მთავარი,სიახლეები

მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ

17.08.2024 •
მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ.

იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს თავისი თანაგუნდელები ამ კონტექსტში აქამდე არ უხსენებია, ჯერჯერობით მაინც.

მაგალითად, ირაკლი კობახიძე ამერიკული USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საქართველოს გერმანული ფონდს ხელმძღვანელობდა.

არც ირაკლი კობახიძეს და არც შალვა პაპუაშვილს დღემდე არ აუხსნიათ საზოგადოებისთვის, რა ტიპის დავალებებს იღებდნენ უცხოური ორგანიზაციებისგან და იყო თუ არა ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ასრულებდნენ ამ დავალებებს თუ უარს ამბობდნენ? თუ უარს ამბობდნენ, წლების განმავლობაში როგორ ინარჩუნებდნენ ამ თანამდებობებს?

„ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობდნენ უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის დეპუტატებიც, რომლებმაც რუსული კანონი მიიღეს.

მონაცემები მოხელეების შესახებ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ დაამუშავა:

    • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
    • ირაკლი კობახიძე

    • 17 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციაში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
    • შალვა პაპუაშვილი

    • სხვადასხვა წლებში გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
    • გივი მიქანაძე

    • სხვადასხვა წლებში მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის „ორჰუსის ცენტრი“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
    • მაია ბითაძე

    • ბექა დავითულიანი იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომის“ იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი. შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს – „ცხელი შოკოლადი“.
    • ბექა დავითულიანი

    • სხვადასხვა დროს ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
    • ირაკლი ბერაია

    • ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
    • სხვადასხვა წლებში სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
    • სოზარ სუბარი

    • ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2011-12 წლებში.

არჩილ თალაკვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: