გადაარჩინეს ათობით ლტოლვილი, რომლებიც ამოტრიალებულ გემზე იმყოფებოდნენ

ინდონეზიელმა მაშველებმა ათობით როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი გადაარჩინეს, რომლებიც ამოტრიალებული ხის პატარა გემის კორპუსზე ცდილობდნენ გადარჩენას.

„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ამოტრიალებულ გემზე მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო და მაშველებმა მათი რეზინის ნავზე გადასმა დაიწყეს.

უცნობია, რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა პატარა გემზე, რომელიც გუშინ 20 მარტს ამოტრიალდა ინდონეზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სამაშველო ოპერაციების შემდეგ, დაახლოებით 75 ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს ნაპირზე.

„ასოშიეითედ პრესი“ წერს, რომ უცნობია, ყველა ლტოლვილმა შეძლო თუ არა ამოტრიალებული გემის კორპუსზე აძრომა ღამით, თუ ზოგი მათგანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, გასულ წელს დაახლოებით 4500 როჰინჯა [ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, მიანმარში მცხოვრები ბენგალელი მუსლიმები] გაიქცა თავისი სამშობლო მიანმარიდან და მეზობელ ბანგლადეშში ლტოლვილთა ბანაკებში ჩავიდა ნავით. მათგან 569 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა ბენგალის ყურისა და ანდამანის ზღვის გადაკვეთისას.

_____________

ფოტო: EPA-EFE/ZAINAL ABIDIN

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტის მონაცემებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად კი – ნოვოპავლოვსკის, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 36 სარაკეტო და 55 საჰაერო დარტყმა, მოხდა 74 სამხედრო შეტაკება.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 2 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პოზიციებზე; ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 11 თავდასხმა, ბახმუტის მიმართულებით კი – 15 თავდასხმა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას, სადაც ოკუპანტებმა, ავიაციის მხარდაჭერით, 25-ჯერ სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა.

გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ხერსონის მიმართულებით მტერს არ ჩაუტარებია შეტევითი ოპერაციები.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საავიაციო დარტყმა განახორციელეს 7 ზონაზე, სადაც თავმოყრილი იყო რუსეთის ძალების პირადი შემადგენლობა, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

22 მარტს, ღამე, რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმაზე თითქმის 4 საათს გრძელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოფიციალური კიევის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტები იყო.

____________________

ფოტოზე: 22 მარტი, ზაპოროჟიე. ფოტო: EPA-EFE/KATERYNA KLOCHKO

კოტეჯების მდინარისგან დასაცავად ჯებირი უნდა ააშენონ – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში კოტეჯების მდინარისგან დასაცავად საყრდენი კედლის მოწყობაზე სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სკრინინგის განცხადებაში გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია.

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ნაგებობის აშენებას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც სააგენტოს სკრინინგის განცხადებით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა.

„ზულუ ვი.აი.პი ბლუმუნისთვის“ გაგზავნილ წერილში გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებს კომპანიას, რომ დააზუსტოს შემდეგი საკითხები:

  • „როგორც ჰიდროლოგიური ანგარიშიდან ირკვევა, მდ. ყოროლისწყლის საანგარიშო დატბორვის დონის განსაზღვრისას აღებულია კვეთები, სადაც მდინარის საპროექტო სიგანე შეადგენს 49 მეტრს, თუმცა, დამცავი ნაგებობის განლაგების მიხედვით, საპროექტო კვეთის სიგანე გაცილებით უფრო ნაკლებია, განსაკუთრებით, ნაპირდამცავი კედლის ცენტრალურ ნაწილში. შესაბამისად, საანგარიშო დატბორვის დონეების განსაზღვრა უნდა მოხდეს აღნიშნული შევიწროებული კვეთების გათვალისწინებით;
  • სკრინინგის განცხადებაში ასახული უნდა იყოს დაგეგმილი ნაპირსამაგრი ნაგებობის გავლენა მოპირდაპირე ნაპირის მდგრადობაზე;
  • საცხოვრებელი კოტეჯების მდ. ყოროლისწყლის ნაპირთან სიახლოვიდან გამომდინარე, საჭიროა ნაპირსამაგრი ნაგებობის დაპროექტების დროს, საინჟინრო ჰიდროლოგიური მახასიათებლები დადგინდეს 200-წლიანი უზრუნველყოფის საანგარიშო ხარჯზე;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის ჰიდროლოგიური რისკების შეფასება;
  • დოკუმენტში მოცემული უნდა იყოს არსებული კოტეჯების განთავსების GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები (shp-ფაილთან ერთად) და აღნიშნული კოტეჯების მდინარის კალაპოტის კიდიდან დაშორების მანძილები, ასევე, „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან თავსებადობის საკითხი.“

სკრინინგის განცხადებებში ხშირად შესწორების გარეშეა გადმოტანილი ტექსტები სხვადასხვა დოკუმენტიდან, რაც შეუსაბამობებს იწვევს. ასე იყო მაგალითად ქობულეთის შემთხვევაში და ანალოგიური უზუსტობაა ორთაბათუმის შემთხვევაშიც:

„სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი საყრდენი კედლის საერთო გეგმის და ჭრილების ლეგენდებზე მითითებულია „მახინჯაურის რაიონის სოფ. აგარაში მდ. ყოროლისწყალზე ნაპირდამცავი საყრდენი კედლის მოწყობა“, ხოლო არმირების გეგმაზე მითითებულია „ყვარლის მუნიციპალიტეტში, ყვარლის ტბის დასასვენებელი კომპლექსის მიმდებარედ, დამეწყრილი ფერდობის გამაგრება საყრდენი კედლის მოწყობით“. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას“ – წერს სააგენტო კომპანია „ზულუ ვი.აი.პი ბლუმუნის“.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ სკრინინგის განცხადებით ნაპირსამაგრი ნაგებობა განთავსდება შპს „ზულუ ვი.აი.პი ბლუმუნის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს სოფ. აგარასა და სოფ. ორთაბათუმის მიმდებარედ.

„თუმცა, მონაცემთა გადამოწმებით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სოფ. ორთაბათუმში და ასევე მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიას, სადაც დაგეგმილია საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობის ნაწილის [დაახლოებით 72 მეტრი] მოწყობა.

შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას.“

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ“, – წერს სააგენტო კომპანიას.

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტთან მდებარე მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. მდინარე ყოროლისწყალი კი, 2023 წლის 3 ოქტომბერს ისე ადიდდა, რომ მდინარესთან აშენებულ კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა.

ამ თემაზე:

ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების დასაცავად კომპანია ჯებირის აშენებას გეგმავს

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მარტის 21 საათიდან 23 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: ღამით – 3 ბალი, დღისით  – 4 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 მარტს ღამით მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღისით და
მომდევნო ორ დღეს – 25 და 26 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

122 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმში 2 დღით სცენის მოსაწყობად

ბათუმში საზაფხულო ფესტივალისთვის – „ზაფხული იწყება აქ“ – საკონცერტო სცენის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 122 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ღონისძიების ჩატარება ანბანის კოშკის მიმდებარედ 2024 წლის ივნისის თვის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ფესტივალი ორდღიანი იქნება [ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ დღეები დაზუსტდება ამინდის გათვალისწინებით და „ზუსტი თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“].

აღნიშნული ფესტივალით ბათუმში 2024 წლის ზაფხულის სეზონს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ.

სცენის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

საკონცერტო სცენის რენდერი ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ აპრილს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.

„ზაფხულის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენს რეგიონში, რომელსაც ადგილობრივები, თუ ტურისტები ყოველთვის ზაფხულის სეზონის დადგომის წინ დიდი სიხარულით ელოდებიან.

ზაფხულის ფერადი ფესტივალი გათვლილია ყველა ასაკის, თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ ფესტივალი ორიენტირებულია, როგორც მუსიკალურ, ისე დეკორაციულ ნაწილზე და სხვადასხვა თემატურ აქტივობებზე.“ – აღნიშნულია სააგენტოს სატენდერო განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „წელს ზაფხულის ფესტივალი იქნება ორდღიანი და საინტერესო პროგრამებით და ფერადი დეკორაციული ელემენტებით დატვირთული, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს და ზაფხულის სეზონს გახსნილად გამოაცხადებს.

ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ლედ მონიტორებით, ლაზერული განათებებით, გახმოვანებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“

პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირს „2019 წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს კულტურული ღონისძიების ორგანიზების არანაკლებ 5 შესრულებული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიების ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 122 ათას ლარს“.

საკონცერტო სცენის რენდერი ტენდერიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 434 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 6 840 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 13 111 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 10 775 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 018 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 723 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 388 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 953 ერთეული [+31]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 287 ერთეული [+45]
  • სპეცტექნიკა – 1 749 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 565 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 487 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 572 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 252 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 490 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 057 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ნარკომოვაჭრეებს ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები, ყველა ლოგიკით ასეა – ნაცვლიშვილი

„ბოლო პერიოდში ნარკომოხმარების პრობლემა პანდემიასავით გვაქვს ქვეყანაში“, – ამბობს პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი. „ბათუმელები“ მას ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდის პრობლემასა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ანა, ბოლო კვლევებით საქართველოში 51%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაული, ასევე გაზრდილია ბავშვებსა და მოზარდებში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ რეალობის შესაცვლელად?

პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მდგომარეობა არის გაცილებით მძიმე. ბოლო პერიოდში პანდემიასავით არის  მოდებული ეს პრობლემა (ნარკოდამოკიდებულება). როცა ამ საკითხზე ვისაუბრე პარლამენტში, იმ მშობლებისა და იმ ოჯახის წევრების სახელით ვისაუბრე, რომლებთანაც მაქვს შეხება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომმართა იმავე წუხილით.

ამიტომ ზუსტად ვიცი მათი შიშები და წუხილები და ის, რომ ეს ხალხი დღეს მარტო დატოვა სახელმწიფომ ამ პრობლემის წინაშე. ეს არის მთავარი პრობლემა.

სახელმწიფოს არ აქვს ნარკოდამოკიდებულებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია.

მთელი ჩვენი მოქმედება ორიენტირებულია მომხმარებლების და ასევე რეალიზატორების დასჯაზე, მაგრამ მარტო დასჯით ამას ვერ უშველი. ვინც დასასჯელია, გამოსავლენია და პასუხისგებაშია მისაცემი, პირველ რიგში, აი, ეს ხალხი და მათი მფარველები უნდა გამოვლინდნენ. ისინი, ვინც მფარველობს ნარკოტიკების შემოტანას ამ ქვეყანაში.

ზედა რგოლში რომ არ ჰყავდეთ მათ მფარველები, ყველამ ვიცით, სხვანაირად ნარკოტიკები ასე თავისუფალ ბრუნვაში ვერ იქნებოდა ქვეყანაში.

  • ფიქრობთ, რომ ნარკომოვაჭრეებს  ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები?

რა თქმა უნდა, ყველა ლოგიკით ასეა. მე კონკრეტული ადამიანების სახელები რომ ვიცოდე, ცხადია, დავასახელებდი, მაგრამ ვერ მეცოდინება, რადგან არანაირი საგამოძიებო კომპეტენციები არ მაქვს.

ამიტომ მივმართე შს მინისტრს – მას აქვს საგამოძიებო კომპეტენციები, მას აქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც უნდა მივიდეს კვალთან, მაგრამ გასაგებია, რომ ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს.

  • გამოძიება ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ონლაინსივრცეში გადავიდა. ასევე იმაზეც, რომ ონლაინში ღიად ვრცელდება ვიდეოები ნარკოგამსაღებლებზე. შესაძლებელია, რომ ეს პროცესი მიდიოდეს შესაბამისი უწყებების მიღმა?

ეს ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან არალეგალურ სქემაში,  არიან მოწყვლადი და მათი კონტროლის მექანიზმი, მათი დაშანტაჟება-გამოყენება, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის, ძალიან ადვილია. ჩვენ გვინახავს ეს არაერთხელ.

ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის სწორი პოლიტიკა და პრაქტიკა, მაგრამ მარტო ამით ვერ შეებრძოლები ნარკომოვაჭრეებს. ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი რესურსი პრევენციაში და ეს რესურსი სახელმწიფომ უნდა ჩადოს.

ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი, რაზეც სახელმწიფო გააკეთებს აქცენტს, თუ როგორ დავიცვათ ადამიანები, განსაკუთრებით მოწყვლად ასაკში მყოფები, ახალგაზრდები იმისგან, რომ არ გახდნენ მსხვერპლი და არ შევიდნენ ამ ჭაობში, თორემ იქ რომ მოხვდება ადამიანი, მერე უკვე ძალიან დაგვიანებულია.

სად არის ძლიერი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები?

სად არის განათლების, ჯანდაცვის სამინისტრო, მარტო შს სამინისტროს საქმე არ არის ეს.  ცნობიერების ამაღლების კამპანიაში განათლების სამინისტრო არის მთავარი.

ამაშია საქმე. არც თვითონ ხედავენ თავიანთ როლს ამ პროცესში, არადა, ეს არის საკვანძო სტრუქტურა, რომელსაც გამზადებული ინფრასტრუქტურა აქვს, რომ ახალგაზრდებს ელაპარაკოს და მიაწოდოს ინფორმაცია ისე, რომ ამ ინფორმაციას ჰქონდეს მაღალი პენეტრაცია და მაღალი დამაჯერებლობა.

ჩვენ მოვიძიეთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებები, მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამაა, რაც გულისხმობს ახალგაზრდების, რისკჯგუფების ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლითაც ისინი ისწავლიან უნარებს, თუ როგორ უნდა თქვან უარი, თუკი მოხვდებიან ასეთ სიტუაციაში – „კაი პონტია რა, გასინჯე“.

ზუსტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ნარკოტიკების მოხმარებისას, რას იწვევს ნარკოდამოკიდებულება, როგორ უნდა გაუმკლავდნენ თუნდაც თანატოლების, გარემოცვის წნეხს, რომ არ გასინჯონ ნარკოტიკი. რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს მათი ოჯახებისთვის.

საუბარია ახალგაზრდების მომზადებაზე, რომ არ ჩავარდნენ, არ გაებან ამ მახეში.

  • ეს რა ფორმატში შეიძლება განხორციელდეს, სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, სპეციალური საათები გამოყოს ამისთვის, თუ ერთობლივად შეიძლება იმუშაოს შსს-თან ან ჯანდაცვის უწყებებთან ერთად?

სკოლა ვერ გააკეთებს მარტო. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს ეს საკითხი პრიორიტეტად, დაიწყოს ინტენსიური კამპანია და ამ კამპანიაში ჩართოს კერძო სტრუქტურებიც, სამოქალაქო საზოგადოება, ცნობადი სახეები. სპორტსმენები, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, წარმატებული და როლური მოდელები არიან ახალგაზრდებისთვის.

სახელმწიფომ უნდა შექმნას პლატფორმა და ინფრასტრუქტურა. კერძო ინიციატივებიც გაიხადოს პარტნიორად ამ პროცესში, რადგან ეს ისეთი სენია, რომელსაც ერთი ან ორი უწყება ვერ გაუმკლავდება.

აქ არის საჭირო ყველას ჩართვა ერთად.

უნდა დასხდნენ უწყებები და კოორდინირებულად დაგეგმონ მოქმედებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – უნდა შექმნან სინერგია. ცალკე ერთი რომელიმე უწყება ამ პრობლემას ვერ მოერევა.

დღეს არ გვაქვს პრევენციის მექანიზმები, რომ ვერ ჩაითრიონ ახალგაზრდები ამ პრობლემაში. გვაქვს ძალიან ფრაგმენტული, ცალკეული ინიციატივები, რაც შედეგს, ფაქტია, რომ ვერ იღებს.

მედიის როლიც დიდი იქნება ამ კამპანიაში, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ეს ამბავი.

სისხლის სამართლის კომპონენტის გარდა, ეფექტური გამოძიებები რომ მიმდინარეობდეს ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებლების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ამას სახელმწიფოს შესაბამისი რესურსის გარეშე ოჯახი ან კონკრეტული პირი ვერ გასწვდება, იმდენად ძვირია ეს მომსახურება.

ცენტრებიც არ არსებობს შესაბამისი რეგიონებში. თბილისშია მხოლოდ რამდენიმე კერძო ცენტრი და მომსახურება არის ძალიან ძვირი. ამ რესურსების მიღება უამრავი ადამიანისთვის არის ფუფუნება, ფიზიკურად ვერ შეძლებენ პროგრამებში ჩართვას.

სახელმწიფო ჩართულობა კი ძალიან მიზერულია ამ პროცესში.

  • ამ დღეებში რამდენიმე მოზარდის მშობელს ვესაუბრეთ, რომლებიც წუხან იმაზე, რომ ვეღარ უმკლავდებიან სიტუაციას, არ იციან, როგორ მოიქცნენ. ჩვენი შვილები იღუპებიან – გვითხრეს დედებმა. მშობლების თქმით, ნივთიერებების მოხმარებამ გამოიწვია მათი შვილების ფსიქიკური პრობლემები, ოჯახები კი ვერ ახერხებენ მართვას. ვინ უნდა დაეხმაროს მათ?

ვიცი ამის შესახებაც და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ სერვისების უზრუნველყოფა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც ამ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციაზე, ასევე ოჯახებზეც, რომ ასწავლოს მშობლებს, როგორ უნდა მართონ ურთიერთობა ოჯახის წევრთან, რომელიც ნარკოდამოკიდებულია. ამ ყველაფერში სჭირდებათ დახმარება ადამიანებს.

ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.

რატომ გაიზარდა ასე ძალიან მიდრეკილება. იმიტომ ხომ არა, რომ ეს არის ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის გაქცევის შესაძლებლობა სიღარიბიდან, უმუშევრობიდან, უპერსპექტივობიდან, იმისგან, რომ ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი და როლი საზოგადოებაში, ვერ რეალიზდნენ.

რა პერსპექტივებს სთავაზობს მათ სახელმწიფო? ეს შესაძლებლობები ხომ უკიდურესად შეზღუდულია დღეს საქართველოში. ამიტომაც არის ასე გაზრდილი ამ პრობლემის მასშტაბი დღეს.

დასაქმების, სწავლის თვალსაზრისით რას სთავაზობს ამ ახალგაზრდებს სახელმწიფო. გართობისა და დასვენების, სოციალიზაციის მხრივ თუნდაც.

სოციალიზაცია, უსაფრთხო სივრცეები, ახალგაზრდებისთვის საერთოდ აღარ არის ხელმისაწვდომი.

არაერთ რეგიონულ ცენტრში ვარ ნამყოფი, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სხვათა შორის, ხანდაზმული ადამიანებიც იმას ასახელებენ, რომ ახალგაზრდებს აღარ აქვთ სივრცეები, სადაც შეიკრიბებიან, ისაუბრებენ. ეს არის პრობლემა. ათასი პროექტი შეიძლება გააკეთო, სადაც ჩართავ ახალგაზრდებს და დააკავებ საინტერესო აქტივობით.

  • სხვათა შორის, მშობლები წუხან იმაზეც, რომ გაიზარდა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მოზარდების გამოყენების მასშტაბი. რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ლიბერალურია ბავშვების მიმართ, ცდილობენ მოზარდების ხელით აკეთონ დანაშაული. ამის მოგვარება როგორ შეიძლება?

არ მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ ხმას რომ ამოიღებ პრობლემაზე, შენ ხდები მტერი და ასეთი მიდგომით არც ერთი პრობლემა არ მარცხდება.

პრობლემის დამარცხება იწყება მისი აღიარებით, პასუხისმგებლობის აღებით და მოქმედებით.

ნებისმიერი ქვეყნისთვის ძვირფასი რესურსი არის ადამიანური რესურსი. განსაკუთრებით ახალი თაობა. თუ ეს თაობა დავკარგეთ და ჩაგვეძირა ნარკოჭაობში, ვინ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა, ვინ უნდა შექმნას ის სამუშაო ძალა, თუკი ეს ნიჭი და პოტენციალი დაიკარგება?

ეს სერიოზული საფრთხეა, რომ არ დაიკარგოს ინდივიდებისა და თაობების უზარმაზარი პოტენციალი. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს.

მასთან დაპირისპირებას სჭირდება მთელი საზოგადოების დარაზმვა. მარტო საზოგადოება ან მარტო სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს. გაერთიანება და პარტნიორობაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ამის ტრადიცია და კულტურა, ამის გააზრება სამწუხაროდ არ გვაქვს.

პრევენცია, ასევე რეპრესია, შემომტანებისა და მათი მფარველების მიმართ და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – აი, ეს რგოლი თუ არ ამუშავდა, შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს გვაქვს. ამ ყველაფერს აქვს გადამდები ეფექტი, რადგან თანატოლების, წრის გავლენა ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მაღალია.

ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბათუმში 6 მოვაჭრე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტებმა არ შეასრულეს“.

საუბარია სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ქართული მენიუს და ქართულ ენაზე მომსახურების არარსებობაზე.

„მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი ობიექტები სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“- აცხადებს კონკურენციის სააგენტო.

დაჯარიმებული ობიექტებია:

  • ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი
  • შპს „დარიას“ – 1 088.27 ლარი
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი
  • შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ – 1 789.22 ლარი
  • შპს „ჰარვიდენტის“ – 600 ლარი

სააგენტოს ცნობით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

„ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს“ – იუწყება კონკურენციის სააგენტო.

დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა მომღერალ ირაკლი ფირცხალავას კომპანია, „ინვესტ ინ ჯორჯია“.  ფირცხალავა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით,  ამავე მიზეზით 2024 წლის იანვარ – თებერვალშიც დაჯარიმდა 4 ობიექტი მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის გამო.

„11 მოვაჭრეს  9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე 21 შეთანხმება გაფორმდა.“

რა მისამართებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 22 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება.

კერძოდ:

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის #1 ნომერში მცხოვრებ 254 აბონენტს;

ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება ფიროსმანის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრებ 57 აბონენტს;

ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 198ა ნომრის 217 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არიან დაშავებულები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 მარტს, ღამე, რუსეთმა კიევს „ისკანდერისა“ და „კინჯალის“ ბალისტიკური რაკეტებით და 29 ფრთოსანი რაკეტით შეუტია.

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ეკლესია, საბავშვო ბაღი და დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა.

ცნობილია, რომ კიევში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი.

უკრაინული გამოცემის, „ეკონომიჩესკაია პრავდას“ ცნობით, 21 მარტს უკრაინაზე განხორციელებული მასიური თავდასხმა რუსეთს 390 მილიონი დოლარი დაუჯდა.

____________________________

ფოტო: კიევის ადმინისტრაცია/telegram

ბათუმის ციხეში პატიმარი 27-ჯერ გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში – საქმე საკონსტიტუციოში

„მაგალითად, N3 დაწესებულებაში [ბათუმის ციხე], ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე საათი და წუთია მითითებული, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმრის გამოყვანა რეალურად არ ხდება და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი გააჩნია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის სარჩელში, რომლის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 21 მარტს დაიწყო.

სახალხო დამცველის სარჩელი, რაც პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრობლემას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 3 წლის წინ, 2021 წელს მიიღო. ამ დროს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო, რომლის შეფასებითაც ეს შემთხვევები „უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“. 

კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილავდეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს.

სარჩელი ომბუდსმენის მიერ მოძიებულ ფაქტებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები დეესკალაციის ოთახში გადაჰყავთ არა „საფრთხის აღმოფხვრამდე“, როგორც ეს კანონში წერია, არამედ ამ ოთახს პატიმრების დასჯისთვის იყენებენ.

გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, ბრალდებულის, ან მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა განსაზღვრულია „არა უმეტეს 72 საათისა“, თუმცა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

ომბუდსმენს მოსამართლეებისთვის მიუწერია, რომ პატიმრები დეესკალაციის ოთახში უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური – 72-საათიანი ვადით გადაჰყავთ. ამასთან, რადგანაც ერთი და იმავე პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ხშირად, პირის აღნიშნული ოთახიდან გამოყვანა ფორმალური ხასიათისაა და დროის ძალიან მცირე ინტერვალში, ხელახლა აბრუნებენ დეესკალაციის ოთახში.

სახალხო დამცველის დაკვირვებით, დეესკალაციის ოთახში პატიმრებს არამიზნობრივადაც ათავსებენ. „კვლავ აქვს ადგილი პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივ, არამიზნობრივ და დასჯის მიზნით მოთავსებას, რაც სახალხო დამცველის შეფასებით უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას,“ – წერს სარჩელში სახალხო დამცველი.

„N8 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დეესკალაციის ოთახების და სამარტოო [უსაფრთხო] საკნების გამოყენება არასრულწლოვნებთან მიმართებითაც ხდება. ასე, მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრიდან 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში არასრულწლოვანი პატიმრები სამარტოო საკანში 10 შემთხვევაში მოათავსეს და აქედან 1 შემთხვევაში არასრულწლოვანი 6 დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად იმყოფებოდა.

დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ის 24 საათის გასვლის შემდეგ გამოჰყავდათ სამარტოო საკნიდან და რამდენიმე წუთში აბრუნებდნენ უკან. სახალხო დამცველი თვლის, რომ დაუშვებელია სამარტოო [უსაფრთხო] საკანსა და დეესკალაციის ოთახში არსებულ არასათანადო პირობებში და მით უმეტეს, ხანგრძლივად არასრულწლოვნის მოთავსება.

აღნიშნული პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

N8 დაწესებულებაში ასევე დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემთხვევები“, – აღნიშნულია სარჩელში.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

ამ თემაზე:

არის ქართული სასამართლო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი? – როგორ მუშაობს საკონსტიტუციო 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 433 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 6 832 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 13 074 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 10 740 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 018 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 721 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 365 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 242 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 1 741 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 443 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 487 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 562 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 251 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 480 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 027 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი.

როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა მოთხოვნა შემცირდა და რუსი მიგრანტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა? ასევე ეროვნული ბანკის მონაცემებით, კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს. 

ეს რთული საკითხია. კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები რომ გვაქვს, ეს აისახა იმაზე, რომ ფასები აღარ ძვირდება. ეს ადრე თუ გვიან უნდა აისახოს იმაზეც, რომ ხელფასები გაიზარდოს. ადამიანების შემოსავლები უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს. როცა სხვა ფაქტორებით იყო გაზრდილი ფასი, მაგალითად, ზეთზე, ვნახეთ, რომ ზეთი გაიაფდა, ოღონდ ეს დამოკიდებულია რეალიზატორების კეთილსინდისიერებაზეც, როცა ისინი ფასს არ აკლებენ, ან აქციის ფარგლებში გვთავაზობენ ფასდაკლებებს. სინამდვილეში კი, ნამდვილად ბევრად უფრო იაფად ყიდულობენ ზეთს.

ბოლო თვეებში გვაქვს სიტუაცია, როცა გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე ნიშნულთან ახლოს იყო. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ინფლაცია უნდა იყოს 3 %, ახლოს 3 %-თან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ფასები უნდა იზრდებოდეს 3 %-ით. ფასების ზრდა სტაბილურად და დაბალი პროცენტით, არის კარგი.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ მაღალი ინფლაცია გვქონდა: სწრაფად გაიზარდა ფასები და ამას ვერ მოჰყვა შემოსავლების ზრდა იგივე ტემპით. ფასები მაღალია შვეიცარიაშიც, მაგალითად, მაგრამ ადამიანები იქ კარგად ცხოვრობენ, რადგან შემოსავლებიც მაღალი აქვთ. ჩვენთან კი, იმის თქმაც რთულია, რამდენად შეიძლება გაიზარდოს შემოსავლები.

თუ სტაბილური ეკონომიკური ზრდა გვექნება და კარგი ეკონომიკური პარამეტრები, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების დონე უნდა გაიზარდოს. მთავარი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ შემოსავლები ვერ მიჰყვება ზრდას.

სოსო ბერიკაშვილი

ჩვენთვის საკვების ფასებია მთავარი პრობლემა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი მიდის საკვებზე.

საკვების ფასი როცა იზრდება სწრაფად, საშუალო ინფლაცია გაცილებით მძიმედ აწვება მოსახლეობას, ვიდრე ეს ეკონომიკური პარამეტრებით ჩანს. ვიღაც ამბობს, რომ აი, არა უშავს 10 პროცენტი ევროპასაც ჰქონდა ფასების ზრდა, მაგრამ ევროპის ქვეყნებში ამდენი გაჭირვებული არ არის, იქ სამომხმარებლო კალათაში სხვანაირი გადანაწილებაა – საკვებზე დიდი ხარჯი არ აქვთ.

ამიტომაც არის შემდეგ ამხელა უკმაყოფილება ხალხში, როცა ხელისუფლება ამბობს: ჩვენ კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს, რაც თავისთავად არ არის ტყუილი, მაგრამ ხალხის გაღიზიანება ძალიან სამართლიანია ყოველთვის: რაღაცას ყიდულობდა ერთი წლის წინ და ახლა იგივეს ვეღარ ყიდულობს. მას რაც არ უნდა უთხრა, რომ ჩვენ კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს, გაბრაზდება.

  • არ უნდა ველოდეთ ფასების კლებას უახლოეს პერიოდშიც და იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ საკვებ პროდუქტებსა თუ რესტორნებზე მოთხოვნა ისევ მცირდება? 

სურსათს და რესტორანს რაც შეეხება, ერთეული შემთხვევების გარდა, მართლაც არაა ფასები შემცირებული. მწარმოებელს ყოველთვის უნდა, რაც შეიძლება მეტად გაყიდოს პროდუქცია. როცა გაჩნდა მოთხოვნა, მათ მიეცათ ფასების ზრდის შესაძლებლობა. განსაკუთრებით რესტორნებში ჩანს, როგორ გაიზარდა ეს ფასები. ფასის ზრდის მიზეზი, მაგალითად, რომ ყოფილიყო საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა, როგორც პრაქტიკაში ხდება: როცა ფასი იკლებს, ძნელად, მაგრამ ჩვენთანაც იკლებს ფასი – ამ შემთხვევაში კი, მიზეზი იყო გაზრდილი მოთხოვნა.

თუ მკვეთრად შემცირდება ეს მოთხოვნა, იქ შეიძლება გაიაფდეს ფასი, როგორც გაიაფდა, მაგალითად, ბინის ქირა. ის არაადეკვატურად გაზრდილი ფასები, რაც მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მოთხოვნა გაიზარდა, აღარ არის იგივე. შეიძლება იმდენად არ დაიწია, რამდენადაც გაიზარდა, მაგრამ შემცირდა.

ეკონომიკური ზრდა ტყუილი კი არ არის, მართლაც არსებობს. პრობლემა ისაა: ეკონომიკური ზრდა რამდენად აისახება ყველაზე. ადრე თუ გვიან აისახება, მაგრამ თუ ბიზნესები, აქტივები ვიწრო ჯგუფის ხელშია, მათთვის გაიზრდება ეს შემოსავლები. არაპირდაპირ ეს ზრდა რაღაც მომენტში სხვებზეც აისახება, რადგან იქ ხალხია დასაქმებული, რომელსაც ნათესავები ჰყავს, იმ ხალხს თუ გაეზრდება შემოსავალი, მეტის ყიდვა შეეძლება. თუ მეტის ყიდვა შეეძლება, ის იშოვის მეტს, ვინც რაღაცას ყიდის.

  • სხვა ფაქტორები როგორ იმოქმედებს ფასებზე, მაგალითად, „წითელი ზღვის კრიზისი“? ცნობილია, რომ ამ კრიზისის გამო ჩინეთიდან წამოსული პროდუქტების ტრანსპორტირება გაძვირდა.

„წითელი ზღვის კრიზისი“ ფასების მატებას გამოიწვევს მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს ჩვენთვის ნამდვილად არის შესაძლებლობა, გააქტიურდეს საუბარი „სამხრეთის კორიდორის“ პროექტთან დაკავშირებით. ეს ისეთი პროექტია, რაც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

  • თუმცა ეს კრიზისი ნაკლებად ეხება საკვებ პროდუქტებს. 

არაპირდაპირ შეიძლება აისახოს სურსათის ფასზეც. მაგალითად, ტექნიკას თუ ყიდულობ იმისთვის, რომ კონკრეტული საკვები პროდუქტი აწარმოო, შემდეგ ამ პროდუქტის ფასიც გაიზრდება. ასე მუშაობს ინფლაცია – ერთი რაღაცის გაძვირება, მაგალითად, როცა ბენზინი ძვირდება, შემდეგ ყველაფერი ძვირდება, რადგან ყველაფერს ტრანსპორტირება სჭირდება.

  • წელს საარჩევნო წელია, თან არამხოლოდ საქართველოში. ეს როგორ აისახება ფასებზე? 

საქართველოში განსაკუთრებით ხარჯვა იმატებს საარჩევნო წელს, რამაც შეიძლება წაახალისოს ფასების ზრდა.

საარჩევნო წელს ხალხში უფრო მეტი თანხა ჩნდება და მოთხოვნაც იზრდება. რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან საქართველოში ფასებზე ძირითადად გარე ფაქტორები მოქმედებს.

მე ნაკლებად ველოდები ფასების კლებას, თუმცა ზრდაც ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, რაღაც შეიძლება გაიაფდეს, რაღაც – გაძვირდეს,  მაგალითად, შოკოლადი, რადგან კაკაოს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა მსოფლიო ბაზარზე. თუმცა შოკოლადი ის პროდუქტია, რაც ნაკლებად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, აქ ბევრად უფრო მწვავე პრობლემები აქვს ხალხს.

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2023 წელს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული მთლიანი ტვირთების რაოდენობა 2,6 მილიონი ტონითაა შემცირებული. თუმცა ამავე პერიოდისთვის გაზრდილია გადატვირთული კონტეინერების რაოდენობა.

მაგალითად, 2021 წელს სულ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 16,5 მილიონი ტონა იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 15 მილიონ ტონამდე, ხოლო 2023 წელს – 13,8 მილიონ ტონამდე.

იგივე პერიოდში, ანუ, 2021 წლიდან 2023 წლამდე, კონტეინერების [TEU] რაოდენობა 401 249-დან 693 976-მდე გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით 2021-2023 წლებში უმნიშვნელოდაა გაზრდილი საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების რაოდენობა.

  • 2021 წელს სულ შემოვიდა 1588 გემი
  • 2022 წელს – 1606 გემი
  • 2023 წელს – 1619 გემი

რაც შეეხება გემებს რეგისტრაციის ქვეყნების [დროშის] მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების უმეტესობა იყო თურქეთის დროშის ქვეშ – 285 გემი, მეორე-მესამე ადგილზე კი, პანამისა [253 გემი] და ლიბერიის [237 გემი] დროშის ქვეშ მცურავი გემები.

რაც შეეხება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, საქართველოში ასეთი 242 გემი შემოვიდა 2021 წელს, 225 გემი შემოვიდა 2022 წელს და მხოლოდ 74 გემი – 2023 წელს.

ბათუმის ნავსადგური

მთლიანობაში ტვირთბრუნვა შემცირდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურშიც, რომელიც ჩართულია სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტებსა და დერეფნებში, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტსა [TITR] და ევრაზიულ სატრანსპორტო დერეფანში [TRACECA].

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მონაცემებით, 2023 წელს, წინა, 2022 წელთან შედარებით ბათუმის ნავსადგურში შემცირდა როგორც მშრალი ტვირთისა და ნავთობის/ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვა, ასევე შემცირდა კონტეინერების რაოდენობაც.

ბოლო სამ წელში ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვის სტატისტიკა კი ასეთია:

მშრალი ტვირთი

  • 2021 წელი – 1,211 მილიონი ტონა
  • 2022 წელი – 1,742 მილიონი ტონა
  • 2023 წელი – 1,7 მილიონი ტონა

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

  • 2021 წელი – 1,5 მილიონი ტონა
  • 2022 წელი – 2 მილიონი ტონა
  • 2023 წელი – 1,6 მილიონი ტონა

კონტეინერები

  • 2021 წელი – 99 187 TEU
  • 2022 წელი – 119 471 TEU
  • 2023 წელი – 109 000 TEU

გემები

  • 2021 წელი – 567 გემი
  • 2022 წელი – 581 გემი
  • 2023 წელი – 593 გემი
1,2 და 3 – ნავთობტერმინალის ნავმისადგომები; 4 და 5 – საკონტეინერო; 6 – საბორნე/გენერალური ტვირთების; 7, 8 და 9 – მშრალი, თხევადი და საცალო ტვირთების; 10, 11 – სამგზავრო.

ნავთობტერმინალი

ბათუმის ნავსადგურის ინფორმაციით, ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობაა 15 მილიონ ტონამდე წელიწადში.

ტერმინალი სპეციალიზებულია ნედლი ნავთობისა და პრაქტიკულად ყველა ტიპის ნავთობის გადამუშავებაზე: დიზელის საწვავი, ბენზინი, მაზუთი და სხვა.

აღნიშნული ნავმისადგომები [NN1, 2 და 3] გადაცემულია იჯარით შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“.

საკონტეინერო ტერმინალი და სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების მომსახურებისათვის

საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს 200 000 TEU წელიწადში. საკონტეინერო ტერმინალს გააჩნია ღია სასაწყობო ფართობები და გადამტვირთავი დანადგარები, რომლებიც სპეციალიზებულია კონტეინერების პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტით დამუშავებაზე.

ნავსადგურის ინფორმაციით, საბორნე სისტემის მუშაობა სრულიად ავტომატიზებულია. ტერმინალის ნომინალური წლიური გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 700 000 ტონას.

საკონტეინერო ტერმინალი ოპერირებულია Batumi International Container Terminal LLC-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს ფირმა International Container Terminal Services Inc (ICTSI)-ის შვილობილ კომპანიას.

ბათუმის პორტი

მშრალი ტვირთების ტერმინალი

ბათუმის პორტში №7 ნავმისადგომი, რომელიც აღჭურვილია 20-40 ტონა ტვირთამწეობის ამწეებით, შესაძლებლობას იძლევა დიდტონაჟიანი გემების 60 000 ტონიანი (Handymax) დამუშავების და სპეციალიზებულია ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 20 ტონისა.

ნავმისადგომი გადაცემულია იჯარით კომპანია Wondernet Exspress-თვის სადაც მოწყობილია მინერალური სასუქების ტერმინალი.

№8 ნავმისადგომი განკუთვნილია მცირეტონაჟიანი გემებისათვის და სპეციალიზებულია ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 10 ტონისა.

№9 ნავმისადგომი განკუთვნილია მცირეტონაჟიანი გემებისათვის და სპეციალიზებულია თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 6 ტონისა. მშრალი ტვირთის ტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობაა – 2,0 მილიონი ტონა წელიწადში.

სამგზავრო ტერმინალი

N10 და 11 ნავმისადგომები კი სამგზავრო ტერმინალს ეკუთვნის. ნავსადგურის ინფორმაციით, ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 180 000 მგზავრს წელიწადში.

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორია ულან ტლეუგალი – ყაზახეთის მოქალაქე. ნავსადგურის 100% წილის მმართველი კი შპს „ბათუმის ნავთობტერმინალია“.

თავის მხრივ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მფლობელია სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილი“, რომელიც ყაზახური სს „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა.

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

„მეთერთმეტე კლასში ვარ. მეშვიდეში ვიყავი, როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარდა სკოლაში. მას მერე ჩემს კლასელებს, მასწავლებლებს მხოლოდ ეკრანზე ვხედავ, ონლაინგაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოზარდობის საუკეთესო წლები წამართვა ვიღაცამ.

2 წელი კოვიდის გამო ვიყავით სახლში ჩაკეტილები. მერე ომი დაიწყო და არავინ იცის, როდის დასრულდება“- ეს 16 წლის ლიზა იუხიმიკის მონათხრობია, რომელმაც დედასთან ერთად დატოვა უკრაინა ომის დაწყებიდან მალევე და საცხოვრებლად ბათუმში ჩამოვიდა.

ზუსტად არ იცის, ექნება თუ არა სკოლის გამოსაშვები საღამო, ნახავს თუ არა სკოლაში ისევ კლასელებს, მაგრამ ზუსტად იცის, სად უნდა გააგრძელოს სწავლა – უკრაინაში.

უკრაინის ბევრ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აღდგენილია, სწავლა დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგრამ ლიზას უკრაინაში დაბრუნება და სწავლის ადგილზე გაგრძელება სურს:

„რთულ დროს მინდა რამით დავეხმარო უკრაინას, რომელმაც გამზარდა, რომელიც ასეთ ომს უძლებს. ხანდახან ვეკითხები საკუთარ თავს: ვინ დაბრუნდება უკრაინაში, თუ არა ჩვენ, ვინ ააშენებს ომის მერე ამ ქვეყანას, თუ არა ჩვენ. მინდა ვისწავლო და ვიმუშაო უკრაინაში, ჩემი მომავალი იქ წარმომიდგენია“ – ამბობს ლიზა.

 

ლიზას ზღვა და ბათუმის ბოტანიკური ბაღი მშობლიურ ქალაქ ოდესას ახსენებს. შავი ზღვის მეორე ნაპირზე ოდესაა, ლიზას იქ კლასელები, ნათესავები და ბებია ჰყავს, რომლებიც ყოველდღე საომარი განგაშის პირობებში ცხოვრობენ უკვე მეორე წელია. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს აგრძელებს.

 

ლიზას კინოს მიმართულება აინტერესებს – ვიდეოგადაღება და მონტაჟი. თავისუფალ დროს ტელეფონით იღებს კადრებს და სხვადასხვა პროგრამას ცდის მხატვრულად დასამონტაჟებლად. ეს საქმე რომ საქართველოში ესწავლა ინგლისურ მიმართულებაზე, არ უფიქრია, რადგან ასეთი პროგრამები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკმაოდ ძვირია.

 

  • რა უშლით ხელს უკრაინელ აბიტურიენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად

 

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დამამთავრებელ, მე-11 კლასში ოცი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნება სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების ერთ ნაწილში სასწავლო პროცესი აღდგენილია. ამიტომ ისინი სწავლის გაგრძელებას პოლონეთში ან სლოვაკეთში გეგმავენ – სლავურ ენათა ოჯახში შემავალი სლოვაკური და პოლონური ენები ძალიან ჰგავს უკრაინულს და აბიტურიენტები ამბობენ, რომ ამ ენების შესწავლა ისე, რომ მერე უნივერსიტეტში შეძლონ სწავლის გაგრძელება, ერთ წელიწადშია შესაძლებელი.

საქართველოში, ქართულენოვან პროგრამებზე რომ შეძლონ სწავლა უკრაინის მოქალაქეებმა, ამისთვის აუცილებელი პირობაა B2 დონეზე ფლობდნენ ქართულ ენას. ამ მოცემულობით უცხოელი აბიტურიენტი შესაძლოა ჩაირიცხოს მისაღებ გამოცდებზე, თუმცა რეალურად ენის ამ ცოდნის დონითაც საკმაოდ რთულია შემდეგ ყველა საუნივერსიტეტო საგნის ქართულ ენაზე სწავლა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი, თუმცა ეს კურსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასიანია.

ბათუმში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის უკრაინელების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ინგლისურენოვან პროგრამებზე ისწავლონ, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტს აქვს. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას საქართველოში უკრაინელ აბიტურიენტებს არჩევანი შეზღუდული აქვთ.

ლიზას ომის რეჟიმში მცხოვრებ უკრაინაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. უკრაინაში სურს სწავლის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება, 16 წლის გოგო ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანას უნდა დაეხმაროს, იქ იმუშაოს და იცხოვროს – ომგადახდილი ქვეყნის ასაშენებლად. ლიზა წელს სტუდენტი გახდება.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ სამედიცინო მიმართულებაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2024 წლის მარტის მონაცემებით უნივერსიტეტში ერთი სტუდენტი უკრაინიდან სწავლობს თურქოლოგიის ფაკულტეტზე, ორი – სლავური ფილოლოგიის მიმართულებაზე და ერთიც – სამედიცინო ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე.

 

  • მზადება მისაღები გამოცდებისთვის

 

ომის დევნილობაში მყოფი ლიზა ყველაფერს დისტანციურად აკეთებს. რეპეტიტორებთანაც დისტანციურად მეცადინეობს, სკოლის გაკვეთილებსაც დისტანციურად ესწრება და უკრაინაში დარჩენილ ბებიასაც ვიდეოთვალით ელაპარაკება.

„ორ საგანში მჭირდება რეპეტიტორი: ისტორიასა და მათემატიკაში, რაშიც, ცხადია, ფულს ვიხდი, ამაში მამა გვეხმარება“.

იმისთვის, რომ ოჯახმა ბინაც იქირაოს ბათუმში და თვიდან თვემდე თავიც ირჩინონ, ლიზას დედას თავდაუზოგავად უწევს მუშაობა. დედა სტომატოლოგია. ომის დაწყებამდე ოდესაში სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. საქართველოში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმდა:

„დედა სმენადაქვეითებულია. განათლებული ადამიანია, უკრაინაში ჰქონდა საკუთარი საქმე და იქ მისი დიაგნოზი ხელს არ უშლიდა მუშაობაში,  მაგრამ საქართველოში ყველგან გჭირდება ქართული ენის ცოდნა, რაც დედასთვის დიდი ბარიერია. აქ მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სტომატოლოგად დასაქმდეს.

რთულია საქართველოში თავის გატანა, პროდუქტებიც აქ უკრაინის ფასებთან შედარებით ძალიან ძვირია“ – ამბობს ლიზა.

 

  • „ომმა ჩამკეტა, სოციალური უნარები დამიქვეითა და მიჭირს ხალხთან ურთიერთობა“

 

იზოლირების ოთხმა წელმა ლიზას ცხოვრება და ჩვევები სრულად შეცვალა. სახლიდან თითქმის არ გადის, თუ აუცილებლად არ სჭირდება რამე:

„თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა და ჩამკეტა. საუკეთესო წლები დავკარგე, გამოვტოვე. მე და დედა ვცხოვრობთ ერთად ბათუმში. სახლიდან გასვლის საჭიროებასაც ვერ ვხედავ ხანდახან. ომმა სოციალური უნარები დამიქვეითა და მიჭირს ხალხთან კომუნიკაციის დამყარება.

ვიცი, რომ ეს ომი სასტიკად აისახება უკრაინელებზე, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ტრავმებს დაუტოვებს ჩემს ერს ეს თავდასხმა. ჩემზე კი ასე იმოქმედა“ – გვეუბნება ლიზა.

უკრაინაში მსუბუქი ათლეტიკითა და კრივით იყო დაკავებული. ახლა, ისიც ხანდახან, როცა სცალია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობს. შავი ზღვისპირას გაშენებული ეს ბაღი მას ყველაზე მეტად ახსენებს მშობლიურ ქალაქს, ოდესას.

ოდესის ბოტანიკურ ბაღში ლიზას ბაბუა მუშაობდა. მთელი ბავშვობა გაატარა ამ ბაღში, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მსგავსად ზღვისპირასაა.

ამ ფოტოზე ლიზა ბაბუასთან ერთადაა. ბაბუა ცოცხალი აღარაა, მაგრამ 16 წლის გოგოს ახსოვს როგორ სეირნობდა ბავშვობაში მასთან ერთად ოდესის ბოტანიკურ ბაღში. ბაბუა ამ ბაღში მუშაობდა. „ჩემს კლასელებთან ერთადაც ხშირად დავდიოდი ოდესის ბოტანიკურ ბაღში, აქ უამრავი კარგი მოგონება მაქვს“ – ამბობს ლიზა.

 

ბათუმში, სანაპიროზე სეირნობისას ლიზა შავ ზღვას გაჰყურებს და ბავშვობის ქალაქს იხსენებს:

„სადღაც იქ, ზღვის მეორე მხარეს, ჩემი ოდესაა, ქვიშის პლაჟები, მეგობრები, სკოლა, ჩემი ნათესავები, ბებია… ზღვა მზიან ოდესას და მშვიდ დღეებს მახსენებს“.

ჩაკეტილობის განცდას ლიზას კლასელები უქარვებენ უკრაინიდან. მათ წელს საკლასო ოთახებში დაიწყეს სწავლა. ხშირად ურეკავენ ლიზას. სკოლის ამბებს უყვებიან, ართობენ და ცდილობენ, შორს მყოფ მეგობარს ყველაფერი უამბონ, რაც მათ ირგვლივ ხდება:

„ომში, მუდმივი განგაშის პირობებში ცხოვრობენ ჩემი კლასელები და მაინც პოულობენ დროს დამირეკონ, გამამხნეონ, სკოლის ამბები მხიარულად მომიყვნენ, თითქოს ისევ ის უდარდელი დრო იდგეს. მიყვებიან რაზე იცინეს, რაზე ბრაზობდნენ…

ეს იმდენს ნიშნავს ჩემთვის და ისეთი საყვარლები არიან, როცა ვფიქრობ, რომ ომში ცხოვრობენ და მაინც იმაზე ფიქრობენ, მე არ ვიგრძნო თავი მარტო და გარიყულად“ – ამბობს მეთერთმეტეკლასელი.

