მთავარი,სიახლეები

ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

07.02.2023 • 1331
ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

ორი სხვადასხვა საჯარო უწყებიდან „ბათუმელებმა“ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო ქობულეთის 9 სოფელზე, სადაც 2021 წელს, წინასაარჩევნო გაზის სისტემა მოაწყვეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ არის. განმარტების ნაცვლად, რეალურად რა აფერხებს პროცესს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.

თუმცა გაზი არაა ერთადერთი კომუნალური სისტემა და არც ქობულეთის სოფლები, როცა ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე შესაბამის სისტემას აწყობს, მაგრამ მის ამუშავებაზე ფაქტობრივად უარს ამბობს. „ბათუმელები“ რამდენიმე ისეთი დასახლების შესახებ მოგიყვებათ, სადაც წყლის სისტემაც მოაწყვეს წინასაარჩევნოდ, მაგრამ წყალი არ არის.

„შემდეგ არჩევნებს უცდიან ალბათ“ – ეს, მაგალითად, ქობულეთელების შეფასებაა გაზსადენის სისტემაზე, რომელიც არჩევნებამდე მოეწყო, მაგრამ ვერ ამუშავდა. ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2021 წლის 2 ოქტომბერს.

რა ირკვევა ორი საჯარო უწყების ოფიციალური წერილებიდან ქობულეთის სოფლების გაზსადენზე?

იმისთვის, რომ გაზი კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ჩაირთოს, კანონმდებლობით შემდეგი მოდელი უნდა ამუშავდეს: გაზის ტრანსპორტირების კომპანია [სახელმწიფო კომპანია] აწყობს გაზსადენის სისტემას, ხოლო შემდეგ ამ სისტემას გადასცემს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ეს სააგენტო სახელმწიფო ქონებად არეგისტრირებს გაზსადენს და ისე გადასცემს კონკრეტულ ოპერატორს, ამ შემთხვევაში კი, „სოკარ გაზს“.

ალამბრის, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, ლეღვას, ზედა კონდიდის, კოხის, ოხტომისა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობაში ხულოს ქუჩის მოსახლეობა გეტყვით, რომ მათ ჭიშკრებამდე გაზის მილები 2021 წელს გაატარეს. გაზსადენის სისტემის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „კავკასიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოები წარმატებით დაასრულეს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

დღემდე რომელიმე უწყება არ ამბობს, რომ სისტემას ხარვეზი აქვს.

2023 წლის 17 იანვარს, როცა „ბათუმელები“ ამ სოფლებში გაზიფიცირების პრობლემის შესახებ წერდა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ „გაზის ტრანსპორტირების არის მილები, ჩვენ არ გადმოგვცემია ჯერ, ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა“. მაშინ გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია: რატომ არ გადასცა გაზსადენის სისტემა ქონების სააგენტოს, როცა სამუშაოები უკვე დასრულებულია?

31 იანვარს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოგვწერეს, რომ ზემოთ დასახელებულ სოფლებში გაზსადენი მილები საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის განკარგულების საფუძველზე მოაწყვეს, ხოლო 2021 წელს ორჯერ გაუგზავნეს თანხმობის წერილი ქონების სააგენტოს გაზსადენი სისტემის გადაცემაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსენებული სააგენტოს მხრიდან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიაზე გაზსადენების გადაცემის პროცედურები, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული სოფლების მომარაგება ბუნებრივი გაზით,“ – მოგვწერეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან.

ამ წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ ისევ დავუკავშირდით ქონების მართვის სააგენტოს და განმარტება ვთხოვეთ: რატომ მალავს სააგენტო გაზსადენის ლიცენზიის მქონე კომპანიისთვის გადაცემის პროცესს?

„…გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ სოფლებში არსებული ხაზოვანი ნაგებობები წარმოადგენს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“
საკუთრებას, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მათი განკარგვის საკითხი,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან.

ქონების მართვის სააგენტოდან პასუხის მიღების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამჯერად ეს გვითხრეს: „სააგენტოსთვის წერილი მიწერილი გვაქვს გაზსადენების წაღებაზე“, – აღნიშნულია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ჩათში. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგივე კომპანია ამას გვწერდა: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსენებული სააგენტოს მხრიდან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიაზე გაზსადენების გადაცემის პროცედურები…“

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ასევე ვითხოვეთ ეჩვენებინათ 2021 წელს მომზადებული ორი წერილი, რომლითაც ეროვნული ქონების სააგენტოს სთხოვეს გაზსადენის სისტემის გადაცემა, თუმცა ეს წერილები აღარ გვაჩვენეს.

წინასაარჩევნოდ გაგვიკეთეს წყალი, მრიცხველებიც დაგვიყენეს, მაგრამ წყალი არ ჩაგვირთეს

ეს ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე გვითხრეს. ფოტოც ამ ქუჩაზეა გადაღებული – ხანდაზმული ქალი ჭიდან ეზიდება სასმელ წყალს.

ეს საცხოვრებელი კორპუსები ავარიულია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ბათუმის მერიას ჯერ არსად გადაჰყავს. აქ მიყვანილი წყლის ახალი მილებიც ცარიელია. 

წელიწადზე მეტი დრო გავიდა, რაც წყლის ახალი სისტემის მოწყობა ამ დასახლებაში დასრულდა, თუმცა მოსახლეობას არავინ პასუხობს, რატომ არ რთავენ წყალს. 

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის. მოსახლეობის თქმით კი, ამ ქუჩაზე არჩევნების შემდეგ არავინ გამოჩენილა, ვინც წყლის საკითხით დაინტერესდებოდა.

„მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წელს დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის ჩაირთვება წყალი ამ დასახლებაში, ან რამ შეუშალა ხელი წყლის ჩართვას ამ დრომდე, როცა სამუშაოები 2021 წელს დაიწყო?

ანალოგიური პრობლემაა გონიოში, წმინდა მატათა მოციქულის ქუჩაზე. აქაც წყლის სისტემა 2021 წელს მოეწყო, თუმცა წყალი ამ სისტემაშიც ჯერ არ გაუშვიათ.

როგორ ჩართეს წყალი ბათუმის ერთ დასახლებაში, სადაც 2020 წლიდან წყალს არ რთავდნენ?

დაახლოებით ერთი თვის წინ გაუშვეს წყალი სისტემაში, რომელიც ბათუმში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ჯერ კიდევ 2020 წელს, წინასაარჩევნოდ მოაწყვეს.

ეს ქუჩა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოსაა, თუმცა ბათუმს ეკუთვნის. ქუჩა უგზოდ და უწყლოდ – აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის 8 იანვარს წერდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ჩართეს ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე წყალი.

მანანამდე კი, იყო ფეისბუქრეაქცია, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის ნაძვის ხესთან „ღამის შოუს ბენდი“ წინასაახალწლოდ კონცერტს გამართავდა და ამისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯებოდა. „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებია“ – დაწერა მაშინ ფეისბუქკომენტარში ლუიზა ვარშანიძემ, რომელიც ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, ქუჩაზე, სადაც 2020 წელს მოაწყვეს წყლის სისტემა და წყალს ცენტრალურ ქსელს არ აერთებდნენ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: