„კარგ საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები, ჟურნალისტები მართალს ლაპარაკობენ,“ – დაგვიძახა ნათელა ლომინაძემ. მას საკუთარი ეზოდან შეუნიშნავს, მეზობლებთან რომ ჟურნალისტები გამოჩნდნენ.
ნათელა ლომინაძე მემთეურია. „ბათუმელები“ გომის მთის მემთეურებს ესაუბრა პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ იცლება მთა მემთეურებისგან, რატომ იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა?
მემთეურები ამბობენ, რომ ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. მათ არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, თუ რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღება.
„ჟურნალისტები არ უნდათ იმიტომ, რომ არ გამოშრიალდეს მათი ყველაფერი, თქვენ იცით ყველაფერი, რაცხას შობიან,“ – გვიყვება ნათელა ლომინაძე, უფრო გვიახლოვდება და დასძენს, არ მინდოდა ამ რუსული კანონის მიღება, მონები ვიქნებით აწიო.
„გაგვიჭირდება ძალიან, ძნელი დარჩება ცხოვრება…
ხელისუფლება იმიტომ გებრძვით, რომ არ უნდათ თავი გაიმართლონ. ვინც მართალია, ის არ უნდა „ოცნებას“, მათ უნდათ ქონება და ფული თავისთვის, გლეხისთვის რამე არ უნდათ,“ – მიიჩნევს ნათელა ლომინაძე.
რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება რუსული კანონით? – მემთეური ქალი სახლში დაბრუნებულ ქმარს ანიშნებს, ახლა შენ უპასუხეო. დავით ლომინაძე ხის აივანზე ადის, მერე ჩვენკენ ტრიალდება, ოხრავს და გვპასუხობს:
„ხელისუფლება რაზე მუშაობს და სკამს სცავს, სკამს. ახალათ უნდათ არჩევა „კომუნისტური პარტიის“. არ უნდათ წასვლა, რამდენი წელიწადია უკვე მაგინი არიან, ვსო, ახლა ახალმა მოვიდეს,“ – კატეგორიულია დავით ლომინაძე. ეზოში ჭიშკარს მომდგარ საქონელს სახლისკენ ერეკება მემთეური ქალი, დავით ლომინაძე კი გვანიშნებს, კიდევ მაქვს სათქმელიო. მას ყველაზე მეტად ხელისუფლებას და ხალხს შორის სოციალური უთანასწორობა აწუხებს.
„თუ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, ასპროცენტიანად შეიცვლება ხელისუფლება… არც ერთხელ ნორმალურად არჩევნები არ ჩატარებულა. რა უნდა გავაკეთოთ და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. უმეტესობას რა აზრიც აქვს, ის იქნება ხელისუფლებაში.
ხალხი მუშაობს და პურს ეძებს. არის ხალხი, რომ მილიარდერები არიან, სად წაიღონ ფული, არ იციან, საზღვარგარეთ ქუჩებს ყიდულობენ. ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი,“ – ამბობს დავით ლომინაძე
„ოცნებაში“ ხელფასს იღებენ და რუსული კანონი კარგიაო, როგორ არის კარგი, დაგვიმონებენ, ვერაფერს ვეღარ მოითხოვ, აქციასაც ვეღარ ჩაატარებ, გამოხვალ და დაგიჭირავენ-მეთქი, ვუპასუხე,“ – გაბრაზების ნიშნად ხელჯოხს ურტყამს სახლისკენ მიმავალ გზას ფატი მელიქაძე. ის ლომინაძეების ოჯახის მეზობელია. ისიც მემთეურობს.
მემთეურობის მძიმე შრომის პარალელურად ფატი მელიქაძე გვიყვება, ტელევიზორს ვეღარ ვწყდები, რუსეთ-უკრაინის ომის ყველა სიახლე მაინტერესებს და პოლიტიკის შესახებ ყველა ამბავიო.
„გავიხარე, კურსკში წინ მიიწევენ ახლა უკრაინელები, დღესაც კიდევ რამდენი სოფელი აუღიათ, ეს რა ხდებაო,“ – სიხარულსაც გვიზიარებს მემთეური.
რა ელოდება ქვეყანას, თუ ხელისუფლებაში ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩება? – ვეკითხები მემთეურებს.
„რა ელოდება და რუსების მონები გავხდებით, ფულიანები ისევ ფულიანებად დარჩებიან, საზღვარგარეთ იმდენი ტერიტორია აქვთ ნაყიდი, ჩვენ კიდევ გასაქანს არ გვაძლევენ…
„ოცნებას“ ის ურჩევნია, რომ ხალხი დაღარიბდეს, მოატყუოს ხალხი არჩევნების წინ და ცოტა ფული დაუნაწილოს, ზოგს კიდევ ხახვი და კარტოფილი მისცეს.
მე ახალგაზრდობა მომწონს, არ გვინდა რუსეთი,“ – ჯოხს ეყრდნობა ფატი მელიქაძე და გვიყვება, აქ ყველას აგიტაციას ვუტარებ, ჩვენს მწერლებს და ილია ჭავჭავაძესაც რუსეთი არ უნდოდათ, ეს არ დაგავიწყდეთო.
„მე ახლა ივანიშვილს ხმას არ მივცემ, ვარიანტი არაა,“ – საკუთარი სახლის ასასვლელთან ჩერდება მემთეური გულიკო ცინცაძე და მთებისკენ აპარებს მზერას.
მემთეურს არ უჭირს ახსნას, რატომაც არის ივანიშვილის და ხელისუფლების უკმაყოფილო:
„ყველაფერი ძვირდება, ქატო 25 ლარია, რძის პროდუქტებს გაყიდი, იმას იყიდი და ისევ ძროხას უნდა აჭამო, მიწაზე რომ არ ვიმუშაოთ, მშიერი დავიხოცებით,“ – ამბობს გულიკო ცინცაძე და შემდეგ გამოკეტილ სახლებზე გვიყვება: რომელი სახლი ვისი იყო, რა ერქვათ სახელები, როდის ამოდიოდნენ მთაში და როდის მიდიოდნენ, ახლა რით ირჩენენ თავს: ბათუმში არჩიეს მშენებლობაზე მძიმე მუშაობით, თუ თურქეთში კრეფენ ჩაის…
გომის მთაზე შემორჩენილი მემთეურების თქმით, იალაღებზე სახლების დაახლოებით 70 პროცენტი უკვე გამოკეტილია. ღია სახლებში მყოფი ადამიანების ნაწილი კი, გეტყვით, რომ მემთეური აღარაა და მთაში უბრალოდ დასასვენებლად ამოვიდა.
„შუამთობა რომ ჩატარდა, რაც მემთეურების დღესასწაულია, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ გაგესაუბრნენ, თუ დაინტერესდნენ თქვენი პრობლემებით? – ვეკითხებით მემთეურს.
„არა, არავინ არ მოსულა ჩემთან,“ – უკმაყოფილებას არ მალავს გულიკო ცინცაძე, პაუზის შემდეგ კი ამატებს, კონცერტს არა უშავდა, მეც მიყვარს ცეკვა, მაგრამ აღარ მიცეკვია, რაღა დროს ეგ არის, მემთეური ქალის დასვენება და გართობა ვის გაუგიაო.
„რა მოხდება, თუ საქართველო მარტო დარჩება აგრესორი რუსეთის პირისპირ, აშშ-ის და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე?“ – ეს კიდევ ერთ მემთეურს, მერი ჭაღალიძეს ვკითხეთ.
„ეს რას მოგვიტანს და ომს, ჩევიძირებით ყველა“, – ეზოს ხის მაგიდასთან ჯდება მემთეური ქალი. მას „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილ ვახსენებთ: „აბა, ომი გინდათ?“
„მათ აქვთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ რაფერ ვართ, ის მოიკითხონ… ყველაფერი რომ ვთქვა, ან მე უნდა ვიყო, ან ის,“ – წამოდგა მემთეური და მაგიდას ხელი დაარტყა, ბრაზის და იმის ნიშნად, ინტერვიუ დავამთავრეო.
„ეჰ, რამდენი ვიყავით და აღარ არიან, იგერ-აგერ ვიყავით წელს…
ციციობაშიც აქ დავდიოდი და მემთევრობდი, გავთხოვდი და კიდევ დავდივარ,“ – ქვაბიც ეზოსკენ გამოიყოლა ნაზიკო დუმბაძემ. ისიც იმაზე წუხს, რომ მემთეურებმა სახლები გამოკეტეს და ქალაქში გადაბარგვა, ან საზღვარგარეთ წასვლა არჩიეს.
გომის მთის მემთეურები ძირითადად ადგილზე ყიდიან რძის პროდუქტებს: კაიმაღს 20 ლარად, ყველს – 18 ლარად, კარაქს – 25 ლარად, მაწონს – 4 ლარად. მემთეურები გვიხსნიან, რომ ეს არაა ცუდი ფასი, მაგრამ ცხოვრება გაძვირდა, საქონლის შენახვაც გართულდა და ადამიანებმა სხვა საქმის კეთება არჩიეს – არანაკლებ მძიმე, მაგრამ უფრო შემოსავლიანია.
მემთუერები ყურადღებას ხელისუფლების უყურადღებობაზე ამახვილებენ, მაგალითად, შუახევიდან გომის მთაზე ასასვლელ გზაზე, რაც დაზიანებულია და მემთეურს ამობარგვა – ჩაბარგვა დაახლოებით 1000 ლარი უჯდება.
იალაღსა და უშუალოდ კურორტ გომის მთაზე, სადაც ოზურგეთიდან ასასვლელი გზა წელს გააკეთეს, არ არსებობს სამედიცინო პუნქტი.
„არც ვეტექიმია, ძროხას რომ რამე დასჭირდეს…
იტყვის მთავრობა კი, დაგპირდება, მაგრამ აგერ, გორას რომ გადაივლიან, ავიწყდებიან,“ – ნისლებჩაწოლილი მთებისკენ გვანიშნებს მემთეური ჟუჟუნა ბალაძე.
რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სოფლები და ქვეყანა არ დაცარიელდეს? – ვეკითხები მემთეურს.
„დასაქმებული არაა ხალხი, ამიტომ მიდიან საზღვარგარეთ, სოფელში თამბაქოს ფასი აღარ აქვს, წვენების ქარხანა იყო ადრე, ტყემალს და მსხალსაც ვაბარებდით, ახლა არაფერი აღარ დარჩა შემოსავალი.
მემთევრობით თავი გაგვაქვს და ესაა. ამით რომ ბინებს ვყიდულობდეთ და ქონებას, ხალხი თურქეთში აღარ გაიქცეოდა,“ – გაღიმებას ცდილობს მემთეური.
„აბა, ომი გინდათ?“ – „ოცნების“ მაღალჩინოსნების ამ გზავნილზე ჟუჟუნა ბალაძესაც ვკითხეთ.
„ომი ვინმეს არ უნდა, მარა რა ვიცი, რუსეთს რომ შევუერთდეთ, მგონი, უფრო ომი იქნება. რუსეთისკენ არა, ევროპისკენ უნდა წავიდეს ქვეყანა,“ – „ქართული ოცნების“ გზავნილს ასე დაუხვდა მემთეური.
თუმცა ჟუჟუნა ბალაძეს ეეჭვება, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
„წინა არჩევნებზე ვერ გაიმარჯვა ჩვენმა დეპუტატმა, მარა მეორე ტურში გაამარჯვებინეს ძალით, ასე იყო,“ – მემთეური ქალი მეუღლის მინიშნებას გაჩუმებაზე შეუმჩნევლად არ ტოვებს: „მე ახლა სამსახურიდან არდა მომხსნან, რამე არ მემუქრება,“ – თქვა მან.
ჟუჟუნა ბალაძე დღეში დაახლოებით 70 ლიტრ რძეს ამუშავებს და სხვადასხვა პროდუქტს ამზადებს. მან საქონლის მოვლა და დილა-საღამოს ჩამოწველაც უნდა მოასწროს. სადილ-ვახშმის მომზადებაც მასზეა.
რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე მემთეურს, რომელსაც უკვე ყველი ამოჰყავს შეშის ღუმელზე შემომდგარი ქვაბიდან.
„უფრო მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, არაა ჩვენთან, ევროპაში რომ შევალთ, ალბათ მასე იქნება,“ – გვპასუხობს იგი და დასძენს: მეც მინდოდა უმაღლესში მესწავლა, ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა განსაკუთრებით, მაგრამ დამაქორწინეს და ვეღარ შევძელიო.
„ძროხების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, დიდი-პატარა 20 საქონელი მყავს ახლა, სხვების საქონელიც მომყავს, რომ თანხა რაღაც დავაგროვო, პროდუქტი მოვჭუჭკო და გავყიდო,“ – გვითხრა ზეინაბ მჟავანაძემ. ის გვიხსნის, რა პირობით მოჰყავს მთაში სხვისი საქონელიც.
„ერთ ძროხაზე არის 8 კილო კარაქი, 10 კილო ყველი. ერთი და ორი ძროხისთვის მთაში არ ამოისვლება, ხარჯი აქვს ამობარგვას და მერე ჩაბარგვას, 1000 ლარი მაინც გინდა,“ – გვითხრა ზეინაბ მჟავანაძემ. ის შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს.
ზეინაბის თქმით, მას სოფლის დატოვება არ სურს, თუმცა 61 კომლიდან 15-მდე ოჯახი შემორჩა სოფელს, მეწყერი კი, მის სახლთანაც ჩამოწვა.
„შემოგვთავაზეს 50 ათასი ლარი, გადადით სხვაგანო, მაგრამ მაგ თანხით სადმე ვერ წახვალ, ვერ იყიდი მიწას, რომ სახლი აიშენო,“ – ამბობს ზეინაბ მჟავანაძე.
„ხელისუფლება რას იზამს, ყველაფერს ხომ არ მოგიტანს და ეზოში არ დაგიწყობს? პენსია არის, თუ იმუშავებ, ანაზღაურება არის, ცოტა უნდა იმუშაო, ახალგაზრდებს მუშაობა ეზარება,“ – გომის მთაზე ხელისუფლების დამცველიც შეგვხდა. ციცინო ცინცაძეს შევახსენეთ, რომ სოფლიდან წასული ადამიანები ახლა თურქეთში თხილს კრეფენ, ან მშენებლობაზე მუშაობენ.
„ქარხნები რომ იყოს რამე, სამკერვალო, სამკერვალოსთვის ქალები ქალაქში მუშაობენ, რამე პირობები რომ იყოს და ახალგაზრდობა ჩაებას, უკეთესი იქნება,“ – პრობლემის გადაჭრის გზასაც ასახელებს მემთეური და იქვე დასძენს:
„პრობლემა არის ახლა, მაგრამ რა ვთქვა, ხელისუფლება ხელისუფლებაა, ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება,“ – კატეგორიულია ციცინო ცინცაძე და ანტიდემოკრატიულ გზავნილს გვიმეორებს, ჯოხიც რომ იყოს, მთავრობაა მაინცო.
„თუ ხელისუფლებას მივყავართ იქითკენ, რომ რუსეთის ბოსტანი გავხდეთ, მაინც უნდა გავყვეთ?“ – ვეკითხებით მემთეურს.
„მთავრობას არაფერი არ შეეშლება,“ – მზერას გვარიდებს ციცინო ცინცაძე.
შუადღის საათებში მემთეურებს ერთი, მაქსიმუმ ორი საათი აქვთ დასვენებისთვის. ამ დროს ძირითადად ერთად იყრიან თავს ჩრდილში და ერთად შეექცევიან ყავას და საზამთროს.
„რამდენად ზრუნავს ხელისუფლება, რომ მოაგვაროს სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემები?“ – ვეკითხები მაგიდის ირგვლივ მსხდომ მემთეურებს.
„ტელევიზორს რომ ვუყურებ, ერთი და იგივეს ამბობს ყველა, მათი ნათქვამი რამე არ კეთდება. ყველას იმას იძახის, მე კაი ვარ და შენ გლახაო. მე ვითხოვ საბავშვო ბაღს ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში,“ – ამბობს ეთერ ზოიძე. ის განმარტავს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რომ აღარაა სოფელში საბავშვო ბაღი და ერთი ბავშვის მეორე სოფელში ტრანსპორტირება თვეში 50 ლარი ღირს.
„მთავრობას რომ პრობლემების მოგვარება სურდეს, ასე არ იქნება, თავის ჯიბეს უყურებს ყველა, გლეხისთვის ვინმეს არ სცალია. მთავრობა რომ უყურებდეს, ასე კი არ იქნებოდა აქაურობა აოხრებული,“ – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არც ეთერ გოგრაჭაძე მალავს. ის ყოფილი მემთეურია და ამჯერად მხოლოდ დასასვენებლად ამოსულა მთაში.
„საზღვარგარეთ გადიან და ასე უმსუბუქდებათ ცხოვრება, მაგრამ მე აქ ყოფნა მირჩევნია. შუახევიდანაც რომ გაკეთდეს გზა, ეს იქნება კარგი,“ – სათქმელი აქვს ნათია ბერიძესაც.
„ევროპამ ჩვენ რამე ზიანი მოგვცა? ზიანს რაც გვაძლევს, ვიცით და მაგას ხმამაღლა თქმა არც უნდა“, – ეს გომის მთის იალაღებზე გურამ ზოიძემ გვითხრა.
გურამ ზოიძე განსაკუთრებით მწვანე ტბის გამო წუხს, რომელიც შეიძლება დაშრეს – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტულ მასალას უკანონოდ მოიპოვებდნენ. ეს ადგილები USAID-ის მხარდაჭერით გეოლოგმაც შეისწავლა, რომლის თქმითაც, ინერტული მასალის მოპოვება მეწყერსაც გაააქტიურებს.
„რამდენი მწვანე ტბა გვექნება, ყველასთვის უკეთესია, რაც ბუნებამ გვაჩუქა, იმის განადგურება არ შეიძლება,“ – გვიყვება გურამ ზოიძე. – „როგორც ინჟინერი გეტყვით, რომ ასე ბუნებაზე შეხება არ შეიძლება. შეიძლება ტბას საკვები წყარო გადაუკეტო და ტბა საერთოდ დაშრეს,“ – გვითხრა მან. მას ვუთხარით, რომ ვერცერთ სახელმწიფო ორგანომ ვერ გვიპასუხა, არის თუ არა გაცემული ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტული მასალის მოპოვებაზე.
„კაი კაცო, მაღალჩინოსნების გარეშე არაფერი არ ხდება, მეტი რა გითხრათ?“ – გურამ ზოიძეს არ სჯერა, რომ ინერტულ მასალას ხულოში ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იღებდნენ.
„არ დაშორდება საქართველო ევროპას, მაგი არ გაკეთდება, არა,“ – ფანჯრიდან გადმოგვხედა ნაზი ქათამაძემ. ის გამორიცხავს, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს და რუსეთს დაუახლოვდეს.
„მაგი რომ კეთდება, ამიტომ აღარ ბრუნდება სხვა ქვეყნებიდან ხალხი საქართველოში, რუსეთის გამო ევროპაზე უარს ვინ იტყვის, რა ქვეყანა იქნება ასეთი? მაგით არსებობს ხალხი.
მთავრობას ის ინტერესი აქვს, რომ მას ჰქონდეს კარგი ცხოვრება და მის შვილებს, ჩვენ – არა.
ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს,“ – გვითხრა ნაზი ქათამაძემ.