ლიზა კლასელებთან ერთად, ოდესაში. მას შემდეგ, რაც მეცხრეკლასელმა ლიზამ რუსული აგრესიის გამო უკრაინა დატოვა და ბათუმში ჩამოვიდა, მისი კლასელები ხშირად ურეკავენ, ცდილობენ გაართონ, სკოლის ამბებს მოუყვნენ და გაახალისონ. პირველი მარტი ლიზას დაბადების დღეა. 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო ის ოცნებობდა რამდენიმე დღეში დამთავრებლიყო ომი. კლასელებთან ერთად სურდა აღნიშვნა და ტორტის ჩაქრობა. დაბადების დღე კლასელებთან ერთად არ გამოვიდა. ომი მეორე წელია გრძელდება.

 

  • პირველი ბომბი

 

ლიზას ახსოვს, როგორ აფეთქდა მის სახლთან ახლოს პირველი ბომბი. ახსოვს, როგორ დაიწყო ომი. 24 თებერვალს ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სკოლაში წასასვლელად მოემზადა.

„ვერ წახვალ სკოლაში, ომი დაიწყო, რუსეთი დაგვესხა თავს“ – უთხრა დედამ ლიზას და ლიზამაც ქურთუკი გაიხადა, ჩანთა იატაკზე დადო და სკამზე დაჯდა.

ღამით შუქს არ ანთებდნენ, ეშინოდათ რუსული თვითმფრინავებისთვის მარტივ სამიზნედ არ ქცეულიყვნენ. რაც უხაროდათ იყო ის, რომ ბებო მოიყვანეს სახლში და შეეძლოთ ერთად  ყოფილიყვნენ საფრთხის პირისპირ.

პირველი ბომბი რომ აფეთქდა, ლიზა დედასთან და ბებიასთან ერთად სახლის დერეფნისკენ გაიქცა. დივანზე ჩამწკრივდნენ, ძაღლები მიიხუტეს და თავზე პლედი გადაიფარეს:

„ეს ისეთი სევდიანი და თან სასაცილო თავდაცვა იყო! რას გვიშველიდა დაბომბვისას პლედი თავზე? მაგრამ ინსტინქტურად ვიქცეოდით ასე. გვეგონა ამით რამეს ვაკეთებდით ჩვენთვის და ჩვენი ძაღლებისთვის. ამას რომ მივხვდით, პლედის ქვეშ სიმწრის სიცილი წაგვსკდა“ – იხსენებს ლიზა.

ლიზა ოთხი წელია დისტანციურად სწავლობს. ახლა მეთერთმეტე კლასშია. ჩაკეტილობამ ადამიანებთან კონტაქტს გადააჩვია და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობს ხშირად. ოდესის ბოტანიკური ბაღიც ბათუმის ბაღის მსგავსად ზღვისპირასაა გაშენებული და აქაურობა მას ომამდელ უზრუნველ დღეებს ახსენებს.

 

დაბომბვები გაგრძელდა. ლიზამ და დედამისმა ოდესის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსულმა არმიამ სკოლების დაბომბვაც დაიწყო.

 

  • „ომი არ არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, ომი უნდა დასრულდეს“

 

ოდესა 2022 წლის ზაფხულში დატოვეს. დედა ლიზას ეუბნებოდა, რომ მხოლოდ ერთი თვით მიდიოდნენ ბათუმში, ზღვაზე დაისვენებდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ. არავის დამშვიდობებია, არც კლასელებს და მეგობრებს, არც კრივის მასწავლებელს.

რატომ ვტოვებთ უკრაინას, თუ ომი ერთ თვეში დამთავრდება? დავრჩეთ და დაველოდოთ! – უმეორებდა ლიზა დედას და ეწინააღმდეგებოდა.

ვნახოთ ბათუმში როგორი პლაჟებია, ხალხი როგორ ცხოვრობს და დავბრუნდეთ – ეუბნებოდა დედა.

„ბებომ ოდესა არ დატოვა. მე და დედა წამოვედით. მეცხრე კლასში ვიყავი ამ დროს. მთელი გზა დედის მუხლებზე მეძინა, თითქმის არაფერს ვჭამდი, არ მინდოდა ქალაქთან გამომშვიდობება და თვალის ოდნავ გახელაც კი. ეს იყო მაშინ ჩემი პროტესტის ფორმა. ვგრძნობდი, რომ დიდი ხნით ვტოვებდით ოდესას, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება.

გზა იყო გრძელი და არ მთავრდებოდა“ – იხსენებს ლიზა ოდესიდან ბათუმში ჩამოსვლის დღეებს.

ამ დღეების შემდეგ ორი წელი გავიდა. ომი არ დასრულებულა. ლიზა ახლა ოდესაში დასაბრუნებლად ემზადება. დედა კეთილ ტყუილს, რომ „კიდევ ერთი თვეც და ომი დამთავრდება“ ლიზას აღარ ეუბნება. ორივემ იცის, რომ ეს ომი მალე არ დასრულდება:

„ბებოს ველაპარაკები ხშირად ვიდეოთვალით, მეგობრებსაც. თითქოს შეეჩვივნენ ომს, რადგან სტრესით დაიღალნენ.

გონებას არ შეუძლია მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრება, რეალობას ეგუება, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ეს არ არის ნორმალური. ომი არ არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, ომი უნდა დასრულდეს“ – ამბობს 16 წლის ლიზა.

„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ.

„აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? რა თანხა გვაქვს შესაგროვებელი? ადრე თუ 50 ლარით ვჯარიმდებოდით, ახლა ჯარიმა უკვე 2 ათასი ლარია,“ – ამბობს აქტივისტი ნატა ფერაძე. იგი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ხელისუფლების ხელში პროტესტის ჩახშობის იარაღია.

ნატა ფერაძეს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი?

„მინუსებშია უკვე ნდობა სასამართლოს მიმართ. ყოველ ჯერზე, როცა სასამართლოში მაქვს საქმე, მოსამართლის აცილებას ვითხოვ, რადგან ვიცი, მაგალითად, ცარიელი ფურცლების გამო იმ მოსამართლემ სხვა აქტივისტები დააჯარიმა. აცილების მოთხოვნას მოსამართლე, რა თქმა უნდა, არ აკმაყოფილებს, გინდა თუ არა, მე უნდა გაგასამართლოო,“ – ნატა ფერაძე, რომელიც პროტესტის გამოხატვის დროს სამართალდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და გაასამართლეს, სასამართლო განხილვებმა ერთხელაც არ შეუქმნა განცდა, რომ მოსამართლეს რეალურად აინტერესებდა სინამდვილის დადგენა, მათ შორის, მაგალითად, მტკიცებულებები „მატრონას სტალინის ხატისთვის საღებავების შესხმის საქმეში“.

„სასულიერო პირმა მისცა ჩვენება სასამართლოს, რომ ვიდრე შევასხამდი საღებავს მატრონას სტალინის ხატს, მე თითქოს შევვარდი ტაძარში ყვირილით და ვიძახდი შეურაცხმყოფელ ფრაზებს. სასულიერო პირის ჩვენების გარდა, არცერთი მტკიცებულებით ეს არ ჩანს. პირიქით, არსებობს ვიდეო, სადაც, მართალია, ხმა არ ისმის, მაგრამ მე რომ ყვირილით დავდიოდე, ხომ გამომხედავდა ვიღაც?

ნატა ფერაძე

ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მუხლი დამძიმებულიყო. საია-ს იურისტი ამბობდა, შეუძლებელია ამას მოსამართლე დაეყრდნოსო… ხშირად ასეა, როცა აღმოჩნდება, რომ აქციებზე ყველა პოლიციელის სამხრე კამერა თურმე გამორთულია, მოსამართლე კი, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა.

მოქალაქე, რომელიც ხშირად ხვდება სასამართლოში და მგონი, კიდევ მოვხვდები, მინდა, რომ სამართლიანმა მოსამართლემ განიხილოს ჩემი საქმე. მე სამართლიანად მივიჩნევ იმ მოსამართლეს, ვისაც, პირველ რიგში, არ ეთაკილება საკუთარი სამართლიანობის შემოწმება.

ყველაფერი საბოლოოდ სასამართლოში უნდა გაირკვეს, ქვეყნის ხერხემალი არის სასამართლო, მაგრამ ცალსახადა იმდენად მძიმე მდგომარეობაა, მე ხელები ამიწევია – არ ველოდი 10 მოსამართლეც თუ შემორჩა, ვინც ითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას. ასეთ სამართლიან მოსამართლეებს ჩვენ ვინ გაგვაკარებს – პირველად გავიგე მათი სახელი და გვარები. მათ შესახებ ყველაფერი გულდასმით წავიკითხე.

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო აქტივისტის დაკვირვებით, წლების განმავლობაში მძიმდება სურათი, როცა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით, ადამიანების გაჩუმებას ცდილობს, ამ დროს კი, მოსამართლე კანონით განსაზღვრული უფლებების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლების დაცვას ცდილობს:

„2013 წელს, მაგალითად, რამდენჯერმე გავაგდეთ ტრაქტორი ვაკის პარკიდან… მაშინ ჯარიმები იყო 50 ლარი – ყველას გვედო ჯიბეში ეს 50 ლარი, ახლა 2 ათას ლარზე ნაკლები არ არის და თანაც, მასობრივად ბევრს გვაკავებენ, ძალით გვტენიან მიკროავტობუსში… ეს უკვე სერიოზული წნეხია. სტენსილიც კი, რომელსაც სამშენებლო ღობეებს ვახატავდით და არ ვაზიანებდით არაფერს, გვაჯარიმებენ. რეპრესიულია სისტემა, სადაც ყველა ჭანჭიკი მუშაობს პროტესტის წინააღმდეგ.

ამას წინათ სკოლის მოსწავლეებს შევხვდი, თინეიჯერებს, გაუკვირდათ, მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოსო? ჰგონიათ, რომ სასამართლო ავტომატურად დაკავშირებულია მთავრობასთან. ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი ინდიკატორი, რასთანაც გვაქვს საქმე.

ვეტინგი რადიკალურად ალბათ ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ეს ნაბიჯები გადასადგმელია,“ – მიიჩნევს ნატა ფერაძე.

„მოსამართლემ იყიდა მილიონიანი ქონება, საიდან?“ - გამოკითხვა ბათუმში

  • გელა მთივლიშვილი: რატომაა მოსამართლისთვის ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირის უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი? 

„მოსამართლემ თვითონაც კარგად იცის, რა ხდება, მაგრამ მას აქვს დავალება, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით დააშინოს ჟურნალისტი, საპროტესტო აქციის მონაწილე, ასეთი პრაქტიკა აქვთ: როგორმე ჩაკლან ეს პროტესტი,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, Mtisambebi.ge-ს რედაქტორი.

ის 2024 წლის იანვარში, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, როცა პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ვიდრე სასამართლო პროცესზე მივიდოდი, ადვოკატებისგან ვიცოდი, რომ თუ შემხვდებოდა მოსამართლე შჩერბაკოვი, არ უნდა მქონოდა ილუზია, რამენაირად სიმართლეს დავამტკიცებდი. ასეც მოხდა.

სამწუხაროდ, შჩერბაკოვი სასამართლო სისტემაში გამონაკლისი არ არის.

მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვუშვებდი და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ უნდა ეცნო მოსამართლეს ჩემი თავი სამართალდამრღვევად? პროცესზე შსს-მ წარმოადინა მხოლოდ მოწმე ანრი ფხაკაძე, რომელიც იყო ჩემი დამკავებელ პოლიციელთაგან ერთ-ერთი და თქვა ის, რასაც შაბლონურად ამბობენ ხოლმე, თითქოს მე ვაგინებდი პოლიციელებს და მონას ვეძახდი; ასევე 4 პოლიციელს, ვისაც დაკავებული პირი მიჰყავდათ მანქანაში, ვცდილობდი მათთვის გამომეგლიჯა დაკავებული პირი, რაც აბსურდია,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებაზეც, რომლის მიხედვითაც, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებით დაკავებულ ჟურნალისტს პირდაპირ აკავებენ პოლიციელები.

გელა მთივლიშვილს მრავალწლიანი ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი შენიშნავს, რომ ეს მისი პირველი საქმე იყო სასამართლოში, როცა გაასამართლეს.

„პირველად აღმოვჩნდი დაკავებული. იმ „9-წლიან პერიოდში“ არ დავუკავებივარ არასდროს პოლიციას არცერთ კრიტიკულ შემთხვევაში. ახლა კი, უკვე 3 ჟურნალისტი ვართ დაკავებული, რაც აჩვენებს იმას, რომ ამან მავნე ხასიათი მიიღო…

ჩვენ ხომ აქამდეც ვიცოდით, რაც ხდებოდა სასამართლოში, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოცდი, კიდევ უფრო ცხადად და მძაფრად აღიქვამ ამას,“ – თავისი საქმიდან ჟურნალისტი ორ გარემოებას გამოყოფს, რაც ჟურნალისტისთვის პირდაპირი ნიშანია იმის, რომ მოსამართლეს სიმართლის დადგენა არ სურდა: მოსამართლემ პოლიციელის ზეპირ ჩვენებას მიანიჭა უპირატესობა, როცა საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არსებობდა ვიდეოჩანაწერის სახით. მეორეა ევროსასამართლოს პრაქტიკა, რაზეც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს.

„მოწმე პოლიციელის ჩვენების გარდა, შსს-მ მტკიცებულებად შემოიტანა პოლიციის მიერ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა, როცა იქ იყო ხალხის დაკავება და ჩოჩქოლი. ეს ვიდეო გადაღებულია იმ დროს, როცა მე აქციაზე საერთოდ არ ვიყავი, გვიან მივედი. კეკელიძის ქუჩაზე შეიძლება გაცილებით მძიმე რამ მომხდარიყო. ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული?

მართალია, ეს დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოებაში, მაგრამ რატომაა ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირი, რომელსაც აქვს უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი?

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს ეყო თავხედობა, თავხედობა ჰქვია ამას, როცა თავის გადაწყვეტილებაში სრულიად გაუგებრად იხმობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,“ – ბრაზს არ მალავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს ე.წ. ვეტინგი და რა შეიძლება შეცვალოს კეთილსინდისიერების შემოწმებამ სასამართლო სისტემაში?

„სასამართლო შტო, იშვიათი მოსამართლეების გარდა, ასრულებს კლანის დავალებას, რომელიც მიღებული აქვს პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან. ვეტინგი ამიტომაც არ აწყობთ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვექნება ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, არასდროს ჩვენი უფლებები არ იქნება დაცული. ვიღაცას შესაძლოა ეს დღეს არ ეხება, მაგრამ შეგვეხება ყველას და როცა შეგვეხება, მხოლოდ მაშინ არ უნდა დავფიქრდეთ. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ახლავე.

ნინო შჩერბაკოვიც სწორედ იმიტომ გაამწესეს უვადოდ, მან კლანს მსახურება დაუმტკიცა. არავითარი კავშირი ამ და მის მსგავს სხვა ბევრ მოსამართლეს სამართალთან და კანონიერებასთან არ აქვს. ისინი ემსახურებიან კლანს და მიიღეს სარგებელი, გამწესებული არიან უვადოდ,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი „ბათუმელებთან“. იგი გვახსენებს ბოლნისის მოსამართლე ნინო გიორგაძეს, ერთადერთი მოსამართლე რომ აღმოჩნდა 2023 წელს, ვინც უვადოდ არ გაამწესეს და გაათავისუფლეს.

„ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც საპროცესო ვადების დაცვით განიხილავდა ჩვენს სარჩელებს [საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით], ასევე მხარეებისადმი ობიექტური მიდგომით… მან ასევე დააკმაყოფილა აქტივისტების სარჩელი და უკანონოდ მიიჩნია მარნეულის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება,“ – დასძინა გელა მთივლიშვილმა.

იმის გამო, რომ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან, გელა მთივლიშვილს დაახლოებით 50 სარჩელი აქვს სხვადასხვა სასამართლოში. სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა. სასამართლოს მსგავსი დავის განხილვისთვის 2-თვიანი ვადა აქვს, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – 5 თვე.

„ყველაზე მძიმე ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც, მაგალითად, 2 წლის წინ შეტანილი საჩივრების განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. „რაჭის ტყეების საქმეზე“ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით რომ ვედავებოდით გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტაციის მოწოდებაზე, სარჩელის განხილვა დაიწყო 2 წლის თავზე, როცა გადაწყვეტილება, რაც იყო სადაო, უკვე გაუქმებულია.

გეუბნებიან, სასამართლო გადატვირთულიაო, თუმცა იგივე სასამართლო სწრაფად იხილავს ცილისწამების საქმეებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაგალითად, როცა „ტვ პირველის“ შემთხვევაში სასამართლოს კობახიძის დედამ მიმართა, საქალაქომ და სააპელაციომ განხილვა ერთ წელში დაასრულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული სარჩელები, რაც ბევრად უფრო მარტივი საქმეა, ორი წელია პირველი ინსტანციის სასამართლოშია.

ცხადად ჩანს, რასთანაც გვაქვს საქმე. ცხადია ისიც, რომ ქვეყანაში თუ გვექნება კარგი მართლმსაჯულება, იზეიმებს დემოკრატია. თუ არ გვექნება მართლმსაჯულება, ყოველთვის ვიქნებით დაჩაგრული, უფლებაწართმეული ადამიანები,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

  • აქტივისტი მოსამართლეებს: ურჩევნიათ ახლა წავიდნენ, ვიდრე მოსამართლეების მიერ დაჩაგრული საზოგადოება უარეს გზას მონახავს მათ მოსაშორებლად 

„მოსამართლეებს ვეტყოდი, რომ ურჩევნიათ, ახლა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები და წავიდნენ სასამართლო სისტემიდან, ვიდრე მათ მიერ დაჩაგრული საზოგადოება უარეს გზას მონახავს მათ მოსაშორებლად. ღმერთმა არ ქნას, ყველაფერი მივიდეს სამაგიეროს, რევანშის გადახდაზე… ყველაფერს აქვს დასასრული. ყველას მოგვეთხოვება პასუხი,“ – კატეგორიული პოზიცია აქვს სამოქალაქო აქტივისტს, ირაკლი ნონიაშვილს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება შემოწმდეს.

ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2023 წლის მარტის აქციების დაშლის დროს დააკავეს, მოსამართლემ კი, ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად ცნო.

აქტივისტს ჯერაც არ განელებია გაოცება: მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მოისმინა და გაბრაზდა, შეთანხმებულიყავით მაინც და ისე შემოსულიყავითო. საბოლოოდ კი, აქტივისტი დასაჯა.

ირაკლი ნონიაშვილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. ამ ორგანიზაციის შეფასებით, „2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლისას გამოიკვეთა… სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს.

„როცა აქციაზე გაზის ჭავლი გაუშვეს და გაზის ყუმბარები გაისროლეს, არსად გავქცეულვარ – სათხილამურო სათვალე მეკეთა, ჩაფხუტიც მეხურა,“ – აქციის ამბავს დეტალურად გვიყვება აქტივისტი იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს სისტემა პროტესტის, სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ და რა როლს თამაშობს ამ პროცესში მოსამართლე:

„ქაშუეთის წინ დამაკავეს – ხალხი უკვე აღარ იყო, მაგრამ იმდენად სქელი იყო ჭავლი, ვერც კი შევნიშნე, როგორ მომვარდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები. ისინი პირისპირ შემეფეთნენ. არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია – ხელები ავწიე და ვანიშნე, რომ არაფერს არ ვაკეთებდი. მოწოდების ხმა ისმოდა ისევ, ხმა რომ ჰქონდათ ჩაწერილი: „მოქალაქენი, გთხოვთ დაიშალოთ…“, რაც იყო სრულიად უკანონო, არანაირ ძალადობაზე არ გვქონდა ჩვენ საუბარი.

სპეცრაზმელებმა ხელები გადამიგრიხეს და გადამიყვანეს პირველი სკოლის მხარეს, გზად ერთმა ისე მომიჭირა ხელი, თითი მომტეხა კინაღამ, ვუთხარი ხმამაღლა, თითები ნუ მომატეხე-მეთქი და სახეში დამარტყა მუშტი. ეს იყო პროვოკაცია, რომ ჩვენ რამე გვექნა, მერე საქმე აღეძრათ… დამაგდეს ძირს და ცდილობდნენ ჩაფხუტის მოხსნას, ასევე ჩანთის მოხსნას – წყალი მედო შიგ, ვაშლი, ბანანი… ამ დროს სათვალე დაზიანდა, ჩაფხუტი – დაიკარგა. კადრებში ჩანს, როგორ მირტყამდნენ…

ირაკლი ნონიაშვილის დაკავება – სქრინი „მთავარი არხის“ ჩანაწერიდან

შემდეგ გადამცეს პოლიციელებს იქვე, 9 აპრილის ქუჩის კუთხეში. რა ევროპა გინდათ, „პიდარასტები“ ხართო და მაგინეს, განყოფილებას გადამცეს, იმათ შეადგინეს ოქმები, თითქოს მათ დამაკავეს. ისინი უკვე ნორმალურად მექცეოდნენ, ცხვირიდან სისხლი მდიოდა… ხუმრობდნენ და კობახიძიდან დაწყებული, ყაველაშვილით დასრულებული, ყველას აგინებდნენ, სამი საათი განყოფილებაში დამტოვეს, მეგობრულად მეკითხებოდნენ: ვინ ხართ? სად მუშაობთ?

ჩვენ მოვითხოვეთ მოწმეების დაკითხვა და სასამართლო პროცესი ერთი თვის შემდეგ გაიმართა,“ – გვიყვება ირაკლი ნონიაშვილი. მისი საქმე მოსამართლე მანუჩარ ცაცუას განუხილავს.

ირაკლი ნონიაშვილის შემთხვევაზეც დაუწყია გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რადგან აქტივისტის მტკიცებით, სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. აქტივისტი ამბობს, რომ გამოკითხვაზე საგამოძიებოში აღარ მისულა.

„საგამოძიებოს ჩვენება აღარ მივეცი, ასე გადავწყვიტე… დამატებით მაქინაციები იქნებოდა. არც ინფორმაცია მიმიღია, რა ბედია ეწია გამოძიებას,“ – ამბობს აქტივისტი.

ირაკლი ნონიაშვილი

ირაკლი ნონიაშვილის თქმით, მოსამართლეს სხვადასხვა მედიასაშუალების კადრები აჩვენა, სადაც მისი დაკავება ჩანს. შსს-ს წარმომადგენელს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ აქტივისტი პოლიციელებს აგინებდა:

„სასამართლო პროცესზე ერთმა პოლიციელმა თქვა, გვაგინებდაო, მეორემ – უმისამართოდ იგინებოდაო… არ იყო წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ მე ვინმეს ვაგინე, ან წინააღმდეგობა გავუწიე. თქვეს, რომ თითქოს მიტინგის ადგილზე დამაკავეს და არა ქაშუეთის წინ, ტროტუარზე.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას აღარ დავსწრებივარ.

სასამართლო სადამსჯელო ორგანიზაციაა და ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. მოსამართლეებმა ოღონდაც ფული აკეთონ და პირად კეთილდღეობას არ დათმობენ. მე არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ვეტინგი, როცა აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს ერთი ინტერესი აქვთ, მაგრამ ხალხი იძულებულია, დამოუკიდებელი სასამართლო მოითხოვოს.

ჩემი აზრით, ახალი მოსამართლეებიც საერთაშორისო კომისიამ უნდა შეარჩიოს, თორემ აზრი დაკარგული აქვს ყველაფერს, აქ ვინ იქნება გარანტი, რომ უარესი არ მოვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ნონიაშვილმა.

რამდენიმე გავლენიანმა მოსამართლემ, მათ შორის სერგო მეთოფიშვილმა და ლევან მურუსიძემ უკვე განაცხადეს, რომ ისინი ვეტინგის წინააღმდეგნი არიან და ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

____

როგორ შეიძლება სასამართლოს „კლანისგან“ გაწმენდა – ვეტინგი

საქართველოში ტურებს და მგლებს დაითვლიან – დაიხარჯება 355 ათასი ლარი

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციის არეალის დადგენა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაა დაგეგმილი.

„ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასება საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე და მათი მართვის გეგმების შემუშავებაზე“ ტენდერი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 355 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერში აღნიშნულია, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე.

პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ, კვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება კი უნდა მოხდეს სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან.

ამასთან, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „კვლევები უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი; დუშეთი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, ხელვაჩაური, შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხარაგაული, ხონი, გორი, ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ასპინძა.

ტენდერის პირობის მიხედვით, აღნიშნული კვლევა მოიცავს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორისაა:

  • კითხვარების მომზადება ადმინისტრაციებთან და ფერმერებთან, გამოკითხვის ჩატარება მონადირეებთან, მოსახლეობასთან;
  • ტურის და მგლის გავრცელების წინასწარი არეალის დადგენა (გამოყენებული უნდა იქნას აგრეთვე ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა გზატკეცილებზე ა/მანქანების მიერ გატანილი მტაცებლის ნაშთები, რაც აღნიშნულ რაიონში სახეობის სავარაუდოდ მაღალ რიცხოვნობას მიუთითებს);
  • ტურის და მგლის პოპულაციების არსებობისა და გამოჩენის სავარაუდო თარიღების დადგენა გამოკითხვის მეთოდით მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში; მტაცებლის ბუნებრივი „მსხვერპლის“ (კურდღელი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, როჭო და ა.შ.) პოპულაციების ზოგადი შეფასება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში;
  • მგლის პოპულაციის შეფასება ჩლიქოსან სახეობათა პოპულაციების აღდგენის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში – შესაძლო სირთულეების შეფასება აღდგენის გეგმის განხორციელებისთვის;
  • ტურის და მგლის პოპულაციის რიცხოვნობის დასადგენად დამატებით ბიოაკუსტიკური მეთოდის გამოყენება;
  • ლოკალურ საპილოტე უბნებზე ტურის და მგლის პოპულაციების რიცხოვნობის დადგენა;
  • ფოტო-ვიდეო ხაფანგების განლაგების სქემის და ერთდროული მომსახურების გეგმა-გრაფიკის შემუშავება თითოეული მუნიციპალიტეტისათვის;
  • ტურების და მგლების ბუნებიდან ამოღება (სამინისტროს მიერ დადგენილი რაოდენობის ფარგლებში);
  • ბუნებიდან ამოღებული ეგზემპლარების კუჭის შიგთავსის და ბუნებაში მოძიებული კუჭის ექსკრემენტების ლაბორატორიული კვლევა;
  • ტურის და მგლის საკვები ბაზის დადგენა სხვა სახეობების გამრავლების პერიოდში;
  • მგლის შინაურ ცხოველებზე თავდასხმის გასული წლის სტატისტიკის მოპოვება და აღწერა მოსახლეობის გამოკითხვის გზით;
  • მგლის შინაურ ცხოველებზე თავდასხმების ინფორმაციის აღრიცხვა კვლევის მიმდინარეობის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი დოკუმენტური მასალის მოპოვება. კერძო ფერმერებისთვის და ზოგადად სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა;
  • მგლის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევების აღრიცხვა გამოკითხვის გზით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;
  • ტურის და მგლის პოპულაციის შეფასება სახეობათა აღდგენის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში – შესაძლო სირთულეების შეფასება სახეობათა აღდგენის გეგმის განხორციელებისთვის;
  • მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება – მგლისა და ძაღლის, ტურისა და ძაღლის ჰიბრიდების არსებობის შესახებ. შესაძლებლობის შემთხვევაში ასეთი ეგზემპლარის მოპოვება და გენეტიკური ანალიზის ჩატარება.

ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შედეგად წარმოსადგენი ინფორმაცია საქართველოში ტურის და მგლის რიცხოვნობასა და მართვის გეგმა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მათი გავრცელების არეალის რუკა და რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მ.შ. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით;
  • ტურის, მგლის პოპულაციის ზემოქმედების დადგენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე;
  • მათი პოპულაციის სიმჭიდროვის, ჰაბიტატების მდგომარეობის და საკვები ბაზის შეფასება, მ.შ. დაცულ ტერიტორიებზე და დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ;
  • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტურის და მგლის გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება სულ მცირე ათი წლის კვოტის დასადგენად, მათი გარემოდან ამოღების მეთოდების, ხერხების და სეზონების დადგენის გზით.
  • ამასთან, მართვის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნას საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში [აზერბაიჯანი, სომხეთი] არსებული პრაქტიკა.

„ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზებაზე მდგრადი განვითარების მიზნებსა და ევროკავშირის დირექტივებთან.

მთავრობის 2021 წლის განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება სადაც, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ მიზანს წარმოადგენს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების ჭარბი გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების პრევენციის გზით“, – აღნიშნულია ტენდერში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.

პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ „პრეტენდენტს [საკონსულტაციო კომპანია ან/და შესაბამის ექსპერტთა ჯგუფი, ამხანაგობის სახით] უნდა ჰქონდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში, მ.შ. პრიორიტეტული იქნება ველური ბუნების, მ.შ. ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია [მიმდინარე პროექტი არ განიხილება], რომელიც ჩაუტარებია ბოლო 5 წლის განმავლობაში.“

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“.

„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი.

განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით…

რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც დამიგროვდა, რომელსაც თითქმის ვეღარ ვუმკლავდებოდი… მაგრამ ფსკერი იყო ის, თუ როგორ ვხედავდი საკუთარ თავს – დაცემულად. მივხვდი, საერთოდ არ ვიყავი რეალიზებული ურთიერთობებში, პირიქით – ყველაფერი მქონდა აგებული ტყუილსა და ავანტიურაზე. ეს ხდებოდა რეგულარულად, სანამ დეკემბერში სარეაბილიტაციო დღის ცენტრში არ მივედი“. 

ადიქცია, იგივე დამოკიდებულება, ქრონიკული აშლილობაა, რომელიც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ბევრ ასპექტზე, მათ შორის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და სამსახურებრივ საქმიანობაზე. დამოკიდებულების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერებების მოხმარებასთან (მაგალითად, ნარკოტიკი) და ქცევითი დამოკიდებულებები (მაგალითად აზარტულ თამაშები). 

ადიქციების გავრცელება საქართველოში ზუსტად ნაკვლევი არ არის. თუმცა საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ [სარეაბილიტაციო დღის ცენტრის] ფსიქოლოგი, ლუკა გაფრინდაშვილი საკუთარ პრაქტიკასა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული და ქცევითი დამოკიდებულების – აზარტულ თამაშების პრობლემა ძალიან მწვავეა დამოკიდებული პირებისთვის.

ქვეყანაში კი უფასო და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სერვისების სერიოზული დეფიციტია.

მაგალითად, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის – „ალტერნატივა ჯორჯიას“ ბოლო ანგარიშში წერია, რომ ნარკოტიკის პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში მზარდია: „ამ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობამ მიაღწია მაქსიმალურ მაჩვენებელს – 52 500 (მათგან დაახლოებით 22000 პირი ოპიოიდებზეა დამოკიდებული). 

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ოფიციალურად ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია: ბოლო მონაცემებით 14 826 ადამიანია ასეთი – აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ამ სიაში 48 ადამიანი მოხვდა, ხოლო უშუალოდ პირის მიმართვით – 14 778. ამაზევე მიუთითებს რეგულაცია, რომლის შედეგად მილიონ-ნახევარ/1 503 989 სრულწლოვან ადამიანს (მათ შორის სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეებს) აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდა.

33 წლის ზური ამბობს, რომ მის ირგვლივაც ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ადიქციის დაძლევის გარდა საკუთარი თავის რწმენისა და „სიცოცხლის ხალისის“ დაბრუნება სჭირდება. ამისათვის კი, მისივე შეფასებით, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში შეყვანა და ამით ონლაინთამაშებზე წვდომის შეზღუდვა არ კმარა.

„როგორც კი შევწყვიტე თამაში, აღარ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. საერთოდ აღარ ვიცოდი, როგორ მემართა ჩემი ცხოვრება, რამე დადებითი მხარე თუ მქონდა, როგორც პიროვნებას, იმიტომ, რომ ჩემი ნახევარი ცხოვრება გადართული ვიყავი თამაშზე. დიდი სირთულეები გამოვიარე.

ჩვენ ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება და დანარჩენი ცხოვრება რა ვქნათ? ეს განუკურნებელი დაავადებაა, სწავლობ [სურვილის] დაძლევას, მაგრამ ყოველთვის არის რისკი, რომ შებრუნდე და ისევ გაიმეორო შეცდომა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები და მოსახლეობას კი იმის იმედი, რომ ცხოვრების განმავლობაში თუ დასჭირდა, ეს დაფინანსებული იქნება.  

საქართველოში ისედაც არ გვაქვს იმის განცდა, რომ ფინანსურად მყარად იქნები მთელი ცხოვრება… რაღაც მომენტში რომ დაიკარგოს ჩემი სიმტკიცე, ნამდვილად არ გვაქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ ყოველკვირეულად თერაპიულ სეანსებზე 100 ლარი ვიხადოთ. ეს ძალიან დიდ თანხაზე გადის“, – ამბობს ის.

თამაშზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის უფასო დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში, გასული წლის ნოემბერში, „თანადგომას“ ოფისში გაიხსნა. 

„დღის ცენტრი ნიშნავს, რომ ამბულატორიული ცენტრია – ადამიანები აქ არ ჩერდებიან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სახის სერვისს: ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თერაპიას, ჯგუფურ თერაპიას, არტთერაპიას (ხატვა, თიხაზე მუშაობა), ოჯახის წევრებთან, ანუ თანადამოკიდებულ პირებთან თერაპიას და სათემო თერაპიას. ამ უკანასკნელს უძღვება წარსულში დამოკიდებული ადამიანი, რომელიც წარმატებულია თვითშეკავებაში“, – განმარტავს ლუკა გაფრინდაშვილი.

სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები პროგრამულად არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები. სურვილის შემთხვევაში კი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ თამაშზე დამოკიდებულ პირებსაც. რეაბილიტაციის ფარგლებში, უშუალოდ ფსიქოთერაპია, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური 9 შეხვედრას მოიცავს და ამდენივე კვირაზეა გადანაწილებული.

ინდივიდუალურ თერაპიაზე ძირითადად ხდება თერაპიული ალიანსის დამყარება და როცა ადიქციის გარდა სხვა პრობლემებიც აქვს ადამიანს, მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, იმ პრობლემებზე ფოკუსირება. ადამიანი სწავლობს ემოციური რეგულაციის ტექნიკებს;

ჯგუფური თერაპია უფრო ადიქციაზეა მიმართული, აქ ხდება გამოცდილების გაზიარება, ადამიანი სხვებისგან ისმენს მსგავს პრობლემებს, ხვდება, რომ მარტო თვითონ არ გადის ამ ყველაფერს და ხდება ერთგვარად „ნორმალიზება“ საკუთარი მდგომარეობის. ადიქციასთან მიმართებაში მუშავდება სტრატეგიები, რომლებიც გეხმარება მაპროვოცირებელ ფაქტორებთან გამკლავებაში, ლტოლვის კონტროლში, ფიქრებისგან თავის დაღწევაში…

არტთერაპიაზე ხელოვნების ტექნიკით ხდება საკუთარ არაცნობიერში იმ ტრავმულ გამოცდილებებზე მუშაობა, რომლებზეც რთულია საუბარი – ამ შემოვლითი გზით ხდება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გადმოტანა, მაგალითად, ფურცელზე და მერე ამის ანალიზი სხვა ადამიანის თანდასწრებით. არტთერაპიაც ჯგუფურია.

„ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ადიქციის შემთხვევაში დღის ცენტრში მოდის ადამიანი, რომელმაც უკვე დაძლია ფიზიკური სიმპტომები, ანუ თუ ნივთიერებაზეა დამოკიდებული, ჩატარებული აქვს დეტოქსი და დაწყებული აქვს თავშეკავება; ან შეიძლება ერთი-ორი თვის წინ აქვს დაწყებული თავშეკავება და ხვდება, რომ ძალიან უჭირს. უკვე გვაქვს თავშეკავების წარმატებული მაგალითებიც“, – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი, – „ბათუმში შეგვიძლია ამ პროექტის ფარგლებში ადამიანების სამი ნაკადი მივიღოთ, თითო ნაკადზე – 10 ადამიანი. ამ ეტაპზე ადგილები არის, ერთადერთი კრიტერიუმია ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი“. 

ადიქციის კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ შეფასებით, სახელმწიფოს მიერ წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის დაფინანსებული ორკვირიანი რეაბილიტაციის კურსი,   „სერვისის ვადის და დაფინანსების გათვალისწინებით – ფორმალურია“.

ორგანიზაცია „ადიქტოლოგიური სერვისების შესაძლებლობების შეფასების“ 2022 წლის ანგარიშში კი წერია: „დარგის სპეციალისტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეტოქსის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციაც უშედეგოა, რადგან არ არსებობს სრულფასოვანი რეაბილიტაციის მხარდაჭერა“.

ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების პრევენციისთვის, 14-დან 25 წლამდე მოზარდებს,  ახალგაზრდებსა და მათ ოჯახის წევრებს უფასო ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი – „კლუბი სინერგია“. უშალოდ გემბლინგის მიმართულებით კი ცენტრს ორი სპეციალისტი ჰყავს, როლებიც პირისპირ მუშაობენ თბილისში, რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებთან კი – ონლაინ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაშდამოკიდებული ადამიანები ჯანდაცვის არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად არ მოიაზრებიან.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ დამოკიდებული ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია თანადამოკიდებულთა თერაპია. ეს გულისხმობს იმ ოჯახის წევრის, მეგობრის თუ პარტნიორის თერაპიას, რომელსაც ერთგვარი „მშველელის“ როლი აქვს მორგებული დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობაში.

„თანადამოკიდებულების თერაპიის შემთხვევაში, ჯგუფური იქნება ის თუ ინდივიდუალური, ხდება ოჯახის წევრების როლების იდენტიფიცირება, მათი ურთიერთობის დინამიკის იდენტიფიცირება/გაცნობიერება, დამოკიდებულ ადამიანთან მიმართებაში და სწორი სტრატეგიების შემუშავება, რომელიც იქნება მხარდაჭერით [დამოკიდებული ადამიანის მიმართ] და არა პირიქით დესტრუქციული“. 

თუმცა ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესის ეს ნაწილი ჯერ გამოწვევად რჩება, რადგან ჩართულობა ოჯახის წევრების მხრიდან დაბალია.

ლუკა გაფრინდაშვილის თქმით, ადიქციებთან მუშაობაში ყველაზე ეფექტურად რეზიდენტული მკურნალობა ანუ რეზიდენტული ტიპის ცენტრები მიიჩნევა, სადაც ადამიანი თვეების განმავლობაში სცილდება მისთვის ჩვეულ გარემოს და სადაც მასზე გარეგანი მაპროვოცირებელი ფაქტორები ზემოქმედებს.

ალტერნატივა ჯორჯია: „აღიარებულია, რომ რეზიდენტული ტიპის, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროგრამები ეფექტიანია აბსტინენციის მიღწევისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ სექტორის გაძლიერებაზე უნდა იყოს მიმართული.

ბოლო ათწლეულების მანძილზე სახელმწიფოს არასოდეს დაუფინანსებია რეზიდენტული ტიპის გრძელვადიანი სარეაბილიტაციო პროგრამები, კერძო სექტორში რეაბილიტაციის კურსის გავლა კი მოწყვლადი პოპულაციისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოში ამჟამად ხუთამდე დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირებისათვის რეზიდენტული ტიპის რეაბილიტაციის კურსი ხელმისაწვდომია. მათგან აჭარის რეგიონში მხოლოდ ერთი – საქველმოქმედო ცენტრ „კარიტასის სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედის სახლია“. აქ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებიან. პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვიდან მაქსიმუმ 18 თვეა. სხვა რეზიდენტული ტიპის ცენტრებში სარეაბილიტაციო კურსის გავლა ფასიანია. 

მკურნალობის ხანგრძლივობა რეზიდენტული ტიპის დაწესებულებებში ერთიდან სამ-ექვს თვემდე გრძელდება. ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის ფასი 2500 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

რატომ „არ უნდათ“ დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობა? – ფსიქოლოგის თქმით, ხშირად, როცა დამოკიდებული ადამიანი დახმარებას არ ეძებს, მიიჩნევა, რომ ეს მისი თავისუფალი არჩევანია.

რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც უარს განაცხადებენ მომსახურების მიღებაზე, მაგრამ საინტერესო ის არის – რატომ აცხადებს უარს? იმიტომ ხომ არა, რომ აზრს ვერ ხედავს ამ მცდელობებში? უკვე ხელი აქვს ჩაქნეული? ეს მცდარი წარმოდგენებია“, – ამბობს ფსიქოლოგი და აზუსტებს:

„რეალური პრობლემა უფასო სერვისების დეფიციტია.

აუტიზმის ან ადრეული განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სერვისები რომ არის, იმიტომ არის, რომ თუ შეწყდება, მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იციან, რომ მეორე დღეს ძალიან ბევრი განრისხებული მშობელი გამოვა გარეთ. საზოგადოების ეს ნაწილი კი პასიურია და მათი დამცირებისა და დემონიზების მეტი არაფერი კეთდება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ეს სერვისები“. 

კომპანია ბათუმის მერიას ვალის, 1.3 მლნ-ის გადავადებას სთხოვს – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიას გადაცემული ქონების საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს.

ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე, №1-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით გასასხვისებლად, „კომუნა ჰოლდინგისთვის“ გადასაცემად გადასცა.

შეთანხმების მიხედვით საპრივატიზებო თანხა კომპანიას ბათუმის ბიუჯეტში უნდა შეეტანა.

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიის პროგრამის – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში, ნონეშვილის #1-ში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

მთავრობის ინფორმაციით, კომპანიას მიწის ნაკვეთის საფასურად 1 მილიონ 326 912 ლარი განუსაზღვრეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად. ახლა „კომუნა ჰოლდინგი“ სწორედ ამ ვალის გადავადებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ავარიული სახლიდან მოქალაქეები სხვა დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა, რაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

გადაწყვეტილების მისაღებად მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია საკრებულოს სწერს:

„კომუნა ჰოლდინგი“ გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. ამ მიზნით მიღწეული აქვთ შეთანხმება გადასაცემი მიწის ნაკვეთზე არსებული ქონების მესაკუთრეებთან. შპს ,,კომუნა ჰოლდინგის“ მხრიდან მოხდა სოლიდური ხარჯების გაწევა საპროექტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ხდება მოსახლეობის ვადაზე ადრე გასახლება, რაც კომპანიის მხრიდან დაკავშირებულია დამატებით ხარჯების გაწევასთან. მათივე განმარტებით, შპს „კომუნა ჰოლდინგს“ უწევს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებამდე და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გარკვეული ფულადი სახსრების გაწევა. რის გამოც მერიას მიმართეს თხოვნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის განკარგულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტისათვის ჩასარიცხი თანხის ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდასთან დაკავშირებით“.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა, მერია თანახმაა კომპანიას ქონების საფასური გადაუვადოს, შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

„ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური ქონების პირდაპირი წესით გადაცემას კიდევ ერთი კომპანია, „ტექტო ფრანკო 1“ ითხოვს. ეს კომპანია ავარიული სახლის სანაცვლოდ ახალი სახლის მშენებლობას ბათუმში, რურუას #1-ში გეგმავს.

პროექტის განსახორციელებლად კომპანიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 637,0 კვ.მეტრი სჭირდება. ერთი ნაკვეთი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მერიას ქონების პირდაპირი წესით გასხვისების უფლება არ აქვს, ამიტომაც კომპანიისთვის პირდაპირი წესით გადასაცემად მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას უნდა გადასცეს, იმ პირობით, რომ საფასურს მყიდველი ბათუმის ბიუჯეტში შეიტანს. ამ შემთხვევაში საფასური 610 281 ლარია.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, კომპანიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 841 კვ.მეტრზე სკვერის მოწყობის ვალდებულება აიღო.

ამ საკითხებზე საკრებულომ მომავალ სხდომაზე, 26 მარტს უნდა იმსჯელოს.

შპს ,ტექტო ფრანკო 1“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს ქეთევან ქაჯაია ფლობს. 2019 წელს ეს კომპანია ნიკოლოზ წურწუმიას შპს „გრინ სპეისი 1“ – ის სახელით დაუფუძნებია, 2022 წელს მან წილები ქეთევან ქაჯაიას გადასცა, 2023 წელს კი კომპანიის სახელიც შეცვალეს.

რაც შეეხება შპს „კომუნა ჰოლდინგს“, მას დიანა თურმანიძე ფლობს. ეს კომპანია 2023 წელს გელა გაბაიძეს დაუფუძნებია.

ქობულეთში ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

დღეს, 20 მარტს, ქობულეთში ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა.

ფაქტი შს სამინისტროში დაგვიდასტურეს.

დაშავებული პირი ქობულეთში, კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240​-ე პრიმა მუხლით – ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.

დაყაჩაღება ქობულეთში – რა მიუსაჯა სასამართლომ ბრალდებულებს

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.

„დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.

მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს.

სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო“ – წერს პროკურატურა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

რა ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ქობულეთში 21 მარტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 21 მარტს ქობულეთის ორ ქუჩაზე გაზი გაითიშება.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის 121 აბონენტს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი შეუწყდება თამარ-მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 95 აბონენტს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

რომელი ქვეყანაა ყველაზე ბედნიერი? – საქართველო 91-ე ადგილზეა

დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ბედნიერი ქვეყნების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია.

საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 91-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო ამავე რეიტინგში 90-ე ადგილზე იყო.

რეიტინგში 105-ე ადგილზეა უკრაინა.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. შვედეთი
  5. ისრაელი
  6. ნიდერლანდები
  7. ნორვეგია
  8. ლუქსემბურგი
  9. შვეიცარია
  10. ავსტრალია

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეიტინგი ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებლებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

რეიტინგი ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე; ჯანსაღი ცხოვრება; ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება; თავისუფლება კორუფციისგან და ა.შ.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ბოლო ადგილზე არიან ლიბანი და ავღანეთი. კვლევა შეეხება 143 ქვეყანას.

ბედნიერი ქვეყნების შესახებ კვლევა ყოველ წელს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს ქვეყნდება.

_______________

ფოტოზე: ბათუმი, წარწერა კედელზე. ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

„ოცნების ავტომობილი“ – „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში  ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.  

„ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში  5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ ასეულობით ბავშვს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდები ტოიოტას მომავლის ავტომობილის ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ბავშვების აქცენტები ეკომეგობრული, მულტიფუნქციური, სოციუმის საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის შექმნაზეა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ამ კონკურსით რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს თვითრეალიზებასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. მათ შესაძლებლობა მივეცით, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლების მსგავსად, საკუთარი ნამუშევრები ხატვის გლობალური კონკურსისთვის შეექმნათ. ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ავტომობილის ესკიზები  ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ნახატები უკვე იაპონიაში, ტოიოტას სათავო ოფისშია“.

ნამუშევრებმა ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის მთავარ მესიჯს „შეცვალე ავტომობილის მომავალი “ უნდა უპასუხოს. იაპონიაში არსებული Toyota Motor Corporation-ისთვის ეს პირველი კრიტერიუმია, თუმცა ნახატები კრეატიულობისა და შესრულების ხარისხის მიხედვითაც ფასდება.

კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონულ ოფისში შეგროვდა. 

ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და უკვე 17 წელს ითვლის. მეთვრამეტედ სტარტს შემდეგი წლის გაზაფხულზე აიღებს. მანამდე კი შესაძლოა, ტოიოტას მომავლის ავტომობილებში სწორედ ქართველი ბავშვების იდეები აისახოს. 


„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

ფასდაკლება თიბისი დაზღვევის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარმადეპოში

დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.

„ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე“, – თიბისი დაზღვევა.

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 433 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700]
  • ტანკი – 6 828 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 13 058 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 10 714 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 721 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 355 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 198 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 1 738 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 280 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 487 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 545 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 248 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 467 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 998 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ჟიჟეკი: მიეცით უკრაინას თუნდაც ბირთვული იარაღი

ნარიშკინის თქმით, საფრანგეთი ამზადებს 2000-კაციან კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის მერია ევროკავშირის გრანტს მიიღებს სათბური აირების გაფრქვევების კერების შესასწავლად

ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ სამსახურის უფროსი, რუსუდან ჟოჟაძე, საკრებულოში შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს.

სამსახურის ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადი წარდგენილი იყო უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტთან [თურქეთის რესპუბლიკა], სტამბულის უნივერსიტეტთან და სხვა აპლიკანტებთან ერთად. წამყვანი აპლიკანტი [პარტნიორი] უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტია.

პროექტის შემდგომი ეტაპზე გადასასვლელად მერიამ პარტნიორთან შეთანხმება უნდა გააფორმოს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში „ბათუმის კომპონენტზე სულ გათვალისწინებულია 132 303 ევრო, საიდანაც 90% უნდა დაფინანსდეს საგრანტო ფონდით, ხოლო – 10% – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.“ პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 13 000 ევრომდე ხარჯს ითვალისწინებს.

გრანტით განხორციელდება აქტივობები პროგრამის სპეციფიკური მიზნის ფარგლებში, რაც ეხება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობას და მდგრადობას ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით.

„ბათუმის შემთხვევაში, დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდეს კვლევა – ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერების და მათი გავლენების გაზომვა, ამ პროცესის დოკუმენტირება, მომზადდეს შესაბამისი [დიგიტალური] რუკა და ანგარიში კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია-შერბილების ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებით“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

შესაბამისი შეთანხმებების გასაფორმებლად და გრანტის მისაღებად ბათუმის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულომ მორიგ სხდომაზე პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღებაზე თანხმობის გაცემის შესახებ განკარგულების პროექტი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

თანამდებობის პირი, რომელსაც არც ხელფასი აქვს, არც ქონება და არაფერი გააჩნია – შუკაკიძის დეკლარაცია

უკვე მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია სრულიად ცარიელია.

შუკაკიძის ქონებრივ დეკლარაციაში არც სამუშაო ადგილია დაფიქსირებული, არც ხელფასი და არც სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

„ბათუმელები“ შეეცადა ბერიკა შუკაკიძესთან დაკავშირებას, რომ მისგან მოესმინა კითხვებზე პასუხები, თუ რატომ არ შეაქვს ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაცია თუნდაც ხელფასის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქონებრივ მდგომარეობაზე: ფლობს თუ არა უძრავ ქონებას – საცხოვრებელ სახლს/ბინას, მიწას, ავტომანქანას და თუ კი, რატომ არ ასახავს ამ ქონებას დეკლარაციაში.

ბერიკა შუკაკიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საჯარო რეესტრის მიხედვით კი, ბერიკა შუკაკიძე მხოლოდ ერთადერთი ქონების მფლობელია – მცხეთაში, სოფელ ლისში (ვარდისწყარო) 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 100 %-ით მისი საკუთრებაა. ცენტრის ხელმძღვანელს ეს მიწის ნაკვეთიც კი არ აქვს ასახული ქონებრივ დეკლარაციაში.

Google -ის მონაცემებით, ამ მიწაზე 2021 წლიდან ნაგებობაც ფიქსირდება, რომლის შესახებაც ასევე არაფერი წერია შუკაკიძეს დეკლარაციაში.

ასე გამოიყურება შუკაკიძის მიწა 2020-2023 წლებში Google-ს ფოტოს მიხედვით.

ბოლო დეკლარაცია, სადაც ბერიკა შუკაკიძის ხელფასი და საკუთრებაა შეტანილი, 2020 წელს არის შევსებული და 2019 წლის მდგომარეობას ასახავს.

ამ პერიოდში მისი წლიური შემოსავალი 130 100 ლარია, ანუ თვეში 10 833 ლარი.

ამის შემდეგ – 2021-2022-2023 წლებში შუკაკიძის დეკლარაციები ცარიელდება.

2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბერიკა შუკაკიძეს აქვს სესხები: თიბისი ბანკიდან კრედიტი – 75 000 ევრო ჰქონია აღებული, „საქართველოს ბანკიდან“ კი 2 000 ევრო.

ამ წელს ბერიკა შუკაკიძე შვილის სწავლის საფასურსაც იხდის – 3 300 ევროს.

კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე ვალდებულია დეკლარაციაში ასახოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება და შემოსავლები. ცხადია, შუკაკიძე არსად უთითებს, არიან თუ არა დასაქმებული მისი სრულწლოვანი შვილები და რა შემოსავალი აქვთ მათ.

დეკლარაციის თანახმად, ის შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ცარიელი დეკლარაციებიდან გამომდინარე უცნობია, რა სახსრებით ისტუმრებს ბერიკა შუკაკიძე საბანკო ვალდებულებებს, ან რამდენი ლარი იყო მისი ოჯახის წლიური შემოსავალი მაგალითად გასულ წელს?

2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორობის გარდა, მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად, გორის უნივერსიტეტში რექტორის მრჩევლად და ლექტორად, ასევე საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ მრჩეველიც იყო.

ბოლო სამი წლის ქონებრივ დეკლარაციებში კი არც ეს მონაცემები აქვს შეტანილი. შესაბამისად, უცნობია შუკაკიძე კვლავ აგრძელებს ამ პოზიციებზე მუშაობას თუ არა.

კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე, რომელიც ქონებრივ დეკლარაციას არასწორად ან დარღვევებით ავსებს, ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას.

სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო დიაპაზონი აქვს და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დღის მონაკვეთი, ასაკი, საკვები, აქტივობა და სხვა. მიიჩნევა, რომ ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 36-დან 37.2 C-მდე მერყეობს.

როგორ უნდა მოვიქცეთ ისეთ დროს, როცა მედიკამენტის მიღების მიუხედავად სიცხე არ იწევს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პედიატრი, ოჯახის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირინა ქოქოლაძე საუბრობს.

  • ქალბატონო ირინა, რა ითვლება ცხელებად, როდის არის საყურადღებო მდგომარეობა?

ცხელება ორი ტიპისაა: ვარდისფერი და თეთრი. როცა სხეულის ტემპერატურა 40-41 გრადუსი ცელსიუსი აქვს ბავშვს თუ მოზარდს, ამას ჰქვია ვარდისფერი ცხელება და ეს არის საშიში მდგომარეობა ორგანიზმისთვის.

თუ ბავშვს 40-41 გრადუსი აქვს და მივეცით სიცხის დამწევი, პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და არ დაიწია სიცხე ერთი საათის განმავლობაში, ბავშვი უნდა წავიყვანოთ სტაციონარში.

რაც შეეხება მოზრდილს, თუ მას არ აქვს ქრონიკული დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ის პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაშინ შეიძლება მისი სახლში დატოვება და დახმარება ბინაზე.

  • როგორ დავეხმაროთ სახლის პირობებში ადამიანს, რომელსაც ტემპერატურა აქვს 40C-ს ზევით?

სიცხის დამწევის მიღების პარალელურად, საჭიროა პაციენტმა მიიღოს სითხეები დიდი რაოდენობით. ამის მიზანია სხეული გაგრილება, ამიტომ შეფუთვა ამ დროს არ შეიძლება, რადგან ხდება შინაგანი ორგანოების [თავის ტვინი, გული, ღვიძლი და თირკმელი] გადახურება და ფუნქციის მოშლა.

სასურველია პაციენტმა მიიღოს ოთახის ტემპერატურის წყალი – არც ცხელი, არც ცივი. 

სხეულის გაგრილებისთვის ადამიანს უნდა ეცვას თხლად, სასურველია ბუნებრივი ბამბის ტანსაცმელი და არა სინთეტიკური ქსოვილი, ტანსაცმელი არ უნდა უჭერდეს სხეულზე; პაციენტმა მაღალი სიცხით არ უნდა დაიფაროს საბანი.

  • რა წესები არსებობს სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით?

ამ ბოლო დროს აღინიშნება ტენდენცია, რომ სიცხის დამწევის მიღების შემდეგ ტემპერატურას მაინც უჭირს ჩამოსვლა. ასეთ შემთხვევაში იგივე პრეპარატის განმეორება არ შეიძლება, რათა არ მოხდეს ზედოზირება. ჩვენს მოსახლეობას სჩვევია მედიკამენტების გადაჭარბება და იბუპროფენს დიდი დოზით იღებენ, როგორც სიცხის დასაწევად, ისე ტკივილის გასაყუჩებლად.

პარაცეტამოლის მაქსიმალური დოზა არის 1 გრამი ანუ 2 აბი [500 მგ-იანი], ხოლო იბუპროფენისა დღე-ღამის განმავლობაში არის 800 მგ. ანუ გამოდის რომ შეიძლება 2 აბი [400 მგ] იბუპროფენის მიღება.

თუ ჩვენ მივიღეთ პარაცეტამოლი 1 გრ [ორი აბი] და არ დაიწია სიცხე, ერთი საათის შემდეგ შეიძლება დავამატოთ იბუპროფენი 400 მგ-იანი. თუ მაინც არ ჩამოდის, უნდა მივმართოთ ექიმს, გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან ჩვენით წავიყვანოთ პაციენტი სტაციონარში, ვინაიდან ეს არის საშიში მდგომარეობა.

  •  მაღალი სიცხის დროს დამატებით მედიკამენტად ანალგინის გამოყენება რამდენად უსაფრთხო პრაქტიკაა?

ანალგინი ადრე გამოიყენებოდა ჩვეულებრივად, მაგრამ შემდეგ, ჰეპატოტოქსიურობის გამო, ანუ იმის გამო რომ ღვიძლზე ნეგატიურად მოქმედებს და შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას სერიოზული პრობლემები ღვიძლზე, ანალგინი გაილდლაინებით არ არის მოწოდებული, როგორც სიცხის დამწევი საშუალება. ეს უფრო ძველი მეთოდია და უნდა მოვერიდოთ.

სიფრთხილით უნდა მიიღოთ ე.წ. გრიპის ჩაი, იმიტომ, რომ მათ შემადგენლობაშია მედიკამენტები – ასპირინი, იბუპროფენი და სხვა. ამ ჩაის მიღების დროს, ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ეს რაღაც მცენარეულია, თუმცა მასთან ერთად სვამენ სიცხის დამწევებსაც და ასე ხდება ჰიპერდოზირება.

წამლის ზედოზირებამ უფრო შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების დაზიანება, ვიდრე თვითონ ვირუსმა.

ვირუსული ინფექციების დროს თუ მიიღებთ უბრალო ჩაის, ეს შეიძლება იყოს ჟოლოს, გვირილის ჩაი, ცაცხვის ჩაი, ის აუცილებლად უნდა იყოს გაგრილებული, ცხელი არ შეიძლება, რადგან აღიზიანებს ყელსა და ცხვირს.

ასეთ დროს კარგია ორთქლის ინჰალაციები, რომ პაციენტს ცხვირი გაუხსნას და გაუადვილდეს სუნთქვა.

  • რა ხდება ტემპერატურის მატებისას განვითარებული შემცივნების დროს და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

შემცივნების დროს შეიძლება პაციენტმა დაიხუროს საბანი და თბილად იყოს, იმიტომ, რომ შემცივნების დროს ჯერ არ არის სიცხე აწეული. როცა გაიზომავთ და ტემპერატურა ასულია 40-41 გრადუსზე, მაშინ არის საჭირო გაგრილება.

რა ხდება შემცივნების დროს? ვირუსის ნარჩენები/ვირუსები მოქმედებენ იმუნურ სხეულებზე და ხდება გამოტყორცნა ციტოკინების [ე.წ. სასიგნალო ცილები, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენს ორგანიზმში ანთებითი პროცესის კონტროლს], ჰორმონების, სხვა და სხვა ნივთიერებების და ამის შედეგად ხდება სისხლძარღვების შევიწროება. ესეც სხეულის თავდაცვითი მექანიზმია, რომ სისხლი გადანაწილდეს იმ ორგანოებისკენ, რაც ზემოდ ჩამოვთვალეთ და დაიცვას ისინი მაქსიმალურად.

ამას ემსახურება შემცივნება, სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის გადანაწილება ხდება, მაგრამ როდესაც უკვე აიწევს სხეულის ტემპერატურა, პირიქით უნდა მოხდეს – ხელი უნდა შევუწყოთ სისხლძარღვების გაფართოებას, რათა სითბო გამოიყოს.

  • რატომ არის საშიში ორგანოების გადახურება?

მაღალი სიცხისგან ადამიანი სხეული შეიძლება ჩავარდეს შოკში, დაკარგოს გონება, დაემართოს კრუნჩხვა, გულის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, შარდის გამოყოფის შემცირება.

40-41 გრადუსი სხეულის ტემპერატურა არის საგანგაშო ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ ძალიან საყურადღებოა პაციენტის მდგომარეობა.

ასეთ დროს ავადმყოფი ადამიანის ოთახში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 22 გრადუსი და სივრცე უნდა ნიავდებოდეს ხშირად.

Clevland Clinic წერს, რომ ზომიერი სიცხეც კი შეიძლება საშიში იყოს ფილტვების ან გულის პრობლემების მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის, რადგან სიცხე იწვევს სუნთქვის სიხშირის და გულისცემის მატებას. ცხელებამ ასევე შეიძლება გააუარესოს დემენციის მქონე ადამიანების მენტალური მდგომარეობა.

  • ზოგჯერ ბავშვებს ძალიან მაღალი ტემპერატურაც არ აწუხებთ, ზოგჯერ კი – პირიქით. როგორ უნდა განვსაზღვროთ როდის სჭირდება ბავშვს დახმარება?

თუ ბავშვი აქტიურია, ჭამს, ხალისიანია, 38.5-იც რომ ჰქონდეს სიცხე, არ არის საშიში. რეკომენდაცია იგივეა – სითხის მიცემა, ოთახის გაგრილება, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი; საკვები ბავშვებმაც და დიდებმაც უნდა მიიღონ ადვილად მოსანელებელი. მაგალითად: წვნიანი, ბოსტნეული და ა.შ. შოკოლადი და არაჯანსაღი სასუსნავი მოვარიდოთ.

შესაბამისად, თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს 38.5-მდე ველოდებით და არ ვაძლევთ მედიკამენტს, მაგრამ აქ არის ერთი გამონაკლისი – თუ ბავშვს ანამნეზში აქვს ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, ჰქონდა კრუნჩხვა ან ნევროლოგის დაკვირვების ქვეშაა, მაშინ აღარ უნდა დაველოდოთ, რომ 38-მდე ავიდე ტემპერატურა, 37.8-მდე უკვე უნდა მივცეთ სიცხის დამწევი და უფრო ზემოთ აღარ ავუშვათ სიცხე.

რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ

როგორ შეიძლება დღიურში წერამ უკეთესად გაგვხადოს, დაგვანახოს საკუთარი აზრები, საკუთარ თავზე კონტროლი დაგვიბრუნოს, შფოთვა შეგვიმსუბუქოს, მათ შორის, გაგვიუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობაც? ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჰობი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის თერაპიული ხასიათის აღმოჩნდეს. წერის სწორედ ამ დადებით მხარეზე გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია თავართქილაძე.

  • მაია, რას მოვიაზრებთ დღიურის წარმოებაში და რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის ჩანაწერების სისტემურ კეთებას?

დღიურის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეკომენდაცია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ დღიურის შეძენითა და ფურცლებზე თარიღების მონიშვნით, დღიურის წარმოება საკუთარ თავთან ურთიერთობის სტილადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

კარგი იქნება ამ პროცესს შევხედოთ, როგორც საკუთარ თავზე დაკვირვებას, თვითრეფლექსიას.  შესაბამისად, შეგვიძლია დღიურის წარმოების ქცევა, შემდგომში ჩვევა, განვიხილოთ როგორც ადამიანის უნარი, დააკვირდეს საკუთარ თავს, შექმნას დისტანცია მასა და თავის უარყოფით ფიქრებს, ემოციებსა და არასასურველ ქცევებს შორის.

ამ დისტანციის მეშვეობით შეიქმნას განცდა, რომ მას შეუძლია განცალკევდეს მათგან, მათი სიმძიმისგან, გვერდიდან შეხედოს და გააცნობიეროს კავშირები, შემდეგ კი შეიტანოს ცვლილებები.

გამომდინარე იქიდან, რომ დეპრესიას და შფოთვას ხშირად თან ახლავს უარყოფითი აზრები, დღიური საშუალებას იძლევა გადმოწეროთ ეს აზრები ქაღალდზე, დაამუშაოთ ისინი უფრო დამკვირვებლის პოზიციიდან და შემდეგ სხვაგვარად უპასუხონ მათ.

უარყოფითი აზრის გაჩენისას, იმის ნაცვლად, რომ მივყვეთ მათ დინებას, მათი შემჩნევა, დაკვირვება, სახელის დარქმევა და აღნიშვნა, საშუალებას გვაძლევს ჩავერთოთ ფიქრთა მიმოსვლაში და დავადგინოთ, არის თუ არა კონკრეტული მათგანი ჭეშმარიტი ან მცდარი.

არსებობს კვლევა დღიურის წარმოების არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური სარგებლების შესახებ. კვლევაში მონაწილე პირები დღიურში 20 წუთის განმავლობაში დღეში 3-5 ჯერ წერდნენ თავიანთ გამოცდილებებს, სარგებელი კი შემდეგნაირი აღნიშნეს: ნაკლებად ჰქონდათ სტრესთან დაკავშირებული ვიზიტები ექიმთან, გაუმჯობესებული იმუნური სისტემის ფუნქციონირება, შემცირებული არტერიული წნევა, ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება, გაუმჯობესებული ღვიძლის ფუნქცია.

  • როგორ ვაწარმოოთ დღიური სწორად, რათა მას ჰქონდეს მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. მაგალითად, როგორ დავნერგოთ დღიურის წარმოება, როცა არასდროს არ გაგვიკეთებია მსგავსი რამ ცხოვრებაში, კვირაში რამდენჯერ, როდის არის ყველაზე ეფექტური?

დღიურის წარმოების მკაცრი წესები არ არსებობს, ის ერთგვარი შემოქმედებითი აქტიც კი შეიძლება გახდეს. საკუთარი ფიქრების ჩასაწერად იყენებენ როგორც რვეულს, კომპიუტერს, აპლიკაციებს გაჯეტებში, ასევე პატარა წიგნაკებსა თუ დღიურებს. მათში წერენ, ხატავენ, კოლაჟებს აწყობენ, ბეჭდავენ და ა.შ.

დღიურის წარმოება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გააჩნია, როგორ მნიშვნელობას მოუძებნის ადამიანი ამ ქცევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ დღიურში სურს გამოამწყვდიოს მხოლოდ უარყოფითი ან ის სოციალურად მიუღებელი ფიქრები, რისი „მართვა“, „თავიდან მოშორება“ „გაგდება“ თუ „დავიწყება“ ძალიან უნდა. ზოგი ადამიანი კი აწარმოებს მადლიერების ჟურნალს, სადაც ყოველდღიურად აღნიშნავს 5 პუნქტს, თუ იმ კონკრეტულ დღეს რისია მადლიერი. 2006 წლის სტატიაში ვკითხულობთ, ექსპრესიული წერის მეთოდი, მათ შორის მადლიერების აღნიშვნა, აუმჯობესებს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის განცდას.

სოციალური ფსიქოლოგისა და მკვლევრის, ჯეიმს პენბეიკერის თქმით, ისეთი მოვლენები, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა და განქორწინება დამუხტულია ძლიერი უარყოფითი ემოციებით. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ – ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, სხვებთან ურთიერთობაზე, ჩვენ შეხედულებებზე საკუთარ თავზე, წერა კი გვეხმარება ფოკუსირებაში და მსგავსი სტრესული გამოცდილების ორგანიზებაში.

  • რა კავშირია კოგნიტურ-ქცევითი თერაპიასა (CBT) და დღიურის წერას შორის?

კოგნიტურ-ქცევითი თერაპია თავად სახელწოდებიდან გამომდინარე მიგვითითებს, რომ აქტიურად იყენებს კოგნიტურ თუ ქცევით ტექნიკებს – მაგალითად სწრაფად მოძრავი (ავტომატური) ფიქრების შემჩნევა, დაკვირვება, გადამოწმება, დაკავშირება ემოციებთან და ქცევებთან. შესაბამისად, ხშირად შეხვდებით, რომ კოგნიტურ-ქცევითი თერაპევტი შემოგვთავაზებს ჩავიწეროთ ჩვენი ფიქრები, ჩავიწეროთ როგორც გახსენებით: ძილის წინ განვლილი დღის აღწერა, ასევე აწმყო დროში შეჩერებით და დაკვირვებით: რას ვფიქრობ, ვგრძნობ და ვაკეთებ ახლა, ამ მომენტში.

მსგავსი თერაპიული დამუშავება იწვევს ცვლილებებს ადამიანის ფიქრთა მიმოცვლასა თუ ქცევებში, ეხმარება ადამიანს დაამუშაოს კონკრეტული ემოცია, იგრძნოს და უპოვოს მას ადგილი სხეულში, შემდგომ კი აქციოს გამოცდილებად.

როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდებში დეპრესიის რისკის შემცირებას, 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღიურში წერა შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც კოგნიტურ-ქცევითი თერაპია.

ასევე შეგვიძლია დავუკავშიროთ შფოთვის სიმპტომებსაც, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღიურის დაწერის ქცევამ შეამცირა შფოთვა ქალებში, რომლებსაც აწუხებთ გაფანტული სკლეროზი. ტრავმაზე ფოკუსირებულ კოგნიტურ-ქცევითი თერაპევტი, ტრავმული გამოცდილების დამუშავებისას ხშირად იყენებს ისეთს ფორმებს, რომელიც პიროვნებას აძლევს საშუალებას დააკვირდეს ტრავმულ მოგონებებთან დაკავშირებულ აუტანელ თუ მტკივნეულ ფიქრებსა და ემოციებს. ეს პტსა-სთან მუშაობის საწყისი ეტაპია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრავმული მოვლენის მომდევნო თერაპიულ დამუშავებაში.

თუ ადამიანს სურს გახსნას ის ველი, სადაც დაინტერესდება საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, დადებითი თუ უარყოფითი ფიქრებით, რთული ემოციებით და ქცევებით, თვითრეფლექსიის უნარი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პორტალი, დღიურის წარმოება კი ამ უნარის გავლით საკუთარი თავის შეცნობისა და დახმარების საშუალებაა.

სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ

ხელვაჩაურის მერიამ სოციალური სახლის აშენება სოფელ ერგეში იმ ადგილზე გადაწყვიტა, სადაც 50 ათას ლარად აშენებული სტადიონის დანგრევა გახდა საჭირო. გარდა ამისა, სამომავლოდ მრავალსართულიანი კორპუსი რომ დაიცვან, მდინარე ჯოჭოსწყლის კალაპოტში 143,8 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაცაა აუცილებელი.

სოციალური სახლი მდინარე ჯოჭოსყლისა და ჭოროხის შესართავთან ახლოს, მდინარის ნაპირიდან 17 მეტრში უნდა ააშენონ. მდინარე ჯოჭოსწყლის ნაპირის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა კი, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.

სოფელი ერგე. წითელი ხაზით მონიშნულია ტერიტორია, სადაც რკინა-ბეტონის დამცავი კედელი უნდა მოაწყონ; ლურჯი კვადრატით კი – ის ადგილი, სადაც 11-სართულიანი სოციალური სახლი უნდა ააშენონ.

სააგენტო ვალდებულია დაადგინოს საჭიროა თუ არა დამცავი კედლის მოსაწყობად გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის მომზადება. ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სკრინინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს უკვე მიმართა.

„მდინარე ჯოჭოსწყლის მარცხენა სანაპირო ზონის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გენგეგმის მიხედვით, იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მდინარის სანაპირო ზონის ეკოლოგიურ დატვირთვას. სამშენებლო შენობა მდინარის ნაპირიდან დაშორებული იქნება დაახლოებით 17 მეტრი მანძილით.

შენობის საძირკვლის დასაცავად მომავალში, წყალმოვარდნების პერიოდში მოსალოდნელი მარცხენა ნაპირის ეროზიული პროცესების გაზრდისა და ზემოქმედებით მრავალბინიანი ნაგებობის საძირკვლის გამორეცხვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად წარმოიქმნა საყრდენი კედლის მოწყობის აუცილებლობა“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ გარემოს სააგენტოში გადააგზავნა.

ხელვაჩაურის მერიის სამმართველომ სოფელ ერგეში კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი 2023 წლის დეკემბერში 15 361 359 ლარით გამოაცხადა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“ მონაწილეობდა, რომელთანაც სამმართველომ ხელშეკრულება 15 361 231 ლარზე გააფორმა 2024 წლის 22 თებერვალს.

შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“ თბილისში 2023 წლის მაისშია დაფუძნებული. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,ლ მისი დამფუძნებელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული შპს „ფორუმ ქონთრაქთს“.

მერიის სამმართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას კი ხელს ფილიალის დირექტორის მინდობილი პირი, გიორგი გიორგაძე აწერს.

ერგეში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა 2026 წლის 22 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა აშენდეს დამცავი კედელიც. ხელშეკრულების მიხედვით კი, საერთო თანხიდან უშუალოდ დამცავი კედლის მოსაწყობად 759 134 ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

ერგეში ანგრევენ სტადიონს, რომლის მოწყობაზეც 50 ათასი დაიხარჯა – აქ სოციალური სახლი უნდა ააშენონ

 

მთავარი ფოტო: სოციალური სახლი ერგეში / რენდერი პროექტიდან

როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.  თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე შესყიდვის სტატუსი ჯერ ისევ მიმდინარეა და არა დასრულებული.

როგორც ჩანს, სამმართველომ სამუშაოები და შესაბამისი დასკვნებიც უკვე ჩაიბარა, რაც შესყიდვების გვერდზე შესაბამის ვადაში უნდა იასახოს.

„დაიწყო შენობის დასუფთავება“ – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა. მისი განმარტებით დასუფთავების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად განხორციელდება წიგნების ბიბლიოთეკის საცავებში დაბრუნება. ჯონი საბაშვილი ჯერ ვერ ასახელებს ბიბლიოთეკის გახსნის სავარაუდო თარიღს.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 1 მილიონ 482 761 ლარზე გააფორმეს. სამუშაოები შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფმა“  შეასრულა.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 2022 წელს შენობის ავარიულობის გამო დაკეტეს. წიგნადი ფონდის შესანახად, როგორც მერიაში განმარტეს,  ფართობი ბათუმის სტადიონმა გამოყო.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. გარდა  მისი ისტორიული ღირებულებისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შენობას არქიტექტურული ღირებულებაც აქვს და სტატუსს იმსახურებს.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გვითხრეს ისიც, რომ სტატუსის მინიჭებისთვის ყოფილმა დირექტორმა, გენო მახარაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლამდე მიმართა, თუმცა შენობას სტატუსი არ მიანიჭეს.

წყაროების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 1902  წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა: „ბათუმის ინტელიგენციის, ინტელიგენციასთან თანამდგომი ქალაქის დაბალი ფენებისა და ქალაქის მესვეურების ძალისხმევით.“
ბიბლიოთეკის გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივ. ანდრონიკაშვილი (ქალაქის თავი), გრ. ვოლსკი, ვ. ლორტინი, ე. ტურკინი და კ. ჩხეიძე. ქალაქის მმართველობამ ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოყო 1500 მანეთი. ახლად დაფუძნებული საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმთავრესად შეწირული წიგნებით იზრდებოდა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიოთეკის ფონდი 596 640 ერთეულია, მათ შორის 373 839 წიგნი, 84 ერთეული აუდიოწიგნი, 152 388 – ჟურნალი, 38 069 ერთეული და 3 902 კომპლექტი გაზეთია. საერთო მონაცემში შედის, ასევე, ფოტომასალა, რუკები, პლაკატები, კალენდარი და  სხვა.

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI

აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო.

„საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, კომპანიამ ტენდერებიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით კიდევ 1,757,332 ლარი მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ისიც დაადგინა, რომ „ესია ჯგუფმა“ 1 716 998 ლარის სამუშაოები შეასრულა შუახევის სტადიონის მშენებლობისას, როგორც ქვეკონტრაქტორმა და წინა კვლევის დროს ამ ფაქტს საჯარო უწყებები არ გვიდასტურებდნენ,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი იურიდიული პირის – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწოყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მისი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის არჩეული მერია, კიდევ ერთი ძმა – რაულ ბერიძე კი, 2017 წლიდან დღემდე აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „აკაკი ბერიძე შპს „რბ – ახალი გზის” 33% მფლობელი და დირექტორი იყო, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა და შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია „ანაგში“, ასევე აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს „აჭარის ნარჩენების მართვის” კომპანიაში. 2021 წელს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დაინიშნა.

ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა „ესია ჯგუფი“ 2018 წლის ივნისში დააფუძნა, შპს „ესია ჯგუფი“ და შპს „რბ-ახალი გზა“ ერთსა და იმავე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.

„ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე  წლის ივლისში მიიღო. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერი გახდა, კიდევ ერთი ძმა, რაულ ბერიძე კი 2017 წლიდან დღემდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა – „ესია ჯგუფის“ ქვეკონტრაქტორობა სწორედ ამ სამი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებში დაფიქსირდა.

წინა პერიოდის მსგავსად, „ესია ჯგუფთან“ საქმიანი ურთიერთობა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბათუმის მუნიციპალურმა სამმართველომ გააგრძელეს, ასევე, მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ“, სადაც აკაკი ბერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა.

ჯამში, კომპანიამ შესყიდვიდან 1,757,332 ლარი მიიღო, 3 შემთხვევაში ხელშეკრულება ქედის მერიამ გაუფორმა, თითო-თითო ხელშეკრულებები მიიღო „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან. თანხის 54% [955,808 ლარი] უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდანაა მიღებული,“ – აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ შესაბამის უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს:

„ჯამში გამოდის, რომ ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2024 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის კუთვნილი პროექტებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებიდან 5,344,077 ლარი მიიღო, მათ შორის 3,568,745 ლარი – ქვეკონტრაქტორობიდან, 955,808 ლარი უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად,“ – აღნიშნულია კვლევაში.

Skillwill-სა და USAID-ის პროფესიული განათლების პროგრამას შორის თანამშრომლობა დაიწყო

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული(ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში სქილვილის ტრენინგ ცენტრები გაიხსნა.

ტრენინგ ცენტრები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით, რაც სტუდენტებს სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ სქილვილის სტუდენტებს, ნებისმიერ დროს ექნებათ წვდომა ტექნიკასთან და შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სწავლების პროცესში.

ლანა ჩხარტიშვილი: „Skillwill, როგორც პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი რეგიონში, უნიკალურია სწორედ იმით, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის, განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიის, ინტერესის, და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად. პროგრამების შემუშავებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი რამის სწავლა, რაც მართლა გამოადგებათ კარგი სამსახურისა შოვნასა და მაღალი ანაზღაურების მიღებაში. ტრენინგ ცენტრები ქუთაისსა და ბათუმში, დამატებით კიდევ უფრო მეტად ზრდის ხელმისაწვდომობას რეგიონებში და ეხმიანება ჩვენს მიზნებს.“

გარდა ტექნიკური სწავლებისა, სქილვილისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნეთვორქინგია, რაც საჭირო პროფესიული კავშირების შეძენას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილზე დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, ვორკშოპი, ლექცია, ტრენინგი, მათ შორის გასართობი ღონისძიებები, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, არამედ ფიზიკურ გარემოშიც გაიცნონ ერთმანეთი და შეიძინონ მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები.

ცოტნე იაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა უნარების განვითარებაში და კვალიფიციური კადრების გადამზადებაში. სქილვილთან თანამშრომლობა წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შთამბეჭდავი შუალედური შედეგების მიღება. ICT პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგ ცენტრების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში სწორედ ამას ადასტურებს. “ 

 პროექტის მიზნებია, დარგის ექსპერტების ჩართულობით,  ICT მიმართულებით  10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე გაივლიან აკრედიტაციას. ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე, მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის მუშავდება საბაზისო კურსი, რომელიც პროფორიენტაციის მიზნით, მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოსინჯონ ICT მიმართულების პროფესიები და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება სამომავლო პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდება სამწლიანი ინტეგრირებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულებიც ერთდროულად მიიღებენ როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ისე პროფესიის დიპლომს.  

 პროგრამებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილია ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა.

სქილვილში სწავლა 19 აპრილს იწყება. დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები;

მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება აღემატება 130 000 ლარს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 432 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 6 819 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 13 049 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 10 698 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 721 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 318 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 191 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 1 735 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 135 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 534 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 244 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 456 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 933 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version