ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია.
რუსთაველის ქუჩის №51-ში მდებარე ამ შენობაში აკვარიუმის გარდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციაცაა განთავსებული.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, „შენობა აგებულია 1944 წელს. ორსართულიანია. ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა გადაკეთებებით, კერძოდ – შენობის თავდაპირველი ფორმა ტესებრი იყო, შემდგომ ტეს გაგრძელებაზე მიშენდა ახალი სათავსები კიბის უჯრედით და დაემატა ერთსართულიანი ოვალური ფლიგელი, სადაც განთავსდა აკვარიუმი.“
„დროთა განმავლობაში შენობაში სხვადასხვა ფუნქციის ორგანიზაციები იყო განთავსებული, რამაც შენობის ერთგვარი დეგრადირება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა მთელი რიგი დაზიანებები.
ძირითადი შენობის და მასზე დამატებული მიშენების მდგომარეობაც ანალოგიურად მძიმეა, ჭარბტენიანობისა და სახურავის დაზიანებების გამო კედლები და სართულშუა გადახურვები მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ხის კონსტრუქციები, რომლითაც ზოგიერთი სართულშუა გადახურვებია შესრულებული“, – აღნიშნულია პროექტში.
„კონსტრუქციულ ნაწილში გვაქვს აკვარიუმის ფლიგელის სერიოზული დაზიანება, მისი სახურავი მრავალჯერაა გადაკეთებული, აკვარიუმის ჭარბი ტენიანობა საკმაოდ მოკლე ვადაში აზიანებს გადახურვის კონსტრუქციებს, აქედან გამომდინარეა მისი იერ-სახის სხვადასხვაობა სხვადასხვა პერიოდში.
საჭიროა აკვარიუმის ფლიგელის დაშლა და აწყობა, რათა შენობა შეესაბამებოდეს თანამედროვე სამშენებლო ნორმებს. ამასთან, ჩვენს მიერ მოხდა ანალოგიური ობიექტების შესწავლა კონსულტანტებისა და სპეციალისტების დახმარებით, ამან განსაზღვრა თანამედროვე აკვარიუმის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში. შესაბამისად, ახალი ფლიგელისათვის გადაწყდა ოკეანარიუმის ფუნქციით დატვირთვა. ოკეანარიუმის სივრცე შავი და ხმელთაშუა ზღვის სექციას დაეთმობა.
სივრცეში, სადაც დღეს უშუალოდ აკვარიუმებია განთავსებული, მოეწყობა სრულიად ახალი, ოკეანარიუმის სივრცე აკრილის მინის გვირაბებითა და გადახურვით“, – აღნიშნულია პროექტში.
შენობის პირველ სართულზე მთლიანად მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფაუნის აკვარიუმები, განსაკუთრებით საინტერესოა წითელ წიგნში შეყვანილი ფაუნის წარმოდგენა.
პირველ სართულზე, პროექტის მიხედვით, ტიხრის კედლების მოხსნის შემდეგ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული სივრცეები.
შენობის მეორე სართულზე კი – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ოფისი ლაბორატორიებით, საკონფერენციო მცირე დარბაზი, მიშენების ნაწილში მოეწყობა ოკეანარიუმის მომსახურების კვანძი; ეზოში არსებული საქვირითე დარბაზიც მეორე სართულზე იქნება.
პროექტის მიხედვით, შენობის „ფასადზე გამომავალი ყველა კარ-ფანჯარა შესაცვლელია ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს, თბომედეგობისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. სრულადაა შესაცვლელი სახურავი თავისი სტრუქტურით და მოსახსნელია მწყობრიდან გამოსული წყლის რეზერვუარები [ხის სტრუქტურაზე დგას, რომელიც დამპალია], რაც დამატებით საფრთხეს ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის.“
პროექტით გათვალისწინებულია: „სახურავის სრული დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა; სართულებზე ახალი ალუმინის ანოდირებული ფანჯრების მოწყობა; ფასადის გაწმენდა და ნალესი დუღაბის აღდგენა; არქიტექტურული განათების მოწყობა; ტერიტორიის კეთილმოწყობა“.
მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 6 სექტემბერს დასრულდება.შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 721 919 ლარი. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი 67 219 ლარი.
სამუშაოს შესრულების ვადას, ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
აკვარიუმის ღობის ერთ კედელზე არის მოზაიკაც. პროექტში აღნიშნულია, რომ „ღობეზე არსებული მოზაიკა ძლიერ დაზიანებულია, საჭიროებს ბიო ნადებისგან გაწმენდას და რესტავრაციას… მოზაიკის გასანათლებლად დამონტაჟდება არქიტექტურული LED განათება“.
ამავე თემაზე:
ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს