მთავარი,სიახლეები

ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა

21.02.2023
ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა

ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე ვრცელდება. ვიდეომასალაში ასევე ჩანს გზაზე გადავარდნილი ტრაილერი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.

დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავიდა და დეტალური ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

განახლება: 22 თებერვალს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ „ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.“

დაზიანებული ხიდი რიონზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი


სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 4 მონაკვეთად [ლოტად] შენდება.

  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 4] ღირებულება 113 მილიონი ლარია [სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს [ეს გზა ლანჩხუთში, სოფლებს – ხაჯალიასა და გრიგოლეთს [სუფსა] შორის გადის და გაიხსნა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] – ლანჩხუთსა და ხაჯალიას შორის მონაკვეთი. დეპარტამენტმა 2022 წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებული, რომელმაც ეს მონაკვეთი უნდა ააშენოს, უკვე გამოვლენილია.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 2] მონაკვეთი გახსნილია ჯაპანასა და ლანჩხუთს შორის. პროექტის ღირებულება – 253 979 678 ლარი.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 1] მონაკვეთზე [სადაც დღეს ხიდი დაზიანდა] სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილი იყო 2022 წელს, თუმცა ვერ დასრულდა; სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს – 72 408 171 ლარს; დეპარტამენტის ინფორმაციით, დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ლოტი 1-ის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელშეკრულებები თავის დროზე ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან შეწყვიტა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით უნდა დასრულდეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“.

ამ თემაზე ვრცლად: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/359763/?fbclid=IwAR3q49_ybEEYGhqj6NggQGYo5cFGgAjQVzawXkHkmYid79F9MSlS2UGmUsY

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: