სიახლეები

“გაიწვიეთ კანონი უკან, ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა” – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტი

05.04.2024 •
“გაიწვიეთ კანონი უკან, ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა” – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტი

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ საპარლამენტო განხილვებიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა და ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, რომ 3 აპრილს, მმართველი პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, რომელიც გასული წლის ე.წ. რუსული კანონის თითქმის იდენტური ასლია.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და სრული წინააღმდეგობის პირობებში, მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ ამ კანონს საპარლამენტო განხილვებიდან „უპირობოდ გაიწვევდა“ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსზე, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“, – აღნიშნულია 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, “ამ კანონს აღიქვამენ, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ”. ამის გამო განცხადების ავტორები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ.
„ვიხსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, და რომ საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა; ასევე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს იგი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას“, – აღნიშნულია 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:

  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • დანია
  • ესტონეთი
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • ირლანდია
  • იტალია
  • ლატვია,
  • ლიეტუვა
  • ნორვეგია
  • პოლონეთი
  • გაერთიანებული სამეფო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: