მთავარი,სიახლეები

ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობა 1 ლარად გადასცემს კომპანიას – ცვლილება კანონში

25.12.2023
ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობა 1 ლარად გადასცემს კომპანიას – ცვლილება კანონში

საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ ექნება კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და შესაძლებელი იქნება მისი გასხვისება კერძო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე.

ამ შინაარსის ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა და ის დღეიდან, 2023 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა.

ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ამ ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს კი, საბოლოოდ საქართველოს მთავრობა საკუთრებაში „ამბასადორს“ სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

ამჯერად ცვლილებები შევიდა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში, რომელსაც შემდეგი შინაარსის პუნქტები დაემატა:

  • „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით…
  • საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.“.

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს, რისთვისაც მას სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არსებული პროექტის მიხედვით, ზღვაში უნდა მოეწყოს 108.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, საიდანაც ხელოვნურად შექმნილი კუნძულისა და ნახევარკუნძულების [მიწის] ფართობი 84 ჰექტარი იქნება, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.

წარმოდგენილ გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების ასევე შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გაგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

ცოტა ხნის წინ ტერიტორიას ბათუმში, სადაც ხელოვნური კუნძული და ნახევარკუნძულები უნდა აშენდეს, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსიც მიანიჭა.

ამ თემაზე ვრცლად:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: