მთავარი,სიახლეები

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

04.11.2019 • 81066
რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში.

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თერაპიას გადიან, ამბობს, რომ ხშირად ბავშვები არა თინეიჯერობის დროს, არამედ უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან პედოფილიის მსხვერპლი. გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. პედოფილიის მაჩვენებელი მზარდია.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „რელევანტური ინსტიტუტების გაძლიერება“ – ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგშია გაწერილი, თუმცა იგი ამ დრომდე არ სრულდება. „ბათუმელები“ 8 ნოემბერს წერდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ბავშვის შესახებ, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო მას ფსიქოლოგსაც ვერ სთავაზობს.

ფსიქოლოგმა ქეთი დევაძემ ჩვენ რამდენიმე მსხვერპლი ბავშვის მიერ შესრულებული ნახატი გვაჩვენა. სტატიაში სახელები, ასაკი, ასევე ისტორიის ზოგიერთი დეტალი შეცვლილია.

„მოძალადე“. სალომე, 9 წლის.

7 წლის ანამ საძინებელი ოთახი დახატა, სადაც ის შეწუხებული სახით ლოგინში წევს, ხოლო კაცი საბანში ხელს უყოფს. კაცი აქაც იცინის. ნახატში კარის სიდიდეც იქცევს ყურადღებას.

„თერაპიის დროს ბავშვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის ყოველ საღამოს შიშით ელოდა, როდის გაიგებდა კარის ჭრიალის ხმას, როდის შემოვიდოდა ოთახში მოძალადე, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო… კარის ხმა მისთვის უსიამოვნების დაწყებას ნიშნავდა,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი. აქაც მოძალადე იცინის.

7 წლის ანას „საძინებელი“

„ეს გოგო 10 წლისაა, სკოლიდან შინ ბრუნდებოდა და ავტობუსით მგზავრობის დროს მასზე რამდენჯერმე იძალადა ზრდასრულმა კაცმა,“ – გვიყვება ფსიქოლოგი ქეთი დევაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს მგზავრების სახეებზე – მარის თითოეული მგზავრის სახე გამოკვეთილად დიდი თვალებით დაუხატავს.

„ის ამბობდა, რომ მგზავრები ხედავდნენ, როცა კაცი მას ეფერებოდა, მაგრამ არ იმჩნევდნენ. თქვა, რომ ის არავინ დაიცვა,“ – დასძენს ფსიქოლოგი.

10 წლის მარი „ავტობუსი“

10 წლის მარი – „ავტობუსი“

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 9 წლის ლიკას კი, საკუთარი სახლი დაუხატავს და ეზო, რომელსაც წრის ფორმა აქვს. ლიკა ფსიქოლოგს მოუყვა, რომ მას სახლიდან გამოსვლის ეშინოდა, რადგან ეზოში შესაძლოა „ის“ ყოფილიყო. კაცი 9 წლის გოგოზე სისტემატურად ძალადობდა. ლიკას ნახატში მოძალადე შარვალჩახდილია. აქაც მოძალადე იღიმის.

„ეზო“, ლიკა, 9 წლის

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი პედოფილიის მსხვერპლია? 

„მისი ქცევა იცვლება, თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. ამიტომ აუცილებელია, მშობელი ხშირად ესაუბროს ბავშვს. ბავშვი ამ დროს, ძირითადად, საკუთარ თავში იკეტება, დარღვეული აქვს კვების და ძილის რეჟიმი, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ბავშვი ხშირად იბანს, მისი თვითშეფასება დაბალია, ან პირიქით: ფიქრობს, რომ ულამაზესია და საკუთარი სექსუალობა აღმოაჩინა – იცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს… მოძალადეები ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, რომ ისინი ერთადერთები არიან და სხვასთან იგივეს არ აკეთებენ. „შენ ხარ ჩემი ქალი“ – ეუბნებოდა ერთ-ერთი მოძალადე ბავშვს,“ – ასე ახასიათებს ფსიქოლოგი ძირითად ნიშნებს, რასაც შეიძლება მშობელმა ყურადღება მიაქციოს.

ნუ შეხვალთ ბავშვის ოთახში დაუკაკუნებლად, ნურც ლოგინში ჩაიწვენთ

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვებს პირადი და ინტიმური სივრცე დავუტოვოთ. მისი შეფასებით, ცუდი ჩვევაა, როცა მშობლები ბავშვებთან ერთად იძინებენ, ან სიყვარულის ნიშნად მცირეწლოვან ბავშვს შუაში იწვენენ.

„ბავშვს არცერთ ასაკში არ უნდა ეძინოს მშობელთან ერთად… ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი სხეულებრივი საზღვრები ააშენოს. ამაში ვგულისხმობ ჰიგიენასაც, მაგალითად, 9 წლის ბავშვს ჩვენ არ უნდა ვბანდეთ ტანს და არ უნდა ვუცვლიდეთ ტანსაცმელს. არც მისი თანდასწრებით ჩვენ არ უნდა გამოვიცვალოთ ტანსაცმელი. აუცილებელია, ვასწავლოთ დაკაკუნება, როცა ჩვენს ოთახში შემოდის. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ბავშვი დაინტერესებულია, როგორც საკუთარი, ასევე მშობლების სასქესო ორგანოებით,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა.

პედოფილია – ოჯახური დანაშაული?

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ პედოფილია ხშირად ოჯახური დანაშაულია და მოძალადეები არიან ოჯახის წევრები, ან დაახლოვებული პირები – ნათესავები, ახლობლები. ქეთი გვიყვება, რომ ბევრია შემთხვევა, როცა მცირეწლოვან გოგონებზე მამინაცვალი ძალადობს, ან დედის მეგობარი კაცი.

„ბავშვებს უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე და დაახლობით 2 წლის ასაკიდან ბავშვების სექსუალური აღზრდა უნდა დავიწყოთ. ჩვენთან, ოჯახებში სექსუალური განათლება ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. ხშირად საყვედურობენ ბავშვებს და ეუბნებიან: რატომ მალავდი? რატომ არ გვითხარი აქამდე? – ეს არაადეკვატური საყვედურია, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ესაუბრები 9, ან 10 წლის ბავშვს და მან არც კი იცის, რა ჰქვია სასქესო ორგანოს. იმდენად ტაბუდადებულია ეს თემა ოჯახში, რომ ბავშვმა სახელიც კი არ იცის, რაზე ისაუბროს. ეს ძალიან დიდი ბარიერია.

მეორე  და მთავარი მიზეზი, რის გამოც სექსუალური ძალადობა იმალება ხანდახან წლების განმავლობაში, მშობლების რეაქციაა. ბავშვებს აქვთ განცდა, რომ მშობლები მას ვერ გაუგებენ და ისევ ბავშვი გამოვა დამნაშავე. ჩვენ მართლაც ხშირად ყველაფერს ბავშვებს ვაბრალებთ, არ გვჯერა მათი, არ გვესმის მათი სიმართლის…“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ ასოცირების შეთანხმებით? 

ევროკავშორთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ყოველწლიურად იწერება სამოქმედო დღის წერიგი. გასული წელს და ახლაც საქართველოს უწერია ის, რომ „რელევანტური ინსტიუტუტები უნდა გაძლიერდეს“, მათ შორის, დღის ცენტრები. ეს საშაულოვადიანი ამოცანებია,  რომლებიც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ფონდი „ ღი საზოგადოება საქართველო“ ყოველწლიურად აფასებს „დღის წესრიგის“ შესრულებას. 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის „დღის წესრიგის“ შესრულებას ასახავს, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით აღნიშნულია:

პრობლემად რჩება ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სისტემის განხორციელება პრაქტიკაში. სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და პრევენციული პროგრამები, არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისათვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. არ ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელი საერთო პრობლემაა ცვლილებების მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რაც პრაქტიკაში ვერ სრულდება და შესაბამისად ნაკლებად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე“.

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: