მთავარი,სიახლეები

„რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ „კოალიციას ცვლილებებისთვის“

18.08.2024 •
„რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ „კოალიციას ცვლილებებისთვის“

დღეს, 18 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტია“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ შეუერთდნენ. ამ კოალიციაში არიან: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „დროა“.

„რესპუბლიკური პარტია“ დაფუძნების დღიდან – 1978 წელს დაფუძნდა ის – თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მრავალპარტიულად, კოალიციურად, დიალოგზე და კონსენსუსზე დაფუძნებით.

მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა და ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა,“ – აღნიშნა ზუგდიდში მოწყობილ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.

„მიხარია, რომ რესპუბლიკური პარტიის სახელით ვდგავარ აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლის ბრძოლაც ნანახი აქვს მთელ საქართველოს, რომელთა უშიშრობა ნანახი აქვს მთელ საქართველოს, მათ პროფესიონალიზმში არავის ეპარება ეჭვი…

მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში: როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბრის არჩევნებში? პასუხი არის მარტივი: პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება, პროგრესი, რომელიც უნდა, რომ მოიტანოს კოალიცია 4-ს. პროგრესი არის ის, რაც შეცვლის ქვეყანაში იმ პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც წლებია გვაქვს.

იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „ქართული ოცნების“ გარეშე არ იქნება მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბრიფინგზე ოქტაი ქაზუმოვმა ორგანიზაციის „აქტივისტები მომავლისთვის“ სახელით მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„მრავალფეროვნება ნიშნავს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას, მაგრამ ერთ დიდ გამასა და პალიტრაში წარმოდგენილობას ისე, რომ სხვადასხვა ფერით და პალიტრით ხასხასებდეს ჩვენი ქვეყანა საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის, ეამაყებოდეს ის, რასაც ის ფლობს, კერძოდ – მრავალფეროვნება.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენს გუნდში შემოდის, ბანიამინ კასიმოვმა თქვა, რომ ქართული კულტურა ისეთივე მშობლიური კულტურაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, როგორც მათივე ეთნიკური კულტურაო.

ეს გულისხმობს იმას, რომ სამომავლოდ ქართული კულტურის ქმნადობაში უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი რელიგიური და ეთნიკური მიკუთვნებულობისა, უნდა იღვწოდეს საამისოდ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს, როგორც ჯერ არს,“ – აღნიშნა ოქტა ქაზუმოვმა.

ფოტო: ოქტაი ქაზუმოვის ფესიბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: