„როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, შესაძლებელია გრუნტის წყლების მიმართულების შეცვლა, იქ ფხვიერი გრუნტია შედარებით, შეიძლება ამან რომელიმე ნაკადის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს,“ – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების საფრთხეზე გვესაუბრება გეოლოგი, გიორგი ბერიძე.
მას შემდეგ, რაც მრავალწლიან დაპირებას ხელისუფლება არ ასრულებდა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა საარჩევნო წელს გააქტიურდა, მწვანე ტბასთან ახლოს, ასევე დიდაჭარის მთებისკენ მიმავალ გზაზე საინიციატივო ჯგუფმა „ხულო და მისი პერსპექტივები“ ინერტული მასალის მოპოვების რამდენიმე ადგილი დააფიქსირა.
„ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 26 ივლისს წერდა. მაშინ და დღესაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს პასუხი კითხვაზე: გაცემულია თუ არა ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვებაზე?
ლიცენზიის გაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც შეუძლია, თუმცა 2024 წლის 26 ივლისს ამ უწყებაში გამორიცხეს ლიცენზიის გაცემა მწვანე ტბის მიმდებარედ. „ბათუმელების“ კითხვებს მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე არ უპასუხეს კომპანიებში, რომლებიც ბათუმი-ახალციხის გზას აკეთებენ.
მას შემდეგ, რაც ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეჩერდა.

უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო

მწვანე ტბა
საინიციატივო ჯგუფმა „ხულო და მისი პერსპექტივები“ USAID-ის მხარდაჭერით, ინერტული მასალის უკანონო მოპოვების რამდენიმე ლოკაცია გეოლოგს აჩვენა, რომლის დასკვნა მკაფიოა: „უკვე გამოუსწორებელია ზიანი, ეს გააქტიურებს მეწყრულ პროცესებს“, – ამბობს გიორგი ბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
გეოლოგის აზრით, ამ ადგილებში ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია არც შეიძლება გაცემულიყო.
„დამატებითი კვლევები იქნება საჭირო, მაგრამ ვიზუალური კვლევით რაც გამოჩნდა, ბუნებრივ წონასწორობაში მყოფ ფერდობებს გაუჭრეს გზები, დარღვეულია ამ ფერდობების დინამიკა… ეს გააქტიურებს ქვათა ცვენას და მეწყრებს,“ – გვიყვება გეოლოგი გიორგი ბერიძე.

გიორგი ბერიძე

უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
გიორგი ბერიძე გვიყვება, რომ მწვანე ტბა მიწისქვეშა წყლებით, პატარ-პატარა არტერიებით მარაგდება:
„ვიდრე წვიმის სეზონი დაიწყება, მწვანე ტბა ისედაც იკლებს, თუ ახლა რომელიმე ეს ნაკადი გაქრება, ცხადია, ეს მოაკლდება მწვანე ტბას. აქამდე თუ ერთ მეტრს იკლებდა, ახლა 2 მეტრს დაიკლებს. თუ უფრო გვალვიანი სეზონი იქნება, შეიძლება მეტიც დაიკლოს. ეს არის რისკები, რომ ასეთ მიდამოში მსგავსი სამუშაოები არ ვაწარმოოთ.
თოვლის დნობა რომ დაიწყება, მაშინ გამოჩნდება, შეიძლება პირიქით, ეს არ მოხდეს და ფერდობები დაიმეწყროს.
რამდენიმე ადგილზე მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას. მწვანე ტბასთან ახლოს ყველა დიდი კერაა, დიდაჭარის მთებისკენ კი, მდინარის კალაპოტშია უშუალოდ გრუნტის გზა მოწყობილი, უზარმაზარი მთაა მონგრეული. ეს უზარმაზარი ზიანია, რომელსაც ვერ აღადგენ. უკან რომ დააბრუნო ის მასალა, უარესს გამოიწვევ…
მწვანე ტბის მიმდებარედ, თუნდაც შვეიცარიული საათის სიზუსტით ვაკეთოთ რაღაცები, იქ სამუშაოების წარმოება აკრძალულია. ჯერ როგორი სანახავია ასეთი მთები. სხვა ლოკაციების მოძიება შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ბიუჯეტური გზა მოძებნეს. ჯობია, ახლა თუ ჯდება 100 ლარი პირობითად იმ გზის მოწყობა, დავხარჯოთ 300 ლარი და ამ უნიკალურ ეკოსისტემას ხელი არ ვახლოთ. იქ შეუქცევადი პროცესები წავა…
ახლა მშრალი პერიოდია და შემოდგომიდან, როცა მთაში თოვლი მოვა, გააჩნია ზამთარს, იქ მეწყრული პროცესები გააქტიურდება. ეს იქნება მუდმივი დინამიკა, ვიდრე ბუნება თავის წონასწორობას არ დაიბრუნებს,“ – ამბობს გიორგი ბერიძე.

უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
გეოლოგი მინიშნებას აკეთებს კორუფციაზეც, რასთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე, როცა ბათუმი-ახალციხის გზას აკეთებენ და ამ გზის მოსაწყობად იყენებენ ხულოს მთებში მოპოვებულ ინერტულ მასალას.
„ვინც აკეთებს ამ სამუშაოებს, ხომ იცოდა თავიდანვე, რომ აჭარის მთებში კარიერები არ გვაქვს? რომ ეს ინერტული მასალა საიდანღაც უნდა მოეტანა? პროექტში იქნებოდა შესაბამისი თანხაც ჩადებული ამისთვის, რომ შორიდან დასჭირდებოდათ ამ მასალის ჩამოტანა, მაგრამ ასე იოლი გზა იპოვეს…
კარიერის შერჩევის დროს უნდა შედგეს დამუშავების და შემდეგ ექსპლუატაციის პროექტი, ამ პროცესში თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ჩართული გეოლოგები, რომ განსაზღვრონ, საიდან შეიძლება ინერტული მასალის ამოღება. გეოლოგმა უნდა თქვას, რომელ ფერდობს არ უნდა შეეხონ,“ – აღნიშნა გეოლოგმა გიორგი ბერიძემ „ბათუმელებთან“.
მთავარი ფოტო: უკანონო კარიერი ხულოში, საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ ფოტო
___
ამ თემაზე:
ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია