Batumelebi | იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა – Batumelebi
RU | GE  

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ აღნიშნული საკითხი გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

„ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.
ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ჭიდაობა (2018 წ.).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com