Batumelebi | მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა – Batumelebi

მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან საქართველოში „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და სავალდებულოდ შესასრულებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, ბილიკები [მაგალითად პარკში, ნაკრძალში, ძეგლებთან და სხვ] ამ რეგლამენტის მიხედვით უნდა დაგეგმარდეს და გამოყენებული უნდა იქნას სწორედ ისეთი ნიშნულები, როგორიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული.

დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ „ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე [საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პოლონეთი და სხვა] და იგი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მოწყობის მეთოდებისა და წესების ერთობლიობას.

რეგლამენტის მიზნებია:

  • საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
  • ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის შექმნა;
  • საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარების ხელშეწყობა;
  • საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებისათვის მეთოდური საფუძვლების შექმნა.

რეგლამენტი მოთხოვნებს უყენებს ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის პროექტის ავტორებს; ამასთან, არეგულირებს ბილიკის მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის დამზადებისა და გამოყენების წესებს. ტექნიკური რეგულირების ობიექტებს კი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისთვის  განკუთვნილი შემდეგი ინფრასტრუქტურა:

  • ნიშნული;
  • ნიშნულის ბოძი;
  • მანიშნებელი დაფა;
  • საინფორმაციო ნიშანი;
  • საინფორმაციო დაფა.

650

ტექნიკური რეგლამენტიდან: „ნიშნულის განთავსება უნდა განხორციელდეს გარე გამოყენების, გარემო პირობების მიმართ მედეგი, მაღალი ხარისხის სინთეტიკური საღებავებით.  ნიშნულის მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოსანიშნი ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, საჭიროების შემთხვევაში ის უნდა გაიწმინდოს (ხავსის, მიწის, „ზედმეტი“ ქერქისგან) ნაჭრით, რკინის ჯაგრისით, რანდით, ცულით ან სხვა საჭირო ინვენტარით. გარემოზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციის გათვალისწინებით!
ხის ზედაპირის გასუფთავების პროცესი და ტექნიკა დამოკიდებულია ხის სახეობაზე, მაგალითად ფოთლოვანი ხეების უმეტესობას გლუვი ზედაპირი აქვს და რეკომენდებულია მისი მხოლოდ ნაჭრით გაწმენდა, ის გათლას არ საჭიროებს, ხეებს, რომლებსაც უსწორმასწორო ზედაპირი აქვთ, საჭიროა ჩამოითალოს ისე, რომ არ დაზიანდეს ხის მერქანი. ამისათვის  საჭიროა ხის ფრთხილად გათლა. ხის გასათლელად რეკომენდებულია სპეციალური რანდის ან ცულის გამოყენება, ხოლო  ქვისათვის და გლუვი ზედაპირის მქონე  ხეებისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ რკინის ჯაგრისი, რომელიც კარგად ასუფთავებს ზედაპირს.
 თუ ბილიკის არეალში არ მოიპოვება ნიშნეულისათვის შესაფერისი ზედაპირი, საჭიროა ქვაყრილების მოწყობა, რომლებზეც შემდგომ დაიხატება ნიშნული. აუცილებელი პირობაა, რომ ქვაყრილები მოწყობილი იყოს მოზრდილი ზომის ქვებისგან, მყარად და საიმედოდ [რათა დაცული იყოს მარტივი ჩამოშლილისაგან]“.

რეგლამენტის მიხედვით, საფეხმავლო ბილიკი ეს არის „ბუნებრივ გარემოში გაკვალული ან გაუკვალავი საფეხმავლო გზა, რომელიც შესაძლოა გადიოდეს რელიეფის სხვადასხვა ფორმაზე. ბილიკი შეძლებისდაგვარად უნდა სცდებოდეს სამანქანო გზებს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი წარმოადგენენ – დანიშნულების ადგილებს. საფეხმავლო ბილიკი სხვადასხვა სირთულისაა და იყოფა: მარტივ, საშუალო და რთულ კატეგორიად“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com