15 წლის იოსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს.
იოსებს, რომელსაც დაბადებისას დაუზიანდა ნერვული სისტემა და გადაადგილებას და კიდურების გამოყენებას ვერ ახერხებს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მდებარე კლინიკაში დაჰპირდნენ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ იოსების ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
15 წლის იოსებ ერაძე ოჯახთან ერთად გორში, სოფელ ვარიანის მეურნეობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მთავარი შემოსავალი იოსების პენსია და სოციალური დახმარებაა.
იოსების თურქეთში მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 6 ათასამდე დოლარია საჭირო.
„ბათუმელები“ ესაუბრა იოსების დედას, ელენე გოგიჩაშვილს, რომელიც რედაქციას დაუკავშირდა თხოვნით, დავეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.
რატომ თურქეთში მკურნალობა და არა საქართველოში? – ელენე გოგიჩაშვილმა გვითხრა, რომ იოსებს სამი ოპერაცია აქვს საქართველოში გაკეთებული და აქედან ბოლო ორი უშედეგო აღმოჩნდა, მეტიც, როგორც დედა ამბობს, ბოლო ოპერაციების შედეგად ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
„იოსებს დაბადებისას დაუზიანდა ცენტრალური ნერვული სისტემა. 17 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, ვერ მივხვდი მაშინ რაიმე პრობლემა თუ ჰქონდა ბავშვს, 6 თვის როცა იყო იოსები, მაშინ მივხვდით, რომ რაღაც სჭირდა, ვერ ჯდებოდა ბავშვი, ვარდებოდა. მივიყვანეთ ექიმთან და გაირკვა ყველაფერი.
იოსების დიაგნოზია ცერებრული დამბლა.
6 წლის ხდებოდა, როცა ეპილეფსიური გულყრები დაეწყო. იქიდან მოყოლებული სულ გულყრები ჰქონდა, პერიოდულად უმჯობესდებოდა მდგომარეობა. უცვლიდნენ წამლებს, მაგრამ ისევ იწყებოდა.
1-2 წელი არ ჰქონია გულყრა, მაგრამ თავზე ენცეფალოგრამას რომ ვუღებდით, იყო გულყრის კერები, მაგრამ კლინიკურად არ ვლინდებოდა. ძილში ვუღებთ ახლა და სულ ჩანს, რომ სულ აქვს მცირე გულყრები.
ბოლოს ჰქონდა გულყრა წინა წლის სექტემბერში, როცა კომაში ჩავარდა, ნემსები გავუკეთეთ და ძლივს გამოვიყვანეთ, სასწრაფო გამოვიძახეთ“ – გვიყვება ელენე, იოსების დედა.
მან გვითხრა, რომ იოსებს 3 ოპერაცია აქვს გაკეთებული.
„ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე შედეგიანი აღმოჩნდა. მერე მუხლებში მოხრილი, ფეხის წვერებზე დადიოდა, ხელის მოკიდებით კიბეზეც ადიოდა. მუხლი რომ მოხრილი ჰქონდა, მივიყვანე ქირურგთან, ბავშვი რომ ასე იტანჯება, თუ არის ოპერაცია შესაძლებელი-მეთქი. მეორე ოპერაცია უშედეგო გამოდგა, ჩაეკეტა, მუხლს ვერ კეცავს, ვერ ხრის, კიბეზეც ვერ დებს ფეხს.
მკლავზე გავუკეთეთ კიდევ ერთი ოპერაცია, მარცხენა ხელს ვერ ხმარობს, ამოტრიალებული აქვს, ვერ თამაშობს, ვერ იყენებს, ქაღალდის გახევასაც ვერ ახერხებს, ჩაცმისას ძალიან ძნელია. გაუკეთეს ოპერაცია და ხელი უფრო ამოუტრიალდა და თითები სულ ჩაეკეტა, გაუქვავდა, ვეღარც კი ამოძრავებს უკვე, ხელი უფრო ამოუტრიალდა“ – გვიყვება იოსების დედა.
ახლა ელენეს იმედი ოპერაციაა თურქეთში, რისთვისაც თანხაა საჭირო. ანგარიშფაქტურის თანახმად, რომელიც ელენეს გამოუგზავნეს კლინიკიდან, საუბარია 6 ათას დოლარამდე თანხაზე. ამ თანხაში შედის კვლევები და ანალიზები. დედამ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა ანგარიშფაქტურა და სხვა დოკუმენტები. ელენემ გვითხრა, რომ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროსაც და პასუხს ელოდებიან.
_______________________________________
იოსების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:
„საქართველოს ბანკი“ GE36BG0000000525773142
„თბს ბანკი“: GE98TB7873645064300089
მიმღები: ელენე გოგიჩაშვილი, იოსების დედა