მთავარი,სიახლეები

„გაურკვევლობაა ლავასოლღლის და ნიკუშას შორის“ – „კანონიერი ქურდის“ მამა ქურდულ გარჩევებზე

27.03.2024 • 9196
„გაურკვევლობაა ლავასოლღლის და ნიკუშას შორის“ – „კანონიერი ქურდის“ მამა ქურდულ გარჩევებზე

„…რაღაც პირადი გაურკვევლობა არსებობს ლავასოღლის და ნიკუშას შორის, მალე მოგვარდებიან, შეხვდებიან და გაარკვევენ ერთმანეთში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია ცენტერაძემ. ის ე.წ. კანონიერი ქურდის – ნიკა ცენტერაძის [„ქურდული სამყაროსთვის“ ნიკუშა ქობულეტსკის] მამაა და მოსკოვში ცხოვრობს.

მინდია ცენტერაძეს სოციალური ქსელით დავუკავშირდით და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ: სხვადასხვა ვერსიით, „ქურდულ გარჩევებს“ უკავშირებენ ქობულეთში 31 წლის კაცის მკვლელობასაც, ასევე ქობულეთის სოფელ კვირიკეში ე.წ. კანონიერი ქურდის, ნიკა ცენტერაძის სახლში გაჩენილ ხანძარს და ქობულეთის სანაპიროზე სავარაუდო ფიზიკურ თავდასხმას.

როცა ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა უფრო და უფრო მცირდება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე კითხვები არსებობს, ბიზნესმენები პრობლემების მოსაგვარებლად „კანონიერ ქურდებთან“ ხშირად მიდიან. ეს პროკურატურის გავრცელებული განცხადებებითაც დასტურდება: „ქურდული გარჩევის“ შედეგად მხარეს 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს“ – ეს 2024 წლის მარტში პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

ბიზნესმენები მიმართავენ ლავასოღლისაც, რის გამოც რამდენიმე ადამიანი პროკურატურამ უკვე დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში თავად მინდია ლავასოღლი [იგივე  გორაძე].

ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იყო – წინასწარი პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებულ 9 თვეში მას დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს – ლავასოღლიმ ციხე დატოვა და საქართველოც. ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, შემდეგ კი იგი ბელარუსში გადავიდა.

მინდია ცენტერაძე, ნიკა ცენტერაძის მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლავასოღლის და ნიკა ცენტერაძის შორის ნამდვილად არსებობს დაპირისპირება, თუმცა იგი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნიკა ცენტერაძე ძებნილი არ არის, მას სამართალდამცველები არაფერს ედავებიან და ნიკა ცენტერაძე საქართველოში არსებულ „გარჩევებში“ არ მონაწილეობს.

„ამ დაპირისპირებას იყენებს სხვა და რაღაც-რაღაც „აჩოტებს“ იწერენ მინდიასთან, ერთმანეთს შეხვდებიან მალე [ლავასოღლი და ცენტერაძე] და გაირკვევა. არაფერი ქურდული არ არის, ეს არის პირადი გაურკვევლობა.

ნიკუშა საქართველოში საერთოდ არ მონაწილეობს არანაირ გარჩევებში. ხომ ხედავთ რამდენ ადამიანს იჭერენ „ქურდული გარჩევებისთვის“, ან დაუსწრებლად საქმეს უღძრავენ? ყოფილა ჯერ მის [ნიკას] მიმართ? იმიტომ, რომ არ რეკავს და არ ერევა არაფერში, საერთოდ არ აინტერესებს საქართველოში არაფერი, არც ბიზნესი და არც არაფერი.

რა თქმა უნდა, ცხოვრობს მაგ ცხოვრებით [„ქურდული სამყარო“], მას თავისი ცხოვრება აქვს, საქართველოში არ არის, მოსკოვში ჩამოდის, ჩემთან, როცა აქვს საშუალება. ახლა ჯანმრთელობამ შეაწუხა, აქ იწვა საავადმყოფოში, გამოვიდა და მიფრინავს რამდენიმე დღეში ისევ მილანში.

მე არავითარი შეხება არ მაქვს „ქურდულ სამყაროსთან“… მაქვს ჩემი ბიზნესი, რესტორანი და ვარ მოსკოვში, ვცხოვრობ პატიოსანი ცხოვრებით,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ქობულეთში, საკუთარ სახლთან და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად თავს დაესხნენ ვახტანგ ცენტერაძეს და ეს ქურდულ გარჩევებს უკავშირდება, კონკრეტულად კი, ლავასოღლის დაპირისპირებას ნიკა ცენტერაძესთან. ვახტანგ ცენტერაძე მინდია ცენტერაძის ბიძაშვილია.

ვახტანგ ცენტერაძის ოჯახი დღეს ამ შემთხვევაზე დუმილს ამჯობინებს. შსს-ში ვერ გვითხრეს, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

„ვახტანგი არის ძალიან პატიოსანი ბიჭი, რაში უნდა ყოფილიყო ჩარეული? ის სცემეს იმის გამო, რომ არის ნიკუშას ბიძაშვილი. რომელ ქურდულზეა ლაპარაკი, აბა, მითხარი? რადგან ის ნიკუშას ბიძაშვილია, ავნეს ალბათ ნიკუშას, არ ვიცი, მეტი ახსნა არ აქვს ამას,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

უკავშირდება თუ არა ლავასოღლისთან დაპირისპირებას ნიკა ცენტერაძის სახლში ხანძრის გაჩენა? – ესეც ვკითხეთ ე.წ. კანონიერი ქურდის მამას.

„ჩემი სახლი იყო ცარიელი, დაკეტილი დავტოვეთ და დაკეტილ სახლში გაჩნდა ხანძარი პირველ სართულზე, სადაც შეშა იყო. შეშას ცეცხლი თავისით როგორ მოეკიდებოდა? თავიდან არის გასაკეთებელი სახლის ორივე სართული ფაქტობრივად… ვინ გააჩინა ხანძარი გასარკვევია, ვარკვევთ ჩვენ და მიმდინარეობს გამოძიება. ვნახოთ, რა გაირკვევა, რას დაადგენს გამოძიება…

რაც შეეხება ქობულეთში მომხდარ მკვლელობას, საერთოდ არ იცნობდა მას ჩემი შვილი, ერთხელაც ნალაპარაკები არ ჰქონდა, საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ადამიანებთან,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

მინდია ცენტერაძე გამორიცხავს ნიკა ცენტერაძის მონაწილეობას ქაქუთის მანდარინის საწარმოს გამო არსებულ დავაშიც:

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მანდარინის დამზადების ბიზნესით დაკავებული მალხაზ ბერიძე ამბობს, რომ მას ნიკა ცენტერაძემ დაურეკა და საწარმოს დატოვება მოსთხოვა. საპროტესტო აქცია სოფელ ქაქუთში საწარმოს დახურვაზე 2024 წლის თებერვალში გაიმართა.

„უარი რომ ვთქვით საწარმოდან გამოსვლაზე, „შავი სამყარო“ ჩართეს – პოლონეთიდან დამირეკა ნიკა ცენტერაძემ, მაგი არც წყალია და არც – ღვინო, მაგრამ დაიწყო მუქარა, ოთხი „ქურდი“ გისმენს ახლა, რომ გესაუბრები, იმათ უნდა დაუთმო ეს ქონებაო. დამალაპარაკე ერთ-ერთს-მეთქი, ვუთხარი და გამორთო ტელეფონი. მერე დარეკა და გამოუშვა გინების კორიანტელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ ბერიძემ.

„ნიკას სახელს რომ ახსენებს, მოიტანოს ფაქტი, ვინ მისცა ამის უფლება? რა კავშირი აქვს ნიკას მაგასთან?“ – კითხულობს მინდია ცენტერაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: