ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

24.11.2020 • 3054
აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაზიფიცირების სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. რაც შეეხება პროექტირებას, 2021 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტები მომზადდება აჭარის შემდეგი 13 სოფლისა და დაბისთვის:

  • ხელვაჩაურში – მაჭახლისპირი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი;
  • ქედაში – კოკოტაური, დოლოგანი, ქვედა მახუნცეთი, ცხემნა, ზვარე, ვარჯანისი;
  • შუახევში – დაბა შუახევი;
  • ხულოში –  დაბა ხულო.

2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარება [გაზის მილების გაყვანა] დაგეგმილია აჭარის შემდეგ დასახლებებში:

  • ხელვაჩაურში – მაჭახლისპირი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი;
  • ქედაში – კოკოტაური, დოლოგანი, ქვედა მახუნცეთი, ცხემნა, ზვარე, ვარჯანისი;
  • შუახევში – დაბა შუახევი;
  • ხულოში – დაბა ხულო.

ამავე, 2022 წელს, დაპროექტდება და 2023 წელს გაზის მილებს გაიყვანენ სოფლებში:

  • ქობულეთში – ჭახათი;
  • ხელვაჩაურში – მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი;
  • ქედაში – ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო, დანდალო;
  • შუახევში – ოქროპილაური;
  • ხულოში – ქვემო ვაშლოვანი.

2023 წელს უნდა დაპროექტდეს და 2024 წელს გაზმომარაგების ქსელი უნდა მოეწყოს სოფლებში: 

  • ხელვაჩაურში – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი;
  • ქედაში – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები;
  • შუახევში – ზედაყანა, ზამლეთი;
  • ხულოში – თხილაძირი.

„დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში შეხვედრებისას ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს. გაზიფიცირების ამ გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირება, ფაქტობრივად, სრულად დასრულდება და საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება, ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 29 ოქტომბერს.

სახელმწიფოს გეგმა, რომელიც 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში სოფლების გაზიფიცირებას ითვალისწინებს, ზემოთ დასახელებული სოფლების გარდა აჭარის სხვა სოფლებს არ მოიცავს. აჭარაში კი 200-ზე მეტი მარტო მაღალმთიანი სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი დღეს არც ერთ აბონენტს არ მიეწოდება [აქ არ არის შეყვანილი გაზის მილები].

საქართველოს სოფლების გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა კი, ძირითადად აჭარის სოფლებში წინასაპროექტო კვლევებსა და საპროექტო სამუშაოებს ითვალისწინებდა.

ამ გეგმისთვის, რომელიც 2021 წელს დასრულდება ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 239 მილიონი ლარი დაიხარჯება [აქედან 70 მილიონი მომავალ წელს], გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმისთვის კი – 104 მილიონამდე ლარი. გეგმას მთავრობის დავალებით სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

უშუალოდ სოფლების გაზიფიცირებისთვის თანხა აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. ამ კუთხით აჭარის მთავრობას არც შესაბამისი რაიმე გეგმა აქვს.

თუმცა 2021-2022 წლებში 11 მილიონ 5 ათასი ლარია გათვლილი ცენტრალური გაზსადენისთვის, რომელიც დაბა ხულოდან კურორტ გოდერძამდე უნდა აშენდეს. ეს მონაკვეთი ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის ნაწილია, რომლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. ცენტრალურ გაზსადენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ აშენებს.

„უღელტეხილიდან კურორტ გოდერძამდე გაზი ჩვენ მივიყვანეთ [გოდერძის უღელტეხილზე კი მილი სხვა კომპანიამ მოიყვანა ადიგენის მხრიდან], ასევე მილსადენი აშენებულია შუახევის სოფელ ხიჭაურიდან დაბა ხულომდე. რაც შეეხება ხულოდან კურორტ გოდერძიმდე მილსადენის მშენებლობას, დამოკიდებული ვართ ძირითადად ხულო-გოდერძის გზის მშენებლობაზე. გზის სამუშაოები დაწყებულია, არის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც და როგორც კი საპროექტო გზაზე ჩამოჭრები გაკეთდება, დავიწყებთ მილის გაყვანასაც. მილი აუცილებლად ტრასის გასწვრივ უნდა გავიდეს. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, 2021 წელს დავასრულებთ, თუ არადა, არის შეთანხმება და გაზსადენის ამ მონაკვეთის მშენებლობას 2022 წელში დავასრულებთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ის დირექტორმა გოჩა გოგიტიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: