მთავარი,სიახლეები

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

26.03.2024 • 3894
მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას.

ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები.

„ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, მეორე მხარეს კი სააგენტოს ვიწრო ჯგუფი და მათი კრიმინალური ინტერესები ფულის კეთებისადმი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად ნატახტარში 150 მანქანა და გადამზიდავია თავმოყრილი, თუმცა მათი რიცხვი გაიზრდება, რადგან ვერც მძღოლები და ვერც კომპანიები მუშაობას ვერ ახერხებენ.

გადამზიდავებმა „ბათუმელებს“ მოაწოდეს წერილი, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მიმართავენ და მასთან ერთსაათიან შეხვედრას ითხოვენ.

„ჩვენი, ქართველი გადამზიდავების პრობლემის ძირითად მიზეზს და პრეტენზიების ადრესატს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ამ უწყებაში გავრცელებული კორუფცია და ბიუროკრატია.

უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნული სააგენტო არ წარმოადგენს ქართველ გადამზიდავთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს. უფრო მეტიც, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ვიწრო პერსონალური ინტერესების სასარგებლოდ, რითიც აზიანებს გადამზიდავთა კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკასა და მის საერთაშორისო იმიჯს.

ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ სააგენტოში გამეფებული კორუფციის და არაკომპეტენტურობის აშკარა მტკიცებულებები. შეგვიძლია თქვენს წინაშე შევიდეთ მათთან დებატებში და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია გვაწუხებს და მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, სამართალი ვერსად ვპოვეთ. ვერც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და ვერც ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციამ ვერ დაგვიცვა უსამართლობისგან.

ერთადერთ იმედად თქვენღა გვეგულებით! იმედია, არ ვცდებით და თქვენ დაიცავთ ჩვენს, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს.

ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს: მოგვეცეს საშუალება ჩვენი პატიოსანი შრომით ვარჩინოთ ოჯახები და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ახლა მხოლოდ თქვენ იმედად ვართ,“ – ნათქვამია წერილში, რომლითაც გადამზიდავები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

გადამზიდავები ხაზგასმით წერენ, რომ მათი პროტესტი არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ითხოვენ მათი საკითხი განიხილონ „სუფთა სამოქალაქო სამართლისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ჭრილში“.

  • რა ხდება?

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წინააღმდეგ მძღოლები და გადამზიდავები ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში გამოვიდნენ.

გადამზიდავები აცხადებდნენ, რომ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მიღებას კანონიერი გზებით ვერ ახერხებდნენ, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.

იანვარში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება გააკეთა, რომელშიც გადამზიდავების ბრალდებები უარყო.

მოგვიანებით გადამზიდავები შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ამჯერად გადამზიდავები ამბობენ, რომ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ პრემიერს არ შეხვდებიან და მათი პრობლემა არ მოგვარდება.

___

ამავე თემაზე:

სააგენტოს დირექტორმა 1 მლნ-ის ქონება იყიდა 2023 წელს, ხელფასის სახით კი 104 775 ლარი მიიღო • ავტოტრანსპორტი, კორუფცია, • batumelebi.ge (netgazeti.ge)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: