მთავარი,სიახლეები

რიონზე ჩანგრეული ხიდის პროექტზე ევროპელი სპეციალისტები იმუშავებენ – დეპარტამენტი

28.03.2024 • 3391
რიონზე ჩანგრეული ხიდის პროექტზე ევროპელი სპეციალისტები იმუშავებენ – დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.

„ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს.

მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა.

იმავე წლის დეკემბერში კი დეპარტამენტმა სამხარაულის დასკვნა გამოაქვეყნა:

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.“

ვრცლად: ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთის [ლოტი 1] მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „ბათუმელებს“ დეპარტამენტში თავის დროზე უთხრეს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „ალტკომთან“ შეწყდა, შემდეგ კი კომპანია „აკორდთან“.

„E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ0+000-კმ11+500 მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობაზე“ მოგვიანებით დეპარტამენტმა ხელშეკრულება შპს „ჯეუ გრუპისთან“ გააფორმა, 2021 წლის ოქტომბერში.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა 73 663 566 ლარია, ამ დროისთვის კი „ჯეუ გრუპიზე“ გადარიცხულია 68 396 565 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 93%] აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: