Batumelebi | რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში – Batumelebi
RU | GE  

რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 371.535 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 13 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 657 731 ადამიანით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში შობადობა გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დონე ისევ მაღალია.

აჭარაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მაღალმთიანი აჭარა გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი ხულოს მუნიციპალიტეტი. თუმცა როგორც ხულოს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურში გვეუბნებიან, შობადობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით აქაც შემცირებულია, მაგრამ არა საგანგაშოდ.

ხულოს გამგეობის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა ძირითადად იმ პროგრამით განისაზღვრება, რომლის ფარგლებშიც ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ყოველწლიურად ათასი ლარით ეხმარება. გასულ წელს ათასლარიანი დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტში 49 ოჯახზე გაიცა. 2016 წელს კი განაცხადი 53 ოჯახს აქვს შეტანილი.

„ათასლარიანი დახმარება გაიცემა ოჯახზე, რომელსაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავს. თუმცა 2014 წელს პროგრამა ითვალისწინებდა ოთხშვილიან ოჯახებზე დახმარებასაც,“ – ამბობს სამსახურის უფროსი, ბულბული აბაშიძე.

მისივე ინფორმაციით, იმ 53 მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომლებმაც გამგეობას დასახმარებლად მიმართეს, ხუთ ოჯახს შვიდი შვილი ჰყავს, დანარჩენს კი – ხუთი შვილი. გამგეობის ინფორმაციით, ხულოში სამი წლის განმავლობაში მეოთხე შვილი თანაბარი რაოდენობით დაიბადა: „2013 წელს 19 მეოთხე შვილი დაიბადა, 2014 წელსაც ამდენივე და 2015 წელსაც 19 მეოთხე შვილია დაბადებული. რაც იმას ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში 57 მეოთხე შვილი დაიბადა,“ – ამბობს ბულბული აბაშიძე.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში 23 327 კაცი ცხოვრობს. 2002 წელს კი 33 430 კაცი ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანობით ცნობილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ათი ათას ასით შემცირდა.

2016 წლიდან შობადობა წახალისებულია მთის კანონით, რომელიც პირველ და მეორე ბავშვზე 100 და 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მთაში. წაახალისა თუ არა მოსახლეობა ამ ინიციატივამ, ამის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ახალშობილთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 56 ათასიდან 62 ათასამდეა გაზრდილი. თუმცა, როგორც საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი ამბობს, შობადობის ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, რადგან ქვეყანაში მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი: „2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 4 371.535 კაცი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, 3 713 804 კაცი ცხოვრობს. ფაქტობრივად, მოსახლეობა 15%-ით, ანუ 650 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. მონაცემების მიხედვით შობადობა გაზრდილია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, 90-იან წლებში დაბადებული ქალები აჩენენ ბავშვებს. როგორც კი შემცირდება ამ ქალების რაოდენობა, შობადობის ტემპებიც დაიწევს.“

პაატა შავიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მეტი სტიმულია საჭირო, რომ წინა საუკუნის 90-იან წლებში დაბადებულმა ქალებმა ორი და მეტი შვილი გააჩინონ: „თუმცა, სოციალური ფონი თუ არ გაუმჯობესდა, მარტო შობადობა ვერ უშველის. აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში იყოს რეალიზებული. თუ ასე არ მოხდა, გამართლდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ორ მილიონამდე შემცირებას ითვალისწინებს.“

იმას, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი გაზრდილია, სოციოლოგი, დემოგრაფი გიორგი წულაძეც ადასტურებს:
„ბუნებრივია, წინა საუკუნეებთან შედარებით შობადობა იკლებს, რადგან ქვეყანაში შეიცვალა როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ქალის როლი. ადრე ქალი იჯდა სახლში და აჩენდა შვილებს. დღეს ქალის როლი და აქტიურობა გაიზარდა საზოგადოებაში და შეიცვალა დამოკიდებულებაც. ეს ისტორიული განვითარების პროცესია, შეიცვალა გარემოებებიც, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალშვილიანობას. მარტო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზეც არ არის დამოკიდებული შობადობა, მთავარი ფასეულობები და მიდგომებია.“

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ შობადობის ზრდა საქართველოში 2007 წლიდან ფიქსირდება: „ზრდა ნიშნავს, როცა ერთი ქალი საშუალოდ ორ ბავშვზე მეტს აჩენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. თუმცა, როცა მოსახლეობის დინამიკაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი. ძირითადი პოსტულატი კი არის ის, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც ქვეყნების მდგრადი განვითარების საფუძველია.“

ლელა ბაქრაძის აზრით, დემოგრაფიული პოლიტიკა ვერ იქნება ცალმხრივი და მხოლოდ შობადობაზე მიმართული. ამ პრობლემას სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს.

„ყველა კომპონენტი, იქნება ეს შობადობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მოსახლეობის დაბერება, ავადობა თუ სიკვდილიანობა, არის ფუნდამენტური, რაც ახდენს მოსახლეობის დინამიკაზე გავლენას. ამიტომ, პარლამენტი სხვადასხვა უწყებებთან ერთად უკვე მუშაობს დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტზე, სადაც ყველა ეს კომპონენტი იქნება გათვალისწინებული,“ – ამბობს ლელა ბაქრაძე.
დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტი, ლელა ბაქრაძის თქმით, ივნისის დასაწყისში იქნება მზად, შემდეგ კი სახელმწიფო მასზე დაყრდნობით სტრატეგიების შემუშავებას დაიწყებს: „ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეგიონალური განვითარების წახალისება, რომ გაჩნდეს პატარა ურბანიზაციის ცენტრები, დასაქმება და ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა, ადვილი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება და ა.შ. ამის გარეშე რთული იქნება როგორც მიგრაციის შეჩერება, ასევე შობადობის ზრდა“.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება. „აქედან 45,4 პროცენტი კაცია, 54,6 პროცენტი კი – ქალი“. ემიგრირებულთა ასაკობრივი ინტერვალი 20-54 წელია. ემიგრანტებიდან ჭარბობენ 39 წლამდე კაცები, ქალები კი – 40 წელს გადაცილებულები არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com