რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს.
„რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული კანონის დღის წესრიგში დაბრუნება?
- ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ისევ რუსული კანონთან დაბრუნება იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, პროტესტმა კი, შესაძლოა მას რისკები შეუქმნას?
„ქართული ოცნება“ თითქმის ყოველდღიურად ახსენებს მიზანს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა სურს პარლამენტში, მათ ერთპარტიულად სურთ, მართონ ქვეყანა. არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ ამის რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“. მათ არ სურთ ხელისუფლების გადანაწილება, ან ვინმესთან კოალიციაში შესვლა, შავი ჭირივით ეზარებათ იმ სცენარის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება გარკვეული საფრთხე შეექმნას ხელისუფლების ვერტიკალს.
ამას გარდა, „ქართული ოცნება“ უკვე აკონტროლებს ყველაფერს ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გარდა. „ქართულმა ოცნებამ“ მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე მოახერხა პოლიტიკური ოპოზიციის მარგინალიზაცია, მათგან ისეთ დიდ საფრთხეს ვერ გრძნობენ, როგორც ეს სხვა დროს შეიძლება ყოფილიყო.
ისინი სამოქალაქო სექტორს და თავისუფალ მედიას ხედავენ, როგორც გამოწვევას, მათი ხელისუფლებაში დარჩენის თვალსაზრისით. თანაც, ეს არის სეგმენტი, რომელიც დაკომპლექტებულია საკმაოდ ნიჭიერი ადამიანებით, ხელისუფლებაზე არ არიან ფინანსურად დამოუკიდებლები. სურთ, რომ რაღაცნაირად ეს ნაწილი დაიმორჩილონ და კონტროლი მოიპოვონ.
იგივე მცდელობა ჰქონდათ შარშან, რაც არ გამოვიდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ბურბონების ერთგული ადამიანების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გადავიდა, რათა თავი დაეღწიათ რევოლუციური ქარიშხლისთვის.
როდესაც ბურბონები აღადგინეს 1814 წელს, ეს ემიგრანტები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ზუსტად იგივე მენტალიტეტით, რაც 25 წლის წინ დატოვეს. იმ ეპოქის დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და დიპლომატმა, ტალეირანმა მათ შესახებ თქვა: „მათ ვერაფერი ისწავლეს და არაფერი დაივიწყეს“. დაახლოებით ამას ჰგავს „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება. ეტყობა, მათ ვერაფერი ისწავლეს, თუმცა არც არაფერი დავიწყებიათ შარშანდელი პერიპეტიებიდან.
საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება რუსეთი და ვერც ავტოკრატიული რეჟიმი. ეს არცერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია საქართველოში.
ამ კანონის მიღება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად კლავს ყველანაირ შესაძლებლობას ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მათ მშვენივრად იციან, მაგრამ მათ ეტყობა ხელისუფლებაში დარჩენა უფრო უღირთ.
- როცა მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს ევროპასთან დაახლოებას და ამ დროს „ოცნება“ უპირისპირდება ევროპას, მათ შორის, რუსული კანონის მიღებით, ეს როგორ იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
ისინი ცდილობენ, პირიქით, ევროპას გადააბრალონ ეს, ამბობენ კიდეც, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებობს მსგავსი კანონი. ცდილობენ, ეს ისე მიაწოდონ მოსახლეობას, რომ თითქოს გამჭვირვალობაზეა საუბარი, თუმცა კანონს გამჭვირვალობის კანონი კი არ დაარქვეს, მაინც დაარქვეს ის სახელი, რომ სტიგმატიზაცია მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის.
ამის მიღწევა უნდათ – როგორმე სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის მარგინალიზაცია გამოიწვიონ.
- თუმცა, ამის ნაცვლად შეიძლება პირიქით ხელისუფლებამ მიიღოს პროტესტი, რაც მისი ძალაუფლებაში ყოფნის რისკია, რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს „ქართული ოცნება“?
ამიტომაც ჰგავს ეს „რუსულ რულეტკას“, ბანქოს. ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება.
ეტყობა, მთლად ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში უმრავლესობას მიიღებენ – არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. მათ არ აქვთ იმის გარანტიები, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ და მოქმედებენ სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
„ქართული ოცნება“ თავად ცდილობს მაპოლარიზებელი ძალა იყოს და საზოგადოება რაღაცნაირად დაყონ. მას ახალი არაფერი აქვს შემოსათავაზებელი: ქვეყნის განვითარების ხედვა, ეკონომიკური რეფორმები, არ სურთ ახალ დებატებში შესვლა, რადგან ამას წააგებენ. ამ დროს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ასიათასობით ადამიანი ქვეყნიდან გავიდა. ამ პრობლემებზე მათ უბრალოდ არაფერი აქვთ სათქმელი.
შედეგების წინასწარ გათვლა რთულია, თუმცა ამან შეიძლება სულ სხვა ფაზა მიიღოს და ოპოზიციაში, რომელიც დღეს ასე ფრაგმენტირებულია, ისეთი ადამიანები ჩაერთონ, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ჩართული – დაინახავენ, საით მიდის ქვეყანა.
„რუსულ რულეტკაში“ ვერ გათვლი: ყველაფერს იგებ, ან ყველაფერს აგებ. რატომ წავიდა „ქართული ოცნება“ ასეთ რისკზე, არ ვიცი, გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ამ გზით ხელისუფლება მოახერხებს ავტორიტარული ტენდენციების კონსოლიდაციას. ახლა თუ ჰიბრიდია, მერე უკვე ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაცია მოხდება. თუ ეს შეძლეს, 2030 წლამდე დარჩებიან, თუ 2040 წლამდე, დროის ამბავია…
რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი.
- არის სხვა ვერსიაც, მაგალითად, ის, რომ ამ სვლით ივანიშვილი ევაჭრება დასავლეთს, დასანქცირება რომ არ მოუწიოს ან რამე სხვა…
ეს უკვე ცეცხლთან თამაშს ჰგავს – პირიქით შეიძლება მოხდეს: თუ აქამდე ევროკავშირმა გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო კოჭი გაუგორა საქართველოს და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ახლა დაშანტაჟების მეთოდმა არა მგონია იმუშაოს. ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. პირიქით შეიძლება გააქტიურდეს საკითხი ხელისუფლების შეცვლაზე და ქართველ ამომრჩეველს დარჩეს ასეთი გამოსავალი: იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ევროპისკენ, მაშინ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დაახლოებით ამისკენ შეიძლება უბიძგოს ამ გადაწყვეტილებამ.
საზოგადოებამ კარგად უნდა გაანალიზოს, რა ხდება ქვეყანაში. ფაქტობრივად, ამომრჩეველს სთავაზობენ, რომ უნდა შეეგუონ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს, თუ არადა, ამომრჩეველმა უნდა გადაირჩიოს ხელისუფლება.
არც აქამდე არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ჩაატარებდა დემოკრატიულ რეფორმებს, რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, პირიქით, რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება.
აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნები.