ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ შენობაში არც აკვარიუმის ფორმის და არც ინტერიერის განახლების მხრივ, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. შენობა, რომელშიც ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმია განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აკვარიუმის განყოფილების უფროსის, ნაზიმ მგელაძის თქმით, შენობაში სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას სწორედ ეს ფაქტი აფერხებს.
„შენობა მოძველებულია, რა თქმა უნდა. ჭერში ადრე იყო ე.წ. დრანკა, ბათქაში ძალიან მოძველებული იყო, გამოსული იყო მწყობრიდან და დაახლოებით 2006 წელს მაქ პლასტიკატი აიკრა, უბრალო რემონტი, ასე რომ ვთქვათ. დიდი სამუშაოები არ ჩატარებულა ბოლო 25-30 წელია“, – განმარტავს ნაზიმ მგელაძე, აკვარიუმის განყოფილების უფროსი.
ასეთი ფორმის სადემონსტრაციო აკვარიუმები ახლა აღარ არსებობს მსოფლიოში, ძალიან მოძველებულია ფორმით. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს თევზები უკეთესი პირობებით წარმოგვედგინა, მაგრამ აკვარიუმის პროექტი მოძველებულია, პროექტი საჭიროებს განახლებას“, – ამბობს ნაზიმ მგელაძე.
თავდაპირველად აკვარიუმი „ზღვის თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების” ბაზაზე შეიქმნა. 2008 წლიდან ის ბათუმის ა(ა)იპ „6 მაისის პარკის“ დაქვემდებარებაში გადავიდა, 2011 წლიდან კი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ობიექტი გახდა. ორგანიზაციის მფლობელი ბათუმის მერიაა, შენობაც ბათუმის მერიის ბალანსზეა.
შენობას რომ რეაბილიტაცია სჭირდება, ამის შესახებ შენობაში განთავსებული სამსახურები, ქალაქის მერიაც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც ინფორმირებულია. „შენობის მხატვრული იერ-სახე და ტექნიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. შენობა მოითხოვს რესტავრაცია/რეკონსტრუქციას“, – ეს დასკვნა დამცავი ზონების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“, ჯერ კიდევ 2016 წელს მოამზადა, როცა მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები შეისწავლა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ქალაქის მერიამ 2019 წელს მიმართა [ქალაქის მერი ლაშა კომახიძე იყო], „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის” სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (აკვარიუმი) მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შემუშავების მიზნით. თუმცა ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ აქედან მალევე კოვიდპანდემია დაიწყო. ბიუჯეტი შემცირდა, რის გამოც პროცესი შეჩერდა და ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საკითხის გასაახლებლად ხელახალი მიმართვაა საჭირო, მას შემდეგ კი ახალი მიმართვა არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ ძეგლის რეაბილიტაციისთვის არაფერია გათვალისწინებული.
ბათუმის აკვარიუმი შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილისაგან. აკვარიუმის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ აკვარიუმის ტექნიკურ ნაწილს განახლება არ სჭირდება. „მოცულობებს დამონტაჟებული აქვთ ინდივიდუალური საფილტრაციო, სააირაციო დანადგარები, რომლებიც გათვალისწინებულია კონკრეტული სახეობის თევზებისთვის“.
აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა დაახლოებით 200 000 ლიტრია. აკვარიუმის ცნობით, წყალმომარაგების სისტემა აირაციისა (ჟანგბადით გამდიდრებისა) და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. „სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის შედეგად აკვარიუმებში იქმნება ჩაკეტილი სისტემა, მყარდება ბიოლოგიური ბალანსი. ბათუმის აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად არის გამოყვანილი და გამრავლებული“.
ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა, ზღვის მელა, ცხენთევზა და სხვა. ეგზოტიკური სახეობებიდან აკვარიუმში შეხვდებით ამაზონის ბინადარ პირანიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თევზებს – ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და დისკუსები.
აკვარიუმის მოვლა-პატრონობის ხარჯი სეზონის მიხედვით მერყეობს. „კომუნალური ხარჯები ზაფხულობით ნაკლებია, გათბობა არ სჭირდება ტროპიკულ თევზებს, ზამთარში ხარჯი მეტია, საორიენტაციოდ დაახლოებით 5000 ლარი თვეში“, – ამბობს ნაზიმ მგელაძე.
მისივე თქმით, აკვარიუმი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია.
დაახლოებით ოთხი წლის წინ აკვარიუმის შენობის მახლობლად, გარე ოვალურ აუზებთან, საინკუბაციო ბაზა მოეწყო, დამხმარე ნაგებობების სახით, სადაც თევზებს ამრავლებენ. ბათუმის აკვარიუმი დამატებითი შემოსავლის სახით, გამოყვანილი თევზების რეალიზაციასაც ეწევა.
შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობაში, რომელიც რუსთაველის №51-ში მდებარეობს, ასევე განთავსებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ცენტრი.