მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ორსულობის დროს ვენების გაფართოებას და როგორია პრევენცია – ანგიოლოგის რჩევები

28.03.2024 •
რა იწვევს ორსულობის დროს ვენების გაფართოებას და როგორია პრევენცია – ანგიოლოგის რჩევები

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება ორსულობის ტიპური პრობლემაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანგიოლოგი არჩილ სიგუა საუბრობს „ბათუმელებთან“ თუ როგორია ვარიკოზული დაავადების ადრეული ნიშნები და რა საშუალებები არსებობს პრევენციისთვის.

  • ბატონო არჩილ, რატომ იზრდება ვარიკოზის რისკი უშუალოდ ორსულობის დროს, რა ხდება ამ დროს?

ორსულობა ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია და მოდით, ავხსნათ რატომ:

პირველ რიგში ეს არის დატვირთვა – როცა ნაყოფი ფიზიკურად აწვება ვენურ სისტემა, ვენებს უჭირთ სისხლის გატარება და სწორედ ეს სისხლი, რომელსაც უჭირს ზევით [გულ-სისხლძარღვთა სისტემაში] ასვლა, ტვირთავს ქვემო კიდურების ვენებს ანუ აფართოებს მათ. რაც უფრო მეტი სისხლია ვენებში, მით უფრო ფართოვდება ვენა. ამ დროს ზიანდება ვენის შიდა კედელი, რის გამოც ვენა ვეღარ ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და ხდება ვარიკოზულად გაფართოებული.

ზეწოლის და გაფართოების დროს ვენებში ზიანდება სარქვლოვანი სტრუქტურები, რაც კიდევ ერთი ფაქტორია იმისთვის, რომ ვენა ნორმაში აღარ დაბრუნდეს.

ორსულობის დროს ვარიკოზის მეორე ხელშემწყობი მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს. კონკრეტული ჰორმონის ჭარბად გამოყოფის შედეგად ზიანდება ვენის შიდა კედელი, იმგვარად, რომ ვენა კარგავს ელასტიკურობას და გაფართოებული ვენა აღარ ბრუნდება თავის ჩვეულ მდგომარეობაში.

Mayo Clinic: ორსულობის დროს ორგანიზმში სისხლის მოცულობა იზრდება. ეს ცვლილება ეხმარება მზარდ ნაყოფს, მაგრამ ამავე ცვლილებას ასევე შეუძლია გააფართოვოს ქვემო კიდურების ვენები.

  • ვარიკოზის ნიშნები ორსულობის დროს სად იწყება, როგორ ვითარდება?

იწყება ყველაფერი იმით, რომ ორსული ქვემო კიდურებში გრძნობს სიმძიმეს, ქვემო კიდურის [წვივის] კუნთების განასკვას ღამით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ასევე ხდება ქვემო კიდურების შეშუპება. შემდეგ უკვე ვენები ვიზუალურად შესამჩნევი ხდება ქვემო კიდურზე – შეიძლება დაეტყოს როგორც კაპილარები/კაპილარული ბადე, ისე – უფრო დიდი მოცულობის კანქვეშა ვენები.

სიმპტომები უფრო ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან იჩენენ თავს. რაც უფროა დიდი ვადაა ორსულობის, უფრო და უფრო მატულობს სიმპტომების ინტენსივობა.

უნდა ითქვას, რომ თვალით შესამჩნევი გაფართოებული ვენები ქვემო კიდურების გარდა, შესაძლოა განვითარდეს ქალის სასქესო ორგანოებზე [ვარიკოზული ვენები წარმოიქმნება ქალის სასქესო ორგანოების გარე ზედაპირზე, რომელსაც ეწოდება ვულვა] რასაც მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზი ჰქვია. მისი მიზეზიც ორსულობაა.

Mayo Clinic: ამის მიზეზია ორსულობის დროს მენჯის არეში სისხლის ნაკადის გაზრდა, ასევე ორსულობის დროს სხეულის ქვედა ნაწილიდან გულში სისხლის ნაკადის შენელება. ამის გამო სისხლი შეიძლება დაგროვდეს ვულვაში – გამოიწვიოს ვულვის ვარიკოზული გაგანიერება.

  • რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის და უკვე წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად?

გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ ყველა ორსულს ორსულობის დასაწყისიდანვე უნდა ეცვას პროფილაქტიკური დანიშნულების კომპრესიული წინდა. ეს ეხება ყველა ორსულს – მათაც, ვისაც არ აქვს ჩივილები, არ აქვს ვენები და არც ჰქონიათ აქამდე, ორსულობის დაწყებიდან უნდა ჩაიცვან კომპრესიული წინდა, რომ პროვოცირება ნაკლები იყოს ვენების გაფართოების. 

კომპრესიული წინდა უნდა იყოს საზარდულამდე ან მუხლამდე და უნდა იყოს პროფილაქტიკური, ანუ პირველი კლასის კომპრესიის. პაციენტი მას ატარებს აქტივობის დროს, ანუ დღის განმავლობაში, ძილის დროს – არა.

თუ ორსულს დაუდასტურდა ვენების ვარიკოზული დაავადება, აქ მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია, ექოსკოპიურად უნდა გამოვიკვლიოთ რა ხდება ამ ვენებში, იმიტომ, რომ კლასიკური მკურნალობა გელებითა და მედიკამენტებით, ორსულებში რეკომენდებული არ არის.

პრეპარატები ორსულებში, როგორც წესი, არ ინიშნება, იმიტომ, რომ უფრო მეტი უარყოფითი გავლენა აქვთ პრეპარატებს ნაყოფზე, ვიდრე დადებითი გავლენა ორსულზე.

ჩემთან მოსულ პაციენტს, უკვე თუ აწუხებს ვენები, ვუნიშნავ კომპრესიულ წინდებს, მაგრამ უკვე სამკურნალოს – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს სხვადასხვა ტიპის წინდა, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობის ზეწოლას ახდენენ ქვედა კიდურზე. პროტოკოლით არ არის მოწოდებული, რომ ვარიკოზის გამო პაციენტს დაენიშნოს ვენოტონიკური ან სისხლის გამათხელებელი პრეპარატები.

სხვა საქმეა, როცა გართულებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

  • რა შეიძლება იყოს ორსულობის დროს ვარიკოზის გართულება?

გართულება არის უკვე თრომბოზი. აქ სხვა სიტუაციაა, ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება აქტიური მკურნალობა და აუცილებელია ანგიო-ქირურგის, ანგიოლოგის ინტენსიური მეთვალყურეობა.

გაფართოებული ვენის შემთხვევაში, რაც უფრო ფართოა ვენა, მით უფრო იკლებს სისხლის გადაადგილების სიჩქარე ვენაში. დაქვეითებული სიჩქარე ნიშნავს, რომ სისხლი სტატიკაშია და შეიძლება შედედდეს. სწორედ სისხლის შედედება არის თრომბოზი.

  • რა შეიძლება მივიჩნიოთ საგანგაშო ნიშნებად?

თუ პაციენტს [ვარიკოზული დაავადებით ან მის გარეშე] ქვემო კიდურში დაეწყო ტკივილი, შეუშუპდა ფეხი, აქვს ტკივილი ვენის პროექციაზე, ანუ ბარძაყის და წვივის შიდა ზედაპირზე, შეინიშნება გამაგრებული ვენა ან გაწითლებული კანი – ეს ნიშნავს, რომ არის გართულება, დიდი ალბათობით თრომბოზი და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ანგიოლოგს. 

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზული დაავადების დროს ანგიოლოგმა ნახოს პაციენტი, რადგანაც ამ შემთხვევაში გასათვლელია რისკი, თუ რა ტიპის მშობიარობაზე წავა ორსული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ არის ძლიერი ვარიკოზი მცირე მენჯის ღრუს ვენების, შესაძლოა ანგიოლოგმა ჩათვალოს, რომ მაღალი რისკია ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის და მიცეს რეკომენდაცია მეან-გინეკოლოგს ამასთან დაკავშირებით.

  • ორსულობაში განვითარებული ვარიკოზი, ბავშვის გაჩენის შემდეგ გადადის თუ რჩება?

Johns Hopkins Health Care: ორსულობის დროს განვითარებული ვარიკოზული ვენების უმეტესობა უმჯობესდება ბავშვის გაჩენიდან პირველი წლის განმავლობაში.

ქვემო კიდურებზე ძლიერად გაფართოებული ვენები, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ძველ მდგომარეობაში, თუ ბრუნდება – უმნიშვნელოდ. მცირე მენჯის ვენების ვარიკოზის შემთხვევაში, უხშირესად ეს პრობლემა გვარდება და ორსულობის შემდეგ სასქესო ორგანოებიდან ვენების გაფართოება პრაქტიკულად ქრება. 

არსებობს ძველი მიდგომები, როცა ორსულ პაციენტებს სხვადასხვა ვენების გაფართოების დროს უტარდება ოპერაციული მკურნალობა, ვენების გადაკვანძვა და ა.შ. თითქოს პრევენციულად. ასეთი მიდგომა იყო ათეული წლების წინ, მაგრამ ახლა არ არის მიზანშეწონილი პრაქტიკა, არც პროტოკოლით არ არის მოწოდებული. მეტიც, განვითარებულ ქვეყნებში ზედაპირული ვენების თრომბოზის დროსაც კი, პრაქტიკულად ოპერატიული მკურნალობა არ კეთდება. 

___________________________

Johns Hopkins Health Care-ს რეკომენდაციები ორსულებისთვის:

  • შეზღუდეთ შესვენების გარეშე დიდხანს დგომა ან ჯდომა; შეეცადეთ არ გადაიჯვარედინოთ ფეხები; შეეცადეთ აწიოთ ფეხები მაღალზე, როცა ზიხართ ან წევხართ;
  • არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი წელის, ბარძაყისა და ფეხების გარშემო, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ვარიკოზული ვენები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: