დღეს, 9 ნოემბერს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს მოწმის სახით ჩვენება იმ მოზარდების დედებმა მისცეს, რომლებიც 4 ივლისს 16 წლის ლუკასთან ერთად „ბანანით” გაიყვანეს ზღვაში.
საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.
ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე ორ პირს ედავება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ეს პირები კატერზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულთან ერთად იყვნენ. ამ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება ერთ-ერთი მოზარდის დედამ მისცა, რომელიც 4 ივლისს „ბანანზე” ლუკასთან ერთად იყო.
მოწმე სოფიო თურმანიძის თქმით, მას შვილმა – 16 წლის გიორგი ბერიძემ მეორე დღეს მოუყვა ზღვაზე მომხდარი ამბავი:
„დედა, ძლივს გადავრჩით გუშინო… “ბანანზე” ვიყავით, ძალიან შორს გაგვიყვანა კატერის მძღოლმა და ზღვაში გადმოგვყარა, გადარჩენის შანსი არ გვქონდაო,” – თქვა მოწმემ და დასძინა, რომ იმ დღეს ლუკას გაუჩინარების შესახებ მისმა შვილმა არაფერი იცოდა.
“მან თქვა, რომ ჟილეტის უკან დაბრუნებაც მოსთხოვა კატერის მძღოლმა… შემდეგ მარტოს გამოუცურავს ნაპირზე, რადგან ძალიან გამიჭირდაო. ცურვა კი იცოდა, მაგრამ სიღრმის ეშინოდა… რომ გამოვიხედე, უკიდეგანოდ შორს მომეჩვენა ნაპირიო.
ნაპირზე რომ გამოვედი, მაშველმა მითხრა, ოთხნი იყავით და მეოთხე შენ ხარო. ჩემმა შვილმა ასე იცოდა, რომ ყველა გადარჩა,” – აღნიშნა მოწმემ.
მოზარდების თქმით, “ბანანზე” ისინი კატერის მძღოლმა იმის სანაცვლოდ აიყვანა, რომ ბიჭები მას კატერის ღია ზღვაში გაყვანაში დაეხმარნენ. მოზარდები ყველა ერთმანეთს არ იცნობდა.
ბრალდებულის ვერსიით კი, მსგავსი აღნაგობის მოზარდი, როგორიც ლუკაა, საერთოდ არ იყო “ბანანზე”. დაცვის მხარის არგუმენტია ისიც, რომ მოზარდებმა ცურვა იცოდნენ, რადგან ისინი ნაპირიდან მოშორებით ავიდნენ “ბანანზე”.
“მეხუთე ვინ იყო, ამის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?” – ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები აჩვენა მოზარდის დედას ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მოწმემ ადვოკატს მოკლედ უპასუხა: “არ ვიცი”.
ვიდეო კამერის ჩანაწერებზეც აპელირებს დაცვის მხარე – ადვოკატი განმარტავს, რომ ჩანაწერში მოზარდების სახეების გარჩევა ჭირს, თუმცა “ბანანზე” 5 პირია, პროკურატურის ვერსიით კი, “ბანანზე” 4 მოზარდი იყო ერთად.
“იმ დღეს გავიგე ლუკა აბულაძის შესახებ, მანამდე არ ვიცოდი ლუკას შესახებ, არაფერი მახსოვს, იმდენად დიდი სტრესი განვიცადე მე და ჩემმა შვილმაც, იქ (პოლიციის განყოფილებაში) გავიგე, რომ ბავშვი დაკარგულა,” – მიმართა ადვოკატებს მოწმე სოფიო თურმანიძემ.
“რაში მჭირდებოდა ჟილეტიო,” – ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმეს ეს შეკითხვაც დაუსვა მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მოზარდმა, გიორგი ბერიძემ ცურვა იცოდა.
“უნდა მიმეცა ვიღაცისთვის, ვინც არ იცოდა ცურვა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცაო,” – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.
“ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ უნდა განეზრახა ბრალდებულს თქვენი შვილის, ან რომელიმე მოზარდის მკვლელობის მცდელობა?” – მოზარდის დედას მიუბრუნდა ისევ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
“არ ვიცი,” – თქვა მოწმემ და გისოსებს მიღმა მჯდომ ბრალდებულს გახედა.
სასამართლო პროცესი გრძელდება.
“შუა ზღვაში გადმოგვყარეს, არანაირი დახმარებაო, სულ 4-ნი იყვნენ ერთად,” – უთხრა მოსამართლეს 13 წლის გიორგიმ დედამ, დარეჯან დიასამიძემ.
“საიდან იცოდა თქვენმა შვილმა, რომ ყველა გადარჩა?” – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
“არ ვიცი,” – პროკურორს მიმართა მოწმემ და საუბრისას აღნიშნა “მაშველები”.
“სახლში როცა მოვიდა ზღვიდან, საკუთარ თავზე მოყვა მხოლოდ… მეორე დღეს დამირეკა გამომძიებელმა, დაბარებული ხართო. მერე გავიგე, რომ ეძებდნენ ბავშვს,” – დასძინა მოწმემ.
დარეჯან დიასამიძის თქმით, მან მოზარდი მასზე ასაკით უფროს ორ ბიჭს გააყოლა ზღვაზე, თუმცა ისინი ზღვაში არ შესულან.
“ხიდიდან ხტომა უყვარდა თქვენს შვილს?” – ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჰკითხა მოწმეს.
“კი, უყვარდა, მაგიტომ დადიოდა ხშირად,” – თქვა მოწმემ.
საუბარია ძველი ბულვარის მიმდებარედ არსებულ პირსზე, საიდანაც ზღვაში გადახტომა შესაძლებელია.
მოზარდის დედის თქმით, გიორგის არაფერი უთქვამს, ვინ იყო კიდევ მასთან ერთად “ბანანზე”.
“არ იცნობდა არცერთს, შემთხვევით აღმოჩნდნენ,” – დასძინა მოწმემ.
“თქვენი შვილი, რომელმაც ცურვა იცის, შეეძლო თუ არა ნაპირიდან 100-120 მეტრის გაცურვა?” – ადვოკატმა არჩილ ჩიფიკაშვილმა იმის წარმოჩენა სცადა, რომ ცურვის მცოდნე მოზარდებს ტივტივის ზოლიდან ნაპირზე გამოსვლა არ გაუჭირდებოდათ.
“ჩემი შვილი ძალიან პატარაა,” – ხელი წინ გაიშვირა მოზარდის სიმაღლის საილუსტრაციოდ მოწმემ და ადვოკატს ხმამაღლა მიმართა:
“ყველას უკვირდა, როგორ გამოცურაო, მაგ ასაკისთვის ეს მანძილი ძალიან დიდია,” – აღნიშნა დარეჯან დიასამიძემ.
“მოზარდი, რომელიც ხიდიდან ხტება, რატომ შეიძლება ჩათვლის ვინმემ, რომ ცურვა არ იცის?” – მოწმეს ჩაეკითხა ისევ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
“არ ვიცი,” – თქვა მოწმემ და შემდეგ გაიხსენა შვილის მონაყოლი, “ბანანზე” ჩამოსვენება მინდოდა და იქიდანაც ამაღებინეს ხელიო.
“ხომ არ უთქვამს თქვენს შვილს, რომ ვინმე ალკოჰოლს მოიხმარდა?” – ადვოკატს ეს შეკითხვა არ დაასრულებინა მოწმემ: “არა” – კატეგორიულად თქვა მოზარდის დედამ.
სასამართლოს ექსპერტები ჯერ არ დაუკითხავს, არ გამოკვლეულა ექსპერტიზის დასკვნები.
სასამართლო პროცესი გრძელდება.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/499394/






