ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ერთწლიანი ვადით, პირდაპირი წესით, გაასხვისებს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუქციონებს წელს არ გამოაცხადებენ.
მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას, 31 მაისს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილების მიზეზი გასულ წელს განვითარებული შტორმული მოვლენებია. მერიის განმარტებით, 2024 წლის 27 მაისს ბულვარის ადმინისტრაციამ წერილით მიმართა მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს და მოიჯარეების მოთხოვნის შესახებ აცნობა:
„ბათუმის ბულვარში“ შესულია ბულვარის სანაპირო ზოლზე არსებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ სარგებლობაში არსებული ქონების, 2024 წლის სეზონზე პირდაპირი განკარგვის წესით [აუქციონის გარეშე] სარგებლობაში გადაცემა.
მერიის განმარტებით, პლაჟების მოსარგებლეები ქონების პირდაპირი წესით გადაცემას, გასულ წელს შტორმებით მიყენებული ზარალის გამო ითხოვენ.
„გასული სეზონის განმავლობაში ზღვაზე რამდენჯერმე განვითარებული ძლიერი შტორმის დროს ზღვიდან გადმოვიდა წყლის დიდი მასა, როგორც პლაჟის ნაწილზე, ისე პრომენადსა და შიდა სასეირნო ხეივანში, რის გამოც დაზიანდა მოიჯარეების მიერ მოწყობილი საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი“, – იმავე წერილში ბულვარის ადმინისტრაცია მერიას წერს, რომ თანხმობის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.
მერიამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად მიიჩნია:
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ დასმული საკითხი, ხელი
შეეწყოს მოიჯარეებს, რათა მათ შეძლონ შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება. სსიპ „ბათუმის ბულვარს“ მისცეს თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარის“-ს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების [პლაჟის მოკვეთები] 2023 წელს იჯარით მოსარგებლე პირებზე სსიპ
„ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ვადით სარგებლობაში გადაცემაზე.“
განმარტებით ბარათში ნათქვამია ასევე, რომ მერიამ პროექტზე დანართის სახით საკრებულოს წარუდგინა მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება და 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების სია. თუმცა ასეთი დანართები საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან დანართები მერიას განკარგულების პროექტთან ერთად საკრებულოში არ გადაუგზავნია. ჩვენ კი გვითხრეს, რომ თუ ამ დოკუმენტების გაცნობა გვინდა, უნდა გამოვითხოვოთ.
ასეთია გამჭვირვალობა მერიის ლოგიკით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოიჯარეებს ქონება ზაფხულის სეზონზე 2024 წლის 20 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე, 4 თვის ვადით გადაეცემათ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პლაჟის მონაკვეთების ერთი კვ.მეტრის ოთხი თვის საიჯარო ქირა განისაზღვრეს 11.70 ლარის ოდენობით, წლიური საიჯარო ქირა – 35 ლარია.
ბულვარი, იმავე მიზეზით, პირდაპირი წესით გაასხვისებს ასევე გონიო-კვარიათისა და მახინჯაურის პლაჟებს.