სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება შეისყიდა. ამასთან გასულ წელს ლევან გამყრელიძესა და მის მეუღლეს 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დაუხარჯავთ.
საქმე ისაა, რომ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის სექტემბერში შეავსო. მასში, როგორც კანონის მოთხოვნა ითვალისწინებს, ძირითადად წინა წლის მონაცემები ასახა და 2023 წელს შეძენილ ქონებებზეც მიუთითა.
დეკლარაციაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი წერს, რომ გასული წლის მარტში ბაკურიანში, მელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1793 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა სამ თანამესაკუთრესთან ერთად შეისყიდა. ქონების ღირებულების გრაფაში მან 150 000 დოლარი ჩაწერა.
დეკლარაციის მიხედვით, ბაკურიანში შეძენილი ორსართულიანი შენობა 204.10 კვ.მეტრია.
თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლევან გამყრელიძეს ეს ნაკვეთი უფრო ადრე – 2021 წელს აქვს შეძენილი. დაწყებულია მშენებლობაც. ამ ნაკვეთებზე ის და მისი თანამესაკუთრეები სამ ორსართულიან, კოტეჯის ტიპის, სახლებს აშენებენ.
თანამესაკუთრეებად ლაშა გამყრელიძე, თამარ კაპანაძე, მაია ჟორჟოლიანი ფიქსირდებიან.
ამ ნაკვეთის შესახებ ჩანაწერი 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც ფიქსირდება, თუმცა ნაკვეთის ფართობი იყო არა 1793 კვადრატული მეტრი, არამედ გაცილებით მცირე – 781 კვ. მეტრი.
დოკუმენტების მიხედვით, 2019 წელს ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სხვა პირს მოუპოვებია. 2021 წლის 20 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლაშვილმა, პროექტში ცვლილება დაადასტურა. ცვლილებასთან დაკავშირებულ მასალებში ლევან გამყრელიძის სახელიც ფიქსირდება.
ახალ ნებართვაში ჩაიწერა:
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ნებართვის წინა მფლობელმა ნაკვეთის ნაწილი გაყიდა და საჯარო რეესტრს საკუთარი ნაკვეთისგან გამიჯვნაც მოსთხოვა. ამავდროულად, 2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი, სამი ინდივიდუალური სახლის მშენებლობის პროექტი შეითანხმა.
როგორც ლევან გამყრელიძე თავად წერს, 2023 წლის აპრილში სააგენტოს დირექტორს თბილისში, ლისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი შეუსყიდია. მისივე ინფორმაციით, ამ სახლის ფართობი 254,6 კვ.მეტრია. სააგენტოს ხელმძღვანელს ის 250 000 დოლარად შეუძენია, ეს ნახევარ მილიონ ლარზე ბევრად მეტია.
2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ლევან გამყრელიძე წერს 2020 წელს შეძენილი აგარაკის შესახებაც. აგარაკი [245 კვ.მეტრი] მცხეთაში, კოტორაანთკარში 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით ლევან გამყრელიძეს 2020 წელს 46 000 დოლარად შეუძენია.
როგორც თავად წერს ქონებრივ დეკლარაციაში, კოტორაანთკარში სახლის მშენებლობისთვის ლევან გამყრელიძეს 150 000 დოლარი დაუხარჯავს. რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 600 კვ. მეტრია, შენობა – 245 კვ.მეტრი.
2023 წლის სექტემბერში, როცა ლევან გამყრელიძემ დეკლარაცია შეავსო, საბანკო ანგარიშებზე მას დანაზოგი 50 000 დოლარი და 6800 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, საქართველოს ბანკის მიმდინარე და საკრედიტო ანგარიშზე – 25 000 ლარი, შვილების ანგარიშზე კი – 18 000 ლარი.
რაც შეეხება ხელფასს, სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან გამყრელიძეს, 2022 წელს ხელფასის სახით 104 775 ლარი მიუღია, რაც თვეში 8731 ლარია.
ამავე თემაზე:
ლევან გამყრელიძემ დეკლარაციაში ჩაწერა ასევე, რომ ის ფლობს საქართველოს ბანკის ფასიან ქაღალდებს.
2022 წელს მან ამ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან 2460 გირვანქა სტერლინგი [GBP] მიიღო, რაც 8 375 ლარია.
ლევან გამყრელიძე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 2021 წლიდანაა. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
2019-2020 წლებში ლევან გამყრელიძე საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების დეპარტამენტის დირექტორი იყო, მანამდე კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.