მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

29.03.2024 • 5882
„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით.

სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა.

თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ სოფლისა და ქვეყნის გაძლიერებაც ევროპასთან დაახლოებით შეიძლება: „ევროკავშირში შესვლა კარგია იმიტომ, რომ სიმდიდრე მოიმატებს“, – ამბობს ის.

მას კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი აქვს: „მოსამართლის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს… უნდა შემოწმდეს მოსამართლეების კეთილსინდისიერება“.

„რუსეთს ჩვენთვის კარგი არ უნდა. ხომ ხედავთ, ტერიტორიები წაგვართვა, აფხაზეთი წაგვართვა, ოსეთიც, ომი გამოგვიცხადა… მაშინ რომ ევროპის ქვეყნები არ ჩარეულიყვნენ, საქართველო დაღუპული იყო.

საქართველო ევროპისკენ მიდის, რუსეთისკენ არ წავა. ევროკავშირში შესვლა კარგია იმიტომ, რომ სიმდიდრე მოიმატებს. ევროკავშირში რომ სახელმწიფო შედის, მას მერე რამდენიმე სახელმწიფო ერთად სთხოვს, შენ ეს და ასე გააკეთე, არ იზარმაცოო. ევროპაში სიმდიდრეა და ამიტომ გარბიან საქართველოდან ევროპაში.

ახლა კანდიდატია საქართველო, მერე მიიღებენ წევრად. მიიღებენ საქართველოს, აუცილებლად მიიღებენ,“ – დასარწმუნებლად თეიმურაზ აბაშიძე ჯოხს ხმაურიანად ურტყამს კიბის ასასვლელს.

მას არ უკვირს, როცა მოსამართლეები და მათთან ერთად „ქართული ოცნება“ წინააღმდეგნი არიან, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შემოწმდეს.

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს. რატომ არ უნდა შემოწმდეს? მერე რა, რომ არჩეულია, თუ ვატყობთ, რომ არასწორად მუშაობს, იმუშაოს არასწორად? მოსამართლე, რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არის,“ – გვითხრა თეიმურაზ აბაშიძემ.

რატომ იცლება სოფელი და რამ შეიძლება გააძლიეროს სოფელი? – მას ესეც ვკითხეთ. მაგალითად, სოფელ ქიძინიძეებში, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 150 სახლიდან დაახლოებით 50 ოჯახია ადგილზე.

„რატომ იცლება და ცხოვრების პირობები დაბალია. მომავალი არ არის, მომავალი არ ჩანს. მთავრობის ბრალია, აბა, ვისი ბრალია?“ – კითხულობს 92 წლის კაცი და პაუზის შემდეგ განაგრძობს:

„ორი-სამი ქარხანა რომ აშენდეს შუახევში, ხალხი დასაქმდება და რაიონი არ გაუქმდება. რაღაც უნდა გამონახოს საშუალება რაიონმა, რომ განვითარება იყოს, ვერ ვხედავთ ამას.

ეს არის მთლიანად მთავრობის, პარლამენტის ბრალი, მარტო ერთი კაცის არა.

მთავრობას ვეტყოდიო, რომ ის პირობა შეასრულოს, რაც თავიდან დაჰპირდა ხალხს… ივანიშვილი კარგად მუშაობს, რაც შეუძლია. თავიდან რომ პირობა მისცა ხალხს, ყველას ვერ ასრულებს, მაგრამ უმრავლესობას ასრულებს,“ – ამბობს თეიმურაზ აბაშიძე. მას დაკონკრეტება ვთხოვეთ: რომელი დაპირება შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითად, „უფასო ფული“ მიიღო?

„უფასო ფულს ვერ ვიღებთ, სოფელი უკვე დაიშალა,“ – სოფელს გაჰყურებს მოხუცი და იმასაც გვიყვება, ბოლო რამდენიმე წელია სოფელში ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც რომ აღარ მოძრაობს.

„აქედან შუახევში რომ ჩახვიდე, 14 კილომეტრია ფეხით, პირდაპირ თავდაღმა ჩასასვლელია, როგორ ჩახვალ და ამოხვალ სოფელში?“ – კითხულობს თეიმურაზ აბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: