განათლება,მთავარი,სიახლეები

ხელფასი გასამმაგდეს – რა პრობლემებს ხედავს სკოლაში „ოცნების“ მხარდამჭერი პედაგოგი 

01.11.2023 • 14225
ხელფასი გასამმაგდეს – რა პრობლემებს ხედავს სკოლაში „ოცნების“ მხარდამჭერი პედაგოგი 

65 წლის ნაზიბროლა მიქელაძე დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელია. ის განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე“ დააჯილდოვა. ნაზიბროლა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პარტიის წევრია.

ნაზიბროლა მიქელაძე ხულოში, სხალთის საჯარო სკოლაში ასწავლის.

  • ქალბატონო ნაზიბროლა, ვინ წარგადგინათ სამინისტროს მიერ დაწესებულ პრიზზე და სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგალითად, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თუ ყოფილხართ როდისმე წარდგენილი?

ამ ჯილდოზე წარმადგინა სკოლის დირექციამ და ხულოს რესურსცენტრმა.

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თვითონ ვიკავებდი თავს, რადგან არ მქონდა მზაობა. ვერ ვბედავდი, სხვა საკითხებით ვიყავი დაინტერესებული. ფასილიტატორი ვარ და როგორც სკოლის ხარისხის ჯგუფის წევრი, კოლეგებს ვეხმარებოდი სერტიფიცირებასა და პროფესიულ კარიერულ წინსვლაში.

  • მზად ყოფილხართ, რადგან რესურსცენტრს დათანხმდით.

ახლა მივაღწიე იმ მიზანს, რაც მქონდა და როგორც კი გამოჩნდა შანსი, რომ მებრძოლა ეროვნული ჯილდოსთვის, დავთანხმდი.

  • სამინისტრომ 600 ათასი ლარი დახარჯა ამ ღონისძიებაზე და მომავალ წელს აპირებს მილიონის დახარჯვას. ზოგიერთი თქვენი კოლეგა ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ეს თანხა სასკოლო რესურსებზე დახარჯულიყო, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რთული შეკითხვაა. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ეს თანხა რესურსებს მოხმარებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა, ბატონმა მინისტრმა… ჩვენი ღირსეული პრემიერ-მინისტრისა და შეუდარებელი განათლების მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით გაკეთდა ეს დღე.

არის გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი სკოლებისთვის და ალბათ ეს პრობლემაც გადაიჭრება, 160 მილიონია ხელფასებისთვის გამოყოფილი.

  • ჯერ არ არის ბიუჯეტში ეს თანხა. მსგავსი დაპირება წინა მინისტრებსაც ხომ ჰქონდათ? 

რასაც ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, უდავოდ იქნება.

ჩემი ოცნება იყო მასწავლებლის ავტორიტეტისა და როლის დაფასება და ეს ამ ღონისძიებაზე გამოვლინდა. უამრავი კოლეგა მირეკავს და მეკითხება, რა გავაკეთოთ, რომ ეს ღირსეული ჯილდო მივიღოთო.

  • „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არ არის ღირსეული? იქ თუ აქტიურობდნენ ასე თქვენი კოლეგები? საპრიზო თანხაც უფრო მაღალია, როგორც ვიცი.

როგორ არ არის, ორივე კარგია.

  • ხელფასების ზრდაზე იყო საუბარი, როგორ ფიქრობთ, საბაზო ხელფასები უნდა გაიზარდოს, თუ დანამატი?

ჩემი აზრით, საბაზო ხელფასი უნდა გასამმაგდეს. დაბალია ძალიან. გარდა ამისა, ძალიან დიდია საშემოსავლო გადასახადები და ესეც უნდა გადაიხედოს.

მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს ღირსეული და საჯარო მოხელის ხელფასებს არ უნდა ჩამორჩებოდეს.

  • მასწავლებლის ხელფასი დაბალია, სკოლებში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა, მინახავს სოფლები, სადაც ფიცრულ შენობებში სწავლობენ ბავშვები და არათანაბარია რესურსებზე წვდომა. ამ ფონზე თქვენ განათლების მინისტრს უწოდებთ „შეუდარებელს“. ასე რა დამსახურებისთვის აფასებთ?

ყველა მის გამოსვლაში ლაპარაკია სკოლების მშენებლობაზე, ლაპარაკია სკოლების კეთილმოწყობაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაზე, მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე…

  • ასე საუბრობდნენ წინა მინისტრებიც. ისინიც „შეუდარებლები“ იყვნენ?

მე, სხვათა შორის, დანარჩენ მინისტრებსაც ვაფასებდი. ვინც სწორ ნაბიჯს გადადგამს, ყველა მომწონს და ყველას ვაფასებ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ნაბიჯები იდგმება.

ჩემს ხეობაშიც შენდება სპორტული კომპლექსი, ჩვენი სკოლა გარემონტდა და ამიტომ მათ ღვაწლს ვაფასებ.

  • თქვენი გაკვეთილები როგორია, რა გაქვთ საკლასო ოთახში და რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

თანამედროვე გაკვეთილი, თანამედროვე მეთოდებით და სტრატეგიებით გაჯერებული გაკვეთილია. ვიყენებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, რაც მეხმარება შედეგებზე გასვლაში.

ბავშვებს უყვართ ხალისიანი გაკვეთილები, აქტივობებით დატვირთული, განსაკუთრებით მოსწონთ პროექტ-გაკვეთილები. მაქვს კლუბი „ჩვენი საუნჯე“ და ჩართული მყავს მოსწავლეები. იკვლევენ ისტორიული ხიხანის ხეობაში გაბნეული ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს.

ამით ბავშვები სწავლობენ ხალხური მთქმელების ლექსებს, მოთხრობებს, ლეგენდებს. ხშირად დამყავს შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში და იძიებენ ამ ეროვნული გმირის შესახებ მასალებს.

კონკურსიც ჩავატარე, ვინ უკეთ კითხულობს, რომელიც ბავშვებს ეხმარება წაკითხვის ტექნიკის გაუმჯობესებასა და წაკითხულის გააზრებაში.

მე ფოლკლორული ანსამბლის სოლისტიც ვარ და ჩემი მოსწავლეებიც ჩართული მყავს ძველი სიმღერების მოძიებაში.

  • წაკითხულის გააზრების პრობლემა ისევ დგას სკოლებში?

სამწუხაროდ, ტექსტის გააზრების პრობლემა ისევ აქილევსის ქუსლია. ამ კლუბის მიზანიც ესაა, რომ დავეხმარო მოსწავლეებს გამართული კითხვის ტექნიკის დაუფლებაში.

მოსწავლე დაშორდა წიგნს – ტელეფონი, ინტერნეტი, თამაში უფრო აინტერესებთ, ვიდრე კითხვა.

  • თუმცა თამაშიც შეიძლება გამოიყენოთ, როგორც რესურსი, არა?

რა თქმა უნდა, მაგრამ კითხვის ტექნიკა მაინც სულ სხვაა. გამართული კითხვა და წერა ყველა საგნის საფუძვლიან შესწავლას უწყობს ხელს.

თუ ქართულში ვერ გაიაზრა წაკითხული მოთხრობა, ზღაპარი, ლექსი, ფიზიკასა და მათემატიკაში წაკითხულსაც ვერ გაიაზრებს.

  • კომპლექსურ დავალებებზე რას ფიქრობთ. თუ აკეთებენ ბავშვები და როგორ ართმევენ თავს?

მეორე წელია ამაზე ვმუშაობთ. ეს შემოქმედებითი საქმიანობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე რაღაცას ქმნის.

კომპლექსური დავალებით მოსწავლე ქმნის თხზულებას, იაზრებს პერსონაჟის თვალით დანახულ საკითხებს და მე ეს ძალიან მომწონს.

  • პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ რთულია ამ დავალებების შესრულება და ხშირად მშობლები აკეთებენ ბავშვების ნაცვლად. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, დაეხმარეთ-მეთქი. თუ დასახმარებელია, მე თვითონ ვეხმარები.

ვაკორექტირებ შესრულებულ დავალებებს და შემდეგ მიდის ახალ იდეებზე მსჯელობა. ჩვენ ჩვენივე რესურსებით, ჩვენივე ძალებით ვჭრით ამ პრობლემას.

  • რესურსებზე გკითხეთ, რა გაკლიათ სკოლაში?

მაინცა და მაინც არ ვართ განებივრებული რესურსებით. ჩემს საგანში მე თვითონ ვამზადებ, მაგალითად, პერსონაჟის რუკას ვხაზავ, ვაფორმებ, ასევე ვაკეთებ გმირთა რუკას.

გვაქვს კომპიუტერები, პროექტორიც, მაგრამ არ გვაქვს ინტერნეტი კლასში. ზოგჯერ ჩემს ინტერნეტს ვიყენებ და კარგი იქნება, თუ ეს გაუმჯობესდება, რადგან თანამედროვე სწავლებას აუცილებლად სჭირდება. როცა შევხვდები მთავრობის ხელმძღვანელს, იქაც დავაყენებ ამ საკითხს. არის დაპირებები, რომ იქნება და ვნახოთ.

  • მოდით, ახლა სხვა თემებზეც გადავიდეთ. რას ფიქრობთ, მაგალითად, ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსს ველოდებით და თქვენ თუ ესაუბრებით ბავშვებს ამ თემაზე?

ევროპა ჩვენი მომავალია. ერთი შვილიშვილი ევროპაში მყავს, ჰოლანდიაში სწავლობს და მისი თვალით დანახულ ევროპაზე ვლაპარაკობ. მე მაქვს რწმენა და იმედი, რომ ამ სტატუსს მივიღებთ წელს.

  • იცით ალბათ, როგორ გვიშლის რუსეთი ამ ყველაფერში ხელს და ცდილობს დაგვაშოროს ევროპას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე. მაგალითად, იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაში თუ ხედავთ საფრთხეებს?

ურთულესი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ და არც რუსების შემოდინება მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ. ცოტა რომ შეიზღუდებოდეს, კარგი იქნება… არც ის მომწონს, ამდენ ბინას რომ ყიდულობენ, მაგრამ ჩვენ იმდენად გონიერი მთავრობა გვყავს, არა მგონია, ეს საფრთხის შემცველი იყოს.

  • რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება არ იქნებოდა უფრო გონივრული? 

ვფიქრობ, როცა ომი შეწყდება, ყველა დაუბრუნდება თავის სამშობლოს. მე უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს.

  • თუ მიწაც იყიდება და სხვა უძრავი ქონებაც, მაშინ სად ჩანს მთავრობის გონიერება? 

ამას ვგრძნობთ და ვხედავთ. შეინარჩუნა მშვიდობიანი კურსი. დღეს არ გვაქვს ომი და ჩვენ, პედაგოგები, მშვიდობიანი ცის ქვეშ ვშრომობთ.

  • მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება საკუთარი ეზოებიდან, მშვიდობაა?

ეს უკვე წმინდა პოლიტიკური საკითხია.

  • თქვენ ხომ ამბობთ, რომ ინტეგრირებულ გაკვეთილებს ატარებთ. ოკუპაციას, რუსეთის თემას არ ეხებით, არ გისაუბრიათ თუნდაც აგვისტოს ომზე?

სკოლა დეპოლიტიზებულია. ოკუპაციის თემას რაც შეეხება, მასე რუსეთიც ოკუპანტია და თურქეთიც.

  • თქვენ რუსეთსა და თურქეთს შორის ტოლობის ნიშანს სვამთ?

ეს ისეთი გლობალური საკითხია, რომ… არის მთავრობის მცდელობა, რომ გამოინახოს რაღაც საშუალება. მე მაინც მგონია, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველა წავა თავის სამშობლოში.

  • თქვენ ამბობთ, რომ სკოლა დეპოლიტიზებულია, მაგრამ აქტიურად აზიარებთ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ფოტოებს და ვიდეოებს, გაქვთ მათი მხარდამჭერი მოწოდებები. ხშირად აზიარებთ პრორუსული პარტიის – „ხალხის ძალის“ წევრის, ზაალ მიქელაძის ფოტოებსაც. ალბათ იცით, რომ ეს პარტია იყო რუსული კანონის ინიციატორი.

ზაალ მიქელაძე ჩემი ბიძაშვილია და უარყოფითს ვერაფერს ვხედავ მისი პარტიის იდეოლოგიაში. ეს კანონიც (რუსული კანონი) იმაზე იყო, რომ მთავრობის გვერდის ავლით არ შემოსულიყო გრანტები და საქმის კურსში ყოფილიყო. როგორც ვიცი, ეს ამბავი დამთავრდა.

  • თქვენ იყავით მომხრე რუსული კანონის მიღების?

არ ვიყავი მომხრე, მაგრამ… მე, სხვათა შორის, სააკაშვილსაც ვაპიარებდი და ვუჭერდი მხარს და მიტინგებზეც ჩამოვდიოდი ბათუმში, მაგრამ როცა აღარ მომეწონა მისი ნაბიჯები, აღარ გამიპიარებია.

მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატიც ვიყავი და როგორ არ დავუჭერ მხარს.

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც, მაგრამ იმედია, სამომავლოდ მეტი გაკეთდება ხალხის საკეთილდღეოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: