზიას.

ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში მუდმივ სარგებლობაში გადასცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“…

შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოთხოვნილი მეორადი ქვაფენილები [3300,00 კვ.მ.] ეკლესია/მონატრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“. – წერია განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულებისაა საპატრიარქოსთვის მუდმივ სარგებლობაში გადასაცემი ქონება. თუმცა, 3 წლის წინანდელი ფასი რომ ავიღოთ, ამ ქონების ღირებულება მინიმუმ 132 ათასი ლარია. საქმე იმაშია, რომ სამი წლის წინ მერიას 1 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი 40 ლარად ჰქონდა შეფასებული.

უცნობია, მერია საპატრიარქოს ქვაფენილს საკრებულოს მიერ საკითხის განხილვის შემდეგ გადასცემს, თუ უკვე გადასცა, რადგან, მაგალითად, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მერიამ ქვაფენილი ჯერ აყარა და შემდეგ შეუთანხმა ეს საკითხი საკრებულოს.

ამ თემაზე ვრცლად: უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

შესაბამისად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია საპატრიარქოს ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

 

„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის

თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს.

7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის შეძენას ვერ ახერხებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო კი არ რეაგირებს. დუმს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც. უფრო მეტიც, მშობლებს, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენ წამალს ითხოვენ, პროტესტს უზღუდავენ. „ხმა არ ამოიღოთო, გვითხრა მინისტრმა“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მშობლები, რომლებიც 24-საათიანი პროტესტის რეჟიმზე გადავიდნენ, არ აძლევენ მთავრობის კანცელარიასთან კარვების დადგმის უფლებას. „ტურისტები შეწუხდებიან და ვერ დადგამთო. სკამზე დავჯდები და ისე გავათენებ ღამეებს ჩემს შვილისთვის“ – ამბობს თამარ კოხოძე.

თამარ კოხოძე

თამარი ოჯახთან ერთად 2023 წელს საფრანგეთში წავიდა, რომ შვილისთვის ემკურნალა. თუმცა, როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, უკან დაბრუნება მოუხდათ, რადგან საფრანგეთში წამლის დაფინანსება უარი უთხრეს.

„ნეკერის კლინიკაში ვიყავით, სადაც იშვიათ დაავადებებზე მუშაობენ. 8 თვის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ სამწუხაროდ ვერ მოგცემთ ამ მედიკამენტს, რადგან ძალიან ძვირია და ის მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებისთვის გვაქვსო.

წადით, მოთხოვეთ თქვენს ქვეყანას, რადგან გადავხედეთ თქვენი ქვეყნის მონაცემებს და აქვს თქვენს ქვეყანას რესურსი, რომ აიღოთ ეს მედიკამენტიო. დავბრუნდით და უკვე წელიწადნახევარია ბრძოლის რეჟიმში ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ არის მთავრობის მხრიდან.

ძალიან უხეშად გვექცევიან. ახლა პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, დაფიქრდნენ მშობლები რა წამალს ითხოვენო, თითქოს ჩვენ არ გვქონდეს გააზრებული რას ვითხოვთ და არ ვიცოდეთ, რომ ეს წამალი უკეთეს მდგომარეობას მოუტანს ჩვენს შვილებს.

1%-ი უკუჩვენება ნებისმიერ წამალს აქვს. სიცხის დამწევსაც აქვს უკუჩვენება. კოვიდი რომ იყო, იმ ვაქცინას არ ჰქონდა უკუჩვენება? ხომ შემოიტანეს.

დღეს რასაც იღებენ ჩვენი შვილები, თუნდაც იმ ჰორმონს, გაცილებით მეტი აქვს უკუჩვენება, ვიდრე იმ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც ვითხოვთ.

ან საერთოდ რა მოსატანია უკუჩვენება, როცა ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი. საქართველოს მოქალაქეები იღებენ ამ მედიკამენტებს საზღვარგარეთ და აქვთ ძალიან კარგი შედეგი. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ამერიკაში წაიყვანეს მშობელმა, ახლა დამოუკიდებლად დადის. ფულის დახარჯვა და ჩვენი შვილების გადარჩენა ან სიცოცხლის გახანგრძლივება არ უნდათ, ეს არის უბრალოდ მიზეზი“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მისი თქმით, თუ ბავშვებს ადრეულ ეტაპზე დაეხმარებიან, მათი მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება. დაავადება არ პროგრესირებს, ეტლში მყოფ ადამიანებს კი სიცოცხლეს უხანგრძლივებს ეს წამალი.

„ხომ იძახიან ევროპას ვუსწრებთ ეკონომიკით, ვვითარდებითო, მაშინ მოგვხედონ და შემოიტანონ წამალი ჩვენი შვილებისთვის.

გაბრიელს უკვე უჭირს გადაადგილება, ფეხების ტკივილი აქვს. თანატოლმა რომ ხელი ჰკრას, შეიძლება დიდი ტრავმა მიიღოს. ამის გამო სკოლაში ვერ დაგვყავს, საზოგადოებაში ვერ გაგვყავს, ვერ ადაპტირდება.

სახელმწიფო ვალდებულია მიხედოს ნებისმიერ მოქალაქეს, ჯანდაცვის მინისტრმა კი ის გვითხრა, თქვენ რომ დაგეხმაროთ, სხვაც მოითხოვს მერე წამალსო. ემპათიისგან და ადამიანობისგან რომ საერთოდ შორსაა ეს მთავრობა ვხედავთ, მაგრამ ისიც კი გვითხრეს, არც კი გაბედოთ ხმის ამოღება, ჩუმად იყავით მშობლები, ნუ ხმაურობთო. ჩვენ, განწირულ დედებს არ გვაინტერესებს წამალი ძვირია თუ არა“-ამბობს თამარ კოხოძე.

მისი თქმით, სამინისტროს არც წამლის შემოტანა უნდა ბავშვებისთვის და არც იმ გეგმიური კვლევების დაფინანსება, რომელიც აუცილებელია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის.

„მულტიდისციპლინური გუნდიც კი არ ჩამოუყალიბებიათ ამ ბავშვებისთვის. წელიწადში ორჯერ კვლევები სჭირდებათ, პათოლოგიები, რომ არ გამოგვეპაროს. კუნთი ყოველდღე იცვლება და იშლება, ამიტომ აუცილებელია ეს კვლევები. თითო ჩამოსვლა თბილისში 2000 ლარი მიჯდება, ყველას ხომ არ აქვს ამის საშუალება?

ამასაც კი არ გვპირდებიან, რომ გაგვიკეთებენ. არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან. თან უნდა გაჩუმდე თურმე“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მშობლების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან ერთი კვირაა მიმდინარეობს და გრძელდება დღესაც, 20 აპრილს.

„პოლიციის კორდონი გვიდგას წინ და იცავენ მთავრობას, ჩვენ არ გვიცავენ. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი“- ამბობს თამარ კოხოძე.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ასამდე ბავშვი და მოზარდია. ბოლო დრომდე არ არსებობდა მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების პროგრესს შეაჩერებდა, ახლა კი საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მედიკამენტი, რომელიც ხელს უშლის დაავადების განვითარებას და დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს.

მშობლები ამბობენ, სანამ მათი შვილები არ მიიღებენ წამალს, პროტესტი არ შეწყდება.

მშობლების პროტესტი:

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა.

შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“. 

შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“].

„მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ როგორ ეშინია სისტემას წესიერების, სიმამაცის და თავისუფლების იდეისადმი ერთგულების.

მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობა გარდამტეხ მომენტად იქცა დამოუკიდებელი ქართული მედიისთვისაც. მის მრავალშრიან გავლენას ერთ-ერთი მედიაკვლევის ავტორებმა „მზიას ეფექტი“ უწოდეს: მზიას პიროვნებამ, მისმა შეუდრეკელმა სიმტკიცემ გატეხა შიში, გამოიწვია უპრეცედენტო სოლიდარობა და შექმნა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში.

ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ეს ერთიანი წინააღმდეგობა, როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, რედაქტორებზე, მედიამენეჯერებზე მზიას საქმის, მისი მაგალითის გავლენის გაერთიანებული შედეგი; როგორ გარდაქმნა მზია ამაღლობელმა გამიზნული „მსუსხავი ეფექტი“ მედიის პროფესიულ და მორალურ ვალდებულად – „იბრძოლო,  სანამ გვიანი არ არის“ – ნათქვამია პრესრელიზში.

მზია ამაღლობელი გამოცემების  – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 15 თვე რჩება უკანონო პატიმრობაში.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს.

„თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს.

ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში.

საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის უნდა ველოდოთ,“ – ამბობს ბიოლოგიის დოქტორი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

ნავთობპროდუქტები შავ ზღვაში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩაიღვარა რუსეთის ქალაქ ანაპასთან. ნავთობით ზღვის დაბინძურების სავარაუდო გამომწვევია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი „სოფია“.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 350 ტონამდე ნედლი ნავთობი მოხვდა შავ ზღვაში.

„ეს ძალიან დიდი, კატასტროფული ოდენობაა, ამხელა ნავთობის ზღვაში მოხვედრა. თანამგზავრული გამოსახულებებით დადგინდა, რომ ანაპის აკვატორიაში მოხდა ჩაღვრა. პირველსავე დღეებში ლაქის ფართობმა მიაღწია 200 კვადრატულ კილომეტრამდე, რაც ძალიან დიდი ფართობია.

შემდგომ დაიწყო ნავთობის ლაქამ გავრცელება. ერთი ნაწილი უტრიშის ნაპირებთან (ანაპის რაიონი) გაირიყა, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.

უტრიში არის ნაკრძალი, დაცული ტერიტორია. გამოირჩევა თავისი უნიკალური მრავალფეროვნებით, მათ შორის ეს ადგილი მნიშვნელოვანია თევზების ბიომრავალფეროვნების და ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. მოკლედ, შავ ზღვაში ერთ-ერთი გამორჩეული ცხელი წერტილია ბიომრავალფეროვნების კუთხით.

იქ ამხელა ოდენობის ნავთობის ჩაღვრა არის ძალიან მძიმე შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.

ანაპის შემდეგ ნავთობის ლაქამ დაიწყო დრეიფი შავი ზღვის აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით.

ეს გარკვეულწილად უჩვეულოა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება შავ ზღვაში გაბატონებული დინება როგორია.

ჩვენთან დინება მოძრაობს აღმოსავლეთ ნახევარში, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგრამ ბოლო პერიოდში დავინახე, რომ დინება უკუღმა იყო შემობრუნებული შავ ზღვაში. ეს ძალიან კარგად ჩანდა ბათუმიდანაც, ბინძური ზღვა მდინარესავით მიედინებოდა უკუმიმართულებით. როგორც ჩანს, ამან გავლენა იქონია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“

19 აპრილის მონაცემებით, ჩაღვრილი ნავთობის ერთი ნაწილი, დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძით და 1.5 კილომეტრი სიგანით, ტუაფსეს [ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში] სანაპიროს მიუახლოვდა.

„დინების და ქარის მეშვეობით მოიწევს აღმოსავლეთით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩაღვრის ადგილიდან ტუაფსემდე 200 კილომეტრზე მეტია.

წარმოიდგინეთ, რომ 200 კილომეტრი ამ ლაქამ აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით უკვე გამოიარა და დარჩა გამოსავლელი კიდევ 100-105 კილომეტრი, რომ მოაღწიოს ჩვენს ნაპირებთან. მე ვგულისხმობ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, აფხაზეთის უბანს.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ იქამდე მოაღწევს, ეს იქნება კატასტროფა მთელი ჩვენი ზღვისპირეთისთვის. სატელიტური ფოტოებით რაც გავთვალეთ, ნავთობის ლაქას ჩვენს სანაპირომდე მოსაღწევად დაახლოებით 10 საათი დასჭირდება, რა თქმა უნდა, თუ ამ მიმართულებით იდრეიფა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძე

ის იმედოვნებს, რომ შავ ზღვაში აღმოსავლეთის დინება ფორმირდება, შედეგად ნავთობის ლაქის ბლოკირება მოხდება და მანამ გაირიყება ნაპირზე, სანამ საქართველოს ტერიტორიას მოაღწევს.

„სავარაუდოდ, გარიყვის ადგილი იქნება სოჭის რაიონი. ყველაფერი ისე რომ დამთავრდეს, რომ ჩვენს ნაპირებს არ შეეხოს, გავლენა შავი ზღვის ეკოსისტემაზე მაინც ძალიან დიდი იქნება, რადგან მნიშვნელოვანი სანაპირო უბანია, გამორჩეული თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ეს სანაპირო უბანი დიდ როლს ასრულებს თევზების მარაგების, მაგალითად, ქაფშიის მარაგის ფორმირებაში.

ეს არის ქაფშიის სამიგრაციო გზა, ზუსტად იმ გზით მოდის ჩვენთან ქაფშია, რა გზაც ნავთობის ლაქამ გამოიარა.

თუმცა ამ გავლენას შესწავლა და სამეცნიერო კვლევები სჭირდება,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს სანაპიროს მოაღწევს ნავთობის ლაქა? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

„ჩვენი სანაპიროს აფხაზეთის უბანი დაახლოებით 200 კილომეტრია. ამის შემდგომ არის უშუალოდ ის უბანი, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. თუ აქეთ წამოიღო, პირველ რიგში შეეხება ანაკლიას. მოგეხსენებათ, ანაკლიიდან 2-3 კილომეტრში სამხრეთით გვაქვს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი, დაცული ტერიტორია. რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით ზუთხისებრი თევზებისთვის, რომლის ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, ასევე შეტანილია მსოფლიო წითელ ნუსხაში.

გარდა ანაკლიის უბნისა, მნიშვნელოვანია ოჩამჩირის და გუდაუთის უბნები, როგორც ზუთხისებრი თევზებისთვის, ისე ზოგადად შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, ხვალ, 21 აპრილს, უფრო ნათელი გახდება, მოაღწევს ნავთობის ლაქა საქართველოს ტერიტორიამდე თუ ვერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვა ნავთობპროდუქტებით ბინძურდება.

__________________________

მთავარი ფოტო: ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ანაპის პლაჟის დასუფთავება

ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს

20 პირი დააჯარიმეს ბათუმის ბულვარში ავტომანქანითა და მიკროავტობუსით გადაადგილების გამო.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულები ბულვარში დაფიქსირებული ავტომანქანების მძღოლები არიან.

მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და 6/2 ნაწილით.

კერძოდ, ასკ-ს 125-ე მუხლის მე-13 ნაწილი გულისხმობს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომის დარღვევას, რაც იწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.

ხოლო 125-ე მუხლის 6/2 ნაწილი, გულისხმობს გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევას. ამ დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ბათუმის ბულვარში 19 აპრილს, დაახლოებით 2:00 საათზე გადაიღო მოქალაქემ.

ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ შესასვლელთანაა გაჩერებული.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

დღეს, 20 აპრილს, განცხადება გაავრცელა „ბათუმის ბულვარმაც“.

„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება.

სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა,“ – განმარტა ბათუმის ბულვარმა.

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე

ამავე თემაზე:

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]

 

ავარია ბათუმში – დაიღუპა 70 წლის კაცი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული პირი დაახლოებით 70 წლის იყო. ის ქვეითად გადაადგილდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი.

საქართველოში ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოდ მაღალია. მაგალითად, გასულ წელს, მარტო 6 თვეში, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.

ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი.

____________

ამ თემაზე:

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს.

2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია:

ჩინეთში – 203.2 მლნ. აშშ დოლარი;
ყირგიზეთში – 190.9 მლნ. აშშ დოლარი;
რუსეთში – 145.5 მლნ. აშშ დოლარი.

აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 364.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 208.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 169.9 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია:

თურქეთიდან – 657.3 მლნ. აშშ დოლარი;
რუსეთიდან – 592.5 მლნ. აშშ დოლარი;
ჩინეთიდან – 487.6 მლნ. აშშ დოლარი.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 338.6 მლნ. აშშ დოლარით [მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 204.1 მლნ. აშშ დოლარით [მთელი იმპორტის 4.9 პროცენტი].

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში გატანილ პროდუქციას შორის ყველაზე მეტი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები და წყალი [მინერალური და მტკნარი], ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმავე პერიოდში შემოტანილი პროდუქციიდან ყველაზე მეტი იყო ნავთობპროდუქტები და ხორბალი:

წყარო: საქსტატი

საქსტატი ცალკე აქვეყნებს მონაცემებს ადგილობრივი ექსპორტის შესახებ [ეს არის ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე].

ამ შემთხვევაში გამოქვეყნებულია მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის, ანუ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები.

ამ მონაცემებით კი, აღნიშნულ ორ თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] 1 მილიარდ 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტის კუთხით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი [143.9 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [84.9 მლნ. აშშ დოლარი] და თურქეთი [76.1 მლნ. აშშ დოლარი].

საქსტატის ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის 2 თვის ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით.

მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით.

____________________

ფოტოზე: რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ლარსი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA//ZURAB KURTSIKIDZE

ამ თემაზე:

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

ბათუმში ორი პირი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი.

დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს”, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმ-ბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტაცია და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ მუშაობენ, „მაქსიმზეც“ და „იანდექსზეც“. თუ ადრე, ვთქვათ, 30 ლარის საწვავი გჭირდებოდა დღეში, ახლა 40-45 ლარის საწვავი გვჭირდება.

2.60 ლარია ერთი მგზავრობა, ამიტომ, ტარიფები ისე უნდა დადგინდეს, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს და კომპანიაც. საწვავი გარბის და რაღაც მისაღებ ტარიფზე უნდა შევჯერდეთ. თუ არა, მაშინ გავჩერდებით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ფეიზიშვილმა.

ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მიმართეს თუ არა კომპანიების წარმომადგენლებს, ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიებს ადგილზე არ აქვთ ოფისები, თუმცა ელექტრონული კომუნიკაციისას დამსაქმებლებისგან პასუხს ვერ იღებენ.

„სმს-ზე პასუხს 24 საათი სჭირდება ხშირ შემთხვევაში. ყველა აპლიკაციას რობოტ-ჩატი აქვს დაყენებული და ეს რობოტი გვწერს. 3-4 კილომეტრზე 2.60 ლარს წერს და აქედან 23,4% მიაქვს კომპანიას და ხშირ შემთხვევაში, ისეთი საკომისიო აქვს, რომ ჩვენც ვერ ვთვლით.

ბათუმის აეროპორტიდან რომ კოპიტნარის აეროპორტში ჩავიდეთ, 30 ლარი გვრჩება. აქ, ძალიან ბევრს, ავტომანქანები სესხით აქვთ ნაყიდი და ზოგიერთი ერთი შემომტანია ოჯახში. 44 შეკვეთაში 180 ლარს რომ აკეთებს, აქედანაც 30% „ბოლტს“ მიაქვს და 100 ლარის საწვავი სჭირდება.

გასაგებია, რომ საწვავი ყველგან გაძვირდა, რადგან მსოფლიოში ომია, მაგრამ ჩვენც არ უნდა დავზარალდეთ“ – ამბობს ბექა ცინცაძე.

ტაქსის მძღოლების თქმით, რადგან კომპანიებთან კომუნიკაციის სხვა ფორმა არ არსებობს, ამიტომ გამართეს აქცია. მათი თქმით, ქვეყანაში ყველაფრის ტარიფი გაიზარდა, ამიტომ ტაქსის მომსახურების ტარიფიც უნდა გაიზარდოს.

_________________

ფოტოზე: კადრები მძღოლების აქციიდან, 2026 წლის 20 აპრილი

ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა.

სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.

ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა.

26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელს ბაქარ ჩიტაიას დაუსვა.

„ბათუმის წყლის მილი დაზიანდა, რომელმაც დააზიანა გზის სავალი ნაწილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბაქარ ჩიტაიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

კითხვაზე, სანამ გზის რეაბილიტაციას დაიწყებდნენ და ასფალტს დააგებდნენ, იქნა თუ არა შესწავლილი 26 მაისის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა და განხორციელდა თუ არა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ბაქარ ჩიტაიამ უპასუხა:

„კომუნიკაციები შეიცვალა, გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა, მაგრამ მოხდა ტექნიკური დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სავალი ნაწილის დაზიანება“.

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში ახლადდაგებული გზა ჩავარდა და მანქანა ჩაიყოლა

26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე წლის 17 მარტამდე ქვაფენილი იყო დაგებული.

ბათუმის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია 18 მარტს დაიწყო.

ქუჩაზე ჯერ ქვაფენილი აყარეს, შემდეგ კი ასფალტი დააგეს.

20 აპრილს კი ახსლდაგებული ასფალტი ჩავარდა. 

26 მაისის ქუჩის ეს მონაკვეთი იმ 15 ქუჩას შორისაა, რომელთა რეაბილიტაციისათვის ბათუმის მერია ჯამურად 5 649 994 ლარს ხარჯავს.

ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი 2009“-სთან მერიამ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 იანვარს გააფორმა.

„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე. კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.

კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.

ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.

ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიით]. ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.

განახლება:

ახალდაგებული ასფალტის ჩავარდნის გამო განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქვის შედეგად დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების შედეგად წყალმომარაგება არ შეზღუდულა.

პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს.

საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.

ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი).

„საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი. ამის გაკეთება სასამართლოს კონვენციის მე-17 მუხლისა და მის მიღმა, სხვა სადავო მუხლების ქვეშ არსებული არგუმენტაციის გათვალისწინებით შეუძლია“ – წერს საია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა, კერძოდ:

  • აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.
  • ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
  • ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
  • მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
  • ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში.

„ის, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც“ – წერს საია და მიუთითებს, რომ დაუსჯელობას ხელს უწყობს გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის:

ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა,  დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება, მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და ა.შ.

საიას ცნობით, გასაჩივრებულია:

ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი);

მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება);

მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში;

მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).

___________________________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში, 2026 წლის 20 აპრილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 319 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 884 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 422 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 40 396 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 748 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 350 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 248 558 ერთეული [+1 427]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 571 ერთეული [+174]
  • სპეცტექნიკა – 4 132 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან

„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია  დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან.

მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულია ფეხით.

მოქალაქის თქმით, სარემონტო სამუშაოები ამ სოფელში 2025 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია: ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ავგია ახალსოფელში გზის სარემონტო სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი შეჩერების მიზეზი კი არის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზის რეაბილიტაცია წყლის სისტემის გამართვის შემდეგ დასრულდება.

რაც შეეხება ნარჩენების გატანას: ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნარჩენები სოფლებიდან ინტენსიურ რეჟიმში გააქვთ, ამ კონკრეტული სოფლის პრობლემას კი, დაუყოვნებლივ მიაქცევენ ყურადღებას.

297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას.

ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.

მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2026 წლის 24 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

კონცეფცია და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულს ევალება:

  • „შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ქალაქ ბათუმის გაფორმების კონცეფციის შემუშავება [ახალი საშობაო-საახალწლო აქსესუარების შეძენით და არსებულის გამოყენებით], რომელიც შექმნის წინასადღესასწაულო ბათუმის საერთო ატმოსფეროში დადებით განწყობასა და კეთილსასურველ პირობებს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისათვის;
  • შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას, ოპტიმალურად განსაზღვროს, გაითვალისწინოს და დაგეგმოს მოსალოდნელი სავარაუდო ხარჯები;
  • საშობაო-საახალწლო გაფორმების ფარგლებში ქალაქში არსებული ზოგიერთი შენობის და ნაგებობის ფასადის, გზაგამყოფი ზოლის, ქუჩის, სკვერის [ან პრეტენდენტის შეხედულებისამებრ რომელიმე სხვა ელემენტის] დიზაინის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება დეკორაციული და ილუმინაციის სისტემის ახალი განათებით გაფორმება;
  • საახალწლო სკულპტურების და მათი განთავსების ადგილების შერჩევა; საახალწლო გაფორმება უბნების მიხედვით;
  • ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული საახალწლო აქსესუარების ჩართვა საერთო კონცეფციაში და გამოყენება საშობაო-საახალწლო გაფორმებისას“.

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ბათუმის მერიის შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციები.

მერიის გადაწყვეტილებით არ იგეგმება არსებული მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შეცვლა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2022 წელს 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდეს.

„ყველა საშობაო-საახალწლო აქსესუარი, ეფექტური კონსტრუქცია, ილუმინაცია, სკულპტურა უნდა ქმნიდეს სადღესასწაულო ატმოსფეროს და სტილიზირებული უნდა იყოს დღესასწაულის თემატიკაში.

არსებული საშობაო-საახალწლო აქსესუარის ნახვა შესაძლებელია, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N257-ში, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ სატენდერო განცხადებაში“ – წერია ტექნიკურ დავალებაში

2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.3 მილიონზე მეტი ლარი – ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის [მათ შორის 976 ათასი ლარი საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში]. 428 ათასი ლარი კი – ჰონორარებში:

ამ თემაზე: ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან

ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი. აქედან

  • 300 ათასი ლარი – საახალწლო დიზაინის/კონცეფციის შეძენა;
  • 999 ათას 200 ლარი – ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვა;
  • 941 ათას 294 ლარი – ქალაქ ბათუმში, საშობაო-საახალწლო დღეებში [2026-2027 წელს] ქალაქის გაფორმების სამუშაოები;
  • 790 ათას 100 ლარი – ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებები [ორგანიზება/ჰონორარები].

 

მთავარი ფოტო: ევროპის მოედანი, ბათუმი, 2025 წლის დეკემბერი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]

რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პრომენადზე, სადაც ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია, უპრობლემოდ მოძრაობენ.

ავტომანქანების ბულვარში გადაადგილების ვიდეო 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე გადაიღო მოქალაქე ხათუნა ბერიძემ. ვიდეოში ჩანს, რომ ავტომანქანებს ბულვარში მდებარე რესტორან G 17-დან სტუმრები გამოჰყავდა.

ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ შესასვლელთანაა გაჩერებული.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

როგორ გადაადგილდებიან ავტომანქანები ბულვარის პრომენადზე? რატომ არ რეაგირებენ ამ შემთხვევაზე სამართალდამცველები?  – „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე

 

პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერით დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, „ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება] და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება]

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. შესაძლებელია ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 –8 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 318 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 882 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 420 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 40 324 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 748 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 349 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 247 131 ერთეული [+2 019]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 397 ერთეული [+203]
  • სპეცტექნიკა – 4 131 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გაგრძელდება ომი? ანუ რა იცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნით – ინტერვიუ ირანისტთან

„ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან. ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ.

ირანი კი, ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ამით?

„დროებითი ნაბიჯი მგონია. 20 აპრილს პაკისტანში, ისლამაბადში, იმართება ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აი, ამ რაუნდის წინ ირანმა თითქოს კეთილი ნების ჟესტი აჩვენა, რაღაც კოზირივით გაიჩინა ხელში, რომ 20 აპრილის მოლაპარაკებებზე ხელცარიელი არ მისულიყო,“ – გვითხრა ვასილ ღლონტმა.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.

  • ბატონო ვასილ, რა იცვლება არსებითად ჰორმუზის სრუტის გახსნით ირანის ომში? ნიშნავს ეს იმას, რომ საომარი მოქმედებები სრულდება? 

ჩემთვის ჰორმუზის სრუტის გასასვლელის ამჟამინდელი გახსნა დროებითი მოვლენაა. ამ ნაბიჯით ირანმა ამერიკას და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ხელში უჭირავს მსოფლიოს ექსპორტირებული ნავთობის 20%-ის გამტარებელი სრუტე. ამით ირანმა დააფიქსირა თავისი მნიშვნელობა მსოფლიოში, რომ როცა უნდა ამ ადგილს გადაკეტავს, როცა უნდა – გახსნის.

რაშია იცით საქმე? მე ეს დროებითი ნაბიჯი მგონია და რატომ: 20 აპრილს პაკისტანში, ისლამაბადში, იმართება  ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აი, ამ რაუნდის წინ ირანმა თითქოს კეთილი ნების ჟესტი აჩვენა, რაღაც კოზირივით გაიჩინა ხელში, რომ 20 აპრილის მოლაპარაკებებზე ხელცარიელი არ მისულიყო.

13 აპრილს, ტრამპმა დაუწესა ირანის პორტებს ემბარგო – ფაქტობრივად, გააჩერა ირანული პორტები. ირანელებისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ირანმა მანამდე გადაკეტა ჰორმუზის გასასვლელი და ფულს ითხოვდა, ეს ტარიფი მექნება, რომელი გემიც გაივლისო. სამაგიეროდ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეგრეა, მაშინ მე დავაჯარიმებ ყველა იმ უცხოურ გემსო, რომელიც ირანს გადაუხდის ტარიფსო. ამით ირანი მიხვდა, რომ ამერიკასთან ასეთი კაპიტულანტური ენით საუბარი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნახევარი მთავრობა ამოგიწყვიტეს, არ გამოვა.

ვასილ ღლონტი

ახლა ირანი ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას. რაღაც კოზირი გაიჩინა, ვითომ დათმობაზე წავიდა და განაცხადა, ჰორმუზის გასასვლელს არ გავხსნიდით, ისრაელს რომ არ შეეწყვიტა ლიბანის დაბომბვაო. ირანმა ჰორმუზის სრუტის გასასვლელის თემა მიაბა ისრაელ-ჰეზბოლას, ირანის, ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის დროებითი ზავის ხელშეკრულებას. ამ დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს მე ვაიძულე, მე ვუთხარი შეეჩერებინაო.

როგორც ჩანს, 20 აპრილისთვის მოლაპარაკებაზე ორივე მხარე ცდილობს, რაღაც კოზირებით მივიდეს.

  • გაჩნდა შეთანხმების მიღწევის წინაპირობები? 

წინა შეხვედრა ისლამაბადში დასრულდა კატასტროფულად – თითქმის ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ახლა ტრამპმა განაცხადა, რომ რაღაც-რაღაც პუნქტებზე, მაგალითად, სანქციების შესუსტებაზე, ასევე გაყინული ფული რომ აქვს ირანს სხვადასხვა ბანკში, მაგაზეც შეთანხმება გვქონდაო, თუმცა ვერ მოხერხდა კარდინალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. კარდინალურია, რა თქმა უნდა, ურანის გამდიდრება და ბირთვული პროგრამის განვითარება. ეს ქვაკუთხედია.

თუ ირანმა ურანის გამდიდრებაზე უარი არ თქვა, ეს უქმნის ისრაელს ეგზისტენციალურ პრობლემას. ისრაელმა თუ დაინახა, რომ ირანი ისევ ბირთვულ პროგრამას ავითარებს და ურანს ამდიდრებს – ამ თემასთან აქტიურად არის მიბმული ბალისტიკური რაკეტების განვითარების საკითხიც, შორსმავალი მოქმედების რაკეტები, რომელიც 2000 კილომეტრზე და მეტზე ისვრის – ეს თუ არ მოგვარდა, არ არის გამორიცხული, ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება და ირანს ტაქტიკური ბირთვული დარტყმა მიაყენოს.

ტრამპი ცდილობს, რომ ეს აირიდოს: არავის არ უნდა ბირთვული ომი. 21-ე საუკუნეა და დაიწყოს ასეთი მოვლენები, ეს ძალიან არ უნდა ტრამპს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს საფრთხე რამენაირად გაანეიტრალოს.

ჩემი აზრით, ტრამპი ნელ-ნელა მიხვდა, რომ ძალიან რთულ საკითხში შეყო ფეხი, ძალიან რთული საკითხის მოგვარება სცადა და ვერ გაითვალისწინა, რომ ირანთან ომი ასე გაჭიანურდებოდა. როგორც ჩანს, ტრამპს ეგონა, რომ უფრო მარტივად მოგვარდებოდა საქმე, როცა ირანი დაინახავდა, რომ მთელი ზედა ფენა ამოუხოცეს, აიათოლები, „გუშაგთა კორპუსის“ გენერლები და იფიქრა, კაპიტულაციას გამოაცხადებენო, მაგრამ ირანელებს სხვა მენტალობა აქვთ.

არსებობს გამოთქმა „აღმოსავლური დიპლომატია“, მაგრამ ეს არ ეხება არაბულ ქვეყნებს. როცა საუბრობენ ცბიერ, აღმოსავლურ პოლიტიკაზე, ეს ძირითადად ირანელებზეა. ირანელებზე ცბიერი ხალხი ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს. მე ირანში დიდხანს ვსწავლობდი, მერე ვცხოვრობდი და ირანელებს კარგად ვიცნობ. ახლაც, ფაქტობრივად, ირანმა ტრამპი აიძულა, რაღაც ნაბიჯები გადაედგა. მაგალითად, ტრამპმა განცხადებაც კი გააკეთა: ჰორმუზის გასასვლელს მე ირანის გასასვლელს ვეძახიო, ანუ ერთგვარი რევერანსი გაუკეთა ირანს.

ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, სახმელეთო ოპერაციამდე არ მივიდეს საქმე, რადგან იცის, რაც მოჰყვება ამას.

  • ტრამპი ამბობს, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანიდან ბირთვული მასალასაც გამოიტანს. ეს შესაძლებელია? 

ამ ეტაპზე მე ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან.

ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ.

ირანის ამოცანაა, დრო როგორმე გაწელოს. ბირთვული პროგრამა ამ პრობლემის მთავარი პრობლემაა, ჯერჯერობით კი, მე ამის მოგვარებას ვერ ვხედავ. მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკა დაბომბავს. ირანი აშკარად დროს აჭიანურებს: ჰორმუზის გასასვლელს გავხსნი – დავკეტავ, გავხსნი – დავკეტავ.

  • რატომ აწყობს ირანს დროის გაჭიანურება, ამით რას მოიგებს? 

ირანში ხელისუფლების ზედა ფენის დიდი ნაწილი ამოუხოცეს. აი, ყალიბაფი რომ მიდის მოლაპარაკებაზე ირანის წარმომადგენელი, გენერალია „გუშაგთა კორპუსიდან“, პარალელურად პარლამენტის სპიკერია [პარლამენტი დღეს „გუშაგთა კორპუსის“ მართვის ქვეშაა]. ყალიბაფიღა დარჩა ძველი ფიგურებიდან, ვინც ირანს მართავდა. ყალიბაფი არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე თვითონ, მაგრამ აღარავინ არ დარჩა.

ირანის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რამენაირად რეჟიმი გადარჩეს. ამავდროულად, ცდილობენ გაჭიანურებულ დროში შეავსონ საშუალო რგოლებიც, სადაც ასევე ბევრი დაეხოცათ. ირანელები ხვდებიან, რომ სერიოზულ დარტყმას უპირებენ. მათი ამოცანაა, რეჟიმი გადარჩეს და ბირთვული პროგრამა რამენაირად გააგრძელონ.

ირანელები ისევ ტრადიციულად მოტყუებასა და თაღლითობაზე არიან, მაგრამ ტრამპი სხვა ტიპია. ტრამპი როცა მოზარდი იყო, დაამთავრა ნიუ-იორკის სამხედრო კოლეჯი. ტრამპს ძალიან უნდოდა, რომ გაეკეთებინა სამხედრო კარიერა და მერე მშობლებმა იმოქმედეს, ეტყობა… ტრამპი ბიზნესმენია, მაგრამ ლავირების უნარი აქვს გასაოცარი და სამხედრო ხასიათი.

გარდა ამისა, ტრამპის გუნდს თუ გადავხედავთ, ბევრი ებრაელია: სიძე ჯარედ კუშნერი – ბელორუსი ებრაელია წარმოშობით, სტივ უიტკოფი – ესეც საბჭოთა იმპერიიდან თავის დროზე ამერიკაში გადასული ებრაელების შთამომავალია…

იმდენად რთული მდგომარეობაა, პროგნოზირება რთულია. ბოლო ხანებში ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში, ირანთან ახლოს, სამი ავიამზიდის დაჯგუფება გაგზავნა. ასეთ რაღაცებს ამერიკელები მარტივად არ აკეთებენ. სახმელეთო ოპერაციის საკითხი რთული თემაა. ამიტომაც, გამოკვეთილად ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკა მაგას გააკეთებს, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ისეთი დაბომბვები იქნება ირანისა, ქვას ქვაზე არ დატოვებენ.

  • ბოლოს ასევე მინდა გკითხოთ: როგორ აისახება ჰორმუზის სრუტის გახსნა საწვავის ფასზე? 

ნავთობი და გაზი ძალიან რეაგირებს ასეთ საკითხებზე. ჰორმუზის გასასვლელიდან მსოფლიო ნავთობის 20% გამოდის, ანუ ექსპორტი არის 20%. როგორც კი იკეტება ჰორმუზის გასასვლელი, ნავთობზე ფასი მაღლა ადის. როგორც კი იხსნება, ეგრევე ჩამოდის ფასი დაბლა, რაც ახლა ხდება – საწვავის ფასმა 12.5%-ზე დაბლა ჩამოიწია უკვე.

სანამ ჰორმუზის გასასვლელი გახსნილია, ხოლო ისლამაბადში მოლაპარაკების ახალი რაუნდი გაიმართება, ნავთობის ფასი იქნება დაბალი, მნიშვნელოვნად დაიწევს. თუ ამ მოლაპარაკებების დროს ისრაელმა და ამერიკამ შეატყვეს, რომ ირანი არ მოდის კომპრომისზე და დაბომბეს, ისევ მყისიერად აიწევს ფასი.

_____________

მთავარ ფოტოზე: ფოტოკოლაჟი – დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი და ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ყალიბაფი.

„ამ ფასების კომისიის ხელში ფასების კლება გამორიცხულია, პირიქით, ზრდა იქნება“ – ფინანსისტი

„ფასების კლება გამორიცხულია. პირიქით, უწინდელზე უფრო დიდი ზრდა იქნება და უარესი ჯერ წინ არის,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ე.წ. „ფასების კომისიაზე“ ვესაუბრეთ: რა ჩანს კომისიის სხდომებიდან, შეიძლება ველოდოთ, რომელიმე პროდუქტის გაიაფებას „ოცნების“ დაპირების შემდეგ?

„სამართლის და კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნებაა საჭირო. ეს იქნება ეკონომიკის და ფასების ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება. კარგი მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გვჭირდება სახელმწიფო აპარატის ყველა უბანზე.

გაუმჯობესების ნაცვლად მივდივართ გაუარესებისკენ, ქაქისტოკრატიისკენ [როცა უუნაროები მართავენ ქვეყანას],“ – გვითხრა ნიკოლოზ შურღაიამ.

  • ბატონო ნიკოლოზ, თითქმის 4 თვე გავიდა, რაც „ოცნებამ“ შექმნა პარლამენტში ე.წ. ფასების კომისია. რა იკვეთება თქვენთვის ამ პროცესში, როცა ფასები რეალურად იზრდება და ამას „ოცნების“ სტატისტიკაც აჩვენებს. რამდენად შეიძლება გვქონდეს საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირების მოლოდინი?

ფასების კომისიაზე, არასაკმარისი ცოდნის მქონე და სინდისთან პირშავად მყოფი ხალხი, უხეში და არაკომპეტენტური ფორმით სთხოვს პასუხს რეალურ ბიზნესმენებს და მენეჯერებს. ბიზნესის წარმომადგენლები, ვისაც კომისიის წევრები პასუხებს სთხოვენ, უნაკლო არ არიან – ისინი ბევრ რამეს შეიძლება და უნდა აკეთებდნენ უკეთ, თუმცა კომისიაზე გამოძახებულები ბევრად სჯობიან გამომძახებლებს კომპეტენციით და პატიოსნებით.

ისე გამოდის, ბიუჯეტის მხვრელები და ოპორტუნისტები სახალხოდ ამათრახებენ იმათ, ვინც ბიუჯეტს ავსებს. ამ ფასების კომისიის ხელში ფასების კლება გამორიცხულია. პირიქით, უწინდელზე უფრო დიდი ზრდა იქნება და უარესი ჯერ წინ არის.

  • გაიზარდა დენის ტარიფი 33 %-ით. ეს გარემოება რამდენად ზრდის რისკს, საკვები კიდევ უფრო გაძვირდეს? 

დენის ტარიფი გაძვირების მიმართულებით იმოქმედებს ფასებზე.

ძვირი დენი განსაკუთრებით ზეწოლას ახდენს ენერგოტევად წარმოებებზე – საცხობებზე, მეტროპოლიტენზე, წყლის სატუმბებზე, საშრობებზე, მაცივრებზე, ბევრი კომპიუტერის და სერვერის მქონე ბიზნესებზე. შესაძლოა, უმალ არ აწიოს ფასები, მაგალითად, მეტროპოლიტენმა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა გადაიტანს გაძვირებას ფასში, ზომაში, ან ხარისხში.

ნიკოლოზ შურღაია

ამას გარდა, სარწყავი წყალი უკვე გაძვირდა და ბევრად უფრო მეტად, ვიდრე დენის ფასის ზრდა განაპირობებს ამას.

  • რა იკვეთება რეალურად: რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში საკვები პროდუქტების ფასები ევროპულ ქვეყნებზე უფრო ძვირია და ამაზე ირაკლი კობახიძეც საუბრობდა?

საშუალო ევროპული ფასი არ არსებობს. ზოგ ქვეყანაში მეტია ფასი, ზოგში – ნაკლები, გააჩნია პროდუქტს და ქვეყნის მახასიათებლებს. საქართველოში სიძვირის ძირითადი მიზეზები შემდეგია: ოლიგოპოლიები და მონოპოლიები რამდენიმე სფეროში და, ზოგადად, სამართლიან კონკურენციაზე ცუდი ზრუნვა, ხშირად მოხელეთა ანგარებით ან უპასუხისმგებლობით.

გასულ წლებში ეროვნული ბანკის მიერ ნაწარმოებმა ზედმეტად რბილმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ [რბილი მონეტარული პოლიტიკა არის ცენტრალური ბანკის ქმედება, რომელიც გულისხმობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და ფულის მიწოდების ზრდას ეკონომიკის წახალისება-დასაჩქარებლად], მოჭარბებულად გაზარდა ფულის მასა.

ასევე, სამართლის სისტემის და კონსტიტუციური წესრიგის მკვეთრი გაუარესება არასაიმედოს და შესაბამისად, უფრო ძვირს და იშვიათს ხდის ინვესტიციებს საქართველოში, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ბიზნესის მიერ.

  • რა არის უმთავრესი ფაქტორი, რაც ხელს შეუწყობს ფასების კლებას და რასაც „ოცნების“ მთავრობა არ აკეთებს?

პირველ რიგში, სამართლის და კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნებაა საჭირო. ეს იქნება ეკონომიკის და ფასების ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება. კარგი მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გვჭირდება სახელმწიფო აპარატის ყველა უბანზე.

გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესებისკენ, ქაქისტოკრატიისკენ მივდივართ. ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღიჭურვოს უკეთესი უფლებამოსილებით, კანონებით და პროფესიონალებით. ათობით სხვა გასაკეთებელი საქმის დასახელება შეიძლება, თუმცა ეს სამი როდესაც გაკეთდება, სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლების მიერ, მაშინ დაინახავს საზოგადოება სვლას უკეთესობისკენ.

ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის პირობებში მე, პირადად, გაუმჯობესებას არ ველი.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ კარგად აითვისა ძველი ცინიკური მაქსიმა – პური და სანახაობა. ნამცეცებს უყრიან მოსახლეობას და ამასაც აღარ აკეთებენ, რადგან ნაკლებად სჭირდებათ ხალხის მხარდაჭერა.

რეალურად პროპაგანდა საოცარ მწვერვალებზე აიყვანეს და პარლამენტი და მისი კომისიები, მათ შორის ფასების კომისია, აქციეს პროპაგანდის მანქანის ნაწილაკად. ფასების კომისია პროპაგანდის მანქანაა, რადგან ზოგი იჯერებს, რომ აი, თითქოს ცდილობენ, ფასებმა დაიკლოს.

ფასების კომისია ისეთივე მანქანაა პროპაგანდის, როგორიც იყო წულუკიანის კომისია.

დააკავეს უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის, ბათუმსა და ქობულეთში

უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და თბილისში.

შსს-ს მიერ დღეს, 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“ ჩატარდა „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები“ და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტში შევიდნენ.

„დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის – კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები… დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 317 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 876 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 410 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 40 242 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 743 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 349 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 245 112 ერთეული [+2 104]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 194 ერთეული [+180]
  • სპეცტექნიკა – 4 129 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

ზელენსკი მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს, ერდოღანის და ტრამპის მონაწილეობით – უკრაინის საგარეო

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს თავდაცვის მექანიზმები დრონებით თავდასხმების საპასუხოდ. მისი შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის მხარეებად, თუ ისინი დრონების ფრენებს თავიანთ საჰაერო სივრცეში დაუშვებენ.

ეს განცხადებები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ბალტიის ზღვის მახლობლად, დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე გავრცელდა.

რუსი ოფიციალური პირის თქმით, თუ ასეთი ქმედებები დადასტურდება, მოსკოვს შეუძლია გაეროს წესდების 51-ე მუხლი გამოიყენოს. თუმცა, ამ ბრალდებების დასადასტურებლად მოსკოვს არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენია. 

ევროკავშირი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ფინეთის წინააღმდეგ ე.წ. „თავდაცვის უფლების“ შესაძლო გამოყენების თაობაზე. ბრიუსელმა აღნიშნა, რომ ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ არის დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით.

ევროკომისიის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მოსკოვი, მსგავსი რიტორიკით გამოწვეულ შესაძლო ესკალაციაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ანიტა ჰიპერის თქმით, მოსკოვის ბრალდებები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია. მან დასძინა, რომ რუსეთს თავისი ბრალდებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

აშკარაა, რომ ასეთი განცხადებები რუსეთის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ნაწილია, რომელიც ესკალაციის საბაბს ქმნის და რეგიონულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის – აღნიშნა ჰიპერმა და დასძინა, რომ ამაში ახალი არაფერია.

ბრიუსელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ფინეთმა უკვე ოფიციალურად უარყვეს რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის თავდასხმაში მონაწილეობა. ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ კრემლის ასეთი განცხადებები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისკენ არის მიმართული.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეცვლის თავის კურსს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები მხოლოდ ადასტურებს მისი პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მუქარის ნაცვლად, მოსკოვმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ომის დასრულებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლაზე.

ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე, კერძოდ, ბიუჯეტის მზარდ დეფიციტზე. ევროკომისიის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ის თითქმის გაორმაგდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მაჩვენებლები აგრესორი ქვეყნის ეკონომიკის შესუსტებაზე მიუთითებს.

___

რუსეთმა აქამდეც გამოაცხადა, რომ შესაძლოა დაარტყან იმ თავდაცვის კომპანიებს ევროპაში, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინას დრონების წარმოებაში ეხმარებიან. ეს ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კომპანიების სიას, რომელშიც შედიოდნენ რამდენიმე ევროპული ქვეყნის კომპანიები.

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

„ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს… ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს. რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, მას კრემლის მორიგ გზავნილზე ვესაუბრეთ: ევროკავშირის წევრი თუ გახდებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეგიყვანთო.

ვალერი ჩეჩელაშვილი გვიყვება, რომ რუსეთისთვის ჩვეულებრივი ფილოსოფია შანტაჟის ენით ესაუბროს ქვეყნებს.

„რუსეთი არამარტო ფაშინიანს, მოლდოვას და აზერბაიჯანს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბელარუსსაც ამ ენით ელაპარაკება. რუსები ამ ენით ელაპარაკებიან ყაზახეთსაც, ანუ ევრაზიული კავშირის წევრებს. იყო შემთხვევები, როცა პრობლემებს უქმნიდნენ ყაზახებს და ბელარუსებს. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა რუსეთის ფედერაციის. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის, საქართველო იქნება ეს, სომხეთი, თუ ნორვეგია,“ – ამბობს დიპლომატი.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.

  • ბატონო ვალერი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება. რაზეა გათვლილი ზახაროვას ეს განცხადება? 

რუსეთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩაგვწერს რაღაც არამეგობრულ სიაში, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ერთადერთი არამეგობარი და მტერი ქვეყანა გვყავს, ოკუპანტი და ეს რუსეთია.

ეს თავისთავად წინააღმდეგობრივი განცხადებაა ზახაროვას მხრიდან – თუ ჩვენ ავიღებთ ევროკავშირს, ან თუ გნებავთ ნატოს, იქ არის ბევრი ქვეყანა, რომელიც ითვლება რუსეთის მეგობრად, მაგალითად, ბოლო პერიოდამდე ორბანის უნგრეთი რუსეთის ფედერაციის გამორჩეული პარტნიორი იყო. შეიძლება ევროკავშირში იყოს უნგრეთი, მეგობარი ქვეყანა, მაგრამ საქართველო თუ გახდა ევროპის კავშირის წევრი, ის ავტომატურად ხდება არამეგობრული ქვეყანა?

ვალერი ჩეჩელაშვილი

თუ ნატოს ავიღეთ, იგივე შეიძლება ვთქვათ თურქეთზე, რომელსაც ემეგობრება რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს სერიოზული სამხედრო ძალაა. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

ამიტომაც, სერიოზულად უნდა გაერკვეს ზახაროვა იმაში, თუ რა კრიტერიუმებით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია, რომელია მისი მეგობარი ქვეყანა.

თუ ზახაროვა რეალისტურად აფასებს ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს კარგია და მომწონს. ვფიქრობ, მისი ეს განცხადება დღეს, ირიბი მცდელობაა, რომ მხარი დაუჭიროს იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ევროკავშირს ყველაფერში ადანაშაულებენ.

  • ანუ ამ განცხადებითაც ზახაროვამ „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა? 

ვისმენთ, რომ თითქოს ევროკავშირი არის გლობალური ომის პარტია, რომ ევროინსტიტუტებს დაეპატრონა Deep state და რომ დაცლილია დღეს ევროკავშირის პოლიტიკა ევროპული ფასეულობების სისტემიდან. ზახაროვას მხრიდან ეს განცხადება იყო ირიბი მხარდაჭერა პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამას ამბობენ.

ზახაროვამ ამით მათ დათვური სამსახური გაუწია – ქართული საზოგადოებისთვის ზახაროვას, ლავროვის, კარასინის ან დუგინის გამონათქვამები დიდ რეპუტაციულ მნიშვნელობას არ ატარებს.

  • ზახაროვამ ისაუბრა რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ქართველი მწარმოებლებისთვის – შესაბამის შედეგს გამოიღებს რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვედრაო. 

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ევროკავშირმა მოუხსნას სანქციები რუსეთს. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდია და მიმზიდველი ბაზარი – 500-მილიონიანი და ამავდროულად დიდი მსყიდველობითი უნარით გამორჩეული ბაზარი.

ზახაროვას განცხადებაში შანტაჟის ელემენტები, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა – ჩვენმა მწარმოებლებმა, ექსპორტიორებმა, მთავრობამ, შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთონ. არის რამდენიმე სექტორი ეკონომიკაში, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე. პირველ რიგში, ეს არის ღვინის ექსპორტი და ხორბლის და ფქვილის იმპორტი.

თუმცა, ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც რუსეთი გვიწესებდა ემბარგოს. გვახსოვს პერიოდი, მაგალითად 2009, 2010, 2011 წლები, როდესაც რუსეთი არ იყო ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ათეულშიც კი, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა აჩვენებდა შიდა ეროვნული პროდუქტის ორნიშნა ზრდას. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს დაგროვებული, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე არ უნდა იზრუნონ ჩვენმა მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა.

რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია და საინტერესო, მაგრამ მასზე ზედმეტად დამოკიდებულება ქმნის სერიოზულ საფრთხეს.

  • ზახაროვას ეს გზავნილი მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, მაგალითად, მეციტრუსეებისთვის აჭარაში – მანდარინი ძირითადად ექსპორტზე ისევ რუსეთში გადის. 

დიახ, რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ იგი ძალიან პოლიტიზებულია არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მიმართ. რუსეთის ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო პრინციპები არ მოქმედებს. ჩამოყალიბებულია ყველა სექტორში მონოპოლისტური გაერთიანებები, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის ხელისუფლებასთან – რუსეთის მთავრობა მათ ემსახურება. შესაბამისად, ფსონის დადება რუსეთის ბაზარზე და მასთან დაკავშირება მთავარი ეკონომიკური ინტერესების ძალიან წინდაუხედავი პოლიტიკაა.

ხილის, ბოსტნეულის წარმოებაზე და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან.

  • რომელსაც პრაქტიკულად არ ვიყენებთ… 

დიახ, რომელსაც არ ვიყენებთ, მაგრამ ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრი ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლითაც ხელს უწყობს ასოცირების ქვეყნებს საიმისოდ, რომ უფრო ინტეგრირდეს მათი ეკონომიკა ევროპის ეკონომიკაში, უფრო მდგრადი და საიმედო კავშირები დამყარდეს ევროპის ბაზართან. ამისთვის მილიარდობით ევროა გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტში.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები ჩიხში შევიყვანეთ ევროკავშირთან, აღარ გვაქვს წვდომა ამ პროგრამებზე. შესაბამისად, ესეც ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას ალტერნატიულ ბაზრებზე, რომლისგანაც ყველაზე მიმზიდველი ჩანს რუსეთი.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აძლევს საშუალებას ზახაროვას, ასევე სხვა რუს პოლიტიკოსებს, შანტაჟის ენით ელაპარაკონ ჩვენს მწარმოებლებს და ექსპორტიორებს.

  • რამდენიმე დღის წინ რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ესაუბრა პუტინი ფაშინიანს… რა დროს იყენებს რუსეთი ამ ბერკეტს? 

რუსეთი არამარტო ფაშინიანს, მოლდოვას და აზერბაიჯანს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბელარუსსაც ამ ენით ელაპარაკება. რუსები ამ ენით ელაპარაკებიან ყაზახეთსაც, ანუ ევრაზიული კავშირის წევრებს. იყო შემთხვევები, როცა პრობლემებს უქმნიდნენ ყაზახებს და ბელარუსებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი მიდგომა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის, საქართველო იქნება ეს, სომხეთი, თუ ნორვეგია.

ეს მიდგომა ხან მუშაობს, ხან – არა. წარმოიდგინეთ, ნორვეგია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა, რუსეთისთვის ესეც აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა. წლების წინ რუსეთმა ნორვეგიას, მაგალითად, ასეთი წინაპირობა წაუყენა: თევზის ნაწარმს, რომელიც არის ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო სავაჭრო პოზიცია, რუსეთი გაუხსნიდა ბაზარს მხოლოდ იმ პირობით, თუ ნორვეგია განახორციელებდა ექსპორტს მხოლოდ ერთი რუსული კომპანიით. ამ კომპანიას ჰქონდა სრული მონოპოლია.

სხვათა შორის, თავდაპირველად ნორვეგიელები დათანხმდნენ ამას, რადგან ეს იყო სერიოზული შემოსავალი – შემდგომში ინანეს და ნორვეგიის ელჩი მიყვებოდა შემდეგ რუსეთში, არ ღირდა ამის გაკეთება და კომპრომისიო.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – რუსეთი არასდროს ხელმძღვანელობს და არასდროს არ უწევს ანგარიშს იმ დოკუმენტებს, რომელზეც არის მისი ხელმოწერა. ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად, ელცინის ვიზიტის დროს ჩვენ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან, რომლის რატიფიცირება მოახდინა ორივე პარლამენტმა – საქართველოს და რუსეთის.

იქ ძალიან კარგად არის გაწერილი მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ თუ უთანხმოებაა მხარეებს შორის მოხდება, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას, ეცდებიან, რომ კონსულტაციების გზით მიაღწიონ შეთანხმებას. ზუსტად ამ ხელშეკრულების მოქმედების დროს რუსეთმა გადაწყვიტა ემბარგოს დაწესება საქართველოს ექსპორტზე და არავის არ გახსენებია ეს მუხლები.

რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია ეკონომიკურად, მაგრამ ძალიან სარფიანი და პოლიტიზებულია – მასზე დაყრდნობა სარისკოა. ამას უნდა გაუწიოს ანგარიში სახელმწიფომ, ჩვენმა მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმაც.

  • აქამდე რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ნატო, ამჯერად ზახაროვას აქცენტი ევროკავშირზე რას აჩვენებს? 

ეს არ არის ახალი კომპონენტი რუსეთის პოლიტიკაში. მინდა გაგახსენოთ „ღირსების რევოლუცია“ უკრაინაში 2013 წელს. ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა მაშინ დააყენა საკითხი – არ უნდა მოეწერა ხელი უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე.

სხვათა შორის, შანტაჟი გაუვიდა მაშინ რუსეთს სომხეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან: ერთ ღამეში გადათქვა სარქისიანმა ხელმოწერა ევროპასთან. სარქისიანი პუტინმა გამოიძახა მოსკოვში. მეორე დილით კი, გამოაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, რომ ასოცირებას ხელს არ ვაწერთ, სამაგიეროდ შევდივართ ევრაზიულ კავშირშიო. ეს შანტაჟი მაშინ არ გაუვიდა უკრაინასთან, რასაც მოჰყვა ღირსების რევოლუცია და იანუკოვიჩის გაძევება ქვეყნიდან.

ევროკავშირი სთავაზობს ქვეყნებს იმას, რის შეთავაზებაც არ შეუძლია რუსეთს არათუ თავისი პარტნიორებისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვისაც კი. ეს არის: უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დინამიკური ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება და განვითარების პერსპექტივები.

რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან. გასაგებია, რომ ნატო მტრული ბლოკია და ასე შემდეგ – რუსეთის ეს რიტორიკა გასაგებია, მაგრამ ახლა ევროკავშირის პოზიცია ძალიან სტკივა რუსეთს. პრაქტიკულად ევროკავშირის ბაზრების დაკეტვა რუსული ექსპორტისთვის – პირველ რიგში, ნავთობისა და გაზისთვის – რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

რუსეთში დღენიადაგ იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა – ფასს, რომელსაც ევროპელი მომხმარებლები იხდიდნენ გაზსა და ნავთობში, არავინ არ იხდის. მაგალითად, ჩინეთი, ყიდულობს რუსეთის ნავთობსა და გაზს, მაგრამ რუსეთის შიდა ფასებით ყიდულობს ამას.

ევროპა კი უფრო თანმიმდევრული ხდება. ევროპა კიდევ უფრო მტკიცე მხარდამჭერი ხდება უკრაინის და რუსეთის კრიტიკოსი. ჩამოყალიბდა ახალი ევროკომისრის თანამდებობა სამხედრო ძალების თვალსაზრისით. ბატონი კუბილიუსია ამ თანამდებობაზე.

ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს. ორბანის მთავრობა კონფიდენციალურობის დარღვევით ინფორმაციას აწვდიდა ევროსტრუქტურებში მიმდინარე პროცესებზე კრემლს, მეორეს მხრივ კი ხელს უშლიდა ევროკავშირის კონსოლიდაციას და სოლიდარობას. ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს.

მთელი მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია ტყუილზე და რაღაც ინსინუაციებზე, რომ ამისთანა განცხადებები ზახაროვასი არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, რა არის სინამდვილეში რუსეთის ინტერესი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილით არ უნდა მოვეკიდოთ იმ რისკებს, რომლის გენერაციაც ხდება რუსეთის ფედერაციაში საქართველოსთან მიმართებით. რუსეთთან ბრძოლა და დაპირისპირება ეფექტურად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მეგობრებთან: ეს არის ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ მას დიდ ფასად დაუჯდება.

ამ დიდ ფასს კი, ჩვენ მარტო ვერ გადავიხდით. რუსეთთან მარტო დაპირისპირებაში ჩვენ განწირულები ვართ.

ბათუმი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

18 აპრილიდან ბათუმი სპორტულ სეზონს მასშტაბურად ხსნის და 26 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა სპორტის სახეობებში გულშემატკივრებს არაერთ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მიეცემათ – ქალაქი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აღნიშნულ პერიოდში საინტერესო საფეხბურთო მატჩი გაიმართება ბათუმის სტადიონზე, სადაც დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, იბერია 1999-ს მიიღებს.

19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ასევე, ბათუმი კროკობეთ დიდი 10-ის ფინალურ მატჩს მასპინძლობს, სადაც ბათუმი არესსა და აიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აქვე დავძენთ, რომ ტრიბუნებიდან მხარდაჭერის პარალელურად, მაყურებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიგონ iPhone 17 Pro Max, PlayStation 5 და სხვა ღირებული პრიზი.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

„მასწავლებელთა უმრავლესობას შემცირებული ხელფასი ექნება სექტემბერში “- მანანა რატიანი

განათლების სამინისტრო 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლებას აძლევს ერთი საგნის გამოცდის გარდა, კიდევ დარეგისტრირდნენ არა უმეტეს სამი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად დაადასტურონ ამ საგნებში კომპეტენცია.

რა მიზანი აქვს რეალურად სამინისტროს და რა მოხდება მაშინ, თუკი არჩეულ საგნებში მასწავლებლები ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას?

ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, მანანა რატიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, რა ცვლილებებს გამოიწვევს სკოლებში?

ეს ძალიან სერიოზული თემაა სინამდვილეში. მასწავლებლების ანაზღაურების წესის მიხედვით, თუკი მასწავლებელს საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთში მაინც ჰქონდა კომპეტენცია დადასტურებული, ის სხვა საგნების სწავლების შემთხვევაშიც იღებდა დანამატს.

მაგალითად, თუ მე მაქვს ბიოლოგიაში საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ ამავდროულად ქიმიასაც ვასწავლი, დანამატს ვიღებ ქიმიაშიც. ამ ცვლილების მიხედვით კი, თუ მე ვეღარ დავადასტურებ ქიმიაში საგნობრივ კომპეტენციას, დანამატს ვეღარ ავიღებ.

იგივე იქნება სხვა საგნებთან მიმართებაშიც. თუ ვარ ისტორიკოსი და ვასწავლი სამოქალაქო განათლებას, ახლა უკვე ამ საგანშიც მომიწევს გამოცდის ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება.

ეს ცვლილება შეეხება უამრავ მასწავლებელს, რადგან პედაგოგების უმრავლესობა თავის საგანთან ერთად ითავსებს სხვა საგნის მასწავლებლობასაც. შესაბამისად, თუ ეს მასწავლებელი ვერ ჩააბარებს გამოცდას, მოუწევთ დაბალი ანაზღაურების აღება.

სამი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მისცა სამინისტრომ პედაგოგებს და ამით თითქოს რაღაც კარგი გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში, მასწავლებელთა უმრავლესობას სექტემბერში შემცირებული ხელფასი ექნება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როცა პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი საგნის გამოცდასაც ძნელად აბარებდნენ და ახლა, მით უმეტეს, საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში სხვა საგნის გამოცდის ჩაბარება არ მგონია, რომ ასეთი მარტივი იყოს.

მით უმეტეს, რამდენიმე საგნის გამოცდაზე ერთდროულად გასვლა ეს კიდევ სხვა ტიპის პრობლემაა.

  • როცა კარიერული წინსვლით მოპოვებული სტატუსები გააუქმა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მაშინ ითქვა, რომ ანაზღაურება მოხდებოდა საათების რაოდენობის მიხედვით. ამ შემთხვევაში, რის დანამატს იღებენ პედაგოგები?

არ გაუქმებულა, შეამცირეს დანამატები და დატოვეს 150 ლარამდე. ამ დანამატზეა საუბარი.

მაგალითად, თუ მასწავლებელს ბიოლოგიაში აქვს 10 საათი და ასევე ქიმიაშიც 10 საათს ასწავლის, ორივე საგანში იღებს დანამატს. მაგრამ ახალი წესის მიხედვით, თუ მასწავლებელი ორივე საგნის გამოცდას არ ჩააბარებს, ვეღარ აიღებს დანამატს.

აქედან გამომდინარე, მასწავლებლის ანაზღაურება უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს იყო.

  • როგორც მახსოვს, მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ადრეც აბარებდა რამდენიმე საგანში გამოცდას. გამოდის ეს მაშინ არ იყო სავალდებულო?  

დიახ, მაშინ მოთხოვნა არ იყო. იმიტომ აბარებდნენ, რომ ნაკლები კონკურენტი ჰყოლოდათ და მათ დარჩენოდათ საათები. აბსოლუტურად სხვა საკითხი იყო ეს მაშინ და ახლა უკვე პირდაპირ შეეხება მათ ჯიბეს.

ვინც ვერ ან არ ჩააბარებს, ექნება დაბალი ხელფასი. ბიუჯეტს დაზოგავენ მასწავლებლების ხარჯზე.

  • მაღალმთიან რეგიონებში, სოფლის სკოლების ნაწილში ისედაც არსებობს კომპეტენტური კადრების პრობლემა და ხშირად ერთი მასწავლებელი 3-4 საგანს ასწავლის. როგორ ფიქრობთ, თუ ვერ ჩააბარა მასწავლებლებმა ეს 3 ან 4 საგანი და დაკარგა დანამატი, საერთოდ უარი რომ თქვას სწავლებაზე, მაშინ რა მოხდება?

იციან, რომ არ იტყვიან უარს. მასწავლებელს იმდენად ეძვირფასება თავისი სამსახური, რომ მიჯაჭვულობა აქვს თავის პროფესიაზე. მე ისიც მახსოვს, როცა სკოლაში ვმუშაობდი, 17 ლარი მქონდა ხელფასი. როცა პროფესია გიყვარს და ამით გრძნობ ბედნიერად თავს, იმ დაბალ ხელფასსაც ეჩვევი.

ხელისუფლებამაც ისე შეაჩვია მასწავლებლები დაბალ ანაზღაურებას, რომ უკვე პროტესტიც აღარ აქვთ და არც აპროტესტებენ თავიანთ სოციალურ მდგომარეობას. არ გამოდიან, ხმას არ იღებენ.

  • როცა დანამატები შეუმცირეს, მაშინ იყო თითქოს პროტესტი. ახლა გამოდის, რომ იმ შემცირებულ დანამატსაც ართმევენ?

ასე გამოდის, რადგან დიდი ალბათობით, სრულად ვერ აიღებენ ყველა საგანში დანამატს, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას.

  • რაზეა ეს გათვლილი, იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული მასწავლებლებზე დაზოგონ თუ კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნავენ?

აუცილებლად გეტყვიან, რომ მასწავლებლის კომპეტენციაზე და მოსწავლეზე ზრუნავენ, თუმცა ეს არაფერში ჩანს. ასე, რომ იყოს, არ დაამახინჯებდნენ უმაღლესი განათლების პროგრამებს, რომლითაც მასწავლებლებს ამზადებდნენ უნივერსიტეტები.

მოსწავლეზე რომ ზრუნავდნენ, არ გააუქმებდნენ მე-12 კლასს იმ მოტივით, რომ ვერ აგვარებდნენ მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების პრობლემას. აქ მხოლოდ და მხოლოდ თანხის დაზოგვაა მიზანი.

______________________

ამ თემაზე:

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანე ხიდს ააშენებენ – შესაძლოა პროექტი კერძო საკუთრებას შეეხოს

კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 ათას 500 ლარია გამოყოფილი.

რა თანხა და ვადა იქნება საჭირო ხიდის ასაშენებლად, ეს პროექტის შედგენისა და შემდეგ სამუშაოების შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ვინაიდან ხიდის დეტალური პროექტი ახლა მზადდება და ვინაიდან უნდა აშენდეს ხიდთან მისასვლელი გზებიც, შესაძლოა პროექტი ბახმაროში კერძო საკუთრებასაც შეეხოს. შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში საუბარია განსახლების გეგმაზეც.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე, ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე“ გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2026 წლის 15 აპრილს გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა მოამზადოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „საჭიროების შემთხვევაში, პროექტის შესრულების ვადის კორექტირება დაიშვება ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“.

„აღნიშნული საპროექტო მომსახურება გულისხმობს საავტომობილო გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას, თვით ხიდის მისასვლელი გზებისა, სარეგულაციო და დამცავი ნაგებობების ჩათვლით“, – წერია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

კონკრეტულად რა ადგილზე აშენდება საავტომობილო ხიდი ბახმაროში, ამ ეტაპზე უცნობია.

„ხიდის ადგილმდებარეობა დაზუსტდეს ადგილზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად“, – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ბახმარო. საფეხმავლო ხიდი მდინარე ბახვისწყალზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარე ბახვისწყალზე არსებული საფეხმავლო ხიდი, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს დამსვენებლების (განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში) მზარდი ნაკადის შეუფერხებლად გატარებას.

მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირი განაშენიანებულია და ზემოაღნიშნული საფეხმავლო ხიდი აკავშირებს ორ უბანს დაბის ცენტრთან.

აღნიშნული ხიდი ფაქტობრივად არანაირ სტანდარტში არ ჯდება ვიზუალურად, მისი ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა მზარდი ნაკადის უსაფრთხოდ გატარებას.

აღსანიშნავია, რომ კურორტში ყოველწლიურად მატულობს განაშენიანების პროცესი.

საავტომობილო ხიდის მოწყობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ამასთან ერთად ხელს შეუწყობს კურორტის
შემდგომ განვითარებას“, – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ბახმარო. საავტომობილო ხიდის არარსებობის გამო ავტომანქანები მდინარე ბახვისწყლის მეორე მხარეს ძირითადად ამ ადგილზე გადადიან / მარჯვნივ – საფეხმავლო ხიდი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„პროექტირების სტადიაზე უნდა შესრულდეს საინჟინრო-გეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-ჰიდროლოგიური კვლევა-ძიება იმ მოცულობით, რომ საკმარისი იყოს პრინციპული და ტექნიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, სახიდე გადასასვლელის [არანაკლებ 3 ვარიანტისათვის] სამუშაო ნახაზების შესადგენად და ობიექტების სავარაუდო ღირებულების განსასაზღვრავად“, – წერია დავალებაში.

ამასთან, „მდინარის კალაპოტის მონაკვეთი სახიდე გადასასვლელის ადგილზე შეძლებისდაგვარად უნდა იყოს სწორხაზოვანი, ან თანაბრად უნდა უხვევდეს (გეგმაში ხიდი არ უნდა იყოს სწორისა და მრუდის შეერთების ადგილზე). გადასასვლელის უბანზე მდინარის დინების მიმართულება კალაპოტსა და რიყეზე უნდა იყოს პარალელური და მცირედ იცვლებოდეს წყლის დონის ცვლილებისას;

სახიდე გადასასვლელი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განთავსდეს წყლის საანგარიშო ხარჯის პირობებში მდინარის დინების მართობულად“.

„პროექტის ფარგლებში მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელებისა და ადგილობრივ მოსახლეობაზე პროექტის უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბების შემცირების მიზნით, უნდა შემუშავდეს განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული კომპენსაციის ოდენობა, დღევანდელი რეალური მდგომარეობისა და არსებული ფასების გათვალისწინებით“, – წერია დავალებაში.

მთავარი ფოტო: დოღი ბახმაროში / „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ზელენსკი მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს, ერდოღანის და ტრამპის მონაწილეობით – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიგიბამ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის, თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით.

„ჩვენ მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ზელენსკი-პუტინის ფორმატში, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ჩვენ ეს ცოტა ხნის წინ თურქ პარტნიორებს გადავეცით. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევაში“ – სიგიბას ციტატას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ტელეგრამზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, პუტინმა ზელენსკის მოსკოვში შესთავაზა შეხვედრა.

საქსტატის დირექტორად გოგიტა თოდრაძე მესამედ დანიშნეს – მანამდე კანონი შეცვალეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი კობახიძემ ახალი, მესამე ვადით დანიშნა გოგიტა თოდრაძე.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს დანიშნეს და იგი უკვე ორი ვადით ხელმძღვანელობდა საქსტატს.

კანონმდებლობის თანახმად, საქსტატის დირექტორის პოსტზე ერთი ადამიანის სამი ვადით დანიშვნა არ შეიძლებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში „ოცნებამ“ კანონმდებლობა შეცვალა და შესაბამისი მუხლი კანონიდან საერთოდ ამოიღო. ცვლილებას ხელი „ოცნების“ მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა კანონში ცვლილება დაანონსდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ცვლილების მიზანი გოგიტა თოდრაძის მესამე ვადით დასაქმება იყო ამ პოსტზე.

საქსტატის ცნობით, თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე მესამე ვადით კონკურსის წესით შეირჩა, იგი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად კობახიძემ დანიშნა.

„საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება. გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება“, – წერს საქსტატი.

გოგიტა თოდრაძე საქსტატში თითქმის 25 წელია მუშაობს.

2025 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, თოდრაძის ხელფასი 2024 წელს საშუალოდ 8 746 ლარი იყო, 2025 წელს კი კიდევ უფრო გაიზარდა.

_______________________

ფოტო: საქსტატი

„გამიგია“ – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე

16 აპრილს ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის სამინისტროს ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ მას შეკითხვა დაუსვა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის დაფინანსებაზე.

„ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩემთვის. რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ გაუკეთებია და ზოგადად, რას აპირებთ?“- ჰკითხა ნინო ჩხეტიამ ელისო ბოლქვაძეს.

ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ფესტივალის შესახებ გაუგია, თუმცა დასძენს, რომ „სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება, ფესტივალი სულ აფინანსოს“.

„გამიგია, როდესაც მინისტრი არ ვიყავი. მაგრამ, როდესაც მინისტრი გავხდი და კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, დაფინანსების პროგრამაში „ბიაფი“ საერთოდ არ იყო.

ვიცი, რომ წლების განმავლობაში „ბიაფი“ იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ არის ფესტივალები, რომლებიც უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს არ აქვს იმის აუცილებლობა და ვალდებულება, რომ სულ აფინანსოს ყველა ფესტივალი.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა შემდეგ და რა მოუტანა თავის რეგიონს, ალბათ განხილვის თემა იქნება. ჩემთან, ამ პერიოდში, „ბიაფი“ ნამდვილად არ იყო ფესტივალების ჩამონათვალში“- ამბობს ელისო ბოლქვაძე.

აჭარის კულტურის სამინისტრო 2025 წელს შეიქმნა და მისი ბიუჯეტი დღეს 44 მილიონი ლარია. სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, აჭარის კულტურის სამინისტრომ მუსიკალური სკოლისთვის ინსტრუმენტები იაპონური გრანტით იყიდა, ბიუჯეტის ფულით კი 4 ავტომობილი შეიძინა. „ფეხით ვერ დავდივართ, შორია ჩვენი ოფისი“ – ასე უპასუხა ელისო ბოლქვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას შეკითხვას, რატომ იყიდა აჭარის კულტურის სამინისტრომ ოთხი ავტომობილი.

რაც შეეხება ფესტივალს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, BIAFF-ი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია ქალაქისთვის, 20 წელია არსებობს.

ფესტივალის დაფინანსებაზე სახელმწიფო სტრუქტურებმა უარი პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე კი აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია „ბიაფის“ მუდმივი პარტნიორები იყვნენ.

ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი მაშინ „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ ფესტივალის დაფინანსებაზე უარის თქმის მოტივი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მისთვის უცნობი იყო.

„ბიაფის დაფინანსების შეწყვეტას არ აქვს არანაირი ლოგიკური და არგუმენტირებული მიზეზი. აჭარის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული, საერთაშორისო დონის ფესტივალია.

ყოველწლიურად ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს კინომოყვარულებისთვის და ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც აქვს სამინისტროს და მერიას, ბიაფი სრულად პასუხობს,“ – ამბობდა ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“.

ზვიად ელიზიანს ამჯერადაც ვკითხეთ, თუ ჰქონდა კულტურის სამინისტროში შეტანილი განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე. მისი თქმით, 2025 წელს არ მიუმართავთ სამინისტროსთვის, თუმცა წელს, დაფინანსებაზე მოთხოვნა უკვე შეიტანეს აჭარის კულტურის სამინისტროში.

„თუ სახელმწიფო არ არის ვალდებული ფესტივალი აფინანსოს, მაშინ ყველა ფესტივალზე უნდა გავრცელდეს, ან თანაბრად უნდა გავრცელდეს. ზოგადად, ფესტივალს ყველა ქვეყანაში აფინანსებენ სახელმწიფოები და ეს რაიმე განსაკუთრებული თემა არ არის“- ამბობს ზვიად ელიზიანი.

„ბიაფი“ წლების განმავლობაში გახდა ბათუმის და მთლიანად რეგიონის სავიზიტო ბარათი და კინომოყვარულებისთვის შემოდგომაზე ბათუმში ჩამოსვლის მიზეზიც. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, კინოფესტივალი მაინც ახერხებს ყოველწლიურად საინტერესო ფილმების წარდგენას მაყურებლისთვის.

პუტინის რეიტინგი ზედიზედ 6 კვირაა მცირდება

პუტინის რეიტინგი ზედიზედ ექვსი კვირაა იკლებს.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 2026 წლის 6-დან 12 აპრილამდე 66.7% იყო (-1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები ბოლო კვირის განმავლობაში).

ამავე დროს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის შესახებ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 72.0%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში -1.8-პროცენტიანი კლებაა.

მედიის ცნობით, პუტინის რეიტინგი ამჟამად ყველაზე დაბალია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ომამდე ბოლო გამოკითხვაში ის უფრო დაბალი იყო – 64.3%.

ვლადიმერ პუტინის რეიტინგის ვარდნა ქრონოლოგიურად უკავშირდება ინტერნეტის და სოციალური ქსელების შეზღუდვას რუსეთში, რაც 2026 წლის თებერვალში დაიწყო.

ამავე თემაზე: 

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

ტექოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა – საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში – EJOI, რომელიც 24–30 ივლისს ლიტვაში, კაუნასში გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

EJOI-ი საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ადრეულ აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

EJOI-ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდეა შესაძლებელი. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგების საფუძველზე, 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები ყალიბდება, რომელიც საქართველოს სახელით EJOI-ზე ლიტვაში იასპარეზებს.

საქართველო EJOI-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს. ოლიმპიადის ფორმატი ორი ტურისგან შედგება და თითოეულში სამი ამოცანის ამოხსნას ითვალისწინებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ასაკის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაონ.

„ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა“ –  მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.

EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ – იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს – თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები – შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის ბოლოს შესაძლებელია გაძლიერება 15-20მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 7 –12 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

მასწავლებლებს უფლება აქვთ, ერთის ნაცვლად ჩააბარონ 3 გამოცდა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება.

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

სამინისტროს განმარტებით, კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების, დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).

_______________

ამ თემაზე:

მასწავლებლებს უფლება აქვთ, ერთის ნაცვლად ჩააბარონ 3 გამოცდა – სამინისტრო

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 316 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 870 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 400 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 40 160 ერთეული [+114]
  • MLRS – 1 739 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 349 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 243 008 ერთეული [+2 410]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 014 ერთეული [+253]
  • სპეცტექნიკა – 4 129 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

14 ადამიანი დაიღუპა კიევში, დნეპრსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

იცით ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა

იცით თუ არა, ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ქალაქის ქუჩებში დაუსვა მოქალაქეებს. ბევრმა მათგანმა ბათუმის მერის ვინაობა ვერ გაიხსენა, თუმცა ის პრობლემები ჩამოთვალეს, რასაც, მათი აზრით, მერია ვერ აგვარებს.

რამდენიმე ბათუმელმა ისიც გვითხრა, რომ ყველაფერი მაინც „ცენტრზეა“ დამოკიდებული და თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ არის.

„ერთი მაფიაა, ერთი კლანია“…. მათთვის [მერებისთვის] არც მოსვლა უკითხავთ, არც – წასვლა. თვითმმართველობისგან შორსაა ეს ყველაფერი,“ – ამბობენ მოქალაქეები.

ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„ბათუმის მერის სახელი? დამავიწყდა. მაინც ყველა წუთში იცვლებიან“ - „ბათუმელების“ გამოკითხვა

 

Exit mobile version