მთავარი,სიახლეები

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან

19.08.2024 •
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან

„მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. თუ „ოცნება“ დარჩება ისევ ხელისუფლებაში, კარგი არაფერი ელოდება ამ ქვეყანას. ამიტომაც ვართ ემიგრანტები მონდომებული, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით, მანდ მყოფი ადამიანების და ჩვენი მონდომებით, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ ძალას და ქვეყანას დავუტოვოთ ევროპული მომავალი“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

ხათუნა ექიმი-ნევროლოგია და თითქმის 20 წელია აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მისი ორი გოგონა – 14 წლის ელენე და 10 წლის სოფო, ამერიკაში დაიბადნენ. დედა ასწავლის, რომ მათი სამშობლო საქართველოა.

გოგონები ახლაც სწავლობენ ქართულ ენას, შეუძლიათ საუბარი, კითხვა და აქტიურად არიან ჩართული ისეთ აქტივობაში, რაც მათ საქართველოსთან დააახლოებს.

როგორია ემიგრანტების განწყობა და აპირებენ თუ არა ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას? – ვკითხეთ ხათუნას.

მისი თქმით, ეს არჩევნები მართლაც გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, ამიტომ ბევრი ემიგრანტი ცდილობს მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.

„არის ემიგრანტების მიერ შექმნილი ჯგუფები და აქტიურად არიან ამ პროცესებში ჩართული, ცდილობენ დაორგანიზებას, რომ დამატებითი უბნები გაიხსნას აშშ-ში და ამ მხრივ მონდომება არ გვაკლია ემიგრანტებს. თუმცა, რომც არ გახსნან ახალი უბნები, ერთი-ორი საათის სავალზე ბევრი აპირებს წასვლას და ხმის მიცემას.

ძალიან მონდომებული ვართ, რომ ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ და ქვეყანამ დაიბრუნოს ის ვექტორი, რაც გვქონდა და გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა, რომ დავიმსახუროთ ევროპული ოჯახის წევრობა“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

ხათუნა გურგენაშვილი შვილებთან ერთად/ ფოტო გადაღებულია თბილისში, მთაწმინდის პარკში.

მისი თქმით, რუსული კანონი და არსებული ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის.

„კატასტროფაა ეს კანონიც და თუ არ შეიცვალა რაიმე, რუსეთის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. გული მტკივა ამ ყველაფერზე, ძალიან არ მომწონს, რაც ხდება და ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის ვალდებულებაა, მივიდე არჩევნებზე და ავირჩიო ის მომავალი, რომელიც მინდა ჩემი შვილებისთვის. ისეთი საქართველო მინდა, სადაც ჩემს შვილებს მოუნდებათ დაბრუნება. ამიტომ რაც ჩემს ძალებშია, იმას აუცილებლად გავაკეთებ.

საქართველოს მთავრობა ფაქტობრივად ჩვენი სურვილების საბოტაჟს აწყობს, ამიტომ თუ ქართველი ხალხი არის შეთანხმებული ევროპულ მომავალზე, არ უნდა დავუშვათ ის, რასაც გვთავაზობენ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.

მთავარია, თვითონ ქართველები შევთანხმდეთ, ჩვენ რა გვინდა, როგორი ცხოვრება გვინდა.

მთავარია, ჩვენ რა არჩევანს გავაკეთებთ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის ნაწილი და გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა, გვინდა ადამიანის თავისუფლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სასამართლო, როცა ადამიანს თავისი შრომით შეუძლია კარგი ცხოვრების მოწყობა და თავისი დამსახურებით რაიმეს მიღწევა, თუ ამაში ერთიანebი ვართ, რაც არ უნდა რისკი არსებობდეს, მაინც ყველაფერი გამოგვივა“, -ამბობს ხათუნა.

მისი აზრით, ეს მხოლოდ ემიგრანტებზე არ არის დამოკიდებული, მთავარია საზოგადოება გაერთიანდეს.

„ამას სჭირდება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის მონდომება და სწორი არჩევანის დაფიქსირება“, – ამბობს ის.

ხათუნა ანტიდასავლურ კამპანიასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ესეც რუსული პროპაგანდის ნაწილია, „თუმცა თუ ადამიანს ნამდვილად სურს სიმართლის გაგება, აუცილებლად გაიგებს“.

„დასავლეთის დემონიზაციის მცდელობაც არის რუსული პროპაგანდის ნაწილი: ასე ატყუებენ იქაც ადამიანებს, რომ დასავლეთიდან გარყვნილება მოდის, მაგრამ ბევრი ადამიანი კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.

მე ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ვისთანაც მიმიწვდება ხელი ყველას ვეუბნები, რომ ეს ასე არ არის, რომ ამერიკა ძალიან სწორ ღირებულებებზე დგას, რომ ოჯახური ღირებულებები – პატივისცემა, ერთგულება, არის უმთავრესი. თუნდაც რელიგიის პატივისცემა. ამერიკელების დიდი ნაწილი ყოველ კვირას ეკლესიაში დადის და ისეთი განცხადებები, რასაც ჩვენ რუსული პროპაგანდისგან ვისმენთ, ნამდვილად არასწორია.

ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ სწავლობენ, აქ იზრდებიან და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, რომ მათ არავინ არაფერს აძალებს და აქ ბავშვებს ძალიან უფრთხილდებიან. ყოველთვის ხაზგასმულია ადამიანზე ხელის გაწოდება, დახმარება და ამას ასწავლიან ამ ქვეყანაში.

ამიტომ, ჩვენს ღირებულებებს ნამდვილად არ უპირისპირდება დასავლური ღირებულებები.

შეიძლება ვიღაცას ნაკლებად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, მაგრამ მაინც ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული, თვითონ თუ მოისურვებს გაიგოს სიმართლე, ძალიან მარტივად ხდება ამ ინფორმაციის მოძიება სოცმედიაშიც, ონლაინმედიაშიც და ტელევიზიაშიც.

ერთი ადამიანი მაინც ყველა ოჯახს ჰყავს ემიგრაციაში და შეუძლიათ მათ ესაუბრონ. თვითონ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ არ აჰყვნენ პროპაგანდას. ამასთან დაპირისპირება უნდა მოხდეს სიმართლით, თვითონ ადამიანის ინტერესით და მოტივაციით, რომ გაერკვეს სიმართლეში“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ემიგრაციაში წასვლის სურვილი.

„სულ ვცდილობ მქონდეს კომუნიკაცია ნათესავებთან, კოლეგებთან, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ ხოლმე. მე ქართულად ვესაუბრები შვილებს, ოჯახში გვყავს ბებია-ბაბუაც, ამიტომ ქართულად ესაუბრებიან და მკაფიოდ იციან ჩემი განწყობა. ნათქვამი მაქვს, რომ ქართული უნდა იცოდნენ ძალიან კარგად, რადგან ქართულის ცოდნა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი.

საბედნიეროდ, ჩემი შვილები თავს თვლიან ქართველებად და ეს ძალიან მიხარია“, – გვეუბნება ხათუნა.

ხათუნას შვილები – სოფოს და ელენეს პატარაობიდან ჰყავთ ქართულის მასწავლებლები და სწავლობენ ენას, ქართულ ცეკვას. კითხულობენ ქართულ წიგნებს და ხშირად უსმენენ ქართულ მუსიკასაც.

„ალბათ უკეთესად უნდა ვიცოდე ქართული, მაგრამ ცოტ-ცოტა ვიცი საქართველოს ისტორია, ისტორიული პერსონაჟები და კარგი ქვეყანაა. მეგობრებიც მყავს იქეთ და ყოველ წელს მივდივართ.

ვცდილობთ წავიკითხოთ პოეზია, მწერლების ბიოგრაფიები. აქაური მეგობრებიც მეკითხებიან რა ქვეყანაა? მეც ვეუბნები, რომ ევროპაშია და ლამაზი ქვეყანაა. მოსწონთ ენაც. ერთხელ ჩამოვუთვალე ქართული ანბანი და როცა ისმენდნენ, ეგონათ რაღაც ჯადოსნურ სიტყვებს ვამბობდი“, – გვეუბნება ელენე.

რუსთველის, გოგებაშვილის, ვაჟას და ილიას გაცნობასაც ნელ-ნელა იწყებენ.

„ვიცი დროშა, გერბი და ჰიმნი. ფეხბურთელები ვიცი – მიქაუტაძე, კვარაცხელია და ვუყვები მათზე ჩემს კლასელებს“, – გვეუბნება სოფო და იხსენებს ქართულ სამზარეულოსაც – „მიყვარს ხაჭაპური“.

„მინდა ისეთი საქართველო შევქმნათ, რომ ჩვენ შვილებს მანდ ეცხოვრებოდეთ. ბევრი ემიგრანტი ფიქრობს ჩემსავით. მე ვხედავ ჩემი შვილების მომავალს საქართველოში“, – გვეუბნება ხათუნა გურგენაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: