მთავარი,სიახლეები

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23.08.2018 • 3580
ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბრძანება 2018 წლის 22 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ვიკიპედიიდან:

[highlight color=”green”]ისინდი [ძვ. ჯირითი][/highlight] – ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა თანაბარი რაოდენობის ორი გუნდი – თითოეულში არანაკლებ ექვსი მხედრისა [მოთამაშეთა რიცხვი შეიძლება ათამდე გაიზარდოს].  ყოველი მხედარი შეიარაღებულია 120-150 სმ სიგრძის შუბით, რომელსაც ბოლოზე დამაგრებული აქვს დარტყმის დასასუსტებელი “ჩაჩი” [შუბსაც ისინდი ჰქვია]. გუნდები დაეწყობიან მოედნის სასტარტო ხაზზე. დამწყები [კენჭისყრით] გუნდის პირველი “გამომწვევი” მსაჯის ნიშანზე მიიჭრება მოპირდაპირე გუნდთან, გადაკვეთს მის საჯარიმო ხაზს და ცდილობს თავისი ისინდი მოახვედროს მოწინააღმდეგეს [23 ქულა] ან მის ცხენს [1 ქულა]. ტყორცნის შემდეგ იგი სწრაფად უბრუნდება თავის გუნდს და დგება ბოლოში.

მეორე გუნდის პირველი მოთამაშე მსაჯის ნიშანზე ჭენებით გამოეკიდება მეტოქე გუნდის “გამომწვევს” საჯარიმო ხაზამდე და ცდილობს გაიმეოროს იგივე, შემდეგ კი სწრაფად გაბრუნდეს უკან, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მომდევნო მხედარმა ვერ მოარტყას ისინდი მას ან მის ცხენს. მოწინააღმდეგის ნატყორცნი ისნდის ჰაერში დაჭერისათვის მხედარი დამატებით 2 ქულას იღებს. იმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს [საჯარიმო ქულების გამოკლებით. საჯარიმო ქულა ინიშნება გვერდითი ხაზის დარღვევის, სასტარტო ნიშნის შემოუვლელობის, ისნდის ხელგაუშვებლად მხედრის ან ცხენის ჩხვლეტისა და სხვა დროს]. ფრეს შემთხვევაში მსაჯს უფლება აქვს დაუმატოს დრო [არაუმეტეს 5 წუთისა]. ისინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

[highlight color=”green”]ცხენბურთი[/highlight] – ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ფეოდალურ ეპოქაში იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას. შემდგომში შემუშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში.

ცხენბურთს თამაშობს ორი გუნდი 6-6 მხედრის შემადგენლობით [ერთი მეკარეა]. საასპარეზო სწორი მინდვრის სიგრძეა 150-300 მ, სიგანე – 75-120 მ; მინდვრის კუთხეებში დამაგრებულია დროშები. კარის სიგრძეა 6 მ, სიმაღლე – 3,5 მ, მის წინ შემოხაზულია 10-20 მ საჯარიმო მოედანი. შუა მინდორში სიგანეზე გავლებულია ხაზი 5 მ-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური წრით. თამაშის ძირითადი ინვენტარია მკვრივი ბურთი და ხის ჩოგნები, რომლებსაც ბოლოში დამაგრებული აქვს ბადიანი რკალი. თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში ისე, რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით. თამაში გრძელდება 20 წუთი [სუფთა დრო; არ ჩაითვლება გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანის, საჯარიმო და სადავო გათამაშების დრო]. პირველი 10 წუთის შემდეგ ეწყობა 15 წუთიანი შესვენება.

[highlight color=”green”]ყაბახიც [/highlight]ასევე ძველი ქართული ცხენოსნური თამაშია. თამაშის მიზანია ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის [უმთავრესად თასის] ისრით ჩამოგდება. მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.

შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.

[highlight color=”green”]მარულა[/highlight] – საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა – დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ გავარჯიშებული ცხენებით. წინათ იმართებოდა 20-25 კმ დისტანციებზეც. მარულაში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც. ახლა მარულა რეგლამენტირებულია შეჯიბრების ზუსტი წესებით, დისტანცია ითვალისწინებს 8-10 კმ. მარულა შედის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა საქართველოს ჩემპიონატების პროგრამაში.

განსაკუთრებით გავრცელებულია ჩოხატაურის, სამტრედიის, გალის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, გუდაუთის, გურჯაანის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს რაიონებში, ქუთაისში და სხვაგან.

 

მთავარი ფოტო: დოღი ბახმაროში. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: