მთავარი,სიახლეები

როგორ ჩანს ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძული სატელიტიდან

19.02.2024 • 13841
როგორ ჩანს ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძული სატელიტიდან

ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბარცხანის სანაპიროსთან ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. კიდევ ერთ ნახევარკუნძულს კომპანია თამარის დასახლებაში [„ბათუმი ცენტრალის“ მოპირდაპირედ] ააშენებს.

ორივე ნახევარკუნძული კი, ერთიანი პროექტის ნაწილია, რომლითაც ბათუმში „ამბასადორმა“ ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს.

მშენებარე ნახევარკუნძული ჩანს სატელიტურ ფოტოებზე. 2022 და 2023 წელს გადაღებული ფოტოებით ნათლად ჩანს, როგორ შეიცვალა ბარცხანის სანაპირო ზოლის კონტურები:


ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში, ბარცხანის სანაპიროზე

პროექტის განხორციელებით მთლიანად შეიცვლება ბარცხანისა და თამარის დასახლებების გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლი და არსებული პლაჟი გაქრება. სამუშაოები დღესაც გრძელდება და მშენებარე ხელოვნური კუნძულის ფართობი გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე.


ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან / 15.02.2024 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, მისი მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიში აქვს წარდგენილი.

გზშ-სთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ნინო ჩხობაძეს, ექსპერტს გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს.

ექსპერტის კითხვებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გამოეხმაურა. 2024 წლის 12 იანვარს კი, გზშ-ს განხილვა ოფიციალურად ჩაატარეს ბათუმის მერიის შენობაში.

2024 წლის თებერვლის დასაწყისში „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას საჯაროდ მიმართეს.

აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ.

„შემოგვთავაზონ უფრო კვალიფიციური, სანდო კვლევები, რაც მთავარია, შემოგვთავაზონ საჯარო განხილვა, რომელიც იქნება ნამდვილად საჯარო“, – აღნიშნეს აქტივისტებმა:

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.


ბარცხანისა და თამარის დასახლებების სანაპირო ზოლი ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის დაწყებამდე. წარწერებით მინიშნებულია ზღვის აკვატორია სადაც ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული მოეწყობა. ფოტო: Oleksandr Yurko / Google Map


ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმა / ესკიზი გზშ-დან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: