მთავარი,სიახლეები

„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

04.07.2023 •
„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს.

სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას ერთ-ერთი მოიჯარეც გვიდასტურებს და ამბობს: „მაინც არაა ხალხი, შეზლონგს გავუჩოჩებ და დაწვეს შეზლონგებს შორისაც“.

სანაპიროდან შეზლონგების მწკრივამდე მცირე ადგილი დაუტოვებიათ – დაახლოებით იმდენი, შეზლონგების ერთი მწკრივი კიდევ რომ დაემატოს. აქ ხან არის საკმარისი ადგილი ქვებზე წამოსაწოლად, ხან კი ადამიანებს შეზლონგების გამქირავებლებთან ჩხუბი უწევთ.

„…მე არ მიჩხუბია ჯერ მაგისთვის, მაგრამ ვცდილობ ადრე გამოვიდე. ყველა რომ გამოდის, მაშინ თუ გამოხვალ, არ მოგიწევს ადგილი. არ ვიცი, შესაბამისმა ორგანოებმა განიხილონ,“ – ეღიმება ია ქათამაძეს და დასძენს, რამდენჯერმე რომ შესწრებია ჩხუბს, შეზლონგი აიღეთ, ქვებზე დაწოლა მინდაო.

„შეზლონგებს შორის ხომ თავისთავად ვერ დაწვები? შარშანაც ბევრი იყო შეზლონგები, მაგრამ წელს ზღვასთან ძალიან ახლოს ჩამოუტანიათ ეს შეზლონგები,“ – ამატებს ია.

შეზლონგების გრძელ მწკრივზე მიუთითებს კიდევ ერთი დამსვენებელი – თინა მაჭარაძე. ისიც ქვებზე დაწოლას ამჯობინებს.

„იქნებ ვინმემ ამიხსნას, ამდენი შეზლონგი რისთვისაა საჭირო, როცა მომხმარებელი არ ჰყავთ?“ – კითხულობს დამსვენებელი და ყურადღებას ამახვილებს ამაზე: „პლაჟი და სანაპირო საჯარო სიკეთეა, სახელმწიფო საკუთრება, ის ყველას გვეკუთვნის“.

„უკეთესია ქვებზე წოლა, ეს არ უკავშირდება თანხას,“ – გვიყვება გიორგი ფევაძე. – „ზოგი ამბობს, რომ პლაჟი ბინძურია და ამიტომ ვარჩევთ შეზლონგსო, მაგრამ შეზლონგი არაა უფრო სუფთა. ქვებზე წოლა უფრო ჯანსაღია.“

„1 100 ცალი შეზლონგი მაქვს წელსაც გამოტანილი, ჩვეულებრივი შეზლონგის ფასი 5 ლარია, ბადიანი შეზლონგი 10 ლარი ღირს, დროში მომხმარებელი შეზღუდული არ არის,“ – გვიყვება ჯაბა ბერიძე, რომელსაც იჯარით აუღია პლაჟის ერთი მონაკვეთი. ჯაბა ბერიძე მიგვანიშნებს, რომ გასახდელი და აბაზანაც რომ მოაწყო პლაჟზე და ეს უფასოა ყველასთვის. მოიჯარის მოუწყვია რამდენიმე ჩასასვლელი ბილიკიც სანაპირომდე.

ჯაბა ბერიძეც ადასტურებს, რომ დამსვენებლების ნაწილი აპროტესტებს შეზლონგების რაოდენობას, ასევე მათი განთავსების ფორმას პლაჟზე.

„მოუმართავთ პრეტენზიით კი, მაგრამ ჯამში 5 – 6 კაცი იქნებოდა ასეთი. ახლა ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მინდა ტალღამ დამასველოსო, ახლოს დავჯდეო…

ჩვენ გვაქვს დატოვებული 4 მეტრი სანაპიროდან და მეტი. განსაზღვრულია, რომ უნდა დავტოვოთ მინიმუმ 3 მეტრი და ყოველთვის მეტს ვტოვებთ, რომ ხალხი მართლა დაჯდეს. თავისუფალი სივრცეები ბევრგან მაქვს დატოვებული,“ – ამბობს მოიჯარე.

რამდენად იცავენ მოიჯარეები შეზლონგების პლაჟზე განთავსების წესებს? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ კუთხით პრეტენზიით რომელიმე მოქალაქეს მათთვის არ მიუმართავს, ხოლო მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც ამას აკვირდება, რეგულაციის დარღვევა არ დაუფიქსირებია.

შეზლონგების გამქირავებლების თქმით, შარშანდელთან შედარებით შეზლონგის ფასი არ გაზრდილა. „ქოლგაც 5 ლარია“, – დასძენენ ისინი.

რაც შეეხება სხვა საპლაჟო ინფრასტრუქტურას: პარაშუტით აფრენა წელსაც 150 ლარი ღირს, იახტით გასეირნება – 20 ლარი. ეს ტური ნახევარ საათს გრძელდება.

კატერის დაქირავება 100 – 150 ლარი დაგიჯდებათ. კატერზე 5 ადამიანი თავსდება. აქაც გასეირნების ლიმიტი ნახევარი საათია.

სკუტერით ზღვაში 10 წუთით გასვლა 100 ლარია. ყველაზე იაფი ნიჩბიანი საცურაო დაფის დაქირავებაა – საათი 25 ლარი.

ბათუმის სანაპირო, 4 ივლისი, 2023 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: