ნეტგაზეთი • RU

„ესმის ჩემი. იცის, როდის მიჭირს“ – თემური და ცხენი მაციე

38 წლის თემურ ირემაძე წელს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე დოღის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო. სახეზე ოდნავ დაღლილობა ემჩნეოდა და მზისგან შეწუხებული ჩრდილს ეძებდა, როცა თავს დავადექი.

თემური ხულოს სოფელ ღორჯომიდანაა.

ჩემი ყურადღება მისმა მაღალყელიანმა, გაცრეცილი, ნაცრისფერი ტყავის ფეხსაცმელმა მიიქცია, რომელიც მის გამოცდილებაზე მიუთითებდა ცხენოსნობაში.

ასეც აღმოჩნდა, თემურმა გვითხრა, რომ ბავშვობიდან ცხენზე ჯირითობს.

გაცნობიდან მალევე თემურმა „მაციეზე” გადაიტანა საუბარი. აღწერდა მის გარეგნობას და ხშირად იმეორებდა – „მაციე ჩემი მეგობარია“. თემურს ერთგულმა მეგობარმა იმედები არ გაუცრუა და დოღში მესამე ადგილზე გავიდნენ.

„მაციე” მოწესრიგებული და საგულდაგულოდ დავარცხნილი ცხენია, რომელიც პატრონის დანახვაზე კუნტრუშს იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ კვიცი უკვე დიდი ხანია რაც აღარაა. მისი მბზინავი ბეწვი და გარეგნობა სხვა ცხენებში მარტივი საცნობია.

თემურმა გვითხრა, რომ ცხენის ყოლისა და მასზე ზრუნვის ერთადერთი მიზანი დოღში მონაწილეობის მიღებაა, თუმცა გამარჯვებისთვის მაინც და მაინც არ იბრძვის:

„ბოლო 10 წელია დოღში მონაწილეობის მიღების ინტერესი მაქვს და ამიტომ შევიძინე ცხენი. ვიღებ დოღში მონაწილეობას, ხან ვაგებ, ხან – ვიგებ. აუცილებელი არ არის  მოგება, მთავარი მონაწილეობის მიღებაა“.

თემური ცხენებზე 12 წლიდან ზრუნავს. იხსენებს, რომ სწორედ ამ ასაკის იყო, როცა პირველი ცხენი შეიძინა მისმა ოჯახმა და ახლა უკვე თავად უვლის „მაციეს“, რომელიც ხუთი წლის წინ იყიდა.

მან გვითხრა,  რომ „მაციეს“ სამეურნეო საქმეების გაკეთებაში არ იხმარებს, ამიტომ ოჯახში რამდენჯერმე ცხენის გაყიდვა ურჩიეს, რადგან მის  შენახვას ბევრი თივა და შესაბამისად, ფული სჭირდება, თუმცა მისი დაყოლიება ვერ მოახერხეს.

თემური გვიხსნის, რომ “მაციე” როგორც მას, მის შვილებაც ძალიან უყვართ  და ცხენზე უარის თქმას არ გეგმავს, თუმცა იმ სირთულეებზეც საუბრობს, რაც ხულოში ცხენის შენახვას ახლავს თან.

თემურის ცხენი “მაციე”

„ახლა მხოლოდ ერთი ცხენი მყავს. ადრე 2-3 მყავდა. სოფლის პირობებში ცხენების მოვლა ცოტა ძნელია. მეტი ბალახი სჭირდებათ და ამიტომ დავჯერდი 1 ცხენს“, – ამბობს ის.

თემურის თქმით, ზამთრობით ერთ ცხენს თავის გასატანად 200-დან 250-მდე პრესი ბალახი სჭირდება, რის შესაძენადაც მინიმუმ 1 000 ლარია საჭირო.

როგორც მისგან ვიგებთ, ხულოს დიდთოვლიანი ზამთარიც აფერხებს ცხენების გამოზაფხულებას, რადგან მაღალ თოვლში ვერ ახერხებენ ცხენების გასეირნებასა და გავარჯიშებას. სხვა მხრივ, თემური ამბობს, რომ ცხენებზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს და მისთვის „მაციეს“ მოვლა რთული არ არის.

ზაფხულში, როცა „მაციე“ ჯირითობს, თემური ხმელ ბალახსაც უშურველად აჭმევს, ხოლო, როცა დოღის პერიოდი არ არის, მინდორში უშვებს საბალახოდ, თავად რომ გამოიკვებოს თავი.

თემური გვიყვება, რომ „მაციესთან“ დიდ დროს ატარებს ყოველდღიურად, რამაც ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებად აქცია:

„ცხენს ესმის ჩემი. იცის როდის მიჭირს, რა მსურს და როდის ვბრაზდები“ – გვითხრა მან.

თემურ ირემაძე

მისი თქმით, სოფელ ღორჯომში კიდევ რამდენიმე ოჯახს ჰყავს ცხენი ან ცხენები. ზოგის ინტერესი მხოლოდ დოღში მონაწილეობის მიღებაა, ზოგი ცხენებს სამეურნეო საქმეში იხმარებს. ის ამბობს, რომ ბევრი ისეთი ოჯახიცაა, რომლებსაც ცხენი სჭირდებათ და უნდათ შეიძინონ, მაგრამ საკმარისი თანხის შეგროვებას ვერ ახერხებენ.

თემური და მაციე  19 აგვისტოს ღომის მთაზე გამართულ დოღშიც აპირებენ მონაწილეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი