მთავარი,სიახლეები

ბათუმში 200 ოჯახისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობას მერია გოროდოკში გეგმავს

03.04.2024 • 4704
ბათუმში 200 ოჯახისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობას მერია გოროდოკში გეგმავს

ბათუმის მერია მორიგი „იაფი სახლის“ აშენებას გოროდოკის დასახლებაში, ვოლსკის ქუჩის 13 ნომერში გეგმავს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მრავალბინიანი სახლი 200 ოჯახზე იქნება გათვლილი.

სამმართველო ბაზრის კვლევას იმ ფასის დასადგენად ატარებს, რაც „იაფი სახლის“ მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის, სახლის პროექტის შედგენისა და მშენებლობისთვის იქნება საჭირო. თანხის ოდენობის დადგენის შემდეგ კი სამმართველო ტენდერს გამოაცხადებს.

ტენდერს Design-Build მეთოდით გამოაცხადებენ, ანუ გამარჯვებული ვალდებული იქნება მოამზადოს „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმა, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე ააშენოს კორპუსი.

ტერიტორია, რომელიც მერიამ შეარჩია გოროდოკის დასახლებაში, ქალაქის N19 საბავშვო ბაღის მიმდებარედაა. მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 6 246 კვ/მ-ია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. საპროექტო ტერიტორიაზეა ასევე სტადიონი.

დაანგრევენ თუ არა სტადიონს სახლის მშენებლობისთვის [როგორც ეს ხელვაჩაურში მოხდა, სადაც სოციალური სახლის მშენებლობის მიზნით დაანგრიეს სტადიონი, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი დაიხარჯა]? – ამ კითხვის პასუხად ბათუმის მერიის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სტადიონის საკითხი ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ გაირკვევა“.

ინფორმაცია, რა თანხა დაიხარჯა ამ სტადიონის მოსაწყობად, სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

საპროექტო ტერიტორია ბათუმში, სადაც ქალაქის მერია „იაფი სახლის“ აშენებას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია მოიცავს სტადიონსაც.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, სამომავლოდ ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დაასრულოს.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, „მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა  უნდა მოიცავდეს შემდეგ ფუნქციურ ზონებს [მაგრამ არ შემოიფარგლება]:

  • საცხოვრებელი ფართობები – ბინები, [საზაფხულო [აივანი] და დამხმარე/სათავსო სივრცეების ჩათვლით]; თითოეული ბინა უნდა მოიცავდეს 1 სველ წერტილს, სამზარეულო/სასადილო და საძინებელ სივრცეებს, საზაფხულო და დამხმარე/ტექნიკურ სივრცეებს, გეგმარება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური და ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფილი;
  • საერთო სარგებლობის კიბის უჯრედები, სადარბაზოები და დერეფნები;
  • სამგზავრო და სატვირთო ლიფტები [საჭიროების შემთხვევაში];
  • ტექნიკური ოთახები.“

ამასთან, 80 ბინა უნდა იყოს ერთოთახიანი [საორიენტაციო საერთო ფართობი 30-40 კვ.მ]; 80 ბინა უნდა იყოს ოროთახიანი [50-60 კვ.მ]; 40 ბინა – სამოთახიანი [70-80 კვ.მ]. სულ 200 ბინის სრული საცხოვრებელი ფართობი ჯამში უნდა იყოს მაქსიმუმ 12 000 კვადრატული მეტრი.

ტენდერში, რომელიც სამმართველომ უნდა გამოაცხადოს, იქნება პირობა, რომ „საცხოვრებელი ფართობები, შენობების შიდა და გარე მოპირკეთებისა და კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩათვლით – ჩაბარებული უნდა იქნეს დასრულებულ მდგომარეობაში.“

ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამაა, რომლის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტით აშენებული სახლები გარკვეულ ოჯახებს გარკვეული პირობებით გადაეცემათ გამოსყიდვის უფლებით.

„იაფი სახლის“ ფარგლებში ბათუმის მერიამ ბინები დღემდე ორ ეტაპად გასცა, თუმცა გასულ წელს დარჩა 11 ოჯახი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, თუმცა მათ ბინები არ შეხვდათ.

მაშინ მერიაში თქვეს, რომ ეს ოჯახები ბინებს მესამე ეტაპზე მიიღებდნენ, თუმცა არ დააკონკრეტეს როდის დაიწყებოდა ეს ეტაპი – ახალი ბინების მშენებლობა, განაცხადების მიღება-შერჩევა და სხვა.

ვრცლად: მერიაში არ ამბობენ, როდის განახლდება იაფი სახლის პროგრამა ბათუმში

„როდის დაიწყება მესამე ეტაპი და ბინის მსურველთა განაცხადების მიღება, ეს უფრო ტენდერის შედეგების შემდეგ დაკონკრეტდება და გასაჯაროვდება. იმ 11 ოჯახს კი, რომლებიც წინა ეტაპზე შეირჩნენ, ახალ სახლში ბინებს ავტომატურად გადასცემენ“ – გვითხრეს დღეს, 3 აპრილს, ქალაქის მერიაში.

უსახლკარობის პრობლემა ბათუმში ათასობით ოჯახს აწუხებს. მოქალაქეები, რომლებიც ხშირად აქციებს მართავენ, ამბობენ, რომ სახლს კი არა თავშესაფარს ითხოვენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც „იაფის სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდის უნარიანი არ არის.

ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც უკვე თვეებია, ზოგჯერ კი წლებია მერიას დაკეტილი აქვს.

ამ თემაზე ვრცლად: 3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: