მთავარი,სიახლეები

„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში

26.02.2024 •
„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში

„მანდარინის მოსავალი დაგვილპა, წავიღებთო და მოგვატყუეს, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი, გამოკეტეს,“ – ამბობს ჟუჟუნა ქარცივაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში გაიმართა.

დავის საგანი ციტრუსის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კოოპერატივ „ქაქუთს“ კონკრეტული პირობებით – 1 ლარად გადასცა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა. ვალდებულება ციტრუსის დამზადება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო. 2023 წლის ოქტომბერში საწარმო „ქაქუთისგან“ შეუძენია „აჭარის თემს“, თუმცა ვალდებულება არც ახლა სრულდება.

ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სათემო კავშირები იქმნება იმ კოოპერატივების ნაცვლად, რამაც ვერ გაამართლა. კოოპერატივი „აჭარის თემის“ ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა მეწილემ – ხვიჩა გამარჯობაძემ გვითხრა, რომ სათემო კავშირების ერთ-ერთი წევრი კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი.

ხვიჩა გამარჯობაძე კი, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. ის 2011 წელს დააკავეს. ამ კოოპერატივში კიდევ ერთი ყოფილი პოლიტპატიმარი – ანზორ სოლომონიძე, ასევე ყოფილი მოსამართლე – დავით ანანიძე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი – ნუგზარ ფუტკარაძე…

იმისთვის, რომ კერძო საკუთრებაში გადასული საწარმო გასხვისდეს, ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები რომ შესრულდეს.

„ეკონომიკის სამინისტრომ შესთავაზა ამ ადამიანებს საწარმოს შეძენა, რადგან ვალდებულებას ვერ ვასრულებდი, მათ შეგვახვედრეს ერთმანეთს. პირობა იყო ის, რომ მეც ჩამსვეს ერთ-ერთ მეპაიედ კოოპერატივში და ისინი კი გადაიხდიან ჯარიმას, რაც 30 ათასი ლარია. ამ პირობით დავთანხმდი ობიექტის გასხვისებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ ბერაძე.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ ამ აქციამდე „შეხლა-შემოხლა“ იმის გამო იყო, რომ ახალმა კოოპერატივმა საწარმოში ქატოს დამუშავების დანადგარები დააწყო და საწარმოს კარი გამოკეტა, კონკრეტული ადამიანები მუშაობის საშუალებას აღარ მაძლევენო. დღევანდელ აქციაზე კი ითხოვეს, მუშაობის საშუალება მალხაზ ბერიძეს მისცენ, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი საწარმოში მანდარინის იბარებს.

„მე მქონდა იჯარა გაფორმებული მერაბ ბერაძესთან [კოოპერატივი „ქაქუთი“], რომელსაც გაუჭირდა სახელმწიფოსთან აღებული პირობის შესრულება, შემდეგ მე მომცა იჯარით და მას ვუხდიდი თანხას – თვეში 1000 ლარს. ის რას ასრულებდა და რას – არა, არ ვიცი. მე 400 ტონამდე მანდარინს ვამზადებდი სეზონზე.

ახლა ეს საწარმო შეიძინა „აჭარის თემმა“. ღამის საათებში მოიტანეს ქატოს დანადგარები, მეორადი აპარატურა და საწარმოში დადგეს, კარი გამოკეტეს და ჩვენ ვეღარ შევდივართ,“ – გვიყვება მალხაზ ბერიძე. მას საწარმო იჯარის ხელშეკრულებით 2028 წლამდე ჰქონდა აღებული. მალხაზ ბერიძის თქმით, იგი 50-მდე ადამიანთან ერთად, საწარმოში ციტრუსს ექსპორტზე გასატანად ამზადებდა, ზაფხულში – თხილზე მუშაობდა, ამ ეტაპზე კი, ენძელების ძირების მისაღებად ემზადებოდა.

„ამ ახალი კოოპერატივის ხელმძღვანელი ფუტკარაძე ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ბიძაშვილია. ჩვენ გვითხრეს, რომ აქ ვეღარ ვიმუშავებდით და უნდა წავსულიყავით. გასაგებია, რომ პირობა ვერ შეასრულა მერაბ ბერაძის კოოპერატივმა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხომ იცოდა, მე რასაც ვაკეთებდი? ამოდიოდნენ ციტრუსის სეზონზე და ტაშს უკრავდნენ, აი, რა კარგად მუშაობს საწარმოო.

უარი რომ ვთქვით საწარმოდან გამოსვლაზე, „შავი სამყარო“ ჩართეს – პოლონეთიდან დამირეკა ნიკა ცენტერაძემ, მაგი არც წყალია და არც – ღვინო, მაგრამ დაიწყო მუქარა, ოთხი „ქურდი“ გისმენს ახლა, რომ გესაუბრები, იმათ უნდა დაუთმო ეს ქონებაო. დამალაპარაკე ერთ-ერთს-მეთქი, ვუთხარი და გამორთო ტელეფონი. მერე დარეკა და გამოუშვა გინების კორიანტელი.

მერე მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შევხვდი: ხომ იცით, როგორ ავაწყეთ მუშაობა, თუ ის პირობას ვერ ასრულებდა, ჩვენთვის მოგეცათ, ჩვენ შევასრულებდით-მეთქი, მაგრამ არაფერი შეიცვალა. საწარმოს გასაღები ბერაძესაც ჰქონდა, ვისთანაც მე იჯარა მქონდა, ამოვიდნენ ღამე ქურდებივით, აპარატურა დააწყვეს და საწარმო დაკეტეს. ჩვენ იქ ვეღარ შევდივართ.

რატომ მოიშალა ჩემი იჯარის ხელშეკრულება არ ვიცი. სამოქალაქო დავაა და მითხრეს, სასამართლოში თუ იდავებ, მინიმუმ 3 – 4 წელი მოგიწევს ლოდინიო,“ – უთხრა მალხაზ ბერიძემ „ბათუმელებს“.

„პირიქით, წართმევა მოინდომეს და ხელი შემიშალეს, ამიტომაც ვერ შევასრულე ვალდებულებები,“ – ამბობს მერაბ ბერაძე. მისი მტკიცებით, დაახლოებით 114 ათასი ლარი დაუჯდა წლების წინ დანადგარების შეძენა, რაც ციტრუსის დამამზადებელ საწარმოში განათავსა. მალხაზ ბერიძეს კი, თავდაპირველად საწარმოს ნაწილი სახერხის მოსაწყობად დაუთმო იჯარით.

„ორ-ნახევარი თვე გადამიხადა 1000-1000 ლარი და მერე არაფერი… ეს პირები შეთანხმებით ხელს მიშლიდნენ, მათი ხელშეშლის გამო ვერ სრულდებოდა პირობა,“ – გვითხრა მერაბ ბერაძემ.

„მათ მუშაობდნენ ციტრუსის სეზონზე საწარმოში და ჩვენ როგორ შევასრულებდით ვალდებულებებს?“ – ხვიჩა გამარჯობაძე, კოოპერატივის „აჭარის თემის“ ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი, მალხაზ ბერიძის ბრალდებას პასუხობს.

ხვიჩა გამარჯობაძე ამბობს, რომ ჯარიმების გადახდის გეგმა სამინისტროში გაუწერეს და ეტაპობრივად იხდიან. ვალდებულებების შესრულება კი, პრობლემა არ იქნება, თუ საწარმოში მუშაობის უფლებას მესაკუთრეს არ შეუზღუდავენ.

როგორ გადაწყვიტეს ყოფილმა პატიმრებმა ბიზნესის წამოწყება? – ხვიჩა გამარჯობაძე ამბობს, რომ ეს იდეა გასულ წელს მეგობრებს გაუჩნდათ. მისი თქმით, ეს ბიზნესი კი არა, საზოგადოებრივი საქმე უფროა, რომ სოფლის გაძლიერებას ხელი შეუწყონ.

ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ნათესაურ კავშირს გამორიცხავს ნუგზარ ფუტკარაძე. კოოპერატივის „აჭარის თემის“ მეწილე და უკვე ყოფილი დირექტორი.

„არც ვიცნობ ჯაბა ფუტკარაძეს წესიერად, ეს არის მათი მოგონილი ფანტაზიები და ზღაპრები,“ – ამბობს ნუგზარ ფუტკარაძე. მისი თქმით, მან უკვე წარუდგინა საჯარო რეესტრს დოკუმენტაცია, რომ ამ კოოპერატივის დირექტორი აღარ არის, რადგან ბიზნესის მართვის დრო აღარ აქვს – ის კოოპერატივის მეპაიედ რჩება.

ნუგზარ ფუტკარაძე ფანტაზიას უწოდებს ამ პროცესში ე.წ. ქურდული სამყარო ჩართვასაც. მისი მტკიცებით, მათ არც იცოდნენ, რომ კოოპერატივ „ქაქუთს“ იჯარა ჰქონდა გაფორმებული სხვა პირზე და ეს რომ სცოდნოდათ, ამ ქონებას აღარ შეიძენდნენ.

„მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში გაფორმებული, თანაც ხელშეკრულების დადების ფორმა დარღვეული იყო, ამიტომაც „ქაქუთს“ ეს დავა მოგებული ჰქონდა. კოოპერატივი „ქაქუთი“ ვერ აღრიცხავდა სწორად და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა. არ ვიცი, რატომ დაუგროვდათ ეს ვალდებულებები. როგორც ჩანს, ეს პირები შეუშვეს გარკვეული პერიოდი და ვეღარ გამოიყვანა, ხელს უშლიდნენ…

ესენი კი, ხელოვნურად შეიჭრნენ და შეიტანეს მათი ყუთები, ეს არის დასჯადი ქმედება – სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევა. ჩვენ მივმართეთ ქობულეთის პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. ეკონომიკის სამინისტროს კი, წარვუდგინეთ წერილი, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და ობიექტი ვერ ფუნქციონირებს. ობიექტზე დავაყენეთ ვიდეო თვალი და არის დაცვა,“ – გვითხრა ნუგზარ ფუტკარაძემ.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარის მიღება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სცადა, თუმცა უწყების პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: