მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა კურსკში წინ წაიწიეს – ISW

19.08.2024
უკრაინელებმა კურსკში წინ წაიწიეს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა განაგრძეს წინსვლა რუსეთში კურსკის რეგიონის ფრონტის მთელ ხაზზე 18 აგვისტოს და მცირედით წინ წაიწიეს სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ISW-ის მიერ მომზადებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის ვიდეომასალა აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარები უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორს ურტყამს მარტინოვკას ჩრდილოეთით (სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით), რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ჯარები აქ დაწინაურდნენ.

მიმოხილვაში ასევე მოყვანილია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული, დაუდასტურებელი ცნობები, იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ჯარებმა დაიპყრეს ტროიცკოე, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს და წინ წავიდნენ სემიონოვკაში – სუჯას ჩრდილოეთით, საზღვრიდან დაახლოებით 24 კილომეტრში.

17 და 18 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ მოქმედებებს კურსკის რეგიონში – წერს ISW-ი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, დაიწყებენ შეთანხმებულ კონტრშეტევას კურსკის ოლქში ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაიპყრეს, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ როდის შეაჩერებენ რუსული ძალები უკრაინულ წინსვლას კურსკის ოლქში.

აქვე ვკითხულობთ, რომ რუსეთის კონტრშეტევის მცდელობა, სავარაუდოდ, მოითხოვს რუსეთის მხრიდან კურსკის ოლქისთვის კიდევ უფრო მეტი ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და მასალის მიწოდებას.

ანგარიშში მოყვანილია „ვალ სთრით ჯურნალის“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულ ძალებს 6 000-მდე პერსონალი ჰყავთ კურსკის ოლქში და რომ რუსულ ძალებს დასჭირდებათ არსებითად მეტი, შესაძლოა 20 000 პერსონალი, რათა დაიბრუნონ ტერიტორია.

ადამიანური ძალისა და მასალების რაოდენობა, რაც რუსეთს დასჭირდება კურსკის ოლქში კონტრშეტევისთვის, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერად დაიცავენ უკრაინული ძალები კურსკში ოკუპირებულ პოზიციებს.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ 18 აგვისტოს უკრაინის ჯარები თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობის საცავს როსტოვის ოლქში, რომელიც რუს სამხედროებს ნავთობით ამარაგებს.

ასევე, რუსული ჯარები დაწინაურდნენ კრემენნაიასა და დონეცკის მახლობლად, ხოლო უკრაინელებმა აღადგინეს ადრე დაკარგული პოზიციები სევერსკთან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: