მთავარი,სიახლეები

„გამოდი, გამოეთრიეთ გარეთ“ – ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

08.03.2024
„გამოდი, გამოეთრიეთ გარეთ“ – ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

დღეს, 8 მარტს, ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა.

„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.

სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

„ბათუმელებმა“ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, სახლის მეპატრონესთან იუსუფ მიქელაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისთვის მისი ტელეფონი გამორთულია. ინფორმირებული პირების თქმით, ის ამ დროისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე.

ხულოს მუფთის ასლან აბაშიძის თქმით, იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ. თუმცა გარკვეული პირები, მათ შორის ადგილობრივი მღვდელი ცდილობს, რომ „კონფლიქტი გააჩინოს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის“.

„ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს.

რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მოჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები.

დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე.

ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ“, – ამბობს ასლან აბაშიძე.

შეკრებილებმა დღეს მუსლიმების ლოცვის უფლება არ მისცეს

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ხდება ადიგენში. თუმცა უწყებაში დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ. „არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი.

___________________

მთავარი ფოტო: დაპირისპირება მუსლიმების სალოცავთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